fbpx

ისტორია

გაცვეთილი

ყველაფერი კარგად არის..

იმეორებ..

ზიხარ იატაკზე ხელებით ლურჯ თმაში და იმეორებ..

იმდენად ხშირად რომ გაცვდა..

ყველაფერი კარგად არის

ამბობ და საკუთარი სიტყვები გზარავს..

საიდანღაც შემოპარული ქარი გიწეწავს თმებს..

იყურები გალურჯებულ ხელებზე

სახის კანს წელავ..

აღარ იღებ ხმას..

ან თუ იღებ იმავეს ამბობ

მაგრამ აშკარაა არაფერი არ არის კარგად..

შენ მარტო არ ხარ..

იქამდე სანამ ორი ხელი გაქვს..

მეორე ხელი ჩასახუტებლად და

თმაზე მოსაფერებლად..

გიყვირის ვიღაც..

მაგრამ შენ გქონია სუიციდის მცდელობები..

მათ არ იციან როგორ სუნთქავ..

როგორ ითვლი ყოველ ღამით ნეკნებს..

როგორ დადიხარ არეული ნაბიჯებით..

და ისიც, რომ ალკოჰოლიკობა გინდოდა..

უფრო სწორად..

მკაცრად გქონდა გადაწყვეტილი..

ყველაფერი კარგად არის

ისევ ამბობ და არყის ბოთლი მიგაქვს ტუჩებთან..

მესამე თუ მეოთხე ბოთლია უკვე..

დგები და იმის ტრაკიც არ გაქვს თავი დაიჭირო..

კარს ვერ აგნებ და იკეცები..

ბოლო ბოთლი უნდა დაგემტვრია..

ფიქრებთან ერთად შენს სევდას ყოველ საღამოს უნიტაზში რეცხავ..

უყურებ ხოლმე როგორ ტრიალებენ ფიქრები..

ერთმანეთში ირევიან

ემოციები

ფერები..

ყოველთვის როცა სევდა ერთი

წამით მეტია

თმას იჭრი

და იღიმი..

უყურებ როგორ ეცემა თმის ნარჩენი იატაკს და ნერწყვს მძიმედ ყლაპავ

ცხოვრებამ რომ ამოგახველოს

სისხლს წამოიღებს ფილტვებიდან..

უკვე შევთანხმდით

იარაღიდან ბოლო ტყვია მაინც შენია..

დგები იღებ რევოლვერს და ალალბედზე ისვრი..

ყოველ ტკაცუნზე მოახლოებულ სიკვდილს დასცინი..

შიში ბრაზდება რომ არ აღიარებ..

შენი ტუჩის კუთხე

უნებლიედ ტყდება..

სასმელი უკვე ვენებიდან  შეგყავს..

არტერიებს ანაცვლებ და ღრიალებ..

შეიცვალე..

შენი კანის ფერი სიტყვებთან ერთად გაცვდა..

ტუჩებს მაინც შერჩათ წითელი..

შენ ყოველ ღამით ჩემი შეხება გენატრებოდა..

ახლა ჩემს თმაში ახლართავდი თითებს და ჩემს სუნს იგრძნობდი..

წუხელის წვიმდა..

გეძახდი..

გრუხუნებდა..

უშენობამ გამაკანკალა..

ყველაფერი კარგად არის..

ყველაფერი კარგად არის

და ასე ბევრჯერ..

წევხარ..

ღრიალებ..

გაკოჭილი ხარ..

იხრჩობი

ცივა

და არავინ მოდის საშველად..

ხედავ რევოლვერს..

ისევ შორს..

ამჯერად ზუსტად იცი სად დევს ტყვია..

იღებ იარაღს..

მიგაქვს საფეთქელთან..

ხელები გიკანკალებს

ითვლი სამიდან უკან..

სამი.. ორი.. ერთი..

და..

სამიზნეს ააცილე..

მაესტრომაც დაკვრა შეწყვიტა..

ირონიაა..

ბეთჰოვენის სიჩუმეზე აპირებდი სიკვდილს..

ყველაფერი კარგად იქნება..

ამჯერად ალტერ-ეგო ყვირის..

ორი ტყვია უნდა ჩაგედო..

სხვანაირად უნდა ყოფილიყო..

სუსტი ხარ..

ისევ არაყი..

ისევ ღვინო..

ისევ მუსიკა..

მაგრამ ამ ჯერად

სხვა ტყვიებიც შემოიტანეს..

“ბოლოს ყველა თავის სიყვარულს კლავს “

იმდენად მიყვარხარ რომ ვერ ვსუნთქავ

არც ძლივს გამოღებული ფანჯრები მშველის..

არც შენი ხმის მოსმენა

არც ძველი ჩანაწერები შენზე

არ ვჯდები ჯერ კიდევ ყავისფერ იატაკზე

და  ჩემს მოკლედ შეჭრილ თმას არ ვეფერები..

ვერ გეხები

ვერც გიხსენებ

არც მავიწყდები..

ვდგები

ვხსნი კედლიდან ნახატს

და გაურკვეველ ფიგურებს ვხაზავ..

ალბათ გზებს ვეძებ შენთან მოსასვლელად..

ალბათ..

ვინ იცის..

იმდენად მიყვარხარ რომ ვერ ვსუნთქავ..

ავხლართავდი თითებს შენს ისედაც აბურდულ თმაში და ჩაგეხუტებოდი..

დიდი ხანია მთელი გულით არავისთვის მითქვამს მიყვარხარ – მეთქი..

ტკივილებად ჩარჩი ისედაც აღრიალებულ სულს

ახლა შენზე ფიქრებიც ვერ დაამშვიდებს..

არ ვცეკვავ ჩვენს მუსიკაზე..

ვამბობ ძლიერი  ვარ

ყველაფერს გადავიტან მეთქი

და კაბის ღილს ვიკრავ..

შენს საყვარელ სუნამოებს ვლეწ..

თმას  ვიჭრი..

ფორთოხლის წვენს ლიმონით ვანაცვლებ

ვიღებ შავ სობრანიეს და აივანზე გავდივარ..

(შენ ეს სიგარეტი გეზიზღებოდა)

არ გეძებ..

ისედაც მოდიან შენი ლანდები ჩემამდე..

არ ვათვალიერებ შენს ფოტოებს

ისედაც ჩემს თვალებს შემორჩი

უჰაერობაა..

შენი ჰაერი წაიღეს ჩემს ჰაერთად ერთად..

ტკივილგამაყუჩებლებს ვსვამ

ხანდახან ანტიდეპრესანტებსაც ჩუმად და

გიყვირი..

იმედი მაქვს რომ მომაგნებ

გადამარჩენ

აღარასოდეს წახვალ..

იქნებ სიზმარია ყველაფერი

და სადღაც

გვირაბის ბოლოს შენს მკლავებში

უნდა გამომეღვიძოს..

დაბრუნდი

სიზმრიდან ურჩხულები გაყარე..

ნათელი ფერები დააბრუნე..

მაკანკალებს

მეშინია

გელოდები..

ყოველთვის მინდოდა ცალ-ცალკე დაგვეძინა და მერე შენს მკლავებში გამღვიძებოდა

მაგრამ უშენოდ

გამომეღვიძა..

ჩიხუახუა

pexels-photo-2133015

   შარშან, ზამთრის არც ისე ცივ საღამოს, ჩვენი ქალაქის ამაგდარი ყვითელი ავტობუსით ვბრუნდებოდი ჩემს ქირით ნაშოვნ სახლში, ჰოდა ამავე ავტობუსში ამოვიდა კაცი, ისეთი, სიმაღლისგან და სიდიდისგან რომ ოდნავ მოხრილები არიან (იქნებ ცხოვრებისგან), ეტყობოდა თავის სარგო ტანისამოსს გადაჩვეულიც იყო, ხელი რომ აწია ქურთუკის სახელო ლამის იდაყვებამდე აუვიდა, შარვალიც თითქმის ისეთივე, შუახნის იქნებოდა, მსხვილკალიბრიანი სათვალით, ცოტა თმანაკლულიც. კიდეკაი ადგილები არ ჭირდა, თორე სასეირნოდ გამოყვანილ ჩიხუახუას დავემსგავსებოდი მის გვერდით, ფართოდ გამეღიმა, თუმცა არ დავუნახივარ, ზურგით იჯდა, ტელეფონიც აღმოაჩნდა აწოწილს, ჯიბიდან ასანთის კოლოფივით ამოაძვრინა, დახედა და უპასუხა…

– ჰო, ალო…

– …

– მოვდივარ…

– …

– ავტობუსში ვარ.

– …

– მაღაზიაში ვერ ჩახვედით?

– …

– ნისიად წამოგეღოთ.

– …

– ლუბას მაღაზიაში გასულიყავით.

– …

– კარგი, მალე მოვალ და წამოვიღებ.

   ტელეფონი შეინახა, მეორე ხელი ჯიბეში ჩაყო, ცოტახანი აფათურა და ამოწვადა, გაშალა, საცოდავად ეყარა ფეხბურთის მოედანივით ხელისგულზე რამდენიმე გროში, ერთხანს დააკვირდა, ალბათ გადათვალა, ისევ უკან ჩააბრუნა, ორივე იდაყვი მუხლებზე დაიბჯინა, ისევ სასაცილოდ დაუმოკლდა ქურთუკის სახელოები, აღარ გამღიმებია…

   გვიანი საღამო იყო, ავტობუსშიც ცოტანი ვიყავით, მძღოლი, კონტროლიორი, რომელიც რაღაც იუმორნარევს უმტკიცებდა მძღოლს(სახეზე ეტყობოდა), კიდევ ორი ნაქეიფარი, რომლებიც სულში უძვრებოდნენ ერთიმეორეს და კიდევ ორნიც ალთას-ბალთას. წინ გაჩერება გამოჩნდა, შავი, წითლად მოღაჟღაჟე… ადგილი შევიცვალე, სასეირნოდ გამოყვანილ ჩიხუახუას დავემსგავსე, გაჩერდა ყვითელი, კარი გაიღო, ავტობუსის კიბის სამი საფეხურიდან მე მხოლოდ ერთით ვისარგებლე და ტროტუარზე აღმოვჩნდი, გადავრჩი კისრის მოტეხვას, წავიდა ყვითელი. ჯიბიდან ხურდები ამოვყარე და გადავთვალე, ტაქსის მძღოლს ვერ მოვხიბლავდი, შვილივით ნაფერები ბოლო ათლარიანი იმ აწოწილის წინ მდგარ სავარძელზე დავკარგე, ჰოდა მეორე ავტობუსს დაველოდე, რომლის მოსვლასაც ორმოცდარვა წუთი აკლდა, საყელო წამოვიწიე, აწოწილმა გამიელვა ისევ, ნეტა დაინახა? რომ ვერ დაინახოს? არა, რა უფლება აქვს რო ვერ დაინახოს?