fbpx

აღსასრულის მოლოდინში

0

დღეს კარანტინი გამოცხადდა. მშობლები ამ დრომდე მუშაობდნენ და მე და ჩემი ძმები ბედნიერები ვიყავით ამ დროებითი თავისუფლებით. ხანდახან ქუჩაში მცხოვრებ კატებს ვეთამაშებოდით, ხან სახლს ვალაგებდით, დახუჭობანას ვთამაშობდით და ეზოში ვმუშაობდით. მე კი, როგორც ყველაზე უფროსი და პასუხისმგებლიანი ძმა, მათ ვმეთვალყურეობდი და საჭმელს ვამზადებდი. მას შემდეგ, რაც პანდემიის დასამარცხებლად იზოლაციის წესები შემოიღეს, ყველანი სახლში ვართ და ცოტა მიჭირს სიმართლის დანახვა და ჩვენი მდგომარეობის გამოსწორება, მით უმეტეს, შეუძლებლად მიმაჩნია.  

  დღესაც იგივე განმეორდა, რაც წლების გამავლობაში ხდება. მე ვიტანჯები ყოველდღიურ რეალობაში და არ ძალმიძს არაფრის შეცვლა, რადგან ეს არის მიღებული, დამკვიდრებული და ავტორიზებული ჩემი ადამიანების მიერ.  

  დღესაც, ძველებურად მოვიდა მამაჩემი. არც კი ვიცი, სად იკრიბებიან ის და მისი მეგობრები იზოლაციის დროს. მოვიდა ლეშად ქცეული, არყის  სუნით გაჟღენთილი. მის მოსვლას ბავშვობიდან ვგრძნობდი, რადგან ფეხის ხმის გაგონების შემდეგ, წამი საათად გადაიქცეოდა და მას მოსდევდა  გამაყრუებული სიჩუმე, რომელიც მოასწავებს ტკივილს, ჩალურჯებულ ხელებს და გაწამებულ თვალებს, რომელსაც ცრემლიც აღარ დარჩა იმისთვის, რომ ლოყაზე ჩამოუგორდეს.    

  დღეს ჩემმა მშობლებმა იკამათეს. ხმამაღლა იხსენებდნენ ერთად გატარებულ დროს და ნანობდნენ, რომ ჩვენ გაგვაჩინეს. ამ ბოლო დროს, დღეში იმდენჯერ კამათობენ, დათვლაც კი მიჭირს. დღეს მე ჭრილობიდან მდის სისხლი, რადგან ვცდილობდი მშობლები გამეშველებინა ხელჩართული კამათის დროს და ფეხზე დედის მიმართულებით ნასროლი დანა მომხვდა. მე და ჩემი ძმები ვეწამებით ყოველწლიურ ამაოებაში, სხვები კი გვისმენენ და დროდადრო ეს ხმაური სიჩუმედ იქცა, რომელიც არც კი განირჩევა ნამდვილისაგან, იმდენად ერთგვაროვანია. 

  დღესაც ვერ გადადგა დედამ ნაბიჯი.  16 წელია ოჯახის უფროსი წევრები ტანჯავენ ერთმანეთს და ბრაზი ჩვენზე გადმოაქვთ, როგორც განტევების ვაცზე. მაგრამ ჩვენს ოჯახში განტევების ვაცი სამია და მე ყველაზე უფროსი და ძლიერი ვარ. ახლა თუ არა, იზოლაციამდე ვიყავი და შემიძლია ვთქვა, რომ ჯოხი მუდამ ჩემზე ტყდებოდა. ყოველთვის მაინტერესებდა რატომ ითმენდა დედა ამდენს, შემდეგ კი მივხვდი, რომ დედა ვერ ბედავს ქმედებას. ის გავს სწორედ იმ ბურიდანის ჯორს, რომელსაც ორი ერთნაირი ზვინი რომ დაუდო გვერდიგვერდ, ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას და შიმშილით მოკვდება. მას შეეძლო საკუთარი თავი გადაერჩინა და ჩვენც, თუკი სურვილი ექნებოდა. დედა სუსტია და ის დამნაშავეა.  მე კი ისევ მტკივა.  

  დღეს დედაჩემმა ხელი დამარტყა, მხოლოდ იმიტომ რომ პური მივეცი ჩემს ძმას, სახლში კი სხვა საკვები არ მოგვეპოვებოდა.  მე კი  მშიოდა, საშინლად მშიოდა, მაგრამ პური ჩემს ძმებს გავუნაწილე. ჩემი ტკივილი, მათ შიმშილს მერჩივნა. გავიქცი სახლიდან, თვალზე ცრემლებმომდაგრმა გადავლახე კარის ზღურბლი და გავედი ქუჩაში, ვიგემე სუსხიანი ქარის გემო და ხელფეხგაყინული გავეშურე გარეუბნიდან ქალაქის გულისკენ, რათა ნაგვის ურნიდან მცირეოდენი საკვები მაინც წამომეღო ჩემი ძმებისთვის. ხალხი სასტიკია და მე არც სახლში მეგულება საშველი. მე მშია და არც ფული მაქვს, არც ვინმე მეხმარება და ვერც მომავალი დღეები მაიმედებს. თუმცა პატარა ვარ, მაგრამ ბავშვობა არც კი დამცალდა.  

  გუშინ ტელევიზორში ვნახე განცხადება, სადაც ძალადობაზე საუბრობდნენ და მსხვერპლს დახმარებას სთავაზობდნენ, მე კი დაბნეული ვარ… უფრო ხშირად ვფიქრობ, რომ არ ვარ დაზარალებული. მამაჩემსაც სცმედა ბაბუაჩემი, ჩემს მეზობელ ბავშვსაც ურტყამენ ყოველდღე  და მას არ აქვს არანაირი კითხვა მშობლებისადმი. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება ნორმალურიც იყოს. იქნებ არც დავრეკო, არ ვითხოვო დახმარება და დედაჩემისაგან  მემკვიდღეობით მიღებული სიჩუმე გამოვავლინო. 

  დღეს უკვე აღარ ვიცი რისი იმედი მქონდეს. ვზივარ, გაფართოებული თვალებით შევყურებ მოღრუბლულ ცას და ველოდები ხვალინდელ დღეს. 

   ხვალ მე მოვკვდები. ჩვენ ერთ თვეზე მეტია იზოლაციაში ვართ და ჩემს უმცროს ძმას სიცხე აქვს. სასწრაფოს ცხელ ხაზზე არ ვრეკავთ, რადგან მამას ჰგონია, თუ სამკურნალოდ წაგვიყვანენ, გამოჯანმრთელება დიდი თანხის სანაცვლოდ მოგვიწევს. ვეუბნები, რომ სრულიად უფასოა მკურნალობა, მაგრამ ჩემს ყოველ სიტყვაზე, ლოყაზე მაჩნდება მის მიერ გაცემული წითელი ფერის პასუხი. ჩვენ საკვირველად დავკარგეთ წონა. მე კი, არც ძალა მაქვს მოძრაობის და არც სურვილი, ყოველი კუნთის შეტოკებაზეც კი თავბრუსხვევა მაწუხებს. 

   ხვალ დავტოვებ ტანჯვაგამოვლილ სხეულს და არც სასწაულებრივ, მოულოდნელ ღვთის წყალობას დაველოდები, რომელიც, რატომღაც,  არასდროს გადმოსულა ჩემზე. 

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!