0

          საღამოა. მშვიდი ისეთი, როგორც არასდროს. ცოტაოდენ ალკოჰოლთან ერთად ირთობს თავს ლევანი. სიბნელეში ზის. დუმს. მარტოობის შემპყრობელი სენით ტკბება. მიუხედავად იმისა, რომ ბავშობიდან მარტოობის ეშინია, ხანდახან, იმგვარ დღეებში, როგორიც ახლაა, ლევანი საკუთარ თავთან განმარტოებას ცდილობს. თითქოს გრძნობს ხოლმე,რომ დგება მომენტი, როცა ცხოვრების რიტმს უნდა ჩამოსცილდეს და უბრალოდ დაისვენოს დედამიწაზე არსებულ უკუნეთსა და უსასრულობაში.  უცნაურია. ლევანი უცნაურია. ნერვიულობა უყვარს. ფიქრი. ფიქრი ერთადერთი იარაღია, ბოროტების წინააღმდეგ რითიც იბრძვის. იმით, რასაც ვერავინ ვერასდროს წაართმევს -აზრებით. ადამიანთა მოდგმის არარაობისა და უკაცურობის განხილვა იზიდავს. ფიქრობს ხოლმე, თუ რატომ შეუძლიათ ერთმანეთისთვის ზიანის მიყენება, დამცირება. ფიქრობს ხოლმე, არასრულფასოვნების კომპლექსით დაჯილდოებულ ხალხზე. ფიქრობს ყველა შესაძლო ბავშვობის ტრამვის ვარიანტზე, რაც გარშემომყოფებს გადახდენიათ თავს. ფიქრობს ყველაფერზე, რამაც დაამახინჯა ადამიანი. ფიქრობს და გული სტკივა. ეს გულის ტკივილი კი – უყვარს. ძალიან უყვარს. უსმენს კლასიკას. ალკოჰოლს მიეტანება ხოლმე… ხშირად. ფაქტობრივად, დარდისა და სევდის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია. მელანქოლია მისი ჰობია. დათრგუნული დაიარება მუდამ. მოწყენილი. საკუთარ გონებასა და სულს თვითონვე იხშობს თავის თავში. იჭამს თავს შიგნიდან და მაზოხიზტთა მსგავსად, შინაგანი ტკივილი არაბუნებრივად სიამოვნებს. გამუდმებით ფიქრობს. ყოველ ჯერზე კი, ბოლოს იმას დაასკვნის, რომ კაცთა მოდგმა უბრალოდ საცოდაობაა.

–  გასაგებია. – თანამოსაუბრემ სათვალე გაისწორა და წინ მჯდომი დაკვირვებით დაათვალიერა. დაბნეულმა თვალებმა და სახემ, რომელზეც კონკრეტული ემოციის წაკითხვა შეუძლებელი გახლდათ, მისი ინტერესი დაიმსახურა.

– ლევანზე ძალიან ვდარდობ. კაეშანი მოუშორებელ თანამგზავრად ჰყავს. მე კი, ძალიან ვდარდობ. – სახეზე მწუხარებამ წინა ფონზე გადმოიწია. ბევრად მკვეთრი იყო, ვიდრე ყველა დანარჩენი ემოცია. – არც ჯორჯი მაძლევს მოსვენების საშუალებას. დილაადრიან დგება, გამთენიისას. ბევრს მოძრაობს. თითქოს, ვერ ჩერდება. საძინებლიდან სამზარეულოში. წყალს დადგამს ასადუღებლად. შემდგომ ზალა. მეორე საძინებელი. მისაღები. კვლავ სამზარეულო. ყავას მოიმზადებს. ბოლოს კი წყნარდება, წყნარდება სანამ ყავას სვამს. რამდენიმე ღერს ეწევა თითო ფინჯან ყავასთან ერთად. ღერებს ითვლის. 4 ღერს ეწევა. კი, 4-ს.  დღეში ორ კოლოფ სიგარეტს. მარჯვენა ფეხი მუდამ უკანკალებს. ვერ აჩერებს, შეიძლება არც. თვალებს წამდაუწუმ აქეთ-იქეთ აცეცებს. სიბნელის ეშინია. სიბნელეში მარტო ყოფნის ეშინია, სხვასთან ერთად ყოფნისაც. აშინებს ყველაფერი, რასაც ორზე მეტი ფეხი აქვს. ცხოველების გარდა. ობობები აშინებენ. ასევე ხოჭოებიც. სხვადასხვა, ოდნავ დიდი ზომის მწერებიც. უფრთხის ადამიანებსაც. მისი აზრით, ადამიანები ყველაზე საშიშნი არიან. ზოგს შემზარავი აურა აქვსო. მათ გამოხედვაში ბოროტი სულის არსებობა იგრძნობაო. ბოროტი სულების კი – ძალიან ეშინია. კიბის ქვეშ არ გადის, უიღბლობა იცისო. წლობით. სარკის გატეხვისაც ეშინია. გატეხილ სარკეში ჩახედვისაც. კატებს თავს არიდებს. სხვა სამყაროსთან კონტაქტის დამყარება ძალუძთო. შეიძლება, დამყარებულიც აქვთ უკვეო. შავ კატებს განსაკუთრებით გაურბის. ხმები არ სიამოვნებს. სრაფი და უეცარი ხმები დისკომფორტს უქმნიან. კაკუნი. ზარის ხმა. ტელეფონის რეკვა. მობილური აღიზიანებს. ჩიტების ჭიკჭიკი აწყნარებს. ამბობს: „ არსებობენ ცივი და თბილი ხმები… და რიცხვები. კედლის შპალიერზე 90 შიშველი ხე და 83 კვადრატია. 90 კარგია, დამრგვალებულია. 83 – საშინელი. კენტი რიცხვია და თან მარტივი. ვითვლი ყველაფერს – ხეებს და კვადრატებს შპალიერზე, ასოთა რაოდენობას სიტყვებში, თვალების დახამხამებას საათში, ბოლოს 489 იყო. არ მომწონს. ხუთასჯერ დახამხამებას ვცდი. ხუთასი წყნარია. კიბეების რაოდენობას სიარულისას. 48 კიბე ჩემს სახლამდე. 98 ნაბიჯი სადარბაზოდან გაჩერებამდე. ორივე კარგი რიცხვია. ლუწია. სამსახურში წყნარად მივდივარ. ვითვლი შემხვედრ ფეხსაცმლის ფერებსაც. სახლიდან გასვლისას შავებს,დაბრუნებისას ყავისფრებს. შავი მუდამ მეტია. უნდა იყოს. ლუწი რიცხვები მომწონს და დამრგვალებული. კენტი ცუდია. მარტივიც. გამონაკლისი შვიდია. კვირაში შვიდი დღეა.“ანერვიულებს ბასრი ნივთები. კუთხეები არ იზიდავს. წრე უყვარს. მართკუთხედი, სამკუთხედი, კვადრატი – არა.რომბი კი აფიქრებს. თითქოს აწყნარებს. ეიფორიაშია მუდამ. ვერ ისვენებს. ბიბლიოთეკას ჩაუვლის ხოლმე. გაჩერდება. წიგნებს რიგის მიხედვით დაალაგებს. შემდგომ ყველას ერთ ზომაზე გაასწორებს. თუ დასალაგებლი და გასასწორებელი არაფერია. თავად არევს. შემდეგ კი – ყველაფერს იდეალურობამდე დაიყვანს.

– თავად მოგითხროთ ყველაფერი?- უბრალოდ ვიცი. თქვენც, ჰომ იცით?! – სევდა მსუბუქ ბრაზს შეეცვალა. სახის მიმიკით ვერ შეატყობდით. უბრალოდ იგრძნობოდა ოთახში მყოფ აურაში. სიცივეს დაესადგურებინა.  – ჭიქები. ჭიქების თვლაც უყვარს. და ნივთების, ზოგადად. თვლა უყვარს. და შეხება. შეხება…- გადაადგილებაც?- დიახ. ვიცოდი, რომ გამიგებდით. აწყობს. ნივთებს აწყობს. წრეზე. 6 ცალს. 6 საყვარელი ციფრია. თან ლუწი. თბილიც.- წრეზე დაწყობის მიზეზი?- იცავს. ფიქრობს, რომ იცავს. – ნერვიული სიცილით დასძინა.- ბალანსს მიჰყვება?- დიახ. დიახ. ბალანსს იცავს. სამყაროს ბალანსს. დარღვევის ეშინია. – მიშტერებული თვალებით პასუხობს თანამოსაუბრეს. ოდნავ იღიმის.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!