მეზობელი

დღე 1
შებინდებისას დაბრუნდა შინ. კარებთანვე გაიხადა ჩექმები და იქვე მიყარა. პიჯაკი და
პერანგი საკიდზე ჩამოკიდა, ჰალსტუხი საწოლზე მიაგდო. ზოზინით მივიდა მაცივრამდე,
ლუდი გამოიღო და სავარძელში ჩაჯდა. ფეხები მაგიდაზე შემოაწყო, ტელევიზორი ჩართო
და თითები აატკაცუნა. ფეხბურთის მატჩი მიმდინარეობდა. დიდად არ აინტერესებდა,
მაგრამ დაძინებაში ყოველთვის რაიმე უინტერესოს ყურება ეხმარებოდა. მზის ბოლო სხივები
ქრებოდა, როდესაც გოლი გავიდა. კომენტატორი ბოლო ხმაზე აღრიალდა. თითქმის
ჩაძუნებულს გამოეღვიძა და შიშმა მოიცვა.
– ნამდვილად გაიგონეს!- გაიფიქრა, სწრაფად წამოხტა და კედელს ყური მიადო.
წამიც არ გასულა რომ კედლის მიღმა საშინელი ღრიალი ატყდა;
– რამდენჯერ გითხარი მაგ წყეულ ტელევიზორს დაუწიე თქო! სანამ შემოვსულვარ
და მაგრად მიცემიხარ გამორთე! მოაშორე! ხმაური არ გავიგონო!- მოისმა კაცის
ჩახლეჩილი ხმა.
– საერთოდ უნდა გავაგდოთ ამ კორპუსიდან! მისნაირი ნაგავის ადგილი აქ არ
არის!- აჰყვა ქალის გამაყრუებლად წვრილი და ხმამაღალი ხმა მეუღლის ხმას.
– კარგი, ბოდიში, ბოდიში, ჩავუწევ.- ჩაილაპარაკა და ტელევიზორი გამორთო.
რამდენიმე კვირაა რაც ახალი მეზობლები გადმოვიდნენ გვერდით ბინაში. პირადად
არ ჰყავდა ნანახი, რამდენჯერაც სცადა, არასდროს იყვნენ სახლში. მაგრამ მათი ღრიალი
ყველა პატარა ხმაურზეც კი ესმოდა. ხშირად ერთმანეთსაც ეჩხუბებოდნენ. ქმარი ხშირად
სცემდა ცოლს. არც ცოლი უთმობდა არაფერს. ხელჩართულ ჩხუბში, ხან ერთი იმარჯვებდა
ხან მეორე. რამდენიმე საათში რიგდებოდნენ და ხმამაღალი, აგრესიული სექსით
კავდებოდნენ. ამ დროს სახლიდან გასვლას და ქუჩაში სეირნობას ამჯობინებდა, მაშინ
ბრუნდებოდა როცა ცოლ-ქმარს უკვე ეძინა. მიუხედავად მათი ასეთი ხმაურისა, ყოველთვის
საშინლად ბრაზდებოდნენ და ყვიროდნენ როდესაც სხვა ურღვევდა სიმშვიდეს.
ამჯერად მალევე გაჩუმდნენ. შვებით ამოისუნთქა და კვლავ მაცივართან მივიდა. ლუდის
ბოთლი ჩუმად გახსნა და ბოლომდე ჩაცალა. მეზობლის კედელს გახედა, ერთი შეიგინა და
საწოლისკენ ბანცალით წავიდა. იმ ღამით მშვიდად ეძინა.
დღე 2
შებინდებამდე დაბრუნდა შინ. კარებთანვე გაიხადა ჩექმები და იქვე მიყარა. პიჯაკი
და პერანგი საკიდზე ჩამოკიდა, ჰალსტუხი საწოლზე მიაგდო. ზოზინით მივიდა
მაცივრამდე, მოტანილი პროდუქტები შეალაგა და ჩუმად მიხურა. მძიმე დღე არ ჰქონდა,
მაგრამ მაინც დაღლილი იყო. დასვენების მეტი არაფერი უნდოდა. დიდხანს ათამაშა
ტელევიზორის პულტი ხელში, საბოლოოდ გადაიფიქრა და იქვე მიაგდო. დღეს სიწყნარეში
უნდოდა ყოფნა. მაგიდასთან დაჯდა, წინა დღის პიცის ნაჭერი აიღო, რამდენიმე ლუკმაში
შეჭამა და ფანჯარას გახედა. მზე ჩადიოდა, მოღრუბლული იყო, ალბათ გაწვიმდებოდა.
აივანზე გავიდა და გაფენილი სარეცხი კალათში ჩაყარა. ოთახში შემოდიოდა, როდესაც
კარის ზღურბლს ფეხი წამოკრა და ძირს დაეცა, კალათიც გაუვარდა.
– ჯანდაბა!- აღმოხდა იატაკზე მწოლიარეს.
წამიც არ გასულა რომ კედლის მიღმა საშინელი ღრიალი ატყდა;
– რამდენჯერ გითხარი ნუ ხმაურობ თქო! წყნარად ყოფნა არ შეგიძლია?! სანამ
შემოვსულვარ და მაგრად მიცემიხარ გაჩუმდი! იარაღი მაქვს იცოდე! მეტი ხმაური
არ გავიგონო!- მოისმა კაცის ჩახლეჩილი ხმა.
– ხომ ვამბობ საერთოდ უნდა გავაგდოთ ამ კორპუსიდან! აივნიდანვე გადავაგდოთ!
მისნაირი ნაგავის ადგილი აქ არ არის!- კვლავ აჰყვა ქალის გამაყრუებლად წვრილი
და ხმამაღალი ხმა მეუღლის ხმას.
– კარგი! გასაგებია!- დაუძახა და წამოდგა.
– ნუ ყვირიხარ, როდესაც მე მომმართავ! იდიოტი!- კედელზე მუშტების ბრახუნი
გაისმა, კარადა ზანზარებდა.
ცოტა ხანი ჩაჩუმდნენ, შემდეგ ცოლ-ქმარი ერთმანეთს წაეჩხუბა, თეფშებისა და ჭიქების
ლეწვის ხმა ისმოდა. უკვე იცოდა რაც იქნებოდა შემდგომ. ისევ ჩაიცვა, ქუდი დაიხურა და
სახლიდან გავიდა. რამდენიმე საათი უმიზნოდ დახეტიალობდა, ქუჩაში ბურგერი შეჭამა
კიდეც. საავდრო ღრუბლები შენიშნა, თუ არა სახლისკენ აიღო გეზი, მაგრამ ვერ მოასწრო.
დასველდა. სახლში გალუმპული შევიდა. სველი ტანსაცმელი კარებშივე დაყარა და
სააბაზანოში შევიდა. ცხელმა შხაპმა მოთენთა. იმ ღამესაც მშვიდად ეძინა.
დღე 3
შებინდების შემდგომ დაბრუნდა შინ. უკვე ბნელოდა. კარებთანვე გაიხადა ჩექმები და
იქვე მიყარა. პიჯაკი და პერანგი საკიდზე ჩამოკიდა, ჰალსტუხი საწოლზე მიაგდო. ხელში
ნახევრად ცარიელი ბოთლი ეჭირა. თანამშრომლებთან ერთად ბარში იყო, სადაც გვარიანად
გამოთვრა. სავარძელში ჩაჯდა და ტელევიზორი ჩართო, ხმა ჩაუწია, მეზობლების ნერვები
ნამდვილად არ ჰქონდა. რამდენიმე წუთში ჩასთვლიმა და ბოთლი ხელიდან გაუვარდა,
ხალიჩაზე დაეცა. მეზობლები დუმდნენ. მშვიდი ღამე იყო. მთვარე ღრუბლებიდან
იყურებოდა. ნასვამი ყოველთვის ხვრინავდა, არც დღეს იყო გამონაკლისი, მისი ხმა მთელს
კორპუსში ისმოდა. მეზობლები რატომღაც დუმდნენ. საკუთარმა ხვრინვის ხმამ გამოაღვიძა,
როდესაც მეზობლების ხმა მოესმა.
– ახლა ხვრინა მომინდომა! რამდენჯერ გითხარი ნუ ხმაურობ თქო! წყნარად ყოფნა
არ შეგიძლია?! სანამ შემოვსულვარ და მაგრად მიცემიხარ გაჩუმდი! იარაღი მაქვს
იცოდე! არც გამოყენების მომერიდება! მეტი ხმაური არ გავიგონო, წყნარად
დაიძინე!- მოისმა კაცის ხმა.
– ხომ ვამბობ საერთოდ უნდა გავაგდოთ ამ კორპუსიდან, რომ არ მიჯერებთ!
აივნიდანვე გადავაგდოთ, პირდაპირ თავით! მისნაირი ნაგავის ადგილი აქ არ
არის!- კვლავ აჰყვა ქალის გამაყრუებლად წვრილი და ხმამაღალი ხმა მეუღლის
ხმას.
– ხმასაც რომ არ იღებს! რა იყო შეგეშინდა?
– შენი ვის არ შეეშინდება!- ორივემ გადაიხარხარა და კედელზე ბრახუნი დაიწყო.
მუქარა და მუშტების ხმა ერთმანეთს ფარავდა და საშინელ ქაოსს ქმნიდა.
როდესაც გაჩუმდნენ და ერთმანეთის ალერსში გაერთნენ, წამოდგა და აივანზე
გავიდა. კარები მოხურა და იქვე მდგარ სკამში ჩაწვა. ღამის აივანზე გაათენება
გადაწყიტა.
– ნეტავ ოდესმე თუ გაჩუმდებიან.- ჩაილაპარაკა თავისთვის.- საერთოდ ვინ არიან?
მარტო საღამოს, რომ მოდიან სახლში და მე მეჩხუბებიან. არა რა, არ უნდა
გადმოვსულიყავი დიდ ქალაქში, ჩემნაირი კაცი ცოდოა ასეთი გარემოსთვის,
გესმის შე უბედურო?- ფანჯარაში საკუთარ ანარეკლს შეხედა, მწარედ გაიცინა და
პლედი მიიფარა. იმ ღამესაც მშვიდად ეძინა.
დღე 4
სახლში ადრე დაბრუნდა. სამსახურში ინცინდენტი მოხდა, რის გამოც სამუშაო დღე
ჩავარდა. კარგ ხასიათზე იყო, საღამოს მეგობარ გოგოსთან აპირებდა შეხვედრას. კარებთანვე
გაიხადა ჩექმები და იქვე მიყარა. პიჯაკი და პერანგი საკიდზე ჩამოკიდა, ჰალსტუხი საწოლზე
მიაგდო. აბაზანაში შევიდა. გრილი წყალი ესიამოვნა. თავზე პირსახოც მოხვეული გამოვიდა,
თან ოდნავ გასაგონი ხმით ღიღინებდა. ტელეფონის ვიბრაციის ხმა გაიგონა, პირსახოცი იქვე
მიაგდო და შარვლის ჯიბე მოქექა.
– რამდენჯერ გითხარი ნუ ხმაურობ თქო! ახლა პირსახოცი მიაგდო სკამზე! ეს უკვე
აუტანელია! – საშინელი ბრახუნი დაიწყო, არ ჩერდებოდა, მთელი სახლი
ზანზარებდა. უცებ თოფის გასროლის ხმა მოისმა.
ტელეფონზე შემომავალი ზარი გათიშა და პოლიციაში დარეკა. უკვე ყელში ჰქონდა
ამოსული ეს სისულელე.
– თურმე პირსახოცი დავაგდე ხმამაღლა, ხომ? მე თქვენ გაჩვენებთ, როგორ უნდ..
ალო, დიახ პოლიციაა? დიახ, იქსისა და იგრეკის კვეთაზე გამოგზავნეთ
დახმარება. დიახ. მეზობელი. რამდენიმე კვირაა მაწუხებს, სულ ჩხუბობს. დიახ.
დიახ, გელოდებით.
ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ პოლიციის ეკიპაჟი ოთახში შემოვიდა.
– დიახ, მარჯვენა მეზობელი.
– დარწმუნებული ხართ ბატონო?
– რა თქმა უნდა, რამდენიმე კვირაა გადმოვიდნენ, ერთ ამბავში არიან, აი ამ
კედელზე აბრახუნებენ ხოლმე და ყვირიან.- თითი გაიშვირა კედლისკენ,
რომელზეც ტელევიზორი ეკიდა.- პატარა ხმაურზეც კი ისეთ ამბავს ტეხენ. დღეს
იარაღიც კი ისროლა იმ ნაბიჭვარმა. ვაი და კედელში გამოსულიყო ტყვია?-
გაცოფებული ღრიალებდა.
– ბატონო დამშვიდდით. ანუ დაზუსტებით ამბობთ, რომ ამ კედლის იქით
მეზობელი გემუქრებოდათ, გიყვიროდათ და იარაღს გესროდა.
– დიახ ასეა!- საზეიმო სახით შესძახა.- სამსახურიდან, რომ მოვდივარ და ხმას
ამოვიღებ მაშინვე ერთი ამბავი ეწყებათ, მერე ცოლს სცემს ხოლმე და მერე
გაუკუღმართებული, ავადმყოფური სექსი აქვთ.
– ანუ ცოლზეც ძალადობს?
– დიახ, ეჩხუბება ხოლმე, რომ ყველაფერი მას შესწირა და ახლა ვერაფერს იღებს
სანაცვლოდ.
– ბატონო, სად მუშაობთ?- რვეული დახურა ოფიცერმა.
– Big Construction ჰქვია, ქალაქის ცენტრში ვაშენებთ ბიზნეს ცენტრს.
– ბატონო, ექიმთან ბოლოს როდის იყავით?
– რა?- თვალები გაუფართოვდა.
– ექიმმა ბოლოს როდის გაგსინჯათ?
– ექიმმა? რა შუაშია? დიდი ხანია არ ვყოფილვარ. წამლები გამომიწერეს ადრე,
მაგრამ შევეშვი.
– ბატონო ჩვენ უნდა გამოგვყვეთ.
– კი მაგრამ რა მოხდა?
– ბატონო, Big Construction-ი 10 წლის წინ გაკოტრდა, არანაირი ბიზნეს ცენტრი არ
შენდება ქალაქში.
– კი მაგრამ მეზობლები?- აღმოხდა.
– ბატონო, კუთხის ბინაში ცხოვრობთ, მაგ კედლის იქით არაფერი არაა.
გადავამოწმეთ და ამ სართულზე მხოლოდ თქვენ ცხოვრობთ. წლებია მეზობელი
ბინები ცარიელია, სანამ აქ შემოვიდოდით შევამოწმეთ.
– არა, გთხოვთ უკან არ დამაბრუნოთ!

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!