ნაწყვეტი სრული ტექსტიდან

ინსომნია. (03 დასასრული)

– და თქვენ? თქვენზე ვისაუბროთ. რა ხდება თქვენს თავს? რა გაწუხებთ? ვინ ხართ… – გამომწვევად გახედა ნომერ ოთხს ექიმმა.

– მე? მე… – პაციენტი უკან გადაწვა. ხელები ძირს დაუშვა. თვალთ ცრემლი მოადგა. სახეზე სევდა აღბეჭდვოდა მხოლოდ და თხოვნა. შველას ითხოვდა. მთელი თავისი არსებით, ემოციებით, სხეულით, მიმიკებითა და აურით შველას ითხოვდა. მთელი თავისი გულით. – მე. მე ამის მაყურებელი ვარ, ექიმო. მე ვარ ის, ვინც აკვირდება თითოეულს. თვალს ადევნებს. თითოეულის დარდს გრძნობს და აწუხებს. დიახ, მე სხვების დარდი ძალიან მაწუხებს. მე სამყარო მაწუხებს მთლიანად. ვდარდობ. ძალიან ვდარდობ. მსურს, რომ ყველამ თავისი ბედნიერი კერა აღმოაჩინოს. მსურს, რომ ტკივილი არავინ იგრძნოს საერთოდ, განსაკუთრებით კი ამ სამმა. მსურს, რომ სიწყნარე სუფევდეს ყველგან და ყოველთვის. ჰარმონია მსურს, ექიმო, ჰარმონია. მე… მე ამ ყველაფრის მსხვერპლი ვარ. უდანაშაულო მსხვერპლი. ჩემი წილი ბედი და ტანჯვა ასეთია. მტკივა ექიმო, აუტანლად მტკივა. მინდა რომ დამთავრდეს ეს ყველაფერი, ძალიან მინდა.

  თავად ექიმი მწარედ ვაკვირდებოდი პაციენტ ნომერ ოთხს. დასაწყნარებლად გავუღიმე. თითქოს, ვანუგეშე. თავი დავხარე და სხვადასხვა დეტალის ჩანიშვნა დავიწყე, საქმისთვის მნიშვნელოვანის. „არ ინერვიულოთ, ყველაფერს ეშველება.“ – მეგობრული ტონით დავძინე, ისე, რომ წერა არ შემიწყვეტია.

   დავასრულე. მზერა გავასწორე და სიცარიელეში ვიყურები. პაციენტი აღარსად ჩანს. გამიკვირდა. „რა ჩუმად გაიპარა. ეტყობა თავისთან დაბრუნდა.“ რვეული გვერდით გადავდე. ბოლო ღერი სიგარეტი მოვიმარჯვე. ცარიელი კოლოფები კი, სანაგვეში გადავყარე. ღრმად ამოვქაჩე, ჭიქაში დასხმული ვისკი ვნებიანად, სასიამოვნოდ მოვწრუპე და კვამლი გარეთ გამოვუშვი. „გემრიელ სასმელს და კარგ სიგარეტს არაფერი სჯობს ასეთ მოწყენილ, მოღუშულ დღეს“. ფანჯარას მივუახლოვდი. 13 ნაბიჯი გადავდგი. ზუსტად 13, კარგად დავითვალე. „13 ცუდია. თარსი რიცხვია.“ – გავიფიქრე და ფარდებით გარედან შემოსული სინათლე დავფარე. ოთახს სიბნელე მოეფინა. თავში ერთადერთი წინადადება მიტრიალებს გამუდმებით – „ მტკივა, ექიმო, აუტანლად მტკივა. მინდა რომ დამთავრდეს ეს ყველაფერი, ძალიან მინდა.“

            

        სიბნელეა. უკუნითი სიბნელე. ვისკით პირს კიდევ ერთხელ ვისველებ. სიგარეტს ვაქრობ. მივდივარ. სიბნელეს მდუმარედ მივუყვები. მკვდარი სიჩუმე დგას. ვერაფერს ვხედავ, მაგრამ არც მჭირდება. ორივე ხელს გარშემო ვუჭერ. ვქაჩავ. ჭიქას იატაკზე ვდებ. ფეხის წვერებზე ვიწევი. ჭერს ვუყურებ. ვერ ვხედავ, მაგრამ ვუყურებ. სიბნელემ დაისადგურა გარშემო. პირი ღია მაქვს. ცრემლი მაწვება. ჩუმად ვიღიმი. თვალები მტკივა. ისეთი გრძნობაა, ლამისაა გადმოცვივდნენ. ვგრძნობ სიწითლეს სახეზე. ყელში დაგროვდა ყველაფერი თითქოს. კბილებს ერთმანეთს ვაჭერ, თითქოს დავამსხვრევ კიდეც. ვოხრავ. ხელ-ფეხი წყნარად,უმოძრაოდ დავყარე. აღარ ვიღიმი. ვნანობ… ძალიან ვნანობ… მაგრამ, დამაგვიანდა.

       სადარბაზოში საშინელი სუნი დგას. შეწუხებული მეზობლები სართულებზე დარბიან, ყველანაირად ცდილობენ ამაზრზენი სუნის მოშორებას. მიზეზს ვერავინ ხვდება. წუწუნს და ალიაქოთს მიაქვს იქაურობა. ერთმანეთს აბრალებენ. ბრაზისა და ზიზღის დამალვა შეუძლებელი გახდა.     მაგ დღეს ერთ-ერთი ბინის კარი შეამტვრიეს. მისაღებ ოთახში ახალგაზრდა მამაკაცის, თოკზე ჩამოკიდებულ, გახრწნილ გვამს მიაგნეს.

ინსომნია. (02)

– გასაგებია. და… მართა? მასზე რას იტყვით? – ცოტა ხნით კვლავ სიჩუმე გამეფდა. ღიმილი წაიშალა. სახეზე ვერც მწუხარებას იხილავდით, ვერც ბრაზს. ემოციათა ნარევი გაგების საშუალებას არ იძლეოდა. შიში, ცინიკური ღიმილი, ნერვიულობა, დარდი, შფოთვა… ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა. მიმიკების მუდმივი ცვალებადობა აღიბეჭდებოდა. მუხლზე ათამაშებული თითები. თავისუფალი ფეხი აუკანკალდა. თავს ერთდროულად მსუბუქი,მაგრამ მკაფიო, სწრაფი მოძრაობით სხვადასხვა მხარეს ამოძრავებდა. მარცხნივ. შუაში. კვლავ მარცხნივ. დაბლა. მარჯვნივ. გახშირებული, ღრმა სუნთქვა თან ერთვოდა ყველაფერს. ტუჩებს წამდაუწუმ ხან აღებდა, ხანაც კუმავდა. შიგადაშიგ კბილების ერთმანეთზე დარტყმის ხმასაც გაიგებდით.- მე მისი… მეშინია. – ფართოდ გახელილი თვალებით სწრაფად დასძინა. – ძალიან მეშინია, ექიმო. ძალიან. ჯერ მისგან სიტყვა არ გამიგია. აწ უკვე დიდი ხანია. დუმს. მაგრამ ვიცი…ვიცი… და მეშინია. – ხმა დაუწყნარდა. დაბალი, აუკანკალებელი, მშვიდი და ღრმა ხმის ტემბრით განაგრძობდა საუბარს პაციენტი ნომერი ცხრა. ყველა მოძრაობა შეწყვეტილიყო. შეერთებული ფეხები. ორივე ხელის გული მუხლებზე მოკალათებული. წელი – მოხრილი. კისერი – გამაგრებული, დაძარღვული. ფართოდ გახელილი თვალები. თავი ოდნავ წინ წამოწეული. პირი – ღია. წარბები მაღლა. ექიმს შესცქეროდა. მზერამოუშორებლად.  – ის საშიშია. ძალიან საშიში. – საუბარი თითქოს არა ადამიანზე, არამედ დემონზე ჰქონოდა. ურჩხულზე. მოწიწებით ლაპარაკობდა. ნელა. – მუდამ მდუმარე. მუდამ. სიბნელეში დგას. მკვდარ, მკვდარ სიჩუმეში. უძრავად. თავჩაქინდრული. მის თვალებში ჩახედვის მეშინია. ვიცი მისი ფიქრები. მის აზრებს ვკითხულობ. ვგრძნობ. ვხვდები, რასაც ხედავს.- და, რას ხედავს?- მიცვალებულებს, ექიმო. – მკვდარი სიჩუმე ჩამოწვა მოკლე ხანს. კვლავ დაარღვია – მიცვალებულებს. წარმოგიდგენიათ? – ძველებურად ანერვიულებული სიცილით დასძინა – სიბნელეში იდგე. მუდამ. ხედავდე. მკაფიოდ ხედავდე. მკვდრებს. სულგამოცლილ, პირდაღებულ, დაბერებულ, დამჭკნარ სახეებს ხედავდე. უყურებდე, ისინიც გიყურებდნენ. უხმოდ გიყურებდნენ. შენ კიდე იდგე. მოძრაობის სურვილიც რომ არ გაქვს, ისე. თავჩაქინდრული. და ხედავდე. ხედავდე, როგორ კვდება ხალხი. ხედავდე ათასგვარ ტკივილს. განგმირული ტყვიით გარდაცვლილებს. დანით დაჩეხილებს. გაუპატიურებულებს. ყოველ დილით იღვიძებდე გარდაუვალ სიბნელეში. ვერ გრძნობდე გარშემო სამყაროს სიცოცხლეს. ვერ აღწევდეს შენს ტანში მზის სითბო და შუქი – თვალებში. სამყარო, რომ მუდამ ნაცრისფერი იყოს. ხანდახან – სერი. ყოველთვის გყინავდეს. მაშინაც, როცა გაგანია მზეში დგახარ. ტანსაცმელი არ გყოფნიდეს თავის გასათბობად. ვერ წყნარდებოდე ვერასდროს. შეკუმშულს, მოკუნტულს გეძინოს, რადგან ფეხებ და ხელებ გაშლილი წოლა არ გეკომფორტულება. უფროსწორად კი, გეშინია. გეშინია, მაგრამ რატომ? რისი? თავადაც არ იცი. გათენების გეშინოდეს… იდუმალი,ჩუმი ღამე კი გაწყნარებდეს. არ იძინებდე, მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ მზის ამოსვლა, ახალი დღის დადგომა გაძრწუნებს. აუხსნელ შიშს გიჩენს. წარმოგიდგენიათ? – დაჟინებით მიაცქერდა ექიმს, სახე უფრო ახლოს მისწია, გადაიხარა. – არა მითხარით, წარმოგიდგენიათ? მკრთალ ფერებში ხედავდე სამყაროს. თბილი არც ფერი არსებობდეს შენთვის და არც რიცხვი, როცა ყველაფერი ცივია. წელში გასწორება და ხელების გაშლა, უმიზეზო კანკალის გრძნობას გიჩენდეს, ოღონდ შიგნიდან. სხეულის შიგნიდან, შეიძლება სულიდანაც. სისუსტეს გრძნობდე კიდურებთაგან ყველაში. თითქოს ძალა არ გაქვს, რომ იმოძრავო. თითქოს, ძალა არ გყოფნის იმისთვის, რომ გამართულად იარო. მუდამ ტირილი გინდოდეს და ვერ ტიროდე. კონცენტრირებას ვერ ახდენდე ვერაფერზე. რადგან… რადგან ფიქრები არ გასვენებენ, ექიმო. ფიქრები არ გასვენებენ. საკუთარი აზრები, ნახატები, რომლებიც თავში გიტრიალებს. არ გასვენებდნენ. სისხლი. ტკივილი. შიშველი, გამხმარი ხეები. მომტირალი ქალი, ბავშვი, მოხუცი, კაცი, ყველა. შენ. თოკი. მარტოობა. მყარად შეკრული ყულფი. ბნელ ხაზთა გროვა, ადამიანის სახეს რომ შეადგენენ და კივის. უხმოდ კივის. პირღია, თვალის გუგების გარეშე. კივის. მუნჯი, უხმო კივილით კივის. ხმა არ ისმის, მაგრამ მკაფიოდ გრძნობ. წარმოგიდგენიათ? ხედავდე საკუთარ თავს მაღლა. ძალიან მაღლა. შორიდან ცარიელ, ბნელ ქუჩას გადმოჰყურებდე. შემდგომ კი ახლოდან. უფრო ახლოდან. სხეულში ქარის ფერებას გრძნობ. შემზარავი სიცივე სასიამოვნო ხდება. უფრო ახლოდან. ჩუმად იღიმი. უახლოვდები. უფრო. პირდაპირ ქვაფენილს უყურებ. და სიბნელე. უკუნითი სიბნელე. წყნარდები. – ხელები მხრების სიგრძეზე გაშალა. თვალები ნაზად დახუჭა, თავი უკან გადასწია. თითებით თითქოს დირიჟორის ჯოხები ეკავოს, მაგრამ ანსამბლს აშკარად არ მართავდა.ყოლით კი ჰყავდა. უძრავად გაეჩერებინა ჰაერში. – უბრალოდ წყნარდები. ვეღარ გრძნობ ყოველდღიურ მწუხარებას, დისკომფორტს, აუხსნელ და უმიზეზო შინაგან შიშს. კვლავ სიბნელეა, მაგრამ სიბნელეში შენ აღარ დგახარ. მისი ნაწილი ხდები მხოლოდ. ვეღარ განიცდი ყველაფერ იმას, რაც დიდი ხნის წინ დასახლებულა შენს შიგნით, სადღაც ღრმად და ახლა ბედნიერად გრძნობს თავს. მე მეშინია, ექიმო, ძალიან მეშინია. მეშინია, რომ ნიკოლოზი სუიციდს ჩაიდენს. ჰომ გაგიგიათ, ექიმო? ყველა თვითმკვლელის გონებაში, დგება წამი, წამი, როცა აუცილებლად ნანობ შენს საქციელს. ძალიან ნანობ. გწადია ყველაფრის გამოსწორება, უკან დაბრუნება. გრძნობ მოზღვავებულ წყურვილს, სიცოცხლის წყურვილს. ნანობ. ვაიმე, როგორ ნანობ. ხვდები შეცდომას. მკაფიოდ ხვდები. მაგრამ, ეს წამი იმდენად გვიან დგება, როცა უკვე, აზრი არ აქვს და უფრო მეტი სინანულითა და ტანჯვით ემშვიდობები ნანატრ სიცოცხლეს.                      

ინსომნია. (01)

          საღამოა. მშვიდი ისეთი, როგორც არასდროს. ცოტაოდენ ალკოჰოლთან ერთად ირთობს თავს ლევანი. სიბნელეში ზის. დუმს. მარტოობის შემპყრობელი სენით ტკბება. მიუხედავად იმისა, რომ ბავშობიდან მარტოობის ეშინია, ხანდახან, იმგვარ დღეებში, როგორიც ახლაა, ლევანი საკუთარ თავთან განმარტოებას ცდილობს. თითქოს გრძნობს ხოლმე,რომ დგება მომენტი, როცა ცხოვრების რიტმს უნდა ჩამოსცილდეს და უბრალოდ დაისვენოს დედამიწაზე არსებულ უკუნეთსა და უსასრულობაში.  უცნაურია. ლევანი უცნაურია. ნერვიულობა უყვარს. ფიქრი. ფიქრი ერთადერთი იარაღია, ბოროტების წინააღმდეგ რითიც იბრძვის. იმით, რასაც ვერავინ ვერასდროს წაართმევს -აზრებით. ადამიანთა მოდგმის არარაობისა და უკაცურობის განხილვა იზიდავს. ფიქრობს ხოლმე, თუ რატომ შეუძლიათ ერთმანეთისთვის ზიანის მიყენება, დამცირება. ფიქრობს ხოლმე, არასრულფასოვნების კომპლექსით დაჯილდოებულ ხალხზე. ფიქრობს ყველა შესაძლო ბავშვობის ტრამვის ვარიანტზე, რაც გარშემომყოფებს გადახდენიათ თავს. ფიქრობს ყველაფერზე, რამაც დაამახინჯა ადამიანი. ფიქრობს და გული სტკივა. ეს გულის ტკივილი კი – უყვარს. ძალიან უყვარს. უსმენს კლასიკას. ალკოჰოლს მიეტანება ხოლმე… ხშირად. ფაქტობრივად, დარდისა და სევდის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია. მელანქოლია მისი ჰობია. დათრგუნული დაიარება მუდამ. მოწყენილი. საკუთარ გონებასა და სულს თვითონვე იხშობს თავის თავში. იჭამს თავს შიგნიდან და მაზოხიზტთა მსგავსად, შინაგანი ტკივილი არაბუნებრივად სიამოვნებს. გამუდმებით ფიქრობს. ყოველ ჯერზე კი, ბოლოს იმას დაასკვნის, რომ კაცთა მოდგმა უბრალოდ საცოდაობაა.

–  გასაგებია. – თანამოსაუბრემ სათვალე გაისწორა და წინ მჯდომი დაკვირვებით დაათვალიერა. დაბნეულმა თვალებმა და სახემ, რომელზეც კონკრეტული ემოციის წაკითხვა შეუძლებელი გახლდათ, მისი ინტერესი დაიმსახურა.

– ლევანზე ძალიან ვდარდობ. კაეშანი მოუშორებელ თანამგზავრად ჰყავს. მე კი, ძალიან ვდარდობ. – სახეზე მწუხარებამ წინა ფონზე გადმოიწია. ბევრად მკვეთრი იყო, ვიდრე ყველა დანარჩენი ემოცია. – არც ჯორჯი მაძლევს მოსვენების საშუალებას. დილაადრიან დგება, გამთენიისას. ბევრს მოძრაობს. თითქოს, ვერ ჩერდება. საძინებლიდან სამზარეულოში. წყალს დადგამს ასადუღებლად. შემდგომ ზალა. მეორე საძინებელი. მისაღები. კვლავ სამზარეულო. ყავას მოიმზადებს. ბოლოს კი წყნარდება, წყნარდება სანამ ყავას სვამს. რამდენიმე ღერს ეწევა თითო ფინჯან ყავასთან ერთად. ღერებს ითვლის. 4 ღერს ეწევა. კი, 4-ს.  დღეში ორ კოლოფ სიგარეტს. მარჯვენა ფეხი მუდამ უკანკალებს. ვერ აჩერებს, შეიძლება არც. თვალებს წამდაუწუმ აქეთ-იქეთ აცეცებს. სიბნელის ეშინია. სიბნელეში მარტო ყოფნის ეშინია, სხვასთან ერთად ყოფნისაც. აშინებს ყველაფერი, რასაც ორზე მეტი ფეხი აქვს. ცხოველების გარდა. ობობები აშინებენ. ასევე ხოჭოებიც. სხვადასხვა, ოდნავ დიდი ზომის მწერებიც. უფრთხის ადამიანებსაც. მისი აზრით, ადამიანები ყველაზე საშიშნი არიან. ზოგს შემზარავი აურა აქვსო. მათ გამოხედვაში ბოროტი სულის არსებობა იგრძნობაო. ბოროტი სულების კი – ძალიან ეშინია. კიბის ქვეშ არ გადის, უიღბლობა იცისო. წლობით. სარკის გატეხვისაც ეშინია. გატეხილ სარკეში ჩახედვისაც. კატებს თავს არიდებს. სხვა სამყაროსთან კონტაქტის დამყარება ძალუძთო. შეიძლება, დამყარებულიც აქვთ უკვეო. შავ კატებს განსაკუთრებით გაურბის. ხმები არ სიამოვნებს. სრაფი და უეცარი ხმები დისკომფორტს უქმნიან. კაკუნი. ზარის ხმა. ტელეფონის რეკვა. მობილური აღიზიანებს. ჩიტების ჭიკჭიკი აწყნარებს. ამბობს: „ არსებობენ ცივი და თბილი ხმები… და რიცხვები. კედლის შპალიერზე 90 შიშველი ხე და 83 კვადრატია. 90 კარგია, დამრგვალებულია. 83 – საშინელი. კენტი რიცხვია და თან მარტივი. ვითვლი ყველაფერს – ხეებს და კვადრატებს შპალიერზე, ასოთა რაოდენობას სიტყვებში, თვალების დახამხამებას საათში, ბოლოს 489 იყო. არ მომწონს. ხუთასჯერ დახამხამებას ვცდი. ხუთასი წყნარია. კიბეების რაოდენობას სიარულისას. 48 კიბე ჩემს სახლამდე. 98 ნაბიჯი სადარბაზოდან გაჩერებამდე. ორივე კარგი რიცხვია. ლუწია. სამსახურში წყნარად მივდივარ. ვითვლი შემხვედრ ფეხსაცმლის ფერებსაც. სახლიდან გასვლისას შავებს,დაბრუნებისას ყავისფრებს. შავი მუდამ მეტია. უნდა იყოს. ლუწი რიცხვები მომწონს და დამრგვალებული. კენტი ცუდია. მარტივიც. გამონაკლისი შვიდია. კვირაში შვიდი დღეა.“ანერვიულებს ბასრი ნივთები. კუთხეები არ იზიდავს. წრე უყვარს. მართკუთხედი, სამკუთხედი, კვადრატი – არა.რომბი კი აფიქრებს. თითქოს აწყნარებს. ეიფორიაშია მუდამ. ვერ ისვენებს. ბიბლიოთეკას ჩაუვლის ხოლმე. გაჩერდება. წიგნებს რიგის მიხედვით დაალაგებს. შემდგომ ყველას ერთ ზომაზე გაასწორებს. თუ დასალაგებლი და გასასწორებელი არაფერია. თავად არევს. შემდეგ კი – ყველაფერს იდეალურობამდე დაიყვანს.

– თავად მოგითხროთ ყველაფერი?- უბრალოდ ვიცი. თქვენც, ჰომ იცით?! – სევდა მსუბუქ ბრაზს შეეცვალა. სახის მიმიკით ვერ შეატყობდით. უბრალოდ იგრძნობოდა ოთახში მყოფ აურაში. სიცივეს დაესადგურებინა.  – ჭიქები. ჭიქების თვლაც უყვარს. და ნივთების, ზოგადად. თვლა უყვარს. და შეხება. შეხება…- გადაადგილებაც?- დიახ. ვიცოდი, რომ გამიგებდით. აწყობს. ნივთებს აწყობს. წრეზე. 6 ცალს. 6 საყვარელი ციფრია. თან ლუწი. თბილიც.- წრეზე დაწყობის მიზეზი?- იცავს. ფიქრობს, რომ იცავს. – ნერვიული სიცილით დასძინა.- ბალანსს მიჰყვება?- დიახ. დიახ. ბალანსს იცავს. სამყაროს ბალანსს. დარღვევის ეშინია. – მიშტერებული თვალებით პასუხობს თანამოსაუბრეს. ოდნავ იღიმის.

stats-arrow little-delete trophy-icon block-from-chat weather-refresh-icon popup-left-arrow popup-right-arrow register-icon login-icon three-dots-icon small-pin-icon small-calendar-icon services-manage-icon share-post-icon like-post-icon dropdown-arrow-icon accordion-open-icon comments-post-icon accordion-close-icon play-icon remove-playlist-icon save-playlist-icon share-icon heart-icon magnifying-glass-icon cupcake-icon weather-icon star-icon headphones-icon block-from-chat-icon add-to-conversation-icon speech-balloon-icon add-a-place-icon Chat Messages check-icon plus-icon albums-icon photos-icon day-calendar-icon week-calendar-icon month-calendar-icon checked-calendar-icon multimedia-icon settings-v2-icon close-icon logout-icon settings-icon blog-icon status-icon happy-sticker-icon happy-face-icon computer-icon manage-widgets-icon badge-icon newsfeed-icon camera-icon stats-icon calendar-icon happy-faces-icon thunder-icon menu-icon Groups-Icon User-Icon Read-Icon Unread-Icon Friendships-Requests-Icon Invitations---Send-Invites-Icon Edit-Icon Pin-Icon Project-Icon Account-Icon Addresses-Icon Billing-Details-Icon Checkout-Icon Downloads-Icon Orders-Icon Payment-Methods-Icon Track-Icon Shop-Bag-Icon Sound-Icon 217 bytes - 53.73% saving