გახარებული მია ოთახს ალაგებდა. გასამგზავრებლად ყველაფერი მზად ჰქონდა, ბილეთების ასაღებად დილით წასულიყო, ტანსაცმლის ჩალაგებაც დაეწყო, ნოტები სამ საქაღალდეში მოეთავსებინა და ნახევრადჩალაგებული ჩემოდნის გვერდით დაეწყო. გულს მხოლოდ ის უმძიმებდა, რომ ლორეინმა ჯერ არ იცოდა მისი გამგზავრების ამბავი, მაგრამ იმის იმედით, რომ ქალს ძალიან გაუხარდებოდა, მოუთმენლად ელოდა. რაც ლორეინი სამსახურში წასულიყო, მიას ის არ ენახა, არც დაურეკავს, ქალი იშვიათად ურეკავდა და გოგონაც ცდილობდა, ზედმეტად არ შეეწუხებინა ის.
ოთახში სასიამოვნო ვანილის სურნელი იდგა.
გარეთ გადაუღებლად წვიმდა. სულ მალე დღეს ღამე შეცვლიდა, ლონდონის მკრთალად განათებულ ქუჩებს სიბნელეს მოახვევდა და თან მელანქოლიის სუსტ შეგრძნებასაც მოიტანდა. ასეთ დროს ბევრი რამ იცვლებოდა, თითქოს ფერებიც სადღაც იკარგებოდა და ირგვლივ მხოლოდ ლამპიონების სინათლეს ტოვებდა, არასასიამოვნოდ ყვითელს, ნაღვლიანს. ღამე ყველაფერს შთანთქმას უპირებდა.
მიამ ცარიელი ქილები ყუთში მოათავსა და საკუჭნაოში შეიტანა. ლორეინის მოსვლისთვის უნდოდა, ყველაფრის დალაგება მოესწრო. პატარა, დაბალჭერიან ოთახში საგრძნობლად ციოდა და ბნელოდა, ამიტომაც გოგონამ შესვლისთანავე ინსტინქტურად კედელზე ჩამრთველი მოსინჯა და ერთადერთი ნათურა აანთო. ოთახი ოდნავ განათდა. მიას საკუჭნაოში უცნაური გრძნობა იპყრობდა ხოლმე, ეშინოდა, თუმცა ამის აღიარება არაფრის დიდებით არ უნდოდა. აქაურობას იშვიათად სტუმრობდა და ახლაც ერთი სული ჰქონდა, საქმე მოემთავრებინა. ერთი ხელის მოსმით, სადამდეც წვდებოდა, თაროებიდან მტვერი გადაწმინდა, დანარჩენებზე ხელი ჩაიქნია. სოუსის ქილებს მარჯვენა კუთხეში მიუჩინა ადგილი, ჯემიანი ქილები კი პატარა კარადაში შეაწყო. ღვინის ბოთლებიც გადაამოწმა, მათი დათვლა ჩვევად ჰქონდა ქცეული, თვითონაც არ იცოდა, რატომ. ბოლოს თავისი თავით კმაყოფილმა ჯემიან ქილას დასტაცა ხელი და გაეცინა, ასეთი „გმირობისთვის“ ჯილდოს ნამდვილად იმსახურებდა.
მია უკვე გამოსვლას აპირებდა, როდესაც შემოსასვლელიდან საკეტის ჩხაკუნი შემოესმა. კარი უმოწყალოდ მიაბრახუნეს, რის გამოც გოგონა მოულედნოლობისგან კედელს მიეკრო და ჯემიანი ქილა ხელში მაგრად ჩაბღუჯა. არ იცოდა, რა ეფიქრა. უფროსწორად, იცოდა, უბრალოდ არ უნდოდა. არ უნდოდა, რომ ეს ლორეინი ყოფილიყო, გაბრაზებული და განრისხებული. შეეცადა, არასასიამოვნო აზრები თავის რამდენჯერმე გაქნევით გაექრო, ან დროებით მაინც გადაემალა. რაც არ უნდა მომხდარიყო, მია შეძლებდა სიტუაციის გამოსწორებას, ნუ, ყოველი შემთხვევისთვის, ასე ეგონა. საზარელ საკუჭნაოში მეტხანს აღარ გაჩერდა და კარი ფრთხილად გამოაღო. ლორეინი არსად ჩანდა. გოგონამ ცნობისმოყვარედ მოავლო თვალი იქაურობას, შემოსასვლელსაც გახედა, კარები ორი ჯაჭვით ჩაეკეტათ. აბაზანაშიც არავინ იყო.
– ეს როგორ გავიგო? – მოულოდნელად საძინებლიდან ოდნავ ჩახლეჩილი ხმა გაისმა.
მია მიხვდა, ასეთი ინტონაცია, კარგს არაფერს მოასწავებდა, თუმცა მაინც შეეცადა სიტუაციის განმუხტვას. ხელების დაყრას არავითარ შემთხვევაში არ აპირებდა და დარწმუნებული იყო, რომ ეს საღამო არ შეემატებოდა სხვათა რიცხვს, რომელთა გახსენებაც უსიამოვნო შეგრძნებას უტოვებდა.
– ლინ, ბერლინში მივემგზავრები, – მხიარულად წამოიძახა გოგონამ, – ტანსაცმლის ჩალაგება ჯერ არ დამიმთავრებია, იმ ყუთებს დღესვე ავალაგებ, გპირდები.
საძინებლის კარის ზღურბლზე ქალის სილუეტი გამოჩნდა. სასტუმრო ოთახში ბნელოდა.
– ვაპირებდი, შენთვის მეთქვა, მაგრამ უფროსმა დაგირეკა და ვერ მოვახერხე, – დამნაშავედ ჩაუშვა თავი გოგონამ.
საძინებლიდან მკრთალი სინათლე შემოდიოდა.
– ჯანდაბა, – ოდნავგასაგონად ჩაილაპარაკა ქალმა და კარს ხელი მსუბუქად დაარტყა.
– ლინ, რა დაგემართა? – შეკრთა გოგონა და გაკვირვებული თვალებით ქალს მიაჩერდა. ვერ მიმხვდარიყო, რას გამოეწვია ასეთი რეაქცია. მოჩვენებითი ამაღლებული განწყობაც უცბად ჩაუქრა.
ლორეინმა უხმოდ გადაკვეთა სასტუმრო ოთახი და დივანზე მძიმედ დაეშვა. ხელი პორტსიგარისკენ წაიღო, მაგრამ შეჩერდა და გადაიფიქრა. საზურგეს მსუბუქად მიეყრდნო, ფეხი ფეხზე გადაიდო და თვალები დახუჭა.
მია დაიბნა, მოვლენების ასეთ განვითარებას ნამდვილად არ ელოდა. არ იცოდა, როგორ დაეკავშირებინა თავისი წარმატება და ლორეინის კარზე მსუბუქად ხელის დარტყმა ერთმანეთთან. რამდენიმე წუთის განმავლობაში გოგონა ხმას არ იღებდა და ოთახში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდნილიყო, ისეთი, საუბრის წამოწყებას რომ ვერ გაბედავდი. დაძაბულობით გაჯერებული ჰაერი სუნთქვას აძნელებდა.
სასიამოვნო ვანილის სურნელი ნელ-ნელა ქრებოდა.
მია ფიქრობდა, წარმოიდგენდა, და რაც უფრო მეტს წარმოიდგენდა, გრძნობდა, როგორ ეპარებოდა წყენა. ამის შეჩერების ძალა აღარ ჰქონდა. ერთი მეორეს ემატებოდა და რაღაც გაურკვეველი გრძნობა ტალღასავით ფარავდა ყველა დანარჩენს. ფიქრები საღად აზროვნების უნარს არ აძლევდნენ, თავს მოხვეოდნენ და აიძულებდნენ, რომ მომხდარში, როგორც ყოველთვის, თავისი თავი დაედანაშაულებინა.
შეიძლება ლორეინისთვის მაშინვე უნდა მეთქვა, სახლიდან რომ გადიოდა – მიმეძახა.
ან უნდა დამერეკა, ვინ იცის?! უარესი არ იქნებოდა?!
ნუთუ ჩემი წარმატება არ გახარებია? არადა დილით სულ სხვანაირი იყო.
ასე უცბად რამ შეცვალა? სამსახურში მოხდა რამე?
ლორეინი სამსახურიდან გაღიზიანებული ხშირად ბრუნდებოდა, დავალების შემდეგ მოსული თითქმის საერთოდ არ ლაპარაკობდა ხოლმე, მაგრამ ახლა სულ სხვანაირად იყო. მია რაღაცას გრძნობდა. რას, თვითონ არ იცოდა. იმედგაცრუება მოსვენებას არ აძლევდა.
– არ მეგონა, ასე თუ გაგიხარდებოდა, – იმხელა წყენით წარმოთქვა გოგონამ, რომ ხმა აუკანკალდა. უნდოდა უფრო დამცინავად გამოსვლოდა, მაგრამ ვერ შეძლო. ამის ნაცვლად ხელი თვალებისკენ წაიღო და მომდგარი ცრემლები სწრაფად მოიწმინდა. წყენასა და იმედგაცრუებას ნელ-ნელა სიბრაზე ცვლიდა. უკან დახევას აღარ აპირებდა.
ლორეინმა მძიმედ ამოისუნთქა.
– ასეთი შანსი ყველას კი არ ეძლევა! ორმოცდაათი პიანისტიდან მე ამირჩიეს, გესმის? ბერლინში დავუკრავ! – ბოლო სიტყვები მიამ სიმწრისგან წამოიყვირა და მაგიდაზე ჯემიან ქილას ხელი ჰკრა. ცრემლების შეკავებას აღარ ცდილობდა.
– რატომ არ შეგიძლია ნორმალური იყო? რამე დაგიშავე? – გოგონა ხელებს უმიზნოდ იქნევდა, საკმარის სინათლეზე მია ასე ალბათ არც მოიქცეოდა, მაგრამ სიბნელეში მას არაფერი ზღუდავდა.
– რა ჯანდაბა არ მოგეწონა? რა გავაკეთე ამისთანა? – გოგონამ მაგიდას ფეხი ჰკრა, – უგულო ხარ!
ლორეინმა მუშტი ძლიერად მომუჭა, იმდენად ძლიერად, რომ ხელი აუკანკალდა, მაგრამ ჩაფიქრებულის განხორციელება გადაიფიქრა, ხელი პორტსიგარს დასტაცა და ოთახიდან გავარდა.
– სულ გარბიხარ! არც ახლა გაგიჭირდება! – დაუყვირა ბინიდან უკვე გასულ ლორეინს მიამ, სრულიად დარწმუნებულმა, რომ ქალი მის ნათქვამს ვერ გაიგებდა.
მაგრამ ლორეინმა გაიგო.