ესე იგი, ვისაც საქმე არ გაქვთ (ახლა, არც მე მაქვს), მაშინ, ჩაუჯექით, რაღაც უნდა მოგიყვეთ, რაც მე მეხება.
უხილავი ძაფი – ეს არის ჩემი საავტორო ფილმის სახელი, სადაც ჩავდე ის გამოცდილება და ის ისტორია, რაც მაგრძნობინა ცხოვრებამ. არ ვიცი, ამას ვინ წაიკითხავს, მაგრამ, ჩემი მიზანი ეგ არ არის, რომ ვინმემ წაიკითხოს ან შეაფასოს ეს ნაწერი, უბრალოდ, მე უნდა დავიცალო ახლა იმისგან, რაც მაქვს ჩემს შიგნით. ვერავინ იტყვის, რომ ერთხელ მაინც არ ყოფილა შემთხვევა მათ ცხოვრებაში, როცა მათ არ უგრძვნიათ მონატრება ან საჭიროება იმ ადამიანისა, ვინც ჯერ არ ყოფილა მათ ცხოვრებაში. ეს არ ეხება არც დეპრესიას, არც სასოწარკვეთის გამო ხდება ეს ყველაფერი და არც უმეგობრობის გამო. მეგობრების რაოდენობას, მადლობა ღმერთს, არ განვიცდი, თუმცა მაინც არის რაღაც სეგმენტი თითოეული ადამიანის არსების სადღაც სიღრმეში, როცა პიროვნებას (ჩვენ, შენ, მე) სურს, რომ ჰყავდეს ვიღაც სხვა, განსხვავებული, იმ სიცარიელის აღმომვსები, რასაც ვერ უვსებს მას ადამიანთა სიმრავლე.
ეს კარგი, შეიძლება ვინმე ისეთი გენატრებოდეს, ვინც ჯერ არ შეგხვედრია, მაგრამ, რომ მოგენატროს უნდა იგრძნო მისი არსებობა. მხოლოდ კი არ უნდა იგრძნო, ლამის უნდა ეხებოდე მას, ვინც გენატრება. ეს, როგორც წესი, რაღაც ტკივილის შემდეგ მოდის ხოლმე, როცა არ გყოფნის არანაირი ნუგეში ბევრი ადამიანისგან და იქმნება შენში სახება იმ, სხვა ადამიანის, ვინც შენთან ჯერ არ მოსულა და თანდათან ხვდები, რომ იგი არსებობს. თეორიულად კი არა, რომ სადღაც, აუცილებლად იარსებებს ვიღაც, ვინც შენთან მოვა და დარჩენილ ცხოვრებას ერთად გაატარებთ, არამედ, როცა გაქვს ცოცხალი განცდა იმისა, ვისზეც ფიქრობ და თითქოს დაგყვება იგი ყველგან და ყოველთვის, მაგრამ, აქ კიდევ ერთი “სტადიაა”… შენ აცნობიერებ, რომ არამარტო შენ, არამედ ისიც ფიქრობს შენზე, შენს არსებობაზე და ასე ვთქვათ, ერთმანეთს ელოდებით. თან დანაკლისს არ გრძნობთ ერთმანეთის არმყოფობის გამო, პირიქით, ეს უფრო ამძაფრებს თქვენს შორის კავშირს. შეიძლება პირველი შემხვედრი არ იყოს ის ადამიანი, ვინც თქვენთვისაა შექმნილი, ის შეიძლება უბრალოდ მზადება იყოს იმ ადამიანისთვის, ვინც თქვენია. ერთგვარი გამოცდა, ანდა გამოცდილება იმისთვის, რაც მოდის.
მე ქრისტესი მწამს. სწორედ ამის გამო, ჩემთვის სავსებით შესაძლებელია, რომ არსებობს კავშირი ორ ადამიანს შორის, ჯერ გონებისმიერი, სანამ სხეულებრივი იქნება, და, როცა გონისმიერი დასრულდება, სხეულებრივი კავშირი, გაცილებით უფრო ტკბილი იქნება, რადგან საძირკველი სწორად იყო ჩაყრილი ურთიერთობაში. იქ მობეზრება გამორიცხული იქნება, რადგან შეუძლებელია მოგბეზრდეს ის ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ მაშინ გიყვარდა, როცა ვერ ხედავდი და გრძნობდი განცდის დონეზე. მე როგორ ვიგრძენი ეს? შეიძლება თქვენთვის ეს დაუჯერებელი იყოს, ან სისულელე, მაგრამ, როცა ღმერთი არის, შეუძლებელია, რაიმე შეუძლებელი იყოს. ეს ერთი. შემდეგ მეორე – ღმერთთან საუბარი იმაზე, რაც / ვინც გიყვარს, ღმერთს აიძულებს იმოქმედოს იმის სასარგებლოდ, ვისზეც ვესაუბრებით მას. ურთიერთობას ქრისტე აყალიბებს, ეს გამოცდილება მე ცხოვრებამ ბევრჯერ დამანახა. თქვენ, რომ იცოდეთ, თქვენ რომ განიცდიდეთ იმას, რასაც მე, იტყოდით, რომ ნაღდად ისეა, როგორც ვამბობ, მაგრამ თქვენ არ ხართ ჩემს ხორცში. ყველას ჩვენი ცხოვრება გვაქვს, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რაზეც ვწერ და ვიცი, რომ არსებობს იგი, ვინც მაგრად მენატრება ხოლმე, ეს არც წინა ადამიანებისგან დატოვებული სიცარიელის შემავსებელი ილუზიაა და არც რაიმე მსგავსი. ღმერთი ადამიანებს აერთებს, როგორც ადამი და ევა შეაერთა ერთ დროს. ღმერთისთვის არ არსებობს საზღვრები და შეზღუდვები, ღმერთისთვის მთავარია რწმენა, იმიტომ, რომ თქვა თავად: როგორც ირწმუნებ, ისე მოგეგოს. და კიდევ, ქრისტიანული სწავლებით, რწმენა არის არა ის, როცა გჯერა უბრალოდ, რომ რაღაცას მიიღებ, არამედ ის, რომ უკვე მიიღე ის, რაც ითხოვე. დამიჯერეთ, მე უკვე მივიღე ის, რაც მსურს, მე უკვე მყავს იგი, ვისაც განვიცდი და ამ კავშირს სიცოცხლეს ქრისტე უნარჩუნებს. თქვენ, ვინც გრძნობთ მას, ვინც ჯერ არ გყავთ ნანახი; გენატრებათ ის, ვისაც არ იცნობთ, მაშინ ნუ უგულებელჰყოფთ მის ხმას და განცდას თქვენში, რადგან ის არსებობს, აუცილებლად არსებობს და როცა ამ საქმეზე ზრუნავას ქრისტეს მიანდობთ, წყაროს ყოველგვარი სიკეთისა და სიყვარულისა, მაშინ აუცილებლად შეხვდებით იმას, ვინც გენატრებოდათ და აღმოაჩენთ, რომ არამარტო თქვენ, არამედ მასაც ენატრებოდით, მასაც უყვარდით, მასაც სურდა თქვენთან შეხვედრა, რადგან ფიქრს მიმართულება გააჩნია და რაც უფრო ძლიერია ფიქრი ერთი ადამიანისა მეორეს მიმართ, მით მეტად გრძნობს ამ ფიქრის სიძლიერეს ის, ვისზეც ფიქრობენ. ნუ ინერვიულებთ იმაზე, რომ ეს არაბუნებრივია. არაბუნებრივი არ არსებობს ამ სამყაროში არაფერი. მთავარია, როგორ გწამთ, მთავარია, რამდენად ძლიერად გწამთ, რომ ეს მოხდება. და როცა რაღაც არაბუნებრივად მოგეჩვენებათ, გაიხსენეთ, ქრისტეს სიტყვები: მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა რომ გქონდეთ, მთას რომ უთხრათ, გადაადგილდი და ზღვაში ჩაინერგეო. მყისვე ამას იზამს. ნუ შეგეშინდებათ სურვილის სიდიდის, უყურეთ ღმერთის სახეს, რომელიც თქვენი რწმენის შესაბამისად მოქმედებს და მისცემთ ქრისტეს მიზეზს იმისას, რომ გაგაოცოთ. და დამიჯერეთ, რასაც ვწერ ახლა, ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი ჩემი თვალით მაქვს ნანახი და ჩემი გულით მაქვს განცდილი, მე ვიცხოვრე და ვცხოვრობ იქ, სადაც ხდება ეს და ხდება ჩემს თავს. გენატრებათ ვინმე, ვისაც ჯერ არ შეხვედრიხართ? – მაშინ ეს ნიშნავს, რომ იგი არსებობს და თუ სწორად იმოქმედებთ, თუ ხშირად ელაპარაკებით ქრისტეს მასზე და თუ ითხოვთ, რომ შეხვდეთ მას, მაშინ დამიჯერეთ, ამისთვის მხოლოდ დროა საჭირო. იგი არსებობს და არსებობს მხოლოდ თქვენთვის. ილაპარაკეთ ამაზე გაბედულად, იფიქრეთ იმაზე, ვინც გიყვართ. პირადად ჩემთვის, არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე ორმხრივი სიყვარულია. საყვარელი საქმეც გამომიცდია (ფილმები გადამიღია, სცენარი დამიწერია), მაგრამ ამაზე დიდი ბედნიერება არაფერში ყოფილა. მე გააზრებულად და განცდის დონეზე ვიცი ეს და მადლობა ღმერთს ამისთვის. ფილმი, რომელსაც ახლა მისთვის ვიღებ, აუცილებლად ნახავს იგი ადრე თუ გვიან, თან ჩემთან ერთად. ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ მისთვის და მის გამო. ფილმის სახელი უხილავი ძაფია, ის ძაფი, რომლითაც შეერთებულია თითოეული ადამიანი.
ამას იმიტომ ვწერ, რომ, ვიცი, არსებობს ერთი ადამიანი მაინც, ვინც ისე გრძნობს ამ ყველაფერს, როგორც მე. ეს ოცნება ან რაიმე მსგავსი არ არის, რადგან დანაკარგის ტკივილს ვერ გრძნობ, არ ხარ პესიმისტურად განწყობილი, არ ხარ ჩაკეტილი ადამიანთათვის, ხარ კომუნიკაბელური, ხარ გახსნილი სიახლეებისთვის, მაგრამ, ამავდროულად ატარებ ორ სიხარულს შენში: ქრისტე და ადამიანი, რომელიც შენთვის შექმნა ქრისტემ.
შენ შეხვდები მას. არ შეგეშინდეს დანაკარგის, რადგან სწორედ იმიტომ, რომ ეს დაკარგე, მოვა ის, ვისაც აღარ დაკარგავ და რომელიც ვერ მოვიდოდა, რომ არ დაგეკარგა.