ჩიხუახუა

pexels-photo-2133015
0

   შარშან, ზამთრის არც ისე ცივ საღამოს, ჩვენი ქალაქის ამაგდარი ყვითელი ავტობუსით ვბრუნდებოდი ჩემს ქირით ნაშოვნ სახლში, ჰოდა ამავე ავტობუსში ამოვიდა კაცი, ისეთი, სიმაღლისგან და სიდიდისგან რომ ოდნავ მოხრილები არიან (იქნებ ცხოვრებისგან), ეტყობოდა თავის სარგო ტანისამოსს გადაჩვეულიც იყო, ხელი რომ აწია ქურთუკის სახელო ლამის იდაყვებამდე აუვიდა, შარვალიც თითქმის ისეთივე, შუახნის იქნებოდა, მსხვილკალიბრიანი სათვალით, ცოტა თმანაკლულიც. კიდეკაი ადგილები არ ჭირდა, თორე სასეირნოდ გამოყვანილ ჩიხუახუას დავემსგავსებოდი მის გვერდით, ფართოდ გამეღიმა, თუმცა არ დავუნახივარ, ზურგით იჯდა, ტელეფონიც აღმოაჩნდა აწოწილს, ჯიბიდან ასანთის კოლოფივით ამოაძვრინა, დახედა და უპასუხა…

– ჰო, ალო…

– …

– მოვდივარ…

– …

– ავტობუსში ვარ.

– …

– მაღაზიაში ვერ ჩახვედით?

– …

– ნისიად წამოგეღოთ.

– …

– ლუბას მაღაზიაში გასულიყავით.

– …

– კარგი, მალე მოვალ და წამოვიღებ.

   ტელეფონი შეინახა, მეორე ხელი ჯიბეში ჩაყო, ცოტახანი აფათურა და ამოწვადა, გაშალა, საცოდავად ეყარა ფეხბურთის მოედანივით ხელისგულზე რამდენიმე გროში, ერთხანს დააკვირდა, ალბათ გადათვალა, ისევ უკან ჩააბრუნა, ორივე იდაყვი მუხლებზე დაიბჯინა, ისევ სასაცილოდ დაუმოკლდა ქურთუკის სახელოები, აღარ გამღიმებია…

   გვიანი საღამო იყო, ავტობუსშიც ცოტანი ვიყავით, მძღოლი, კონტროლიორი, რომელიც რაღაც იუმორნარევს უმტკიცებდა მძღოლს(სახეზე ეტყობოდა), კიდევ ორი ნაქეიფარი, რომლებიც სულში უძვრებოდნენ ერთიმეორეს და კიდევ ორნიც ალთას-ბალთას. წინ გაჩერება გამოჩნდა, შავი, წითლად მოღაჟღაჟე… ადგილი შევიცვალე, სასეირნოდ გამოყვანილ ჩიხუახუას დავემსგავსე, გაჩერდა ყვითელი, კარი გაიღო, ავტობუსის კიბის სამი საფეხურიდან მე მხოლოდ ერთით ვისარგებლე და ტროტუარზე აღმოვჩნდი, გადავრჩი კისრის მოტეხვას, წავიდა ყვითელი. ჯიბიდან ხურდები ამოვყარე და გადავთვალე, ტაქსის მძღოლს ვერ მოვხიბლავდი, შვილივით ნაფერები ბოლო ათლარიანი იმ აწოწილის წინ მდგარ სავარძელზე დავკარგე, ჰოდა მეორე ავტობუსს დაველოდე, რომლის მოსვლასაც ორმოცდარვა წუთი აკლდა, საყელო წამოვიწიე, აწოწილმა გამიელვა ისევ, ნეტა დაინახა? რომ ვერ დაინახოს? არა, რა უფლება აქვს რო ვერ დაინახოს?

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!