0

დღეს ერთი წელი გავიდა, რაც პირველი ზიარება მივიღე.განსაკუთრებული დღე იყო, არის და იქნება.
როგორც ჩემთვის ერთ-ერთ გამორჩეული დღეს, ტრადიციისამებრ დილით წირვაზე წავედი. გზაში მიმავალს გამახსენდა ყველაფერი და გამეღიმა..

გადავწყვიტე, ფიქრები ნაწერად მექცია და ჩემთვის ერთ-ერთ საუკეთესო დღეზე მოგონებები გამეზიარებინა…

სულ სამი მცდელობა მქონდა წმინდა ზიარების მიღების.
პირველად ეს იყო ღრმა ბავშვობაში, თუ ზუსტად მახსოვს წინა სააღდგომო პერიოდი იყო და მშობლებთან ერთად წირვას ვესწრებოდი. სულ მიკვირდა, რატომ დგებოდა ხალხი რიგში, მღვდელთან მიდიოდნენ ის კი პურს აჭმევდა, ვფიქრობდი:” განა, არ აქვთ სახლში პური?! აქ პურის საჭმელად, რაღატომ მოდიან”-მეთქი.

წირვის დასრულების შემდეგ, ვერცხლისფერ, გრძელ, ბრჭყვიალა სამოსში გამოწყობილი მღვდელი მომიახლოვდა და მკითხა ნათქვამი მქონდა თუ არა აღსარება, უარის ნიშნად თავი გავუქნიე და ცნობისმოყვარე თვალებით შევხედე. მან გამიღიმა, თავზე ხელი გადამისვა და მითხრა რომ ამ პურისა და ღვინის სახით ჩვენ იესო ქრისტეს ვღებულობთო, აღსარება კი მონანიებააო, თან დაამატა მომზადება საჭიროო. არ მახსოვს რა მოხდა თუმცა მოსამზადებელ შეხვედრებზე ვერ ვიარე და ზიარების მიღება გადაიდო..

მეორედ, უკვე შედარებით დიდი ვიყავი, მაშინ მამაო სახლის საკურთხებლად მოვიდა და მითხრა წმინდა ზიარებისთვის მოგამზადებო, კარგი მეთქი ვუთხარი, თუმცა მაშინაც, რაღაცამ შემიშალა ხელი, მომზადებაზე, ვერ ვიარე და კვლავ გადაიდო.

და მესამედ უკვე..

როგორც ამბობენ მესამე და სამართლიანიო. როგორც იქნა დადგა ის დღე ამდენი ხანი რომ ველოდი, პირველი ზიარება უნდა მიმეღო.

საათმა პირველს ჩამოჰკრა და მთელს სოფელში ზარის ხმა გაისმა, რომელიც ხალხს წირვის დაწყებას აუწყებდა.
ეკლესიაში რომ მივედით ხალხი უკვე შეკრებილიყო, მათი მზერა ჩემკენ იყო მოპყრობილი, ბევრი თბილი, ღიმილიანი სახე და თვალები მხვდებოდა, მაგრამ თვალებს, რომელსაც ვეძებდი იქ არ იყო, რომელთა დანახვაც ყველაზე მეტად მინდოდა. იქ არ იყო, თუმცა ვიცოდი, რომ, სადაც იყო, იქიდან მადევნებდა თვალს..
ერთდროულად მქონდა შიშის, სიხარულისა და აღფრთოვანების განცდა, ვემზადებოდი განსაკუთრებულის მისაღებად.

წმინდა წირვა დაიწყო. მღელვარება კი მემატებოდა..
წირვა ცოტა განსხვავებული ფორმით ჩატარდა, საკითხავებთან, გალობასთან და ლოცვასთან ერთად იყო რწმენის აღიარება…

ძღვენის წარდგენა..

აი, ის მომენტიც დადგა ამდენ ხანს რომ ველოდი.

წინ გავედი და საკურთხევლის წინ დავიჩოქე, თვალები დავხუჭე, ღრმად ამოვისუნთქე და ცოტა ხანს, ასე სიჩუმეში ვიყავი. გონებაში ვიმეორებდი: “აი, უფალო, როგორც იქნა, აქ ვარ! როგორც იქნა მოვედი”
ზიარების მიღებისას მთელს სხეულში უჩვეულო სითბომ დამიარა. ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს თავიდან დავიბადე, ცხოვრება კი ახალი, სუფთა ფურცლიდან დავიწყე.

ზიარება დღესაც მივიღე, არა პირველი, თუმცა ყოველთვის, როცა ვიღებ ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს პირველად ვიღებდე

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!