მე შევძელი! ვიცი, რომ შეგიძლია შენც!..

0

მე შევძელი! ვიცი, რომ შეგიძლია შენც!..

         მე შევძელი და დავამარცხე ჩემი სიმორცხვე, მორიდებულობა და კომპლექსები!..

         ბავშობიდან მოყოლებული, სკოლის პერიოდით დამთავრებული, ძალიან მორცხვი და მორიდებული ვიყავი, ძალიან ცოტა მეგობარი მყავდა. მახსოვს, უცნობებთან კი არა, ნაცნობ, ახლო ადამიანებთანაც კი მიჭირდა ურთიერთობა. სკოლაში, დასვენებებზე როცა კლასელები გარეთ გარბოდნენ, მე ოთახში ვრჩებოდი, რადგან საშინლად არაკომფორტული იყო ჩემთვის ეზოში ყოფნა ამდენ ბავშვთან. როგორ კარგადაც არ უნდა მცოდნოდა გაკვეთილი, ხელის აწევა არ შემეძლო და თვითონ მასწავლებელს რომ ეკითხა, მაშინაც გაჭირვებით ვეტყოდი იმ რამეს სიმორცხვის გამო, რაც  მქონდა სათქმელი.. მახსოვს, ქალაქში ზოგჯერ რომ ვხედავდი შორიდან ჩემთვის ნაცნობ ადამიანს, 4-5 წუთი ვფიქრობდი, ვყოყმანობდი, მივსულიყავი თუ არ მივსულიყავი. მინდოდა მისვლა, მაგრამ ვერ მივდიოდი მასთან. ამასობაში კი ეს ადამიანი მიდიოდა თავის გზაზე, მე კი იმედგაცრუებული ვრჩებოდი ჩემი თავით ისევ და ისევ, ისევ და ისევ..

         თუმცა, ერთხელაც ყელში ამომივიდა ეს ყველაფერი და ცვლილება გადავწყვიტე და შევიცვალე კიდეც. უნივერსიტეტში რომ ჩავირიცხე, პირველივე კურსზე სულ სხვანაირი ლევანი გავხდი: ძალიან თამამი და კომუნიკაბელური; ლექტორის ადგილი მომწონდა ძალიან და ხშირად იქ ვჯდებოდი და იქიდან მივმართავდი კურსელებს, რომლებიც 20-30 მაინც იქნებოდნენ, ზოგჯერ კი 50-60, ან მეტიც. სერიოზულს არაფერს ვამბობდი, ვხუმრობდი და ვმასხრობდი, ვამხიარულებდი კურსელებს და ვხალისობდი მათთან ერთად. უნივერსიტეტში ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე პირველივე კურსზე, იმდენიც კი, რამდენიც ზოგიერთ უნივერსიტეტდამთავრებულს არ ეყოლება. მახსოვს, ბევრმა მითხრა კიდეც, მესამე და მეოთხე კურსზე მყოფმა მეგობრებმა: შენ ჯერ 1 კურსზე ხარ და იმდენის იცნობ, მე კი იმის ნახევარსაც არ ვიცნობ, რამდენსაც შენო. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მსიამოვნებდა, რადგან ეს კომპლიმენტი მიდასტურებდა იმას, რომ ნამდვილად შევიცვალე. ყველა თამამი და კომუნიკაბელური ადამიანის სახელით მიცნობდა. უნივერსიტეტში რამდენიმე კურსელს, რომ გავუმხილე, რომ ასეთი თამამი კი არა, საშინლად მორცხვი და მორიდებული ვიყავი მეთქი, ვერაფრით დაიჯერეს ეს..

         ალბათ მათთვის, ვისთვისაც ასეთი საკითხი აქტუალურია, აინტერესებს, როგორ შევძელი ეს და თუ ასეა, ახლავე გეტყვით. მე გამოვიყენე ამისთვის წარმოსახვა, აზროვნება, პრაქტიკა და შეუპოვრობა. მე ყოველდღიურად წარმოვიდგენდი ჩემს თავს ისეთს, როგორიც მინდოდა ვყოფილიყავი. ყოველდღიურად ვფიქრობდი საკუთარ თავზე, როგორც ისეთ ადამიანზე, რომელიც უკვე იყო ისეთი, როგორიც სურდა რომ ყოფილიყო და ჰქონდა მას ის თვისებები, რაც სურდა, რომ ჰქონოდა. ბოლოს კი ყოველდღიურად ვესაუბრებოდი სულ მცირე 3 ადამიანს, თუმცა ზოგჯერ 3-ის ნაცვლად, 20-30-იც გამომდიოდა, ზოგჯერ 40 ადამიანსაც გავესაუბრებოდი ხოლმე დღეში. ისე ძალიან მინდოდა ამ სიმორცხვის ნაგავში მოსროლა, რომ ყველაფერს ვაკეთებდი და ბოლოს გამომივიდა კიდეც. რა თქმა უნდა, მე იმას არ გეტყვით, რომ სამუდამოდ მომშორდა ეს გრძნობა – სიმორცხვე და ყველა კომპლექსი; და სითამამე ახლა არაფერში მაკლია.. – არა, ასე ნამდვილად არ არის. თუმცა ადრინდელთან შედარებით, ცვლილება ძალიან, ძალიან დიდია და მე ეს ძალიან მომწონს. მე შევძელი ეს და ვიცი, რომ თქვენც გამოგივათ, ვისაც მსგავსი შეზღუდვა გაქვთ, ან რაიმე სხვა სახის შეზღუდვა.

         გისურვებთ წარმატებებს!..

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!