„მატლ ვარ და არა კაც.“
– დავით წინასწარმეტყველი.
პატარაობიდან მოცული ვიყავი და დაცხრილული, ვიმეორებ, დაცხრილული საკუთარი დაუცველობით და შიშებით.
შიში გრძნობაა, რომელიც აღიქვამს საფრთხეს და გაიძულებს მას გაექცე. დაუცველობა კი დაცულობის შეგრძნების და თავდაჯერებულობის ნაკლებობაა, საკუთარი თავის შენიღბული სიძულვილი, რომელიც საკუთარი საჭიროებებზე, სურვილებზე ჩაბღაუჭებით, მათი დაკარგვის და ცვლილების შიშით გამოიხატება და ერთი შეხედვით თავდაჯერებულის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ მისი ძირი წმინდა ეგოიზმი და სისუსტეა.
მთელი ცხოვრება ვცდილობდი შემენიღბა საკუთარი შიშები და დაუცველობა, ბევრს ვაკეთებდი მათ მოსაგერიებლად, მაგრამ ამაოდ. აი, თითქოს პატარა კაცუნა ხარ და გოლიათთან აპირებ შებრძოლებას, ოღონდ დავით წინასწარმეტყველის მოხერხებულობა არ გაქვს. ასევეა შიშთან ბრძოლაც.
ამიტომ, წელს სხვა მიმართულება ავიღე – საკუთარი შიშები შევიყვარე და, იცით რა? მათ მიმატოვეს. როგორც ყველა მიდის, როცა შეიყვარებ მათ.
ალბათ, ამაში მდგომარეობდა დავითის მოხერხებულობა – ღმერთის დახმარებაში კი არა, სიყვარულში. (მაგრამ, ალბათ, მორწმუნეებისთვის ღმერთის დახმარებით გიყვარდება ადამიანს, კუპიდონი მაიმუნობს რაღაცებს… კაი, შევეშვათ ამას).
როგორც ჰოლივუდურ დრამაშია, ჩემს შიშთან ერთად განვმარტოვდი ჩემს ოთახში, M&M-ს ჭამა დავიწყეთ, წუწუნი და წიგნების კითხვა ერთად ჩაძინებამდე. აი ამ მომენტში შეგვიყვარდა ერთმანეთი.
ჩემს უხალისო ოთახში გამოღვიძებულმა, თავი დამნაშავედ ვიგრძენი ჩემი შიშის წინაშე – რა თქმა უნდა, ის უკეთეს ცხოვრებას იმსახურებდა, იმას, რისი შეთავაზებაც მე არ შემეძლო. მას სჭირდებოდა წარსულთან ჩაბღაუჭება და ღნავილი, მე კი ის სპორტულ ცეკვებზე დამყავდა და ჩინურს ვასწავლიდი. ამიტომ, გადავწყვიტე მზიურში გამესეირნებინა ჩემი შიში. თებერვლის იშვიათად თბილი დღე იდგა, მე და ჩემს შიშს ლოყებს გვიალისფრებდა.
რამდენიმეკვირიანი სეირნობის შემდეგ, ვიფიქრე, რომ დრო იყო ჩემი შიში ახალი მეგობრებისთვის გამეცნო. მათმა სასიამოვნო საუბრის ტონმა და სითბომ, ჩემი მხრიდან ახალი მეგობრების მიმართ გამოჩენილმა ყურადღებამ და გატაცებამ, ჩემი შიში დააფრთხო. ვგრძნობდი, რომ ჩემი შიში ჩემს მიმართ გაუცხოვდა.
გადავწყვიტე, ჩემს შიშთან ერთად მერბინა დილაობით, თუმცა ამან უფრო გააუცხოვა ჩემს მიმართ. იზოლირებული გახდა, თითქოს დამშორდა… ერთად ვსტუმრობდით კაფეებს, კიდევ უფრო დამშორდა ჩემი შიში. ეს დაშორების პროცესი იქამდე გრძელდებოდა, სანამ მთლიანად არ მიმატოვა მან.
ჩემი შიში წავიდა. ზუსტად ისევე, როგორც ყველა, როცა შეიყვარებ მათ.
მას სხვა შიშებიც მიყვნენ საბოლოოდ და გადავრჩი…
ამოვისუნთქე.