თეთრ ქურქში გახვეულიყო მთელი ქალაქი. ერთგული სტუმრებისგან მიტოვებული ტროტუარები თოვლის სქელ ფენას დაეფარა. მხოლოდ აქა-იქ თუ ნახავდით ნაკვალევს, რომლებიც ობლად მავალ ძაღლებს დაეტოვებინათ. ძაღლებს, რომლებიც ზამთრის სუსხს ვერ შეუძრწუნებია და სიცოცხლის დაუშრეტელი წყურვილი ვერ წაურთმევია. მიუხედავად იმისა, რომ სუსხი ძვალ-რბილში უვლიდათ, მაინც ჯიუტად მიიწევდნენ წინ და გაფაციცებით ეძებდნენ ერთ სულიერს მაინც, რომელიც ღვთისაგან კეთილი გულით იქნებოდა დაჯილდოვებული და ბედისანაბარა დარჩენილი ძაღლებისთვის ლუკმას არ დაინანებდა. მაგრამ ქუჩებს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდათ და ავისმომასწავლებლად დაცარიერებულიყვნენ.
ადამიანები არც ჯადოსნური ვიტრინების მიღმა ჩანდნენ. ვიტრინებისა, რომლებიც ადრე იდუმალ ძალით აღვსილები, ტკბილი ნექტარივით იზიდავდნენ ადამიანებს, რომლებიც გარეთ ფუტკრებივით ირეოდნენ. ძაღლებს ისიც კარგად ახსოვდათ თუ როგორ იცვლებოდნენ ადამიანები ვიტრინებს მიღმა. თითქოს ზღურბლს გადაბიჯებულნი უკან სტოვებდნენ ყოველ დარდს, წუხილსა და იმ ყოველდღიურ წვრილმანებსა თუ დეტალებს, რომლებიც ჰბორკავდათ და ბედნიერების მოპოვების სურვილით შეპყრობილთ უკან ექაჩებოდათ. გარეთ გამოსულნი თითქოს ღრუბლებს ეტორტმანებოდნენ, ნაზად მიარხევდნენ ტანს და კეკლუცი ღიმილით ცდილობდნენ დაეპყროთ ცნობისმოყვარეთა გულები.
უადამიანობას განიცდიდიდნენ ის კაფეები და საკონდიტროები, რომლებიც ხალხს ვერ აუდიოდნენ და ჭუჭრუტანებიდან გამომავალი თავბრუდამხვევი სურნელით იზიდავდნენ ადამიანებს, რომლებიც ჭიანჭველებივით მოსდებოდნენ ქალაქის ქუჩებს. ვაი, რომ ბევრჯერ ნერწყვიც მოსდგომიათ ნაირნაირი საჭმლების მომაჯადოვებელ სურნელში გახვეულთ, მაგრამ პატრონისგან მიტოვებულებთ განა ვინ გაახარებდა ასეთი ტკბილი საჩუქრით?! ამიტომაც მხოლოდ თვალებს თუ გაიხარებდნენ ხოლმე და ცრემლმორეულნი უცქერდნენ ბავშვებს, რომლებიც მადიანად ილუკმებოდნენ და ტკბილეულით პირჩამტკბარებულები უცნაურ ხმებს გამოსცემდნენ.
ახლა ყველაფერი შეცვლილიყო… სადღა ნახავდით ვიტრინის მიღმა მოფუსფუსე მკლავებდაკაპიწებულ ქალებს, რომლებიც თავგამოდებით ცდილობდნენ მომხმარებლის ინტერესებს მორგებოდნენ, ან ხაბაზებს, რომლებსაც თეთრი ხალათები მოერგოთ და არც კი იმჩნევდნენ ღილებს, რომლებიც თითოეული სწრაფი მოძრაობის შემდეგ აიწყვეტდნენ უღელს, დაეშვებოდნენ კარგა ხნის დაუუთოვებელ ზედებზე და ახლადმოსუფთავებულ იატაკებზე საწყლად გაგორდებოდნენ. მოგონებები გულს უსერავდათ, ჩხვლეტდათ, მაგრამ გაცილებით უფრო რთული იყო შიმშილის გრძნობასთან გამკლავება…
მოულოდნელად სიჩუმე დაირღვა. ძაღლები გაისუსნენ. თოვლის ფანტელით შემოსილები სმენად იქცნენ. თვალისცეცებით ათვალიერებდნენ თითოეულ კუთხე-კუნჭულს და უშედეგოდ ეძებდნენ ხმაურის მიზეზს. წამიც და მომხდარს მოჩვენებად, დიდი ხნის შიმშილით გამოწვეულ ჰალუცინაციად შერაცხავდნენ, რომ არა არსაიდან გამოჩენილი ახალგარდა გოგონა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ფრთხილად მიიკვლევდა გზას და საგულდგაულოდ არჩევდა მარშუტს, რამდენიმეჯერ მაინც წაბორძიკდა და დამფრთხალმა მიმოიხედა – ვაითუ, ხმას ვინმეს ყურამდე მიეღწია და დილაუთენია გამოპარული გამოეაშკარავებინათ. უკვე იმდენად ახლოს იყო, რომ ძაღლები მისი სილუეტის ნაცვლად, სახის ნაკვთებსაც კი არჩევდნენ. თბილ, მიხაკისფერ პალტოში გახვეულს, ყელზე აბრეშუმის კაშნე შემოეგდო და სიცივით შეშინებულს, ქუდიც არ დავიწყნოდა. წაბლისფერ დალალთა ფონზე საოცარი იყო მისი ზურმუხტისფერი თვალები, რომლებიც არემარეს ირეკლავდნენ და ანგელოზისებრ იერს სძენდნენ მოულოდნელ სტუმარს. ვნების ქარცეცხლში გაგატარებდათ მისი გრძელი და მოშვილდული წარბები, რომლებზეც ფიფქები ურცხვად მოკალათებულიყვნენ და ფეხს არ იცვლიდნენ. ვის არ აღაფრთოვანებდა მთრთოლვარე ბაგეები და თეთრი, ელვარე კბილები, რომლებიც შიგადაშიგ გამოკრთოდნენ ხოლმე. ალბათ კიდევ დიდ ხანს გასტანდა სილამაზისა და სინაზის ზეიმი, გოგონა პირდაპირ ძაღლების წინ მდგარ ხესთან რომ არ გაჩერებულიყო. მოკუნტული მიეყრდნო აკანკალებულ ჭადარს, რომლის ტოტებსაც ჩურჩხელებივით ჩამოჰკიდებოდნენ წვეტიანი ლოლუები. ხშირად საათს დაჰხედავდა ხოლმე და უკმაყოფილო მზერით გაივლიდა ხეებს შორის. გადიოდა წამები, წუთები გოგონა კი ფეხს არ იცვლიდა და არად აგდებდა მწარედ მოზუზუნე ქარსა და ზამთრის სუსხიან დილას, რომელსაც ქუჩები ხალხისგან დაეცალა და მუქარასაც არ ერიდებოდა…