fbpx

ისტორია

ლურჯი ოცნება, ანუ გასაგები გაუგებრობა #1

მოესმა რა, მისი ოთახისკენ მომავალი ნაბიჯები, ლიზი დივანზე ჩამოჯდა, ფეხები გადაიჯვარედინა და მომლოდინე მზერა მიაპყრო დახურულ კარს, რომელიც გიომ შემოაღო და ქალის საწერი მაგიდისკენ წავიდა ორივე ხელში ყუთ მომარჯვებული, დადო რა ყუთები მაგიდაზე, ქალმა მისი ყურადღება მიიქცია
– გითხარი არ მიწერო მეთქი, შენ კიდევ შეხვდი კიდეც, არა?! – წყნარი, მშვიდი ტონით კითხა ქალმა
– როგორ გაიგე? – შეკითხვა შეუბრუნა კაცმა და თან მაგიდას მიეყრდნო ზურგით
– ამ წამს გავიგე, თავად აღიარე – უპასუხა ლიზიმ და გიოს გაუღიმა, კაცმა ღიმილი დაუბრუნა, ჯერ გვერდით, დივანზე და შემდგომ კითხა
– როგორი შეგრძნებაა, როცა ხელს გთხოვენ?
– მსგავს რაღაცებს, როდის მერე ხვდები?
– ახლა მივხვდი, ამ წამს, თავად აღიარე
– სწრაფად სწავლობ …
– მეგონა ამიტომაც გიყვარდი … და თან მაგ უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭდის არ დანახვა ფაქტობრივად შეუძლებელია
– მიყვარხარ, რადგან შემიძლია გენდო … და ბეჭედი, ბრილიანტის არ არის, ხომ მიცნობ, ძვირადღირებული აქსესუარი ჩემს დღეში არ მიტარებია
– ანუ გამოდის, რომ დათანხმდი, არა? – მორიგი კითხვა დაუსვა კაცმა, წამოდგა და წელში გაიმართა
– ის ხომ კრიმინალური მეფეა, კრიმინალურ მეფეებს კი უარს არ ეუბნებიან
– იაფასიანი ატმასკა – თქვა კაცმა, ისევ ზურგით მიეყრდნო მაგიდას და შემდგომ გააგრძელა – მარტივი შესამჩნევია თუ როგორ გეცვლება მზერა, გითბება ხმა, როცა მასზე საუბრობ, როგორ გეღიმება, როცა მის სახელს ახსენებ და მთავარი, რა თვალებით უყურებ, როცა მას ხედავ, ეს უკანასკნელი კარგად ვიცი, რადგან ერთ დროს მეც მსგავსად მიყურებდი… მაგრამ რას ვიზამთ, ერთი ქალის ერთგულად არ შევუქმნივარ მამა ზეციერს… გიყვარს, იმის მიუხედავად, რომ იცი რამდენი დრო, ფული და ადამიანი შეეწირა რომ [წყეული] გვირგვინი მოეპოვებინა – დაასრულა რა საუბარი, ხელებგადაჯვარედინებული დაელოდა ქალის პასუხს
– … და როგორ აპირებ ამ პრობლემის მოგვარებას? – უთხრა ქალმა და ცერა თითიც ნიშნობის ბეჭედი მოისინჯა ხელზე
– ეს ხომ უბრალოდ ნიშნობაა ლიზი, ქორწილამდე ჯერაც დიდი დროა, მანამდე კი არც კრიმინალი იქნება და აღარც მეფე
– მაშინ აქ რაღას უდგახარ?
– მეორე პილოტის ყოლას რა აზრი აქვს, თუ ყველაფერზე მე უნდა ვირბინო? – ოდნავი ბრაზით თქვა გიომ, ქალი უცნაურად შეიშმუშნა, მაგრამ არაფერი უპასუხა, ისევ კაცი გამოელაპარაკა
– ისე უცნაურია, არა? ნიშნობის დღეს სამსახურში დაბრუნება
– ფირმას, ჯერაც ჩემი გვარი მხოლოდ იმიტომ არ ჰქვია, რომ..
– კარგი, ხო, კარგი, მაშინ იმედია არ მიწყენ თუ მე დაგტოვებ, პაემანი მაქვს, აი, ის კი ჩემგან ნიშნობის საჩუქრად – უთხრა კაცმა, ხელი ქალის საწერ მაგიდაზე მდგარი ყუთებისაკენ გაიშვირა და დაამატა
– ნახევარი საუკუნის ვისკია, ათეული წლით უფროსი შენზე, ერთიანად ნუ გამოცლი – ქალი მივიდა მაგიდასთან, ყუთი გახსნა და მართლაც ვისკი აღმოჩნდა, მის გვერდით კი ჭიქები, რომელზეც მისი და მისი საქმროს ინიციალები იყო ამოტვირფული
– ჯანდაბა – ჩაილაპარაკა ქალმა და კაცს გახედა – ჯანდაბა – წარმოსთქვა კიდევ ერთხელ და მთელი სხეულით კაცისკენ მიბრუნდა
– ყველაფერი თავიდანვე იცოდი, არა?
– რა თქმა უნდა, შენი აზრით რატომ იყო ყველაფერი ისეთი იდეალური, რომ ერთი წუნიც კი ვერ უპოვე?! – უპასუხა გიომ და წელში გაიმართა კმაყოფილი – შენი საყვარელი იასამნისფერი ყვავილები და ერთი ცალი ეკლიანი ვარდი, ნამდვილი ვარდი, რომელიც ჭეშმარიტად გამოხატავს ვარდობის მთელ მნიშვნელობას..
– მშობლების დალოცვაც კი ჰქონდა, იცოდი? – გიომ გაიღიმა, ხელებით ჯერ მაგიდას დაეყრდნო, შემდგომ კი ჩამოაჯდა
– პირველი ეგ ვუთხარი, როცა დახმარებისთვის მომმართა, მთელი ოთხი საათი ვიარეთ გზაში, თან მხოლოდ შენზე მესაუბრებოდა, ისე, ნათქვამი გაქვს, რომ მთელი ცხოვრებაა ერთად მოვდივართ და რომ ვერაფერ ახალს ვერ მეტყოდა?! მამაშენმა თავისთან დამიბარა, როცა კაცმა თავისი სათქმელი გააჟღერა, და მკითხა “შენი აზრით დალოცვა უნდა მივცე?”, სხვა შემთხვევაში აქ არც მოვიყვანდი მეთქი ვუპასუხე, “მაშინ ჩემი დალოცვა აქვსო” მითხრა თითქოს იმედგაცრუებულმა, ალბათ, იმით რომ კანცოვკა მე და შენ არ აღმოვჩნდით.. მაგრამ რას ვიზამთ, როგორც უკვე ვთქვი, ერთი ქალის ერთგულად არ შევუქმნივარ მამა ზეციერს
– ვერ წარმოიდგენ, ხელი როგორ მთხოვა – უთხრა ქალმა, ისე, თითქოს არც კი უსმენდა კაცის საუბარს
– ხედავ? რუსულს ტყუილად კი არ მასწავლიდი წლების მანძილზე, კაცი მის ელიზაბეტს, გაცნობის დღიდან გაუცნობიერებლად გეძახდა და მეც გადავწყვიტე ესოდენ დაუვიწყარი დღე, უფრო შთამბეჭდავი გამეხადა და შენი ერთ-ერთი საყვარელი ფილმის რუსულად დუბლირებული სცენა დამედგა, მხოლოდ რამდენიმე საათი გვქონდა და დამიჯერე, მთელი ძალით ცდილობდა ბოლომდე გადმოეცა საჭირო და საკადრისი ემოცია.. მგონი ასე იწყებოდა, არა? “Мисс Элизабет” და ბოლოს ასე მთავრდებოდა “Я вас люблю. Со всей страстностью. Прошу вас принять мою руку и сердце.”- ლიზიმ ორივე ხელი პირთან აიკრა და გაოცებული მზერით მიაჩერდა კაცს, გიომ მეტი თავდაჯერებულობით გააგრძელა – მე და ჩემი გოგონები რამდენიმე საათი ვეძებდით შესაფერის კოსტიუმს და მგონი ვიპოვეთ კიდეც, არა? რას იტყვი, წააგავდა მისტერ დარსის? – დაასრულა გიომ და ქალს გაუღიმა, ლიზი ჯერაც არ ინძრეოდა
– ახლა კი უნდა წავიდე, თითქმის 1 საათი გავიდა, რაც დავაგვიანე პაემანზე, მეტ ხანს საკუთარ თავსაც კი არ დაველოდებოდი
– რატომ გააკეთე ეს ყველაფერი?
– უარი ჩემგან არ უნდა მოესმინა, გესმის? კაცი მოვიდა ჩემთან რომ მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი გაებედნიერებინა, ისე აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი ჩემთვისაც განსაკუთრებული აღმოჩნდა და გადავწყვიტე მთელი შემართებით დავხმარებოდი – თქვა გიომ, ჯერ შეჩერდა შემდგომ კი გამეორდა – უარი ჩემგან არ უნდა მოესმინა – ლიზიმ ოდნავ თავი დაუკრა, იმის აღსანიშნად რომ ყველაფერი გაიგო და ამჯერად თავადვე გამოელაპარაკა
– Ага, тогда проста иди уже
– და ასე უბრალოდ გამიშვებ, ყოველგვარი რჩევა-დარიგების გარეშე? – თქვა კაცმა და გასასვლელისკენ წავიდა
– ჰო.. და გიო.. უსაფრთხოება პირველ რიგში.. ყველგან და ყველაფერში – უთხრა ქალმა ჩაცინებით, გიოს გაეღიმა, ზუსტად ამას მოელოდა, ამიტომაც წინასწარვე ჰქონდა მოფიქრებული პასუხი
– ჰა ჰა ჰა, ამას მეუბნება გოგონა, რომელიც თავის ერთ-ერთ იუბილეზე ისე გამოთვრა , რომ არც კი ახსოვს ვისგან დაფეხმძიმდა – მართალია, გიოს გონებაში ეს სიტყვები კარგ ხუმრობად წარმოედგინა, თუმცა რა წამს გააჟღერა, შეძულდა თავისი თავი ამის გამო. ქალს სახე მოეღრიცა, მხიარული განწყობა სადღაც გაუჩინარდა, გიო მაშინვე მიუახლოვდა ლიზის, მის დასამშვიდებლად
– მაპატიე, კარგი?
– იცი, ყველაფერს იმიტომ არ გიყვები, რომ სახეში ამაფარო, როცა სათქმელი გამოგელევა
– ვიცი, ვიცი, მაპატიე, კარგი? ხომ იცი, ყველა საუბარში, ყოველ კამათში ვცდილობ გავიმარჯვო და მავიწყდება, რომ შესაძლოა ჩემი ამ საქციელით, გული ვატკინო, ჩემთვის უახლოეს ადამიანს – ქალმა ხელები საბოლოოდ ჩამოიღო სახიდან და წამოდგა, რამდენიმე ათეული წამის შემდგომ, ისევ კაცმა წამოიწყო საუბარი
– სანამდე აპირებ აქ გაჩერებას?
– გვიანობამდე
– შეიძლება დღეს სახლში მარტო არ ვიყო, პირდაპირ შემოდი , გასაღები ხომ ისევ გაქვს, არა?
– ნუ დარდობ, შეუმჩნევლად შემოვალ
– შეეცადე შეუმჩნევლად შემოსვლისას რამე არ შემოგელეწოს, კარგი?
– წარმოუდგენელია, შეიძლება ქალების ერთგული არა, მაგრამ სახლის ერთგული ნამდვილად ხარ
– და საკუთარი თავის, ამ კაბაში კი უბრალოდ თვალწარმტაცი ხარ
– კარგი მცდელობაა, მაგრამ ხვალ ზუსტად 8 ზე გელოდები აქ, ოფისში
– ხო, კარგი, კარგი, მანამდე ეგ ბეჭედი შეინახე
– რას გულისხმობ
– ბრილიანტის ბეჭდით ხომ არ აპირებ სამსახურში სიარულს?
– ხომ გითხარი ბრილიანტის არ არის მეთქი..
– ზუსტად ეგ ვუთხარი, რომ ეთქვა შენთვის, რადგან სხვა შემთხვევაში არ აიღებდი, მოვუყევი რა შენი დამოკიდებულების შესახებ ძვირადღირებული საჩუქრების მიმართ, რომ ისეთ შეგრძნებას გიტოვებს თითქოს შენს ყიდვას თუ მოსყიდვას ცდილობენ
– მომატყუა?
– შენ ხომ იურისტი ხარ, არა? სწორად შერჩეული სიტყვების წყალობით, არც ტყუილი გამოვიდა და არც სიმართლე … და თან, მაინც რამდენჯერ აპირებ გათხოვებას? უბრალოდ რატომ არ შეირგებ [წყეულ] საჩუქარს?
– საიდან იცოდი რომ დაგიჯერებდა?
– შენ კოდექსებს კითხულობ, მე კიდევ ადამიანებს
– ნარცისო
– ნარცისი, მე? მგონი რაღაც გეშლება
– რა მეშლება, ნარცისი ხარ თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე
– და ამას მეუბნება ქალი, რომელსაც გონია რომ ერთი გაღიმებით ყველას გულის მოგებას შეძლებს
– რას ვიზამ, ჩემი გენების კმაყოფილი ვარ
– და ახლა ვინ არის ნარცისი?
– მაინც რამდენ ქალს იცნობ, რომელიც ამ ასაკში საკუთარ იურიდიულ ფირმას წარმატებით მართვას და საკუთარი თავის ვინმესთვის გაცნობა არც კი ჭირდება, რადგან ისედაც ყველა იცნობს?!
– ამპარტავანო
– ამპარტავნებაა, როცა თავი ვინმეზე მაღლა გგონია, მე კი არ მგონია, უბრალოდ … ვარ
– კიდევ დაფიქრდი მაგაზე, ახლა კი მართლა უნდა წავიდე, ეცადე ვისკი ბოლომდე არ გამოცალო მარტომ და კიდევ ერთხელ მაპატიე იმ სიტყვებისთვის
– სასიამოვნო საღამოს გისურვებ – უთხრა ქალმა და სასმელი გახსნა. გიოს უსიტყვოდ გასვლამ აფიქრებინა ქალს, რომ მორიგი მისეული მწარე ხუმრობა მოაფიქრდა, თუმცა აღარ გააჟღერა.. ამან კი მისი წინა სიტყვები გაახსენა, ლიზიმ ხელები მოიხვია მუცელზე, ხშირად თავს ახსენებდა ხოლმე იმაზე ფიქრები თუ რამდენად სწორად მოიქცა იმ დღეს, როცა უარი თქვა ბავშვზე. მტკივნეული მოგონებები მალევე გაუქარწყლა ტელეფონის ზარმა
– მის ელიზაბეტი გისმენთ
– Need I remind you that ..
– 2 წუთში გადმორეკე – უთხრა ქალმა და ყურმილი დაუკიდა, მომლოდინე მზერა მიაპყრო ტელეფონს და წამით ისიც იფიქრა, იქნებ ისე გაბრაზდა დარეკვას არც აპირებსო, თუმცა, საბედნიეროდ, ეკრანი გაანათა შემომავალმა ზარმა
– მისის ელიზაბეტი გისმენთ
– იცი, უკვე დავინიშნეთ და პირველივე ჯერზე შეგიძლია მიპასუხო, ანუ აღარ მაცდევინო ამდენ ხანს… “მისის ელიზაბეტის” სათქმელად გაითამაშე, არა? წინასწარვე გქონდა დაგეგმილი… წარმოუდგენელი ხარ.
– გმადლობ, ვიცი, მაგრამ იმის სათქმელად არ დამირეკავდი, რაც ისედაც ვიცოდი
– ვიფიქრე … გნახავდი
– იცი, ახლა ცოტა სამუშაო მაქვს – მოიმიზეზა ქალმა და მის მაგიდას დახედა, არანაირი საბუთები არ იყო, მხოლოდ ყუთები ეწყო, “ჯანდაბა” გაიფიქრა უცებ, გიომ ესეც კი გათვალა – სად ხარ? – კითხა ქალმა ბოლოს
– შენთან, ქვემოთ, ავტოსადგომზე
– მოიცა, რამდენი ხანია, რაც იცდი?
– ახლა მოვედი და მაშინვე დაგირეკე
– მოიცა რა იცოდი, რომ …
– გიო …
– გიო – წარმოთქვა ორივემ ერთად, გიო თითქოს წინასწარმეტყველიაო ყველაფერს იქამდე გათვლიდა, სანამ თავადვე მოიფიქრებდა
– იცი, ისე აღმოჩნდა, რონ სასწრაფო საქმეები არ მაქვს, შეგიძლია ამოხვიდე – უთხრა ქალმა და ყურმილი დაკიდა.

კაცმა მძიმედ შეაბიჯა ლიფტში, ისეთი აღელვებული იყო თითქოს პირველ პაემანზე მიდიოდა, არადა გამთენიისას არ დაინიშნენ?! უბრალოდ გაცნობის დღიდან მოყოლებული, მისი სამყარო ამ ქალის ირგვლივ ტრიალებდა და ჯერაც ქალის მოულოდნელი ქმედებებითა თუ სიურპრიზებით იყო აღფრთოვანებული. შევიდა რა ოთახში, ქალის გამომწვევად შემომყურე ლურჯ თვალებში ჩაიძირა და სიტყვის თქმა მხოლოდ მაშინ შეძლო, როცა ლიზიმ გულწრფელი ღიმილი აჩუქა.
– მგონი შენთან პირველად ვარ ოფისში – თქვა კაცმა, და იმის ნაცვლად რომ ოფისში მიმოეხედა ქალს მიშტერებოდა და მისკენ დაიწყო სვლა
– არ მეგონა თუ ითვლიდი
– იცი, მარტივია, როცა ათვლას ნულიდან იწყებ
– გიომ ყველაფერი მითხრა თქვენი ტრიუკის შესახებ – თქვა ქალმა და ცერა თითით ნიშნობის ბეჭედს შეეხო
– აპირებ რომ მეჩხუბო თუ დამსაჯო?
– ოჰ, არა, ჩხუბს … არა – უთხრა ქალმა, ტაში შემოკრა და ყველაფერი ჩაქვრა, მხოლოდ მთვარის შუქი ატანდა ოთახის ერთ კუთხეში, უემოციოდ. ხელის სწრაფი მოძრაობით კაცი დივანთან მიიყვანა და ზედ დააწვინა
– არ გინდა ეს შესანიშნავი მეწამული კაბა შეგხსნა, ჯერ?
– ჩუუ .. , ჩუუ .. – თქვა ქალმა კაცს ზემოდან მოექცა – შემაჩერებელი სიტყვა ხომ გახსოვს? – უთხრა და თავისი სწორი ქერა თმები ჯერ შეიკრა, შემდგომ მაღლა აწია
დამცინი? ეგ მხოლოდ სუსტებს ჭირდებათ – უპასუხა კაცმა, მარცხენა ხელით ქალის მოშიშვლებულ კისერს შეეხო და თავისკენ მიიზიდა … მხოლოდ ემოციური ხმები არხევდა ჰაერის ტალღებს.

 

აღსასრულის მოლოდინში

დღეს კარანტინი გამოცხადდა. მშობლები ამ დრომდე მუშაობდნენ და მე და ჩემი ძმები ბედნიერები ვიყავით ამ დროებითი თავისუფლებით. ხანდახან ქუჩაში მცხოვრებ კატებს ვეთამაშებოდით, ხან სახლს ვალაგებდით, დახუჭობანას ვთამაშობდით და ეზოში ვმუშაობდით. მე კი, როგორც ყველაზე უფროსი და პასუხისმგებლიანი ძმა, მათ ვმეთვალყურეობდი და საჭმელს ვამზადებდი. მას შემდეგ, რაც პანდემიის დასამარცხებლად იზოლაციის წესები შემოიღეს, ყველანი სახლში ვართ და ცოტა მიჭირს სიმართლის დანახვა და ჩვენი მდგომარეობის გამოსწორება, მით უმეტეს, შეუძლებლად მიმაჩნია.  

  დღესაც იგივე განმეორდა, რაც წლების გამავლობაში ხდება. მე ვიტანჯები ყოველდღიურ რეალობაში და არ ძალმიძს არაფრის შეცვლა, რადგან ეს არის მიღებული, დამკვიდრებული და ავტორიზებული ჩემი ადამიანების მიერ.  

  დღესაც, ძველებურად მოვიდა მამაჩემი. არც კი ვიცი, სად იკრიბებიან ის და მისი მეგობრები იზოლაციის დროს. მოვიდა ლეშად ქცეული, არყის  სუნით გაჟღენთილი. მის მოსვლას ბავშვობიდან ვგრძნობდი, რადგან ფეხის ხმის გაგონების შემდეგ, წამი საათად გადაიქცეოდა და მას მოსდევდა  გამაყრუებული სიჩუმე, რომელიც მოასწავებს ტკივილს, ჩალურჯებულ ხელებს და გაწამებულ თვალებს, რომელსაც ცრემლიც აღარ დარჩა იმისთვის, რომ ლოყაზე ჩამოუგორდეს.    

  დღეს ჩემმა მშობლებმა იკამათეს. ხმამაღლა იხსენებდნენ ერთად გატარებულ დროს და ნანობდნენ, რომ ჩვენ გაგვაჩინეს. ამ ბოლო დროს, დღეში იმდენჯერ კამათობენ, დათვლაც კი მიჭირს. დღეს მე ჭრილობიდან მდის სისხლი, რადგან ვცდილობდი მშობლები გამეშველებინა ხელჩართული კამათის დროს და ფეხზე დედის მიმართულებით ნასროლი დანა მომხვდა. მე და ჩემი ძმები ვეწამებით ყოველწლიურ ამაოებაში, სხვები კი გვისმენენ და დროდადრო ეს ხმაური სიჩუმედ იქცა, რომელიც არც კი განირჩევა ნამდვილისაგან, იმდენად ერთგვაროვანია. 

  დღესაც ვერ გადადგა დედამ ნაბიჯი.  16 წელია ოჯახის უფროსი წევრები ტანჯავენ ერთმანეთს და ბრაზი ჩვენზე გადმოაქვთ, როგორც განტევების ვაცზე. მაგრამ ჩვენს ოჯახში განტევების ვაცი სამია და მე ყველაზე უფროსი და ძლიერი ვარ. ახლა თუ არა, იზოლაციამდე ვიყავი და შემიძლია ვთქვა, რომ ჯოხი მუდამ ჩემზე ტყდებოდა. ყოველთვის მაინტერესებდა რატომ ითმენდა დედა ამდენს, შემდეგ კი მივხვდი, რომ დედა ვერ ბედავს ქმედებას. ის გავს სწორედ იმ ბურიდანის ჯორს, რომელსაც ორი ერთნაირი ზვინი რომ დაუდო გვერდიგვერდ, ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას და შიმშილით მოკვდება. მას შეეძლო საკუთარი თავი გადაერჩინა და ჩვენც, თუკი სურვილი ექნებოდა. დედა სუსტია და ის დამნაშავეა.  მე კი ისევ მტკივა.  

  დღეს დედაჩემმა ხელი დამარტყა, მხოლოდ იმიტომ რომ პური მივეცი ჩემს ძმას, სახლში კი სხვა საკვები არ მოგვეპოვებოდა.  მე კი  მშიოდა, საშინლად მშიოდა, მაგრამ პური ჩემს ძმებს გავუნაწილე. ჩემი ტკივილი, მათ შიმშილს მერჩივნა. გავიქცი სახლიდან, თვალზე ცრემლებმომდაგრმა გადავლახე კარის ზღურბლი და გავედი ქუჩაში, ვიგემე სუსხიანი ქარის გემო და ხელფეხგაყინული გავეშურე გარეუბნიდან ქალაქის გულისკენ, რათა ნაგვის ურნიდან მცირეოდენი საკვები მაინც წამომეღო ჩემი ძმებისთვის. ხალხი სასტიკია და მე არც სახლში მეგულება საშველი. მე მშია და არც ფული მაქვს, არც ვინმე მეხმარება და ვერც მომავალი დღეები მაიმედებს. თუმცა პატარა ვარ, მაგრამ ბავშვობა არც კი დამცალდა.  

  გუშინ ტელევიზორში ვნახე განცხადება, სადაც ძალადობაზე საუბრობდნენ და მსხვერპლს დახმარებას სთავაზობდნენ, მე კი დაბნეული ვარ… უფრო ხშირად ვფიქრობ, რომ არ ვარ დაზარალებული. მამაჩემსაც სცმედა ბაბუაჩემი, ჩემს მეზობელ ბავშვსაც ურტყამენ ყოველდღე  და მას არ აქვს არანაირი კითხვა მშობლებისადმი. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება ნორმალურიც იყოს. იქნებ არც დავრეკო, არ ვითხოვო დახმარება და დედაჩემისაგან  მემკვიდღეობით მიღებული სიჩუმე გამოვავლინო. 

  დღეს უკვე აღარ ვიცი რისი იმედი მქონდეს. ვზივარ, გაფართოებული თვალებით შევყურებ მოღრუბლულ ცას და ველოდები ხვალინდელ დღეს. 

   ხვალ მე მოვკვდები. ჩვენ ერთ თვეზე მეტია იზოლაციაში ვართ და ჩემს უმცროს ძმას სიცხე აქვს. სასწრაფოს ცხელ ხაზზე არ ვრეკავთ, რადგან მამას ჰგონია, თუ სამკურნალოდ წაგვიყვანენ, გამოჯანმრთელება დიდი თანხის სანაცვლოდ მოგვიწევს. ვეუბნები, რომ სრულიად უფასოა მკურნალობა, მაგრამ ჩემს ყოველ სიტყვაზე, ლოყაზე მაჩნდება მის მიერ გაცემული წითელი ფერის პასუხი. ჩვენ საკვირველად დავკარგეთ წონა. მე კი, არც ძალა მაქვს მოძრაობის და არც სურვილი, ყოველი კუნთის შეტოკებაზეც კი თავბრუსხვევა მაწუხებს. 

   ხვალ დავტოვებ ტანჯვაგამოვლილ სხეულს და არც სასწაულებრივ, მოულოდნელ ღვთის წყალობას დაველოდები, რომელიც, რატომღაც,  არასდროს გადმოსულა ჩემზე. 

ჟაბო

მუსიკას უსმენდა, როცა საღებავებით მოთხვრილ სამოსელში შებუდებული ორი კაცი გამოჩნდა. ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს სადღაც მიმალულსა და გარინდულს, საიმედო ნავსაყუდელში მიაგნეს და ახლა იქაურობას დაანგრევდნენ, ნაფშხვენებად აქცევდნენ უკლებლივ ყველა აგურს, რომ კედლები კვალავაც არ აშენებულიყო.უსახური და უხალისო შენობების თითქმის უკაცრიელი მოედანივით იყო ეს ადგილი, სადაც ჟაბოს, რახანია, არავისთვის მოუკრავს თვალი. სტუმრობდა აქაურობას და ეულად ერწყმოდა მის ვეება სივრცეს. სხვების გამოჩენა კი რაღაც ძალიან ახალი, უჩვეულო, დამაბნეველი და ამავდროულად შემაძრწუნებელი აღმოჩნდა მისთვის. აქამდე სიმყუდროვეს შესჩვეოდა და ვერ წამოედგინა, რომ ეგოისტურად მისაკუთრებული ამ ადგილის განაწილება მოუწევდა დედამიწის კიდევ ერთი და ორი, ან უფრო მეტი შვილისთვის.ავისმომასწავლებლად გამოჩენილებმა კიბე მოიტანეს და კედელს მიაყრდნეს. ოღონდ იმ კედელს არა, რომლის დანგრევის შიშმა სულის სიღრმემდე შეაშფოთა ჟაბო, არამედ იმას, რომელიც ალაგ-ალაგ ბეტონშემოძარცვული იდგა და მაინც მედგრად გადაჭდობილიყო დანარჩენებთან. მრავალჯერ გადაგორებული და ზოგჯერ წიხლნაკრავი მელანქოლიის სურნელი შეპარვოდა პატარა ნასვრეტებში, სევდიანი უფერულობით შენიღბულიყო, ჟაბოს მარტოობის მოზიარე გამხდარიყო და თვლემდა მთელი სიაშკარავით, რომ იქ მყოფთ არაფრის მორიდებოდათ. ყოველმხრივ საიმედო იყო, განსჯის მოძულე და თვალ-ყურდახუფული. საღებავების ფერადი კვალი აჩნდა აქა-იქ კიბეს.ჟაბო მიხვდა, რომ ტყუილად აღელდა.- გამარჯობა!  – ისე გამბედავი ეჩვენა საკუთარი ხმა, რომ ამჯერად ამის გამო შეცბუნდა. – კედელი უნდა შეღებოთ?- ჰო, დაგვავალეს. – ძალით ამოთქვა ერთ-ერთმა უცნობმა, თითქოს საათების განმავლობაში თავს აბეზრებდა ჟაბო და ყელში ამოუვიდა მასთან ლაპარაკი.გამბედაობის ანტონიმს მზე მიადგა და მანაც გაუცინა. თვითონ გამბედაობამ მზეს შეცინებულის ჩრდილში გადაინაცვლა.საკვირველი ის იყო, რომ უკაცრიელ მოედანზე, მიუხედავად იქ მისულთა საქმიანობისა, სიცოცხლე მაინც არ იგრძნობოდა და დაფარფატებდა ჰაერში მარსის ეფექტი – აგრესიული და ფეთქებადი პლანეტის ჯერ კიდევ გამოუყენებელი სიცოცხლისუნარიაობა.ჟაბო მღებავებს აკვირდებოდა, მაგრამ ისე უსიამო იყო მათი ყურება, თითქოს სიცარიელე ატყვევებდა მის მზერას, რადგან მუნჯი, უნაპერწკლო, ინერციული ტემპერამენტით ასრულებდნენ ისინი თავიანთ საქმეს. ეგონა, ნაგვიდან ამოქექილ ფილმს უყურებდა, რომელიც თავის დროზე უკვე მოისროლეს საჭირო ადგილას, მან კი სიბინძურეში ამოითხვარა ხედვა. ამიტომ მთლიანად შეერწყა ყურსასმენებიდან გადმოღვრილ მუსიკას და მოუჩრდილა თვალებს ქუთუთოებით, რომ მყუდროდ ეგრძნო თავი და შიგნით, კანს მიღმა ეცეცებინა თაფლისფერით მოწამლული სიმრგვალეები. იქ იყო კინოთეატრი – არა ნაგვით შემოსილი, მოგონებებისა და წამიერი ხილვების დაუსრულებლად მიმდინარე ფილმი – და იყო ბიბლიოთეკაც, რომლის თაროებსა და კედლებზეც კი მტვერდაფენილი ფრაზები იკითხებოდა: ზოგი უხეშად ამოკაწრული და სხვები – ვარდის ფურცლებივით ნაზად მიმობნეული, მინელებული ფარფატით ზედაპირზე ჩამოცვენილი და იქვე არომატული სირბილით მიალერსებული.კიბე წაიქცა. ზედ აბობღებულილი მღებავი ძირს დაენარცხა და ტკივილის გამომხატველი შორისდებულების მთელი წყება ამოაფრქვია მანამდე მოკუმული, კანაქერცლილი ტუჩებიდან. სიტყვებმაც ბაგესავით დაქუცმაცებულად გაიჟღერა. იფიქრებდით, სიმუნჯეს შესისხლხორცებული ენა უტრიალებსო პირში.ჟაბო კი კარგახანს გულგამსკდარი ღრიალებდა, ვიდრე არ მიხვდა, რა დაბრახუნდა მის გვერდით ასე ძლიერად.- ადექი, ნუ ვაი-ვიშობ. დღეს უნდა შევღებოთ ეს კედელი. ხვალ აქ აღარ მოვალთ. ერთი და იგივეს კეთებას ორი დღე არ მოვუნდებით. ადექი-მეთქი! მე ავალ კიბეზე და შენ ის მომაწოდე, რასაც დაგიძახებ.- მტკივა, მაცადე. ისედაც მოვასწრებთ.- დიდხანს არ დავიცდი.ცივი და არაადამიაური ეჩვენა მღებავი ჟაბოს, რომლის გულქვაობამ ყინულოვანი შეხებით დაუარა მთელ სხეულზე. თუმცა, უფრო შორეული, ტრაგიკული და მძიმე მიზეზი უნდა ჰქონოდა დამამსხვრეველი ყინვის შეგრძნებას. აი, ისეთი შემბოჭველი და სუნთქვის შემკვრელი, როგორც წყლის მოლეკულები იბოჭება ყინულად ქცევისას და კვდომას იწყებს მათი ქაოტურობა, სიცოცხლეს ეხლიჩება ნელ-ნელა ყველა.მიწისძვრა. ნგრევა. კედლები. ნაფშხვენები. კიბე და სიმაღლე. ფერები და სასტიკი მღებავი. დამამსხვრეველი შებოჭილობა…***დედამისი ძალიან მაღლა იდგა, ჟაბოს აზრით. კიბის მწვერვალთან იმდენად ახლოს, რომ ორი მტკაველის დათვლა შეიძლებოდა მასა და მწვერვალამდე დარჩენილ მანძილზე. იმ დღეს კიბე შეირყა და ჰაერში გამოკიდებული დარჩა დედამისი. მართალია, კედლის ნაფშხვენებით არ ამოვსებულა მისი საფლავი, მაგრამ მიწის მოზრდილმა და შეყინულმა ბელტებმა ნამდვილად ხმაურიანად დაუკაკუნეს კუბოს ფიცარზე. ალბათ, უკანასკნელი “შეიძლება შემოსვლა?” აღმოხდა მათ ხმაურს, რომელზე პასუხი უკაცრიელ სახლს ძლივს გასაგონადაც არ დასცდენია. მდუმარე იყო და სიკვდილთან გარიგებული სამყაროს მღებავიც. მიწისფერი შეურჩია მგლოვიარე დღეს შესამოსად და აკვირდებოდა ლამის სუნთქვაშეკრულ ჟაბოს, დედამისის კიბის შემარყეველსა და ყველაზე უფრო სასტიკს იქ მყოფთაგან.ჟაბო მოწყენილი იყო, სევდას შეჩვეული ყოველდღიური განწყობით დამუხტული და არ ეზიზღებოდა ყველაფერი, დამნაშავეს არ ეძებდა არც ახლოს, არც შორეულად და, მითუმეტეს, ღმერთს არ ავსებდა საყვედურებით. დინჯად იტანდა თავსდმტყდარ ტრაგედიას და ხმას არ იღებდა, რადგან იცოდა, ქვეშეცნეულად გრძნობდა, რომ მარსის ეფექტს უნდა ჩაბღაუჭებოდა.