ისტორია

ნეკროლოგი

ზუსტად ნახევარი საუკუნის წინ, ამ დღეს, ამ ადგილას, ბოლოჯერ ვიხილეთ ერთმანეთი. სუსხიანი დღე იყო, მაგრამ არ გვციოდა. ალბათ ერთმანეთი გვათბობდა, ერთმანეთის ყურება, ერთმანეთის თვალიერება. 

არ მახსოვს რა გვეცვა, მაგრამ მახსოვს რას ვგრძნობდით…

ვერ წარმოვიდგენდი, რომ მაშინ უკანასკნელად გნახავდი…

სხვა გზა არ დამიტოვე, რომ ისევ შეგხვდე, ამიტომ შენთან მოვდივარ…

ამას შენთვის და ჩვენთვის ვაკეთებ !

ხვალ 9 დეკემბერს ალბათ გაზეთებში დაწერენ, რომ ნაპოვნია ქალის გვამი, კარლ მარქსის ხიდთან, მტკვრის ნაპირას. სალომე, ასლექსანდრეს ასული ჩხეიძე. დაახლოებით 70 წლის. დახრჩობის მიზეზი გამოურკვეველია.

რაც ქვეყანაზე მწამდა და მწვავდა, ვერავინ წაიღებს უფრთოდ !

… ოთხ კედელს შორის, მხოლოდ ერთზე სიცარიელე დავტოვე და პორტრეტს ვაქარგავ, მხოლოდ თეთრ კედლებს ეცოდინებათ რომ აქ ვცხოვრობდი და მოყვებიან რომ ოდესღაც მეც ვმათხოვრობდი ერთ სუნთქვა ჰაერს … მოგიყვებიან ყველა ვერდაწერილ სტროფზე და გადააბრალებენ ყოველივეს ოც თეთრიან საწერ კალმებს რათა დამიცვან. მოყვებიან როგორ ვგავდი საკუთარ გასვენებაში მიტანილ მიხაკებს, როგორ ვორთქლავდი ფანჯრის მინებს და ვხატავი საკუთარ ვერ ახდენილ ოცნებებს, რომელიც ყველას უხდებოდა  ჩემს გარდა … ჩემს ოთახში ათი ფანჯარა იყო, ათიდან, ათივე უფუნქციო. როცა სუნთქვა მჭირდებოდა ყველა თავისდაუნებურად ან კეთილი ნებით ირაზებოდა, ხოლო როცა სუნთქვის შეწყვეტა გადავწყვიტე, ყველა ერთდროულად გაიღო და ათივე ფანჯრიდან ერთად გადავეშვი, ამიტომ არ მეყო საკუთარი ცხრა სიცოცხლე და ერთი სიცოცხლე ვალად დამედო. თუ კი ისურვებ ჩემს მოსმენას, მოდი ! მოდი იქ სადაც დასხდებიან ტკივილები, მარტოობა, დუმილი, ხმაური, შიში და ყველაფერს მოგიყვებიან ჩემს უღმერთო ყოფაზე, სადაც მხოლოდ ღმერთი მყავდა და მაინც უღმერთო მერქვა.  მთვარე მაჯებში დაიწყებს ამოსვლას და ბოლოს რომელიღაც უიღბლო არტერიაში გაიჩხირება … საკუთარი სისხლით გავაფერადებ  შავ-თეთრ ფილმს, რომლის ერთადერთი ცოცხალი მაყურებელი შენ იქნები ამხელა ანშლაგში. პლასტმასის ჭიქაში ჩაწვავ დაუთვლელ ღერებს და გვიან მიხვდები, რომ მე აღარ ვიქნები, აღარ ვიქნები მაგრამ ის უფრო მტკივა რომ არც არასდროს არ ვყოფილვარ. შენ? შენ მთელი ცხოვრება იმას მსაყვედურობდი რატომ ვერ ვაკეთებდი მეტს, რატომ არ შემეძლო მეტი … მეკი იმხელა გრძნობებით ვიყავი სავსე რომ არ მეგონა სადმე თუ დავეტეოდი … ერთნაირი უსამართლობით მექცეოდით შენც და ცხოვრებაც, ღმერთს ვერასოდეს ვუსაყვედურებ რადგან მე თავად ვაქციე მას ზურგი. ახლა? ახლა მიწას ვშორდები მაგრამ ღმერთს მაინც ვერ ვუახლოვდები. არეული შრიფტით ვწერდი საკუთარ ცხოვრებას და წაკითხული არასდროს მომწონდა, შენ არც კითხულობდი ისე წვავდი! …  გახსოვს რომ მითხარი იქნებ ოდესმე ჩაგეხედა ვინმესთვის თვალებში, იქნებ რა დაგენახაო … მე ყოველთვის ყველას ვუყურებდი თვალებში, ისე რომ თვალები არასდროს დამჭირვებია და ახლა მე გეკითხები შენ, იქნებ ჩემს თვალებში ჩაეხედა ვინმეს, იქნებ რას დაინახავდა?! ჰო, არც ის მახსოვს ვინმეს მხარზე მექვითინა … როცა შენ ბედნიერ წუთებს ლამობდი, მე ვოცნებობდი მეტირა … მე ტირილის უფლებასაც არ მაძლევდა ცხოვრება … ყველა ჩემს ტკივილს ვკრებდი და პოზიტივად ვაქცევდი, ასე ვიქეცი კლოუნად და ყველა როლს დიდებულად ვირგებდი, ბოლოს იხურებოდა ფარდა და ყელში მეჩხირებოდა წუხილი, იმისა თუ რამხელა სევდა არსებობს ადამიანთა შორის, რომელსაც დუმილს ვეძახით.  … არც შენ მოგცემ ტირილის უფლებას, ეს ყველაზე დიდი ტკივილი იქნება იმ ტკივილების საზღაურად რაც მიძღვენი უანგაროდ და უხვად. დედაჩემს მოუყევი როგორ მრცხვენია მისი, იმის თქმისაც მრცხვენია რა არის ამ სირცხვილის მიზეზი … დედა ! ყველა ჩემს შეცდომაზე თავს იმით ვიმართლებდი რომ ყველა ქვირითი ვერ იქცეოდა თევზად და ვერც ყველა რკო მუხად … შენ დუმდი, დუმდი და საკუთარ თავს მიაწერდი ჩემს დანაშაულებს, რომლებსაც შეცდომებად ვფუთავდი და თან დავატარებდი წლების მანძილზე. მე სიყვარული მეკრძალებოდა, მე ბედნიერება მეკრძალებოდა და მაინც ყოველთვის ყველაზე მხიარული და ბედნიერი ვიყავი, მათზე, ყველაზე შეყვარებული, ვისაც არაფერში სჭირდებოდა ჩემი ყოფა. მტკივა, მტკივა რამდენი რამის ვერთქმული ვტოვებ საკუთარ თავს, თუმცა არც არაფერი მქონია არასდროს რომ ახლა ვერ ვიმეტო დასატოვებლად. ყულფმორგებული გავურბი ტკივილის მორევს, მგონია რომ ჩემი სუნთქვა დარაბების ღრიჭოებს სცდება. ორ რამეს ვგრძნობდი მარადიულს, წვას და რწმენას, ამიტომაც რაც ქვეყანაზე მწამდა და მწვავდა არავის გავატან უფრთოდ! მე არ მაქვს წასვლის უფლება, მე უნდა გავფრინდე, მე უფრთოობა არ მეპატიება! 

მე შევძელი! ვიცი, რომ შეგიძლია შენც!..

მე შევძელი! ვიცი, რომ შეგიძლია შენც!..

         მე შევძელი და დავამარცხე ჩემი სიმორცხვე, მორიდებულობა და კომპლექსები!..

         ბავშობიდან მოყოლებული, სკოლის პერიოდით დამთავრებული, ძალიან მორცხვი და მორიდებული ვიყავი, ძალიან ცოტა მეგობარი მყავდა. მახსოვს, უცნობებთან კი არა, ნაცნობ, ახლო ადამიანებთანაც კი მიჭირდა ურთიერთობა. სკოლაში, დასვენებებზე როცა კლასელები გარეთ გარბოდნენ, მე ოთახში ვრჩებოდი, რადგან საშინლად არაკომფორტული იყო ჩემთვის ეზოში ყოფნა ამდენ ბავშვთან. როგორ კარგადაც არ უნდა მცოდნოდა გაკვეთილი, ხელის აწევა არ შემეძლო და თვითონ მასწავლებელს რომ ეკითხა, მაშინაც გაჭირვებით ვეტყოდი იმ რამეს სიმორცხვის გამო, რაც  მქონდა სათქმელი.. მახსოვს, ქალაქში ზოგჯერ რომ ვხედავდი შორიდან ჩემთვის ნაცნობ ადამიანს, 4-5 წუთი ვფიქრობდი, ვყოყმანობდი, მივსულიყავი თუ არ მივსულიყავი. მინდოდა მისვლა, მაგრამ ვერ მივდიოდი მასთან. ამასობაში კი ეს ადამიანი მიდიოდა თავის გზაზე, მე კი იმედგაცრუებული ვრჩებოდი ჩემი თავით ისევ და ისევ, ისევ და ისევ..

         თუმცა, ერთხელაც ყელში ამომივიდა ეს ყველაფერი და ცვლილება გადავწყვიტე და შევიცვალე კიდეც. უნივერსიტეტში რომ ჩავირიცხე, პირველივე კურსზე სულ სხვანაირი ლევანი გავხდი: ძალიან თამამი და კომუნიკაბელური; ლექტორის ადგილი მომწონდა ძალიან და ხშირად იქ ვჯდებოდი და იქიდან მივმართავდი კურსელებს, რომლებიც 20-30 მაინც იქნებოდნენ, ზოგჯერ კი 50-60, ან მეტიც. სერიოზულს არაფერს ვამბობდი, ვხუმრობდი და ვმასხრობდი, ვამხიარულებდი კურსელებს და ვხალისობდი მათთან ერთად. უნივერსიტეტში ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე პირველივე კურსზე, იმდენიც კი, რამდენიც ზოგიერთ უნივერსიტეტდამთავრებულს არ ეყოლება. მახსოვს, ბევრმა მითხრა კიდეც, მესამე და მეოთხე კურსზე მყოფმა მეგობრებმა: შენ ჯერ 1 კურსზე ხარ და იმდენის იცნობ, მე კი იმის ნახევარსაც არ ვიცნობ, რამდენსაც შენო. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მსიამოვნებდა, რადგან ეს კომპლიმენტი მიდასტურებდა იმას, რომ ნამდვილად შევიცვალე. ყველა თამამი და კომუნიკაბელური ადამიანის სახელით მიცნობდა. უნივერსიტეტში რამდენიმე კურსელს, რომ გავუმხილე, რომ ასეთი თამამი კი არა, საშინლად მორცხვი და მორიდებული ვიყავი მეთქი, ვერაფრით დაიჯერეს ეს..

         ალბათ მათთვის, ვისთვისაც ასეთი საკითხი აქტუალურია, აინტერესებს, როგორ შევძელი ეს და თუ ასეა, ახლავე გეტყვით. მე გამოვიყენე ამისთვის წარმოსახვა, აზროვნება, პრაქტიკა და შეუპოვრობა. მე ყოველდღიურად წარმოვიდგენდი ჩემს თავს ისეთს, როგორიც მინდოდა ვყოფილიყავი. ყოველდღიურად ვფიქრობდი საკუთარ თავზე, როგორც ისეთ ადამიანზე, რომელიც უკვე იყო ისეთი, როგორიც სურდა რომ ყოფილიყო და ჰქონდა მას ის თვისებები, რაც სურდა, რომ ჰქონოდა. ბოლოს კი ყოველდღიურად ვესაუბრებოდი სულ მცირე 3 ადამიანს, თუმცა ზოგჯერ 3-ის ნაცვლად, 20-30-იც გამომდიოდა, ზოგჯერ 40 ადამიანსაც გავესაუბრებოდი ხოლმე დღეში. ისე ძალიან მინდოდა ამ სიმორცხვის ნაგავში მოსროლა, რომ ყველაფერს ვაკეთებდი და ბოლოს გამომივიდა კიდეც. რა თქმა უნდა, მე იმას არ გეტყვით, რომ სამუდამოდ მომშორდა ეს გრძნობა – სიმორცხვე და ყველა კომპლექსი; და სითამამე ახლა არაფერში მაკლია.. – არა, ასე ნამდვილად არ არის. თუმცა ადრინდელთან შედარებით, ცვლილება ძალიან, ძალიან დიდია და მე ეს ძალიან მომწონს. მე შევძელი ეს და ვიცი, რომ თქვენც გამოგივათ, ვისაც მსგავსი შეზღუდვა გაქვთ, ან რაიმე სხვა სახის შეზღუდვა.

         გისურვებთ წარმატებებს!..