განთიადის ხუთი საათია და იანვრის შუა რიცხვები რისხვად დასტყდომიან სამყაროს. გარინდულია ირგვლივ ყოველი,მოლოდინით სავსე,ისეთი სავსე,რომ შეიძლება ერთმა უბრალო ბიძგმა ნიაღვრად აქციოს უთქმელი განცდა.ფანჯარაზე კაკუნია… ვაღებ…არავინაა…უცნაურად თბილა გარეთ… მთელი არსებით ვისუნთქავ ჰაერს და ვგრძნობ,როგორ მევსება სული აუხსნელი სიხარულით. სახეზე ქარის თბილი სუნთქვა მელამუნება და გრძნობებად ვიმსხვრევი.მინდა დავტოვო ყველა ფერი, რაც აქამდე საგულდაგულოდ მიკრეფია,ყველა განცდა ტკივილიდან ბედნიერებამდე და გავიქცე! გაგიჟება შეიძლება! როგორი ნაცნობი სურნელება აქვს ქარს,როგორი მონატრებული! გარეთ ზაფხულია, ჩვენ კი დროსა და სივრცეს აცდენილები, მივუყვებით იისფერი ზამთრის ლაბირინთს და უსასრულო სითეთრეში ვიკარგებით. უგანზომილებოა ჩვენი სამყარო, მგრამ ზოგჯერ ისეთი სუსტები ვართ,ფიქრებითაც ვერ ვწვდებით საოცნებოს. თურმე მანძილი კილომეტრებით კი არა,უცხოობით იზომება.შენი ნაპირი კი ჩემთვის ოცნებითაც მიუწვდომელია…ამიტომ გტოვებ. ფიქრებშიც გტოვებ და ოცნებებშიც. მხოლოდ იმ წამებს დავიტოვებ სამახსოვროდ: იანვრის განთიადს და ღია ფანჯრებიდან შემოვარდნილ ქარს,რომელსაც შენი სურნელება ჰქონდა! “

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!