fbpx

ისტორია

უხილავი ძაფი: ანუ ადამიანთა გონებისმიერი ურთიერთობა

ესე იგი, ვისაც საქმე არ გაქვთ (ახლა, არც მე მაქვს), მაშინ, ჩაუჯექით, რაღაც უნდა მოგიყვეთ, რაც მე მეხება. 

უხილავი ძაფი – ეს არის ჩემი საავტორო ფილმის სახელი, სადაც ჩავდე ის გამოცდილება და ის ისტორია, რაც მაგრძნობინა ცხოვრებამ. არ ვიცი, ამას ვინ წაიკითხავს, მაგრამ, ჩემი მიზანი ეგ არ არის, რომ ვინმემ წაიკითხოს ან შეაფასოს ეს ნაწერი, უბრალოდ, მე უნდა დავიცალო ახლა იმისგან, რაც მაქვს ჩემს შიგნით.  ვერავინ იტყვის, რომ ერთხელ მაინც არ ყოფილა შემთხვევა მათ ცხოვრებაში, როცა მათ არ უგრძვნიათ მონატრება ან საჭიროება იმ ადამიანისა, ვინც ჯერ არ ყოფილა მათ ცხოვრებაში. ეს არ ეხება არც დეპრესიას, არც სასოწარკვეთის გამო ხდება ეს ყველაფერი და არც უმეგობრობის გამო. მეგობრების რაოდენობას, მადლობა ღმერთს, არ განვიცდი, თუმცა მაინც არის რაღაც სეგმენტი თითოეული ადამიანის არსების სადღაც სიღრმეში, როცა პიროვნებას (ჩვენ, შენ, მე) სურს, რომ ჰყავდეს ვიღაც სხვა, განსხვავებული, იმ სიცარიელის აღმომვსები, რასაც ვერ უვსებს მას ადამიანთა სიმრავლე. 

ეს კარგი, შეიძლება ვინმე ისეთი გენატრებოდეს, ვინც ჯერ არ შეგხვედრია, მაგრამ, რომ მოგენატროს უნდა იგრძნო მისი არსებობა. მხოლოდ კი არ უნდა იგრძნო, ლამის უნდა ეხებოდე მას, ვინც გენატრება. ეს, როგორც წესი, რაღაც ტკივილის შემდეგ მოდის ხოლმე, როცა არ გყოფნის არანაირი ნუგეში ბევრი ადამიანისგან და იქმნება შენში სახება იმ, სხვა ადამიანის, ვინც შენთან ჯერ არ მოსულა და თანდათან ხვდები, რომ იგი არსებობს. თეორიულად კი არა, რომ სადღაც, აუცილებლად იარსებებს ვიღაც, ვინც შენთან მოვა და დარჩენილ ცხოვრებას ერთად გაატარებთ, არამედ, როცა გაქვს ცოცხალი განცდა იმისა, ვისზეც ფიქრობ და თითქოს დაგყვება იგი ყველგან და ყოველთვის, მაგრამ, აქ კიდევ ერთი “სტადიაა”… შენ აცნობიერებ, რომ არამარტო შენ, არამედ ისიც ფიქრობს შენზე, შენს არსებობაზე და ასე ვთქვათ, ერთმანეთს ელოდებით. თან დანაკლისს არ გრძნობთ ერთმანეთის არმყოფობის გამო, პირიქით, ეს უფრო ამძაფრებს თქვენს შორის კავშირს.  შეიძლება პირველი შემხვედრი არ იყოს ის ადამიანი, ვინც თქვენთვისაა შექმნილი, ის შეიძლება უბრალოდ მზადება იყოს იმ ადამიანისთვის, ვინც თქვენია. ერთგვარი გამოცდა, ანდა გამოცდილება იმისთვის, რაც მოდის. 

 მე ქრისტესი მწამს. სწორედ ამის გამო, ჩემთვის სავსებით შესაძლებელია, რომ არსებობს კავშირი ორ ადამიანს შორის, ჯერ გონებისმიერი, სანამ სხეულებრივი იქნება, და, როცა გონისმიერი დასრულდება, სხეულებრივი კავშირი, გაცილებით უფრო ტკბილი იქნება, რადგან საძირკველი სწორად იყო ჩაყრილი ურთიერთობაში. იქ მობეზრება გამორიცხული იქნება, რადგან შეუძლებელია მოგბეზრდეს ის ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ მაშინ გიყვარდა, როცა ვერ ხედავდი და გრძნობდი განცდის დონეზე. მე როგორ ვიგრძენი ეს?   შეიძლება თქვენთვის ეს დაუჯერებელი იყოს, ან სისულელე, მაგრამ, როცა ღმერთი არის, შეუძლებელია, რაიმე შეუძლებელი იყოს. ეს ერთი. შემდეგ მეორე – ღმერთთან საუბარი იმაზე, რაც / ვინც გიყვარს, ღმერთს აიძულებს იმოქმედოს იმის სასარგებლოდ, ვისზეც ვესაუბრებით მას. ურთიერთობას ქრისტე აყალიბებს, ეს გამოცდილება მე ცხოვრებამ ბევრჯერ დამანახა. თქვენ, რომ იცოდეთ, თქვენ რომ განიცდიდეთ იმას, რასაც მე, იტყოდით, რომ ნაღდად ისეა, როგორც ვამბობ, მაგრამ თქვენ არ ხართ ჩემს ხორცში. ყველას ჩვენი ცხოვრება გვაქვს, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რაზეც ვწერ და ვიცი, რომ არსებობს იგი, ვინც მაგრად მენატრება ხოლმე, ეს არც წინა ადამიანებისგან დატოვებული სიცარიელის შემავსებელი ილუზიაა და არც რაიმე მსგავსი.  ღმერთი ადამიანებს აერთებს, როგორც ადამი და ევა შეაერთა ერთ დროს. ღმერთისთვის არ არსებობს საზღვრები და შეზღუდვები, ღმერთისთვის მთავარია რწმენა, იმიტომ, რომ თქვა თავად: როგორც ირწმუნებ, ისე მოგეგოს. და კიდევ, ქრისტიანული სწავლებით, რწმენა არის არა ის, როცა გჯერა უბრალოდ, რომ რაღაცას მიიღებ, არამედ ის, რომ უკვე მიიღე ის, რაც ითხოვე. დამიჯერეთ, მე უკვე მივიღე ის, რაც მსურს, მე უკვე მყავს იგი, ვისაც განვიცდი და ამ კავშირს სიცოცხლეს ქრისტე უნარჩუნებს. თქვენ, ვინც გრძნობთ მას, ვინც ჯერ არ გყავთ ნანახი; გენატრებათ ის, ვისაც არ იცნობთ, მაშინ ნუ უგულებელჰყოფთ მის ხმას და განცდას თქვენში, რადგან ის არსებობს, აუცილებლად არსებობს და როცა ამ საქმეზე ზრუნავას ქრისტეს მიანდობთ, წყაროს ყოველგვარი სიკეთისა და სიყვარულისა, მაშინ აუცილებლად შეხვდებით იმას, ვინც გენატრებოდათ და აღმოაჩენთ, რომ არამარტო თქვენ, არამედ მასაც ენატრებოდით, მასაც უყვარდით, მასაც სურდა თქვენთან შეხვედრა, რადგან ფიქრს მიმართულება გააჩნია და რაც უფრო ძლიერია ფიქრი ერთი ადამიანისა მეორეს მიმართ, მით მეტად გრძნობს ამ ფიქრის სიძლიერეს ის, ვისზეც ფიქრობენ. ნუ ინერვიულებთ იმაზე, რომ ეს არაბუნებრივია. არაბუნებრივი არ არსებობს ამ სამყაროში არაფერი. მთავარია, როგორ გწამთ, მთავარია, რამდენად ძლიერად გწამთ, რომ ეს მოხდება. და როცა რაღაც არაბუნებრივად მოგეჩვენებათ, გაიხსენეთ, ქრისტეს სიტყვები: მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა რომ გქონდეთ, მთას რომ უთხრათ, გადაადგილდი და ზღვაში ჩაინერგეო. მყისვე ამას იზამს.      ნუ შეგეშინდებათ სურვილის სიდიდის, უყურეთ ღმერთის სახეს, რომელიც თქვენი რწმენის შესაბამისად მოქმედებს და მისცემთ ქრისტეს მიზეზს იმისას, რომ გაგაოცოთ. და დამიჯერეთ, რასაც ვწერ ახლა, ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი ჩემი თვალით მაქვს ნანახი და ჩემი გულით მაქვს განცდილი, მე ვიცხოვრე და ვცხოვრობ იქ, სადაც ხდება ეს და ხდება ჩემს თავს. გენატრებათ ვინმე, ვისაც ჯერ არ შეხვედრიხართ? – მაშინ ეს ნიშნავს, რომ იგი არსებობს და თუ სწორად იმოქმედებთ, თუ ხშირად ელაპარაკებით ქრისტეს მასზე და თუ ითხოვთ, რომ შეხვდეთ მას, მაშინ დამიჯერეთ, ამისთვის მხოლოდ დროა საჭირო. იგი არსებობს და არსებობს მხოლოდ თქვენთვის. ილაპარაკეთ ამაზე გაბედულად, იფიქრეთ იმაზე, ვინც გიყვართ.  პირადად ჩემთვის, არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე ორმხრივი სიყვარულია. საყვარელი საქმეც გამომიცდია (ფილმები გადამიღია, სცენარი დამიწერია), მაგრამ ამაზე დიდი ბედნიერება არაფერში ყოფილა. მე გააზრებულად და განცდის დონეზე ვიცი ეს და მადლობა ღმერთს ამისთვის.   ფილმი, რომელსაც ახლა მისთვის ვიღებ, აუცილებლად ნახავს იგი ადრე თუ გვიან, თან ჩემთან ერთად. ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ მისთვის და მის გამო. ფილმის სახელი უხილავი ძაფია, ის ძაფი, რომლითაც შეერთებულია თითოეული ადამიანი. 

ამას იმიტომ ვწერ, რომ, ვიცი, არსებობს ერთი ადამიანი მაინც, ვინც ისე გრძნობს ამ ყველაფერს, როგორც მე. ეს ოცნება ან რაიმე მსგავსი არ არის, რადგან დანაკარგის ტკივილს ვერ გრძნობ, არ ხარ პესიმისტურად განწყობილი, არ ხარ ჩაკეტილი ადამიანთათვის, ხარ კომუნიკაბელური, ხარ გახსნილი სიახლეებისთვის, მაგრამ, ამავდროულად ატარებ ორ სიხარულს შენში: ქრისტე და ადამიანი, რომელიც შენთვის შექმნა ქრისტემ. 

  შენ შეხვდები მას. არ შეგეშინდეს დანაკარგის, რადგან სწორედ იმიტომ, რომ ეს დაკარგე, მოვა ის, ვისაც აღარ დაკარგავ და რომელიც ვერ მოვიდოდა, რომ არ დაგეკარგა. 

აზარტული თამაშები

შვილის მიზეზით, სოლიდური ვალი. კრიზისში შესული მდგომარეობა და ემიგრანტობის იძულებითი სურვილი.დედის გვერდით დგომა, თავდაპირველად, შვილის მიერ დაკარგული ტელეფონი, მეორე დღეს ახალი ნივთის შეძენა და ისევ მოულოდნელი გაუჩინარება.მიზეზის ფიქრებში წასული დედა, სიტუაციის ამოცნობა და ნებით თვალების დახუჭვის მცდელობა.საათების კოლექციის ერთ დღეში გაცამტვერება, წიგნებით განახევრებული ბიბლიოთეკა ..- სად მიდის ნივთები? – ხმის ტემბრ შეცვლილი მამა.წაკამათებული და-ძმა. გაჩუმებული მეორე ძმა. ახალს ვიყიდით, – ოპტიმისტური სიტყვების მთქმელი დედა.

მთელი ორი კვირა. ჩვეული სიმშვიდე, ძველებური ჰარმონია.კარზე ჯერ სუსტი კაკუნი, შემდეგ ძლიერი ხმა.14 დღიანი ძებნა. მევალე, კატეგორიული ტონი, მუქარა. სირცხვილისგან გაჩუმებული მამა.- ჭაობი უნახავს, ჩაფლულა სრულიად. – მამის აკანკალებული ხმა.- ვიშოვით, გავისტუმრებთ. – გაყინული ღიმილით, დედის დამაიმედებელი პასუხი.ორ საათში დაბრუნებული ვალი.შვილის კვალს ადევნებული მამა. სიგარეტის მკვეთრი კვამლი, ბილწსიტყვაობა, ისევ ბლომად წაგებული თანხა. სიჩუმე. უკან გამობრუნებული მშობელი.

საღამო, შინ მისვლა. შვილის გაუგებარი მზერა. მამისა და შვილის კონფლიქტი. ორი თაობის აზრთა სხვადასხვაობა. იმედგაცრუებული მამა, აგრესიულად განწყობილი შვილი.მომდევნო დღე, ვახშამი. დაძაბული დედა. გვიან დაბრუნებული მამა. ჩუმად მყოფი და- ძმა, სახლში არ მისული ერთი ძმა. ღამე. დედის მიერ ნაპოვნი ბიჭი.- ყველა ნივთს გავყიდი, შენ როგორ გაგწირავ. თბილად ნათქვამი სიტყვები. დედას ჩახუტებული შვილი. უანგარო ცრემლები.გაბრაზებული უმცროსი და. გამქრალი სამკაულები. შეკითხვები დედას, ეჭვმიტანილი ძმა. დედის უეცარი პასუხი- საზღვარგარეთ წავალ, წამოგეშველებით. შეცდა, შეეშალა, ვაპატიოთ.მტვრევის და მსხვრევის ხმა. მამა- შვილი, კამათი. ოჯახში ნათქვამი აქამდე გაუგონარი ფრაზები. დაუნდობლობაში გადაზრდილი კონფლიქტი.შეტყობინება 112 – ში. უმოწყალოდ ნაცემი შუახნის მამაკაცი, მსუბუქად დაშავებული და- ძმა.დედა დაუსრულებელი სიტყვებით: რა მოხდა? სად შევცდი?გაჩუმებული შვილი, ათრთოლებული ხელები. სისასტიკისგან ამღვრეული თვალები.პოლიცია არაფერში ერევა. დედამ სიტუაცია გააკონტროლა.საავადმყოფოში თეთრად გათენებული ღამეები. ოპერაცია. ეტლში მჯდომი მამა. შინ დაბრუნება. კარის ვერ გაღება, შეცვლილი გასაღები, დაკაკუნება, ბინის სხვა პატრონი. მეზობელთან დატოვებული ნივთები. სასოწარკვეთილი მშობლები, გაბრაზებული დედმამიშვილები.ნათესავთან გადაბარგებული ოჯახი. შეთხზული ამბავი, თითქოს ავარია, პარალელურად ვალი. ბედის ბორბალის უკუღმა ტრიალი, ატირებული დედა, ნუგეში ნათესავების მხრიდან.ოჯახისგან თითქმის ძებნილი შვილი. ერთი თვის შემდეგ ნაპოვნი, კიდევ უფრო სხვანაირი, აზარტულ თამაშებში ჩაფლული. ხვეწნა, მუდარა, სხვის სახლში ვერ დაბრუნებული შვილი.ისევ ფული, აფთიაქში შესვლის ნაცვლად, შვილისთვის განაწილებული თანხა.ეტლში მყოფი მოვლილი ქმარი. ცოლი შეუძლებელი შესაძლებლობებით. დათრგუნული, ავტორიტეტ შელახული და- ძმა. მამის მოვლა, ძმასთან დამდურება. ბინის შესაძენად ფულის შეგროვება.ფსიქიატრი, ნევროლოგი, ფსიქოლოგი, გაჯიუტებული შვილი, დედის ძალდატანება, სიტუაციის შეუცვლელობა. ეგებ ვინმე შეუყვარდესო. სიყვარულობანას, ფულობანას თამაშში გაცვლა.. ბოლო იმედის ამოწურვა.ვეღარაფერი შეძლო..ქალი შეცვალი ქმედებებით, ნაბიჯებზე შემჩნეული უიმედობა.. უცნაურ ფერ მიღებული ვარდისფერ სახე. ერთბაშად, სიბერის ტალღის სიძლიერე..საღამო. მდინარის ნაპირი, ქვაზე ჩამომჯდარი დედა. ძაღლების გაუთავებელი ყეფა. ქალი ფოტოებით ხელში, წერილით, პატიებით. ოჯახთან ბოდიშის მოხდა.მდგომარეობა გამოუვალი. ერთად მდგარი, ხელჩაკიდებული სამივე შვილი, ტირილი, ცრემლები.. ქმარი ტკივილისგან განახევრებული.განათლებული ოჯახიო, ინტელიგენტებიო. ეს ბიჭი ვის დაემგვანაო. დედამისი ტოტალიზატორებს შესწირაო. ზოგმა თქვა, ცოდვებს გზა გაეხსნა, ბაბუა მექრთამე ყავდა, სხვებს უსიცხვილოდ ფულს ართმევდაო. ზოგი ამბობდა ვიღაც უყვარდა, მოულოდნელად სხვაზე გათხოვდა, ეს კიდე, ხელიდან წავიდაო. . სათქმელი მრავლად იყო სხვადასხვა და შეუსაბამოც.ტყუილ- მართალის ნაზავს, უტყუარი ჭეშმარიტებაც დაერთო- დედა, ოჯახს შეეწირაო.ტრაგედიაში, ბრალი არავის დასდებია.მდინარე ხმაურით მიედინებოდა, ძაღლები ისევ ყეფდნენ.

ნ.კუკულავა

**************

რა მოხდა?-გავოგნდი უეცრად..

მიზეზი?- დამტოვა. წავიდა, წავედი.მხოლოდ ახლა მითხრა, მგონი ვერ გიგებო. ერთმანეთს ჩვენ ორი არ შევეფერებითო.განიცდი?- აბა რა. ფუჭად გაფრენილა დღეები რამდენი.რას ნანობ?- იმ წუთებს, ფრთები, რომ მეგონა გავშალე. იმ დღეებს, მომავალს ერთად რომ ვგეგმავდით.გული გატკინა?-უეცრად, ღიმილით. მიზეზის გარეშე. წავიდა, წავედი. დამტოვა, დავტოვე.საით წავიდა, მის გზებზე რა იცი?-რა პატარაა თურმე სამყარო. სხვა მხარეს, სხვა დიდი ქვეყნის ევროპულ ქალაქში. გეგმავს მომავალს ჩემს ძველ ნაცნობთან.იცინი?- ვიცინი, ვხარხარებ..უეცრად წასულა, ასე რატომ მოხდა?- ჩამალა თვალები ამაო გრძნობებში. ფუფუნების სხივს ეძებდა გარშემო. ამბიციების მწვერვალს უცქერდა.მეგონა, ბევრი რამ მეგონა. ვცდებოდი და თურმე რარიგად.მასთან ხარ ფიქრებით?

-ვუცქერდი დალალებს, თვალებს მოციმციმეს. მინდოდა დაბრუნდი მეყვირა მრავალჯერ. ის კი მიდიოდა, კეკლუცად, ამაყად. დრო დამენანა, მისთვის დაკარგული. მინდოდა დაძახება, მეთქვა საყვედური.წვიმა გაძლიერდა, ხმას ვერ მივაწვდენდი. ან კიდევ საერთოდ სათქმელი, რა იყო.დამტოვა, დავტოვე.ცხოვრების გზები და ბილიკი გაიყო.წავიდა. წავედი.

ნ. კუკულავა