უცნაურად მშვიდი იყო ნავსაყუდელი, მეც უცნაური სიმსუბუქის შეგრძნებით დავდიოდი თბილისის ქუჩებში. რამდენიმე წელიწადში ერთხელ, გამოერევა ხოლმე თითო-ოროლა ისეთი უცნაური დღე, როდესაც სიმძიმის და დათრგუნვის მიღმა, თითქოს არ არსებული, მონატრებული და მიუდგომელი თავისუფლების შეგნებამდე მივდივართ.
პაწაწკინტელა ეკლესიასთან მოვხვდი, ისეთთან – მრავალგზის რომ ჩამივლია და არც ერთხელ არ შევსულვარ, მაგრამ იმ უცნაურ დღეს ჩემდა უნებურად შევიხედე. ნავსაყუდელში არც მღვდელი არ დამხვდა, არც თავგადაკლული მლოცველები და არც ეკლესიას ამოფარებული გაჭირვებულები. ვიყავი მხოლოდ მე – ეკლესია და რამდენიმე დანთებული სანთელი. ქალაქის ცენტრში, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ყოველდღიურობისგან და ყოველგვარი ადამიანური გამოვლინებებისგან სრულიად დაცლილ სივრცეში მოვხვდი და გავინაბე. ტაძარი თავისუფალი იყო მლოცველებს შორის ცოლების მაძიებელი სტიქაროსნებისგან და გათხოვებაზე მლოცველი, სტიქაროსნებზე შეყვარებული, საგანგებოდ გამოპრანჭული მორწუნე მრევლისგან. არ იყო წირვა–ზიარება გამოვლილი მრევლი, რომელიც მარტივად ანაწილებს ჯოჯოხეთში ადგილებს, რომელსაც მარხვაზე მეტად უადვილდება განსჯა და განკითხვა, სოდომის ცეცხლში მათთვის გაურკვეველი ადამიანების შეხრუკვა… ასეთ სიმყუდროვეში აღარც დაოჯახების სააგენტოს ასოციაცია რჩებოდა, არც “მეოთხე ხელისუფლების” და არც “ფინანსური მაქინაციების”. არ ვიცი ადამიანებს საერთოდ თუ გვაქვს სულის და სულიერების შეგრძნების უნარი, მაგრამ ის რამდენიმე წუთი, მე ვიყავი უჩვეულოდ მსუბუქი და თავისუფალი. მომხიბვლელად მშვიდი იყო ეკლესია – დაცლილი მატერიისგან, ანგარებისგან, მოვალეობისგან, პასუხისმგებლობისგან, პათეტიკისგან, აღტკინებისგან, სიყალბისგან, განსჯისგან, მოწოდებისგან… არ ჩანდა არც მბრალმდებელი და არც დამნაშავე… თურმე სამგვარი სიჩუმე არსებობს დედამიწაზე: 1) დამთრგუნველი, 2) გამაღიზიანებელი და 3) დამამშვიდებელი და გამათავისუფლებელი. მესამე სიჩუმეს ჰგავს ღვთისმსახურება შუამავალთა და მსაჯულთა გარეშე, სადაც არც „განეკითხების და არც მიეგების“. ეს იყო ხორცისგან განძარცული, ხორცის პრიმატისგან სრულიად გათავისუფლებული ნავსაყუდელი, რომელმაც მე მიწიერ ქრონოტოპს განმაშორა და, თუნდაც სულ რამდენიმე წუთით, ყოველდღიურობა დამავიწყა. ასეთი რამდენიმე წუთი სხვების წლებს და ცხოვრებას უდრის… ეს იყო იშვიათი და ხანმოკლე გამარჯვება ხორცზე, ხორციელ საწყისზე. თუმცა ხორცისგან ვერასდროს ვერ გათავისუფლდები მარტოოდენ სამოსით, არა აქვს მნიშვნელობა ამ სამოსით მღვდელმსახური შეიმოსება, აკადემიკოსი, მეცნიერი, ვაჭარი, ხელოსანი თუ მეძავი, თუმცა სამოსს შეუძლია სხეულის დაფარვა და არა მარტო სხეულის… თანამედროვეობამ ნიღბების სამყაროც გაამდიდრა და გაამრავალფეროვნა: სამოსის და საზოგადოებრივი თუ სოციალური სტატუსის მიღმა ღიმილის, სიკეთის, მიამიტობის, პოზიტივის, კეთილგანწყობის, კომუნიკაბელურობის, გულღიაობის, ქველმოქმედების, ერუდიციის, ინტელექტის, პროფესიონალიზმის და ჰუმანურობის ნიღბებსაც ვხვდებით.
ეკლესიიდან რომ გამოვედი, წვიმდა და, მართალია, გამომხმარ – გამოძვალტყავებული და ტალახში ამოგანგლული ზამთრის წვიმა, მე, როგორც წესი, მხოლოდ სახლიდან მიყვარს, მაგრამ წელიწადში ერთხელ, გამოერევა ხოლმე ისეთი უცნაური დღეები, როდესაც სულს და სხეულს ყველაფერი უჩვეულოდ სიამოვნებს. ვერც სიცივეს ვგრძნობდი და ვერც სისველეს, ყველაზე ნელი და მსუბუქი ნაბიჯით მივსეირნობდი, დაგვიანების და აჩქარების, შიშების და კომპლექსების გარეშე. არსებობს მშვიდი გარინდების ორი ფორმა: ერთი საკუთარ თავში განმარტოების და საზოგადოებისგან გარიდების, ხოლო მეორე – ხალხთან უჩვეულო სიახლოვის მოთხოვნილების, როდესაც შეგიძლია მთელი დღის განმავლობაში უმიზნოდ და უსიტყვოდ იხეტიალო სრულიად უცხო ადამიანებს შორის და სიცოცხლის ენერგიასთან შეხების, არსებობის შეგრძნების, ადამიანებთან ურთიერთობის ასეთი უტყვი ფორმის საშუალებით, ერთდროულად დაიცალო, გათავისუფლდე და შეივსო კიდეც. ეს შეიძლება რამდენიმე წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოხდეს, მაგრამ ყოველი ასეთი გასვლა და დაბრუნება, თავიდან დაბადებას ჰგავს…
წვიმაზე ფერადი ქოლგები გამახსენდა, ძალიან რომ მომწონს, მაგრამ არასდროს არ ვიყენებ. ატალახებულ წვიმას, ზამთრის სუსხს და სიცივეს, მოსაწყენ ნაცრისფერ პეიზაჟს, განსაკუთრებით უხდება ქვაფენილზე მობაკუნე, ფერად ქოლგიანი ქალბატონები. ქართულ რეალობაში იშვიათად შემხვედრია ფეხით მოსიარულე, თხლად შემოსილი, ქუსლებით და ფერადი აქსესუარებით გალამაზებული ქართველი ქალი…,იმიტომ არა რომ ასეთები არ არსებობენ, ან არსებობის სურვილი არა აქვთ…, რა თქმა უნდა, არსებობენ, უბრალოდ, “პირადი თუ კერძოდ მომსახურე” ავტომობილებით გადაადგილდებიან. დანარჩენებს რაც შეეხებათ, სამწუხაროდ, მუდამ დაღლილი, იმედგაცრუებული, მატერიალურად ხელმოკლე, ათასი საზრუნავით დატვირთული, ათასი ეტიკეტით და შეზღუდვებით შებოჭილია ქართველი ქალი…. არადა, წარმოიდგინეთ, როგორ მოუხდებოდა ჩამოზამთრებული თბილისის ქუჩებს სხვადასხვა შეფერილობის ვარცხნილობა, ფერადი კაბებით, მოსასხამებით და ქუსლიანი ბაკუკებით გამრავალფეროვნება, გამოცოცხლება, გახალისება, სევდისგან, ყოველდღიური შრომისა და მოვალეობებისგან გათავისუფლება. აფერადებული სილამაზე ყველას ცხოვრებაში გამოყოფდა შეჩერების და გაღიმების რამდენიმე წუთს…
სახლთან ახლოს, ერთი ქუჩის კუთხეში, იქ, სადაც გარე ვაჭრობა აქვთ გაჩაღებული, ერთი ქალბატონი ზის და სხვების მსგავსად სავაჭრო ბიზნესშია ჩართული. ამ ქალბატონს ალბათ ყოველდღე ვხედავ, მაგრამ შემჩნევით მხოლოდ იმ დღეს შევამჩნიე, უფრო სწორად, უნებურად მისი მზერა დავიჭირე, რომელიც ერთ წყვილს მიადევნა. მე არ ვიცი ის წყვილი ცოლ-ქმარი იყვნენ, და-ძმა, მეგობრები თუ ნათესავები, მაგრამ ერთ კაცს ხელკავით მიჰყავდა ერთი ქალბატონი, რომელიც, თითქოსდა, უდარდელად და აქტიურად მსჯელობდა რაღაც ისტორიაზე, ემოციურად ყვებოდა რაღაც ამბავს, ის კაცი კი ღიმილით და ყურადღებით უსმენდა. ჩემმა ნაცნობმა ქალბატონმა მზერა ვეღარ მოაშორა ამ წყვილს და მეც ჩემი ნაცნობი ქალბატონის მზერაში ამოკითხული ფიქრები გადამედო – ის ასეთი ლაღი და უდარდელი, ხელკავით მიჰყავს მამაკაცს, რომელიც ასეთი თბილი და ღიმილიანი თვალებით უმზერს, ეს კი მთელი დღე ამ სიცივეში და მტვერში, ქუჩაში ზის და რაღაცეებს ყიდის… ვაჭრობს, ალბათ ოჯახისთვის, ქმარ-შვილისთვის, საახალწლო სუფრისთვის. ამ დროს სად არის მისი მეუღლე? ჰყავს კი საერთოდ…? იქნებ გარდაცვლილია, იქნებ ხეიბარია, ან საზღვარგარეთ არის წასული, იქნებ, ისიც მთელი დღე სხვა ქუჩის კუთხეში დგას და თავაუღებლად შრომობს, ანდაც, პირიქით, გაუსაქმურებული ცოლის შრომის ნაყოფს ხარბად ითვლის. ამ კითხვებზე არ მაქვს პასუხი, მხოლოდ ის ვიგრძენი, რომ მეც იმ ჩემი ნაცნობი ქალბატონივით გავნაცრისფერდი და მოვიბუზე… ჩვენ ორნი დავრჩით – ორი ქალი ერთმანეთის პირისპირ და წაიშალა ასაკობრივი, სოციალური, ეკონომიკური თუ ფსიქოლოგიური განსხვავება.
როგორ ჩაიარა ამ უცნაურმა დღემ, სად და როგორ დამთავრდა? დამთავრდა უნივერსიტეტიდან სახლში, მაგრამ, მანამდე, ერთი ბებო შემომხვდა და ჩამეხუტა, თანაც, ისე, რომ სიტყვა ბებოს წარმოთქმაც დამასწრო… – ბებო, ჩამეხუტე რა -, მითხრა და მისმა გაყინულმა ლოყამ მთელი სხეული ჩამიწვა. მან ოთხი სანთელი და ერთი ხატი მაჩუქა, სითბოსთან და გადაუჭრელ ტკივილთან ერთად, მე კი ღირსეულით ვერაფრით ვერ ჩავანაცვლე ის ჩახუტება…
ახლა სახლში სამი ასეთი პაწაწინა ხატი მაქვს, სამივე ღვთისმშობლის. ასეთ ბებოებსაც რამდენიმე წელიწადში ერთხელ თუ შევხვდები ხოლმე და მერე მთელი ცხოვრება, კვლავ შეხვედრა-ვერ შეხვედრის შიშით დავეძებ. გაინტერესებთ ამდენ გაჭირვებაში, უსამართლო, გაუსაძლის, აღრეულ და განუკითხავ ყოველდღიურობაში სად გაქრა უფალი? იმ სამ პაწაწინა ღვთისმშობელში გადანაწილდა და ფარულად იღწვის…