რამდენიმე დღის წინ უცნაური ამბავი შემემთხვა.
ქუჩაში, საღამოს, ხიდთან ვიყავი, როდესაც ყვირილის ხმა მომესმა, ვიღაც შველას
ითხოვდა. მივხვდი, რომ ხმა ტბიდან მოდიოდა. ქალის ხმა იყო. სავარაუდოდ ხიდიდან
ჩავარდა და შველას ითხოვდა. რამდენიმე წამიც არ იყო გასული, როდესაც წყალში
აღმოვჩნდი. რამდენიმე მეტრი გავცურე და თითქმის ჩაძირულ უცნობს, მაჯაზე წავავლე
ხელი და ამოვწიე. როგორც იქნა გამოვიყვანე ნაპირზე და უენერგიოდ ქვიშაზე მივეგდე.
მძიმედ ვსუნთქავდი.
– რატომ გადამარჩინე?- მკითხა ჩახლეჩილი ხმით, ეტყობა ბევრი წყალი ჩაყლაპა.
– როგორ თუ რატომ?- გავიფიქრე ჩემთვის, მაგრამ ხმამაღლა სულ სხვა რამ ვთქვი.-
უბრალოდ.
– უბრალოდ?- უცებ გაჩუმდა, გალურჯებული სველი ტუჩები მოკუმა და შემომხედა.
– ვიცი.- წამოვჯექი და თვალი თვალში გავუყარე.- არაა საჭირო. მესმის. მესმის რაც
გააკეთე, არაფრის ახსნა არაა საჭირო.
– გინდა თქვა, რომ იმაზე მეტი გვაქვს არა საერთო ვიდრე მე მგონია?
– შესაძლოა.- ხიდს ავხედე. საკმაოდ მაღალი იყო, გამიკვირდა. არ მახსოვდა რა
სიმაღლიდან ჩავხტი წყალში, ეხლაღა მივხვდი, რომ ფეხის გულები საშინლად
მეწვოდა. რა ირონიულია არა? თურმე წყალში გადახტომისას სხვა რაღაცეებიც
გადარდებს. ისევ უცნობს შევხედე.
– კი, უცნაურია, რომ ფეხის გულები გტკივა.
– რა?- თვალები გამიფართოვდა.
– ვიცი რაზეც ფიქრობ, ისიც ვიცი სანამ ხიდზე იდექი და ჩემ ხმას გაიგონებდი რაზე
ფიქრობდი, ისიც ვიცი გასული 29 წელი რაზე ფიქრობდი, რა გადარდება და რა
გაბედნიერებდა. მაგრამ ნუ ღელავ, ყველაფერი შეიცვლება.
– რაზე საუბრობ? – შიშის საზარელი გრძობა დამეუფლა.
– ყველაფერი შეიცვლება, ისე როგორც შენ გინდა. ვიცი საზოგადოებამ რაც გაგიკეთა,
ისიც ვიცი თუ როგორ დაკარგე ყველა და ყველაფერი. საზოგადოება არასწორად
მოგექცა, შენი რეალური სახე არად ჩააგდეს. იცი, რომ ეკითხათ, კაცობრიობის
ისტორიაში, ყველაზე კეთილი და უანგარო ადამიანი დამისახელეო, შენ
დაგასახელებდი. მაგრამ ასეა, საზოგადოება ის ტოქსიკური ნაგავია, რომელიც
გარშემომყოფებს წამლავს, თავის თავში ძირავს ყველას. მე შანსს გაძლევ, ერთი
სურვილი, ნებისმიერი სურვილი თქვი, რომელიც მსოფლიო ქაოსს გამოიწვევს და მე
მას შეგისრულებ. ვიცი რომ გინდა, შური იძიო და ვერც გაგამტყუვნებ.
– ხუმრობ არა?- სიმწრის სიცილის ხმა აღმომხდა.- ეს რა სპექტაკლია? ვინ დაგიქირავა?
– უნდობლობა უკვე დადებითი ნიშანია. შენი რა მიდის, დაასახელე ყველაზე ბოროტი
რამ რაც ოდესმე გაგიფიქრია ამ გახრწნილ ბრბოზე და მე მას აგისრულებ. რას კარგავ?
– მგონი ძლიერად დავარტყი თავი.- გავიფიქრე ჩემთვის. მაგრამ მართლა რას
ვკარგავდი? არაფერს, ისედაც იმისთვის მოვედი ამ ხიდზე, რომ ყველაფერი
დამეკარგა.- მე მინდა..
– დიახ გისმენ.- გვერდით ჩამოჯდა და მხარზე მომეყრდნო.
– მე მინდა, მსოფლიოს ყველა მოსახლემ გაიგონოს ხმა.
– ხმა? ვისი?
– არ აქვს მნიშვნელობა, ვისი იქნება, მინდა რომ ყველამ ერთად, ერთდროულად გაიგოს
ხმა.
– და რას ამბობდეს ეს ხმა?
– ხმამ მინდა რომ თქვას….
ერთმანეთს შევხედეთ. არ ვიცი რაზე ფიქრობდა, მაგრამ ტუჩის კუთხით გაიღიმა. სახეზე
ხელი მომისვა და მკერდზე ხელი მომადო.
არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავით ასე, მაგრამ მახსოვს, რომ ქაოსის საშინელმა ხმებმა
გამომაფხიზლა.
ერთი ადამიანი გაიქცა სიმულაციიდან, 7.9 მილიარდი ადამიანი კვლავ რჩება
წარმოსახვით სამყაროში.