მზის სხივი შემოიჭრა ოთხ კედელში, კედელზე ჩამოკიდებულმა სარკემ ადამიანის სილუეტი აირეკლა. ნიმ გააღო ოთახის კარი და შეერია ქუჩის არეულობას იმ იმედით, რომ სასწაული მოხდებოდა, დღეს მაინც. რაღაც მწვავე, ეკლებიანმა ტკივილმა იფეთქა ქუჩაში მიმავალ ნიში, იგრძნო. მასში დაკარგული წლების სევდამ გაიღვიძა. ფუჭად გალეული იყო წინა წელი, წინა წელზე ერთით ნაკლები წელი და ასე დაუსრულებლად. თავისი წილი ჟანგბადი ჩაისუნთქა და ბილიკს გაუყვა მომავლის მაძიებელი. მოგონებებზე ფიქრებმა ტალღებივით დაუარა მთელს სხეულში. იხსენებდა ცხოვრების გამოცდილებას და ფიქრობდა, რომ რატომღაც, ადამიანი ხშირად უძღვნის თავს იმ არსებას, რომელიც გაგიჟებით უყვარს. პარადოქსია, მაგრამ თითქმის შეუძლებელია გიყვარდეს და თავს არ უძღვნიდე უნებურად. ყოველდღე ხედავდა მის გარშემო აცდენილი ნაფეხურებით მიმავალ ადამიანებს. ვინც მისკენ ყველაზე ნელი და არეული ნაბიჯებით მოიწევდა, მას გამორჩეული სიძლიერითა და მონდომებით უხმობდა ნი, ხოლო ის, ვინც საოცარი მონდომებითა და სისწრაფით მოდიოდა მისკენ, ყველაზე შორს მყოფი აღმოჩნდებოდა ხოლმე ნისგან. ეს იყო სწორედ შეცდომა, რომელსაც მხოლოდ გვიანღა მიხვდა, ზედმეტად გვიან…
იგრძნო სილუეტმა, რომ სხეულში სიცივე ჩადგა და ზამთარმა დაისადგურა. მზის სითბოს მოყვარული ნისთვის ეს იგივეა, გაზაფხულზე თოვლი მოვიდეს. აგრძელებდა სიარულს ნი და კვლავ ფიქრებში იძირებოდა. მოსვენებადაკარგული ხვდებოდა იმასაც, რომ წარსული ხშირად აქცევდა მარწუხებში და ამ დროს ძალზე უძლური ხდებოდა. ბევრი ადამიანი შეხვედრია ცხოვრებაში, ბევრიც შეყვარებია და ახლა არცერთი არ მიაბიჯებდა ქუჩაში მის გვერდით. ბოლო დროს მხოლოდ იმიტომ იყო ადამიანებთან, რომ მარტოობა არ ეგრძნო. მართლა სწამდა შეუფერებელი ადამიანების შევსებული სიცარიელის. შეიძლება ამიტომაც გრძნობდა ასე ხშირად გამყინავ და სუსხიან იმედგაცრუებას, მაგრამ არ ტოვებდა მაინც იმ ადამიანებს, რომლებსაც იცოდა, რომ სხვა სჭირდებოდათ. არ ტოვებდა იმიტომ, რომ თავად ივსებდა მარტოობას და ებღაუჭებოდა სხვის ბედნიერებას. ერთმა ნათელმა აზრმა გამოაღწია ქაოსიდან: „იმდენად უყვართ ადამიანებს ერთმანეთი, რომ რჩებიან იქამდე, სანამ აუტანელი არ გახდებიან, და მერე უკვირთ, რომ მიატოვეს, თუმცა იციან, მიტოვებაც დროებითია, ისევე, როგორც სხვა ყველაფერი ამ სამყაროში. სხვადასხვანაირები არიან ადამიანები… ზოგი დიდი სცენისთვის და მაყურებლის ტაშისთვის იბადება, ზოგი კი ფარდის უკან დგას და თავის რიგს ელოდება… ელოდება უსასრულოდ, მაგრამ იმედიანად”.
გაჩერდა ნი და ირგვლივ მიმოიხედა, შემოდგომის სიცივემ შთააგონა ალბათ, რომ ზოგჯერ დროა ხეს რამდენიმე ფოთოლი მოსწყდეს. მოსწყდეს ფოთოლი, რომელმაც თავისი ფერი დაკარგა და უბრალოდ გახუნდა. არ იცოდა, რა დღე იყო, მხოლოდ ის ახსოვდა, რომ მიაბიჯებდა ქუჩაში, იქნებ წვიმდა კიდეც, ან არც წვიმდა, და ხედავდა მის წინ მოფარფატე ფოთლებს… ისე, თითქოს ციდან ცვიოდა. ჯერ ერთი ფოთოლი წყდებოდა ხეს, ეშვებოდა ნაქსოვ ჟაკეტებს, ფერად ქუდებს, ნაცრისფერ ადამიანებს, ცოცხალ სახეებს, და უსიცოცხლო სახეებსაც… და მიხვდა, ვერ იპოვის ადამიანი ისეთს მეორეს, შემოდგომის ფოთოლცვენას რომ არ გაჰყვეს… იქნებ ერთი სეზონი გაძლოს, მეორე სეზონიც, მაგრამ ბევრ სეზონს ვერ გასტანს. იქნებ დროა შეეჩვიოს ამას, იქნებ დროა იცოდნენ ადამიანებმა, რომელი ფოთოლი როდის უნდა მოსწყდეს ხეს… რომელი ფოთოლი უნდა დარჩეს ხეზე ერთით მეტი სეზონით… იქნებ დროა…
წარსულის ბორკილები
მივიწყებული ბნელიდან იშვა მოგონებანი,
წარსულის დღეები მზის სხივებმა დღეზე გაფინა,
სინათლე მოხვდა დიდი ჟამის გულში ჩაკეტილს
იქ დასახლებულს მწველი გრძნობის სევდა მოჰფინა.
იმედს დღეს აწმყოს არსებობა სრულად მოუცავს,
გამოვლენილა მიჩქმალული ჭირის ქარვასლა
და სიავენით ერთი წვეთი ასად აქცია,
ყალბ სიხარულს კი მყის მოეჭდო მძლავრი იარა.
ისევე, როგორც გასაკვირად სანუკვარია
სიცხადე ყოველ ბრძოლის შემდგომ გამარჯვებისა,
ბნელი უეცრად სიყვარულად მოქცეულია,
და ეს სინათლე კვლავ სიძულვილის ფრად შეუცვლია.
უპასუხო სიყვარული
წუთში სამოცი წამია
და აქედან სამოცივე შენ გეკუთვნის.
ვითვლი ყოველთვის მათ და
მახსენდები შენ,
მახსენდება ის დრო როდესაც ერთად ვიყავით.
შევიქმენი ილუზიები, ტყუილით
რომელიც ცოცხლობს მხოლოდ შენით.
აქამდე როგორ მოვედი მიკვირს,
უშენოდ დიდი ხანი დავძლიე
წამები, ვეჭიდებოდი მათ და
ყოველთვის ვითვლიდი.
გელოდებოდი შენ და
ველოდი დროის გაჩერებას,
შენს გამო შევწყვიტე ფიქრი სხვა რამეზე
და უფრო მტკიცედ დავდიოდი ვიწრო ბილიკზე.
ნელ-ნელა ყველაფერს ვივიწყებდი,
და ფიქრებს შენკენ მოვყავდი,
მანამ სანამ არ გავიდა სამოცი წამი,
წუთი რომელიც მახსენებს შენს თავს
და ბოლოს იმედი მომეცა.
გავიდა წამები, გავიდა წუთები
მაგრამ მე ისევ გელი შენ,
მხოლოდ იმიტომ რომ მეძვირფასები.
გავიდა წამი სამოცი,
გავიდა წუთი ყოველი
და მახსენდები შენ,
და გელოდები შენ.
ვიცი რომ მოხვალ, წუთში სამოცჯერ
და უფრო მტკიცედ ავაგებ კოშკებს ოცნების.
ვიცი რომ მნახავ ოდესღაც
და ალბათ იტყვი: გიჟია ეს ვიღაც.
ტრაგედია სიკეთის მოტივით
მაშინ ვფიქრობდი, რომ სამყაროს შეცვლა შემეძლო; რომ თუ მოვინდომებდი, შემეძლო იგი უკეთესი გამეხადა, მაგრამ ვცდებოდი. ნეტავ მაშინვე მცოდნოდა, თუ როგორ ვცდებოდი. ვერაფერსაც ვერ შევცვლიდი. ასეთ მაგიურ ძალას ნამდვილად არ ვფლობდი. უბრალოდ რომანტიკოსი ვიყავი, გამოუსწორებელი რომანტიკოსი. ალბათ დაგაინტერესათ თუ რა გადამხდა თავს ისეთი, რამაც ასე პესიმისტურად განმაწყო ამ სამყაროს მიმართ. მაშინ მოხერხებულად მოკალათდით და მომისმინეთ. ყველაფერს გიამბობთ.
დედა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ადამიანში მთავარი სიკეთის გრძნობა იყო. ყველა სხვა დანარჩენი კი – მეორეხარისხოვანი. მეუბნებოდა, რომ თუკი ცხოვრებაში ბევრი ადამიანის დახმარებას შევძლებდი, ამით კაცობრიობას უდიდეს საქმეს გავუკეთებდი. მეც ეს აზრი ამეკვიატა და ბავშვობიდან მჯეროდა, რომ ღმერთმა რაღაც გრანდიოზული მისიისთვის მომავლინა ამქვეყნად. ზუსტად არ ვიცოდი, თუ რისთვის, მაგრამ ეს რაღაც ძალზედ დიდი უნდა ყოფილიყო. დიდი და გასაოცარი. ჰოდა ასე მოვირგე ,,სიკეთის მქმნელი რაინდის“ სამოსი და გავეშურე იმათ საძებნად, ვისაც ჩემი დახმარება დასჭირდებოდათ. ასე დაიწყო ჩემი თავგადასავალიც.
გადაწყვეტილება მიღებული იყო, კეთილი საქმე უნდა მეკეთებინა, თუმცა რა მოიაზრებოდა ამ სიტყვის უკან? განა შემეძლო მსოფლიოში ყველას დავხმარებოდი, ვისაც ეს სჭირდებოდა? რა თქმა უნდა, არა. ამიტომ გადაწყვიტე უფრო ჩავღრმავებოდი ჩემს სურვილს, უფრო დამეკონკრეტებინა, თუ რა მსურდა კონკრეტულად: ვის უნდა დავხვმარებოდი? ადამიანთა რომელ კატეგორიას? არვიცი რატომ ამომიტივტივდა თავში მაინც და მაინც ის კონკრეტული საკითხი. ალბათ, ეს ის იყო, რაც გულის სიღრმეში ყოველთვის მაწუხებდა, რომელიც გულს მიღრღნიდა და უსამართლობის გრძნობით მავსებდა. მე, ჭეშმარიტი ფემინისტების მსგავსად, ჩაგრული ქალების დახმარება გადავწყვიტე. იმ ქალებისა, რომლებსაც სდევნიან, რომლებზეც ძალადობენ, ან რომლებსაც დღემდე არ შეუძლიათ საკუთარი სათქმელი ხმამაღლა თქვან. ალბათ ამ სურვილამდე იმ უსამართლო და არათანასწორმა გარემომ მიმიყვანა, რომელშიც დავიბადე და გავიზარდე. დიახ, იმ გარემომ, რომელშიც მე, იმის გამო რომ ქალად დავიბადე, თავს ყოველთვის არასრულყოფილად მივიჩნევდი. თითქოს ყოველთვის მაკლდა რაღაც. თუმცა კონკრეტულად არ ვიცოდი, თუ რა.
როდესაც ჩემი სურვილი თავდაპირველად ჩემს მეგობრებს გავუმხილე და ვთხოვე ამ საქმეში დამხმარებოდნენ, ხომ არ გაგიჟდაო, გაიფიქრეს. ეს მათი მზერიდან ამოვიკითხე. ერთმა ასეთი პასუხი გამცა: ,,იცი, მეც რამდენი რაღაც არ მომწონს ამ ქვეყანაში და რამდენ რამეს შევცვლიდი რომ შემეძლოს? მაგრამ ასე მარტივად რომ იყოს ყველაფერი…“ აშკარა იყო სხვებიც მას ეთანხმებოდნენ. მაშინ პირველად დავფიქრდი, იქნებ მართლები იყვნენ? იქნებ მართლა გავგიჟდი და მგონია, რომ სასწაულების მოხდენა შემიძლია? ცოტა მაკლდა და ჩემს სურვილზე სამუდამოდ ჩავიქნევდი ხელს (ნეტავ ასეც მომხდარიყო), მაგრამ არა. ბოლოს მაინც გადავწყვიტე, რომ უნდა მეცადა. თუ არ ვცდიდი, ვერასდროს გავიგებდი, შემეძლო თუ არა. გადაწყვეტილება მიღებული იყო. ახლა კი უშუალოდ მოქმედებაზე უნდა გადავსულიყავი. მერე რა, რომ მარტო ვიყავი. იმდენი უნდა მექნა, რომ სხვებისთვისაც მიმეწვდინა ხმა, მათთვისაც გამეცნო ჩემი სურვილები და ამეყოლიებინა ისინი. რაც უფრო მეტი დახმარების მსურველნი ვიქნებოდით და რაც უფრო მეტს დავეხმარებოდით, მით უკეთესი. ჩემს საზოგადოებაში ქალების უფლებები უნდა დამეცვა. მათი როლი უნდა გამეზარდა. საბოლოო მიზანი დრომოჭმული ტრადიციების რღვევა და გენდერული ბალანსის მიღწევა იყო. რა გასაოცრად ჟღერს, არა? გასაოცრად და რევოლუციურად.
პირველი ნაბიჯი სოციალური ქსელის შექმნა და მისი მეშვეობით საზოგადოებისთვის თავის გაცნობა იყო. ეს ნაბიჯი ყველაზე რთული აღმოჩნდა. შევქმენი გვერდი, რომელსაც დავურთე ყველა საჭირო ინფორმაცია, რათა ჩემი იდეები გამეცნო სხვებისთვის, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ აუდიტორია არ მყავდა, მსმენელი არ მყავდა. მე ამ გვერდის მეშვეობით ვთავაზობდი დახმარებას იმ ქალებს, რომლებიც თავს ჩაგრულად გრძნობდნენ. მე მათ ვთავაზობდი გაცნობას, გაერთიანებას, დამეგობრებას და შემდეგ კი საკუთარ შიშებთან ბრძოლას, მაგრამ ვინ ენდობოდა სრულიად უცხო გვერდს, რომლის შესახებაც არაფერი სმენოდათ? ისედაც უნდობლობით სავსე სამყაროში, განა ვის სჯერა სრულიად უცხო ადამიანის? იქნებ ვინმე გიჟი ვიყავი, მანიაკი, რომელსაც ამგვარი გზით განუზრახავს მსხვერპლისთვის მახის დაგება. ზედმეტ შარში თავს ვინ გაყოფდა. არც არავინ. სრულიად უიმედობით შეპყრობილმა, ერთი პერიოდი კვლავ შემიპყრო აზრმა, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა და ხელი უნდა ჩამექნია, მაგრამ მერე მივხვდი, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი. როგორ უნდა მომეპოვებინა მათი ნდობა.
როდესაც საკუთარ ისტორიებზე დავიწყე საუბარი, თავიდან შიშმა შემიპყრო. ეს ხომ პირველად ხდებოდა ჩემს თავს. პირველად დავიწყე ჩემს ცხოვრებაზე საჯაროდ წერა, ამიტომ გახშირებული გულისცემით ვწერდი და ვაქვეყნებდი. ვწერდი და შემდეგ სხვების რეაქციას ველოდებოდი. ვწერდი იმის შესახებ, თუ რამდენჯერ და როგორ ვითარებაში გავმხდარვარ გენდერული ჩაგვრის მსხვერპლი. ვწერდი ერთი შეხედვით ძალიან პატარა შემთხვევებზეც, რომლებიც სულაც არ იყო ასეთი პატარა და რომლებმაც ჩემს ცხოვრებას რაღაც კუთხით დაღი დაასვა. ამ ყველაფერმა ისე ამიყოლია, ისე გამიტაცა, რომ აზარტში შევედი. როგორი შვება ყოფილა ყველაფრის სხვისთვის გაზიარება. როგორი საოცარი გრძნობა ყოფილა, როდესაც გულში დიდი ხნის მანძილზე დაგროვილ დარდს ერთიანად ამოუშვებ. ამან მეც კი მიშველა. მეც, რომელმაც რეალურად სხვის დასახმარებლად წამოვიწყე ყოველივე ეს.
დან რამდენიმე ადამიანი გამომეხმაურა. ისინი პირადში მწერდნენ, თუ როგორი ძლიერი ვიყავი, რომ ამ ყველაფრის მოყოლა საჯაროდ შემეძლო. მერე მათ სხვებიც მიჰყვა. და აზრზე მოსვლაც კი ვერ მოვასწარი, რომ უკვე ბევრნი ვიყავით ძალიან ბევრი. ჩვენ ერთმანეთი გავიცანით, შევიყვარეთ და ერთმანეთის დასახმარებლადაც აღვიჭურვეთ. რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ეს საქმე ბოლომდე უნდა მიმეყვანა. ყველასთვის უნდა გვეჩვენებინა ჩვენი ძალა.
ყველაზე სასიამოვნო ჩემს წამოწყებაში ის მომენტი იყო, როცა ადამიანები მწერდნენ, რომ მათ მე საკუთარ თავში ძალა აღმოვაჩენინე მაშინ, როდესაც არც კი იცოდნენ, საერთოდ ჰქონდათ თუ არა იგი. მე ისინი ძალიან შემიყვარდა. მათ კი – მე. ისინი ყვებოდნენ თავიანთ სატკივარზე. ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას და რჩევას აძლევდნენ. ო, როგორი სიამაყით სავსე ვიყავი მაშინ, როგორი ბედნიერი. მეგონა, რომ გადატრიალების მოხდენის ძალაც კი შემწევდა. მჯეროდა, რომ მრავალი ადამიანის მხსნელი ვიყავი. ამ დროს კი, ეშმაკს არ ეძინა. ის მხოლოდ თვალს გვადევნებდა და ჩვენს გულუბრყვილობაზე გულიანად იცინოდა. ალბათ გვაცდიდა, რომ მერე ერთიანად დამტკბარიყო თავისი ტრიუმფით.
ჩემი პირველი მსხვერპლი… მას მარინა ჰქვია. უფრო სწორად, ერქვა… ამდენი ათასი შეტყობინების მიუხედავად, რაც მომდიოდა, მაინც დამახსოვრდა მისი პირველი შეტყობინება, რჩევას მთხოვდა. არ იცოდა, თუ როგორ მოქცეულიყო. შეხვედრა მთხოვა. შევხვდი. იქ უფრო დეტალურად მომიყვა ყველაფერი. ერთი შეხედვით ერთი ჩვეულებრივი ისტორია იყო. ისტორია, რომელიც ბევრ თინეიჯერს გადახდომია.
რამხელა ილუზიები მქონდა, როდესაც ვფიქრობდი, რომ ამ პატარა გოგოს ხსნა, მისი გათავისუფლება შემეძლო. რატომ მეგონა, რომ იმას შევძლებდი, რასაც კაცობრიობის განვითარებამ, საუკუნეების სვლამაც კი ვერ უშველა? ცალ–ცალკე ამ სამყაროში სრულიად არარაობები ვართ. თურმე ერთი ადამიანის დაბადება–არდაბადება ამ ქვეყნად არაფერს ცვლის, სრულიად არაფერს. თუკი თანამოაზრეები არ გყავს, ისე წაგლეკავენ, საკუთარ არსებობაშიც შეგეპარება ეჭვი.
მაშინ წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ სულ მალე ყველაფერი თავზე დამემხობოდა. ეს იმას ჰგავდა, სახლი რომ ააშენო და თქვა – აი, ჩემი სახლი, დღეიდან აქ ვიცხოვრებო, მოულოდნელად კი, ეს სახლი სახლი ისე ჩამოიქცევა და დაიშლება, რომ მისგან არაფერი დარჩება. შენ კი გარშემო იყურები და კითხვა გიჩნდება – მართლაც ავაშენე კი სახლი? თუ ეს მხოლოდ ჩემი ილუზია იყო?
გადავსახლდები
გადავსახლდები ფიქრით კოსმოსში,
ოცნებით მივალ თუნდაც მარსამდე,
არ მეშინია საზღვარს რომ იცავს,
რეალობა და კრიტიკა სავსე.
გადავბარგდები ჩემი ნივთებით,
და ერთი-ორი ლექსის ნაგლეჯით,
ვიმედოვნებ რომ არ შემაჩერებს,
არ გამომაგდებს ვინმე სასჯელით.
გადავსახლდები ფიქრით კოსმოსში,
ახლოდან ვნახავ მთვარეს სევდიანს,
მისი ცხელ-ცხელი, დიდი ცრემლების
მე ოცნებებშიც არ მეშინია.
ირგვლივ მოვივლი სულ არემარეს,
ვარსკვლავებს ვნახავ ფართო თვალებით,
ჩვენს დედამიწას გარს შემოვუვლი,
რომელიღაცა უცხო არსებით.
გადავსახლდები, სამყაროს ვნახავ
იქ მომაწვება ტვინში გენია,
ლექსებს შევქმნი და ვიმსჯელებ ისე,
იტყვიან , ებრძვის შიზოფრენია.
გადავსახლდები ფიქრით კოსმოსში,
და მერე მდიოს იქაც აჩრდილმა,
ვეღარ მომაგნებს იმ არემარეს,
იტყვის, უთუოდ სადღაც გაფრინდა.
გადავსახლდები, ვიცი დრო მოვა
და უცილობლად გადავსახლდები,
იქ, ალბათ აღარ შემაწუხებენ,
ამქვეყნიური, მძიმე ამბები…


