წიგნი გამოვიღე საწოლიდან და აწერია,გალაკტიონ ტაბიძე.ვიფიქრე რამხელა სახელია,დედამისი ქართულის მასწავლებელი იქნებოდა-თქო,გადავშალე და პირველ გვერდს აწერია:,,ოლღას დედიკოსგან,ეს წიგნი მამაშენმა ომში წაიღო,ომიდან დაბრუნდა,წიგნიც უვნებელი წამოიღო და ყველა ლექსიც ნასწავლი ჰქონდა“.პატარა ვიყავი და შეიძლება იმ მომენტში სერიოზულად ვერც აღვიქვი,ვიფიქრე, არ ვიცი ახლა,რომელ ომში იყო ბაბუაჩემი,არასდროს მოუყოლია დედას,მაგრამ ომში სად ეცალა იმისთვის,რომ წიგნი წაეკითხა.არ მასვენებდა ეს ფიქრები,ვბრაზდებოდი კიდეც ბაბუაჩემზე,ვაი და მაგის წიგნის კითხვამ,მტერს რამე უპირატესობა მისცა-მეთქი. მერე გადავშალე წიგნი,წავიკითხე და იმხელა ძალა მომემატა,ისე ავმაღლდი,ისე გავძლიერდი,რომ ომშიც კი ვიბრძოლებდი მარტო.ახლა კი მივხვდი ბაბუაჩემს ძალა საიდან ჰქონდა.არც ვიცი რა ომი იყო.საოცრებაა მოკლედ ეს წიგნი. ,,მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა“ – ეს რომ წავიკითხე სული შემეხუთა,თითქოს რაღაც მაგიური შემომისახლდა სულში და გაანათა,თითქოს ირგვლივ ყველა ნაცრისფერ შენობას იისფერი დაედო და თავად იებიც გალაკტიონის სახელს გასძახოდნენ.შუა იანვარია,მაგრამ მე მაინც ვხედავ იებს.აქამდე ღმერთს ვუხდიდი მადლობას,ახლა გალაკტიონსაც ვუხდიდი.საოცრება იყო.მერე ნელ-ნელა გავაგრძელე,კიდევ უფრო ვძლიერდები და ბოლოს მივხვდი,რომ წიგნი ის სკივრი იყო,რომელსაც გახსნიდი და შიგნით საგანძურს იპოვიდი.იმ დღეს გადავწყვიტე ამ წიგნში ჩემი ის ლექსი ჩამედო და დამემალა,რომელიც მართას მივუძღვენი და რომელიც ჩაკუჭულ ქაღალდში თავის პირვანდელ სახეს კარგავდა.ასეც მოვიქეცი და წიგნიც საიმედოდ დავმალე,პრინციპში ვის ვუმალავდი? დედას ვუმალავდი,რომ აქციაზე არ წაეღო და არ ექცია ნაფერფლებად.ადამიანებს ხომ ბევრი კარგი რამის ნაფლეთებად გადაქცევა გვიყვარს.მაგრამ ყველას არა,არიან ისეთნიც,რომლებიც ქვეყნად იმისთვის გაჩენილან,რომ ეს ნაფლეთები მოაგროვონ,შეაწებონ ერთმანეთს და გააცოცხლონ.
facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!