მზის სხივი შემოიჭრა ოთხ კედელში, კედელზე ჩამოკიდებულმა სარკემ ადამიანის სილუეტი აირეკლა. ნიმ გააღო ოთახის კარი და შეერია ქუჩის არეულობას იმ იმედით, რომ სასწაული მოხდებოდა, დღეს მაინც. რაღაც მწვავე, ეკლებიანმა ტკივილმა იფეთქა ქუჩაში მიმავალ ნიში, იგრძნო. მასში დაკარგული წლების სევდამ გაიღვიძა. ფუჭად გალეული იყო წინა წელი, წინა წელზე ერთით ნაკლები წელი და ასე დაუსრულებლად. თავისი წილი ჟანგბადი ჩაისუნთქა და ბილიკს გაუყვა მომავლის მაძიებელი. მოგონებებზე ფიქრებმა ტალღებივით დაუარა მთელს სხეულში. იხსენებდა ცხოვრების გამოცდილებას და ფიქრობდა, რომ რატომღაც, ადამიანი ხშირად უძღვნის თავს იმ არსებას, რომელიც გაგიჟებით უყვარს. პარადოქსია, მაგრამ თითქმის შეუძლებელია გიყვარდეს და თავს არ უძღვნიდე უნებურად. ყოველდღე ხედავდა მის გარშემო აცდენილი ნაფეხურებით მიმავალ ადამიანებს. ვინც მისკენ ყველაზე ნელი და არეული ნაბიჯებით მოიწევდა, მას გამორჩეული სიძლიერითა და მონდომებით უხმობდა ნი, ხოლო ის, ვინც საოცარი მონდომებითა და სისწრაფით მოდიოდა მისკენ, ყველაზე შორს მყოფი აღმოჩნდებოდა ხოლმე ნისგან. ეს იყო სწორედ შეცდომა, რომელსაც მხოლოდ გვიანღა მიხვდა, ზედმეტად გვიან…
იგრძნო სილუეტმა, რომ სხეულში სიცივე ჩადგა და ზამთარმა დაისადგურა. მზის სითბოს მოყვარული ნისთვის ეს იგივეა, გაზაფხულზე თოვლი მოვიდეს. აგრძელებდა სიარულს ნი და კვლავ ფიქრებში იძირებოდა. მოსვენებადაკარგული ხვდებოდა იმასაც, რომ წარსული ხშირად აქცევდა მარწუხებში და ამ დროს ძალზე უძლური ხდებოდა. ბევრი ადამიანი შეხვედრია ცხოვრებაში, ბევრიც შეყვარებია და ახლა არცერთი არ მიაბიჯებდა ქუჩაში მის გვერდით. ბოლო დროს მხოლოდ იმიტომ იყო ადამიანებთან, რომ მარტოობა არ ეგრძნო. მართლა სწამდა შეუფერებელი ადამიანების შევსებული სიცარიელის. შეიძლება ამიტომაც გრძნობდა ასე ხშირად გამყინავ და სუსხიან იმედგაცრუებას, მაგრამ არ ტოვებდა მაინც იმ ადამიანებს, რომლებსაც იცოდა, რომ სხვა სჭირდებოდათ. არ ტოვებდა იმიტომ, რომ თავად ივსებდა მარტოობას და ებღაუჭებოდა სხვის ბედნიერებას. ერთმა ნათელმა აზრმა გამოაღწია ქაოსიდან: „იმდენად უყვართ ადამიანებს ერთმანეთი, რომ რჩებიან იქამდე, სანამ აუტანელი არ გახდებიან, და მერე უკვირთ, რომ მიატოვეს, თუმცა იციან, მიტოვებაც დროებითია, ისევე, როგორც სხვა ყველაფერი ამ სამყაროში. სხვადასხვანაირები არიან ადამიანები… ზოგი დიდი სცენისთვის და მაყურებლის ტაშისთვის იბადება, ზოგი კი ფარდის უკან დგას და თავის რიგს ელოდება… ელოდება უსასრულოდ, მაგრამ იმედიანად”.
გაჩერდა ნი და ირგვლივ მიმოიხედა, შემოდგომის სიცივემ შთააგონა ალბათ, რომ ზოგჯერ დროა ხეს რამდენიმე ფოთოლი მოსწყდეს. მოსწყდეს ფოთოლი, რომელმაც თავისი ფერი დაკარგა და უბრალოდ გახუნდა. არ იცოდა, რა დღე იყო, მხოლოდ ის ახსოვდა, რომ მიაბიჯებდა ქუჩაში, იქნებ წვიმდა კიდეც, ან არც წვიმდა, და ხედავდა მის წინ მოფარფატე ფოთლებს… ისე, თითქოს ციდან ცვიოდა. ჯერ ერთი ფოთოლი წყდებოდა ხეს, ეშვებოდა ნაქსოვ ჟაკეტებს, ფერად ქუდებს, ნაცრისფერ ადამიანებს, ცოცხალ სახეებს, და უსიცოცხლო სახეებსაც… და მიხვდა, ვერ იპოვის ადამიანი ისეთს მეორეს, შემოდგომის ფოთოლცვენას რომ არ გაჰყვეს… იქნებ ერთი სეზონი გაძლოს, მეორე სეზონიც, მაგრამ ბევრ სეზონს ვერ გასტანს. იქნებ დროა შეეჩვიოს ამას, იქნებ დროა იცოდნენ ადამიანებმა, რომელი ფოთოლი როდის უნდა მოსწყდეს ხეს… რომელი ფოთოლი უნდა დარჩეს ხეზე ერთით მეტი სეზონით… იქნებ დროა…

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!