თავისუფლება – ეს არის ცნება, რომლისკენაც მიდის ყველა გზა, რომელთანაც დაკავშირებულია ადამიანის სოციალური ყოფა-ცხოვრება დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელიც ქმნის საფუძველს – ადამიანს ჰქონდეს არჩევანი და საკუთარი შეხედულებების მიხედვით იაზროვნოს, მოიქცეს, ურჩიოს, გადაჭრას ესა თუ ის პრობლემა და ა.შ. მართალია, ფართო და მრავლისმომცველი ცნებაა, მაგრამ მაინც ჯდება გარკვეულ ჩარჩოში, ანუ აქვს საზღვარი და სადღაც სრულდება. ყველა ადამიანს გააჩნია საკუთარი წილი თავისუფლება. ჩემი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც იწყება სხვისი და სხვის თავისუფლებაზე უხეში შეხებით, მიმაჩნია, რომ ვლინდება ადამიანის უპატივცემულობა სხვების მიმართ და ეს მეტყველებს მის “ფეხებზე მკიდია” ხასიათზე. თავისუფლებაზე საუბრის დროს, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის პერიოდებიც, როცა თავისუფლება იყო შეზღუდული და უფრო მეტიც: როცა არ იცოდნენ ამ სიტყვის მნიშვნელობა. მაგალითად: ფაშიზმი და კომუნიზმი. ეს ის დრო, როცა ვერაფერს მოუძებნი გამამართლებელ საბუთს, როცა სიტყვა კანონია, როცა ადამიანს არ შეუძლია გამოთქვას აზრი და როცა ადამიანს ეუბნებიან: ეს ასე უნდა იფიქრო. როგორც უკვე ზემოთ ვახსენეთ, თავისუფლება ვერ იქნება სრულყოფილი, თუ მასში არჩევანის გაკეთების თავისუფლებაც არ მოიაზრება. აღნიშნულ პერიოდებში ადამიანებს ართმევდნენ თავისუფლებას და ბელადები თითოეულის წილი თავისუფლებით ცხოვრობდნენ, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ თუ ადამიანს არ შესწევს ძალა გააანალიზოს გამიჯნოს საკუთარი და სხვისი თავისუფლება, იგი ვერასდროს იქნება თავისუფალი. რაც უფრო ღრმად განვიხილავთ ამ საკითხს, ჩნდება ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: რატომ საჭიროებს “არტახებიდან” გამოსული თავისუფლება “ჭოჭინას”?! ვფიქრობ, პასუხი მარტივია: იგი არათანმიმდევრულად განვითარდა. აკვნიდან გადმოსული ბავშვი სიარულს ვერ დაიწყებს. მას სჭირდება ის გარდამავალი და მოსამზადებელი პერიოდი, რომელსაც ჭოჭინათი გადის. თავისუფლებამ ბევრი მძიმე წუთი გამოიარა. შესაბამისად, მასაც სჭირდებოდა ერთი “ჭოჭინა”, რომლითაც შეძლებდა ესწავლა სიარული. ამის ნაცვლად მან აკვნიდან პირდაპირ სიარულს შეეჭიდა. მაშინ, როდესაც 21-ე საუკუნემდე ადამიანს წარმოდგენა არ ჰქონდა რა იყო თავისუფლება, 21-ე საუკუნეში პირდაპირ დავიწყეთ თავისუფლების გამოყენება მისი შეცნობისა და გააზრების გარეშე. ერთბაშად მივიღეთ თავისუფლება და სწორედ ამიტომ ვეჩეხებით ყოველთვის ადამიანის თავისუფლების დარღვევის ფაქტებს. “იყო თავისუფალი, არ ნიშნავს მხოლოდ მარწუხების და ბორკილებისგან გათავისუფლებას, არამედ ცხოვრებაში დააფასო სხვისი თავისუფლება და გაავრცელო ის” – თქვა ნელსონ მანდელამ. მართლაც: ადამიანებმა უნდა გაითავისონ საკუთარი და სხვისი თავისუფლების არსი და მნიშვნელობა. სანამ ეს არ მოხდება, ჩვენ ვერ შევძლებთ ჭეშმარიტი თავისუფლების შეცნობას და საკუთარ გულებამდე მიტანას.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!