ინსომნია. (03 დასასრული)

0

– და თქვენ? თქვენზე ვისაუბროთ. რა ხდება თქვენს თავს? რა გაწუხებთ? ვინ ხართ… – გამომწვევად გახედა ნომერ ოთხს ექიმმა.

– მე? მე… – პაციენტი უკან გადაწვა. ხელები ძირს დაუშვა. თვალთ ცრემლი მოადგა. სახეზე სევდა აღბეჭდვოდა მხოლოდ და თხოვნა. შველას ითხოვდა. მთელი თავისი არსებით, ემოციებით, სხეულით, მიმიკებითა და აურით შველას ითხოვდა. მთელი თავისი გულით. – მე. მე ამის მაყურებელი ვარ, ექიმო. მე ვარ ის, ვინც აკვირდება თითოეულს. თვალს ადევნებს. თითოეულის დარდს გრძნობს და აწუხებს. დიახ, მე სხვების დარდი ძალიან მაწუხებს. მე სამყარო მაწუხებს მთლიანად. ვდარდობ. ძალიან ვდარდობ. მსურს, რომ ყველამ თავისი ბედნიერი კერა აღმოაჩინოს. მსურს, რომ ტკივილი არავინ იგრძნოს საერთოდ, განსაკუთრებით კი ამ სამმა. მსურს, რომ სიწყნარე სუფევდეს ყველგან და ყოველთვის. ჰარმონია მსურს, ექიმო, ჰარმონია. მე… მე ამ ყველაფრის მსხვერპლი ვარ. უდანაშაულო მსხვერპლი. ჩემი წილი ბედი და ტანჯვა ასეთია. მტკივა ექიმო, აუტანლად მტკივა. მინდა რომ დამთავრდეს ეს ყველაფერი, ძალიან მინდა.

  თავად ექიმი მწარედ ვაკვირდებოდი პაციენტ ნომერ ოთხს. დასაწყნარებლად გავუღიმე. თითქოს, ვანუგეშე. თავი დავხარე და სხვადასხვა დეტალის ჩანიშვნა დავიწყე, საქმისთვის მნიშვნელოვანის. „არ ინერვიულოთ, ყველაფერს ეშველება.“ – მეგობრული ტონით დავძინე, ისე, რომ წერა არ შემიწყვეტია.

   დავასრულე. მზერა გავასწორე და სიცარიელეში ვიყურები. პაციენტი აღარსად ჩანს. გამიკვირდა. „რა ჩუმად გაიპარა. ეტყობა თავისთან დაბრუნდა.“ რვეული გვერდით გადავდე. ბოლო ღერი სიგარეტი მოვიმარჯვე. ცარიელი კოლოფები კი, სანაგვეში გადავყარე. ღრმად ამოვქაჩე, ჭიქაში დასხმული ვისკი ვნებიანად, სასიამოვნოდ მოვწრუპე და კვამლი გარეთ გამოვუშვი. „გემრიელ სასმელს და კარგ სიგარეტს არაფერი სჯობს ასეთ მოწყენილ, მოღუშულ დღეს“. ფანჯარას მივუახლოვდი. 13 ნაბიჯი გადავდგი. ზუსტად 13, კარგად დავითვალე. „13 ცუდია. თარსი რიცხვია.“ – გავიფიქრე და ფარდებით გარედან შემოსული სინათლე დავფარე. ოთახს სიბნელე მოეფინა. თავში ერთადერთი წინადადება მიტრიალებს გამუდმებით – „ მტკივა, ექიმო, აუტანლად მტკივა. მინდა რომ დამთავრდეს ეს ყველაფერი, ძალიან მინდა.“

            

        სიბნელეა. უკუნითი სიბნელე. ვისკით პირს კიდევ ერთხელ ვისველებ. სიგარეტს ვაქრობ. მივდივარ. სიბნელეს მდუმარედ მივუყვები. მკვდარი სიჩუმე დგას. ვერაფერს ვხედავ, მაგრამ არც მჭირდება. ორივე ხელს გარშემო ვუჭერ. ვქაჩავ. ჭიქას იატაკზე ვდებ. ფეხის წვერებზე ვიწევი. ჭერს ვუყურებ. ვერ ვხედავ, მაგრამ ვუყურებ. სიბნელემ დაისადგურა გარშემო. პირი ღია მაქვს. ცრემლი მაწვება. ჩუმად ვიღიმი. თვალები მტკივა. ისეთი გრძნობაა, ლამისაა გადმოცვივდნენ. ვგრძნობ სიწითლეს სახეზე. ყელში დაგროვდა ყველაფერი თითქოს. კბილებს ერთმანეთს ვაჭერ, თითქოს დავამსხვრევ კიდეც. ვოხრავ. ხელ-ფეხი წყნარად,უმოძრაოდ დავყარე. აღარ ვიღიმი. ვნანობ… ძალიან ვნანობ… მაგრამ, დამაგვიანდა.

       სადარბაზოში საშინელი სუნი დგას. შეწუხებული მეზობლები სართულებზე დარბიან, ყველანაირად ცდილობენ ამაზრზენი სუნის მოშორებას. მიზეზს ვერავინ ხვდება. წუწუნს და ალიაქოთს მიაქვს იქაურობა. ერთმანეთს აბრალებენ. ბრაზისა და ზიზღის დამალვა შეუძლებელი გახდა.     მაგ დღეს ერთ-ერთი ბინის კარი შეამტვრიეს. მისაღებ ოთახში ახალგაზრდა მამაკაცის, თოკზე ჩამოკიდებულ, გახრწნილ გვამს მიაგნეს.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!