fbpx

უგემური ბედი

0

 ერთ-ერთმა მწერალმა მკითხველებს შეხვედრაზე გვითხრა, ხანდახან ისეთი ამბები ხდება, რომლებზეც აუცილებლად უნდა დაწეროთო. ამან დამაფიქრა და იმავე წამს ერთი ამბავი ამომიტივტივდა თავში.

 რაც ახალ სახლში გადავედი საცხოვრებლად, მას შემდეგ აღარ მიკვირს თბილისის ქუჩების უცნაურობანი. საცხოვრებლის გამოცვლასთან ერთად, კიდევ უფრო მეტი ტიპის ადამიანი გავიცანი. ზოგადად, ქუჩის ერთ-ერთი მახასიათებელი ჩვენთვის კარგად ნაცნობი  ბირჟაა.  რამდენჯერაც ეგრეთწოდებულ ბირჟას ჩავუარე, იმდენჯერ შევნიშნე, რომ ფეხებიდან თავამდე ამათვალიერეს. ყოველთვის ასე ხდება, როცა უბანში ახალი ოჯახი სახლდება. რამდენიმე დღეში იმავე ქუჩაზე გავლის დისკომფორტი შემექმნა და  სახლისკენ მიმავალი მეორე ქუჩისკენ გადავინაცვლე.

 ჩემი სახლისკენ მიმავალ გზაზე  წყაროს ვხვდები. როგორც ვიცი წყარო ამ ადგილას მომხდარ  ავარიაში გარდაცვლილი ბიჭის სახელისაა, ნიკასი. როცა გზას ჩავუვლი, სულ ვფიქრობ ხოლმე საცოდავი მისი მშობელი, იქნებ არც ჰყავდა სხვა შვილი- მეთქი. ერთხელაც შავებში ჩასმული, ისეთი სუსტი, ლანდი რომ გასდის, შავთმიანი ქალი მაჩერებს და მეკითხება, შვილო, ტელეფონზე ჩარიცხვა თუ იციო.  თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, მან მაშინვე პატარა ფურცელზე დაწერილი ნომერი მომცა რკინის ორლარიათან ერთად და მთხოვა ჩამერიცხა. მარკეტი იქვე იყო, მეც ცოტა გაკვირვებული უკან გავბრუნდი და ჩავრიცხე, თან გახარებული ჩემთვის გულში ვფიქრობდი სიკეთე გავაკეთე-მეთქი, გეგონებოდა რაღაც დიდი საქმე გამეკეთებინოს. პატარა ვიყავი და გახარებისთვის ესეც საკმარისი იყო. ამ ფიქრებში ვიყავი გართული და გზას მივუყვებოდი, რომ წყაროსთან მდგარი შავებში ჩაცმული, ჩემთვის უკვე ნაცნობი ქალი შევნიშნე. ნომრის წარწერიანი ფურცელი გავუწოდე, იქნებ სხვა დროსაც გამოდგომოდა. სხვა თუ არაფერი, რომ დასჭირდებოდა თავიდან დაწერა მაინც აღარ მოუწევდა. მალევე ფურცელი გამომართვა და მადლობა გადამიხადა. ისეთი კეთილი თვალები ჰქონდა, ისეთი კეთილი, რომ ხმაც რომ არ გაეცა, მადლიერება გამოხედვაში იკითხებოდა.  სახლში ღიმილმოფენილი სახით დავბრუნდი. ეს დღე იყო და ამის მერე ჩვევად მექცა სკოლიდან დაბრუნებულს წყაროს წინ მდგომ შავოსანთან შეხვედრა.  ყოველთვის ვესალმებოდით და მოვიკითხავდით ხოლმე ერთმანეთს, ბოლოს კი დავმეგობრდით. არ მახსოვს მის დანახვაზე არ გამღიმებოდეს.  

 ერთხელაც ჯოხით მოდიოდა ჩემი ახალი უფროსი მეგობარი დაღმართისკენ, ეტყობოდა, უჭირდა სიარული. დახმარება შევთავაზე, ცალი ხელით ჩემს ხელს დაეყრდნო, მერე სახლზე მიმითითა და მთხოვა კარზე დამეკაკუნებინა. მეზობელმაც გამოიხედა, მე ქალს დავემშვიდობე და გამოვბრუნდი, რატომღაც უკან მივიხედე და დავინახე როგორ გაუწოდა  ფული მეზობელს. პენსია ავიღეო, ხმა ჩამესმა. პენსია აიღო და ისიც ვალი გაისტუმრა. ჩავფიქრდი და მოვიღრუბლე.

 ამ დღის მერე დიდი ხანი აღარ მინახავს ეს ქალი. წყაროსთან ყოველ ჩავლაზე მეგონა აი აქ დამხვდება- მეთქი, მაგრამ ერთი კვირა ისე გავიდა, თვალიც კი არ მომიკრავს. მეორე კვირაც გავიდა და უცაბედად გზაზე შემომხვდა, გვერდიგვერდ მოვდიოდით და ვსაუბრობდით.  შუა  დიალოგის პროცესში  საკმაოდ მკვეთრი მოძრაობით შემობრუნდა და მითხრა :

– “ერთ  16 წლის მომიტაცეს და ახლა შენც ხედავ, როგორც ვარ, იურიდიულზე მინდოდა სწავლა, მაგრამ აღარ დამცალდა”.

აღელვებული საუბრობდა, სათქმელს მივუხვდი და ორივეს თვალები აგვიცრემლიანდა. ჩემს გეგმებზე საუბრის შემდეგ მდუმარედ გავუყევით გზას. ასე მივედით მის სახლამდე, კარიდან ბიჭი გამოვიდა, ხშირად ვხედავდი ხოლმე, მაგრამ არ ვიცოდი  ამ ქალის შვილი თუ იყო. რომ დამინახა, დედამისს ვესაუბრებოდი, როგორ ხარო, ღიმილით მკითხა, მეც ღიმილითვე ვუპასუხე. დედამისს მხარზე ხელი დაადო და ერთად შევიდნენ სახლში.

 ყველას უყვარს ეს ქალი უბანში, მეც მიყვარს თავისი უბედური ბედის გამო.  ყველას უყვარს მისი თვალები, დარწმუნებული ვარ. წარმოიდგინეთ წყარო , ქუჩის პირას, და მისკენ ვედრების, სინანულის თვალებით მიპყრობილი ქალი, შავებში ჩაცმული და კვლავ ისეთი სუსტი, ლანდი რომ გასდის. ისევ ყოველდღე ვხედავ სახლისკენ მიმავალ გზაზე, ნეტავ რას ფიქრობს, რას ეუბნება თავის შვილს? ალბათ ყოველ ჯერზე უწყრება მისი დატოვების გამო…

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!