ფანჯრიდან ქალაქს გადავყურებ. მაგიდასთან ვზივარ და ახალ ნაწარმოებს გეახლებით. არა, კი არ ვკითხულობ რომელიმე ახალ ნაწარმოებს, არამედ ჯერ შექმნის პროცესში ვარ, თუმცა გეახლებითს იმიტომ ვწერ, რომ ეს ნაწარმოები თავისთავად ნააზრევია, სიტყვათა გროვა ჩემს თავში, ამიტომაც შეგრძნება მიჩნდება, თითქოს ამ ნააზრევის მატერიალიზება რაღაცის ჭამა იყოს.
გარეთ ქვეყანა იხრუკება. სქელი, ხმაგაუმტარი, ვიწრო და მართკუთხედი ფანჯრიდან მზის სიმხურვალეს ვგრძნობ და გარემოს თანავუგრძნობ. სახლში გრილა და სიჩუმეა, მხოლოდ კლავიატურის ხმაური არღვევს კონფორტულ მყუდროებას. მაგიდის მარცხენა მხარეს საშუალო ზომის სარკე მოვიდგი. მიყვარს საკუთარი თავის ყურება შთაგონების სტუმრობის დროს. ალბათ ძალიან ბევრს უჩნდება სურვილი სხვადასხვა სიტუაციაში საკუთარ თავს შეხედოს, დააკვირდეს და სიამოვნება მიიღოს, თუმცა კი არ ვიცი რამდენი აკეთებს ამას. ეს საკითხი იმდენად უმნიშვნელო წვრილმანია, რამდენადაც უაღრესად პირადული, სრულიად ინსტინქტური. მაგრამ საკუთარ თავებს ხომ წვრილმანებსა და პირველყოფილ ინსტინქტებში საუკეთესოდ ვავლენთ ხოლმე?!
ვფიქრობ საკმაოდ პატარა ჩანახატი გამომივა, ცოტა ირონიულიც, თუმცა ირონია ხშირად ძალიან სასიამოვნოც შეიძლება იყოს. ნამდვილად არსებობს კეთილშობილი ირონია. ამაღელვებელი და აღმაფრენის მომგვრელი ცვლილებები, რომლებიც ირონიით არის სავსე… ეჭვ გარეშეა გიწევს ბედნიერ დოყლაპიად ყოფნა. შენს ცხოვრებაში, შენში და ყველა ასპექტში ათასი რამ იცვლება, მაგრამ უიღბლო არ ხარ, პირიქით, განებივრებულ არსებათ ითვლები, რომელიც ტრაგიკულ ან უზარმაზარ გარდამტეხ მოვლენებს იმდენად შეეჩვია, რომ ყველგან და ყველაფერში შეუძლია კომფორტის პოვნა.
ჩრდილის მეორე მხარეს უდიდესი ბედნიერება იმალება. ჩვენ კი, ყოველთვის ჩრდილისკენ ყურებაში ბედნიერებას ვერ ვამჩნევთ, არადა მას თუ დავუმეგობრდებით, თუ მივცემთ საშუალებას რომ შეგვაშინოს და მაინც შემოვუშვებთ ჩვენში, ფართოდ გავუღებთ კარს, თუ იმ ბედნიერებას გავუნაწილებთ, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ეთერივით იღვრება, აი მაშინ ჩვენი არსებობის მიზანს შევასრულებთ: -ნამდვილად ვიარსებებთ.
მე უკვე ყავაც მოვადუღე და მაგიდის მარჯვენა მხარეს მივიდგი. მე ვარ… ვინ ვარ მე? მე ვარ უამრავ სკოლა, საცხოვრებელ, უნივერსიტეტ, სამსახურ, ქვეყანა და პიროვნება გამოცვლილი ადამიანი… მყავს წინაპრები, ბევრი ნათესავი, მაქვს დაბადების ადგილი და რამოდენიმე საცხოვრებელი, ვფართოვდები ყველგან და ჩემს თავში. ემოციებით ვივსები და შემდეგ სრულიად გულქვა ვხდები; სამყაროს ერთიან ნაწილად ვგრძნობ თავს, ამასთანავე ვემიჯნები მას, როგორც უცხო გალაქტიკელი. ჩემი ტვინი სხეულს ვერ იცვლის, სული კი იცვლის, როგორც სხვადასხვა რეინკარნაციებში, ასევე ერთ კონკრეტულ ცხოვრებაში. სხვისი განზრახვები, აზრები, ემოციები, სამომავლოდ განსავითარებელი მოვლენები, შემიძლია ისე აღვიქვა, როგორც საკუთარი, ისე შევიგრძნო და შევცვალო, როგორც არქიტექტორი ცვლის თავის კონსტრუქციას. ის კი აღარ ვიცი ჩემი საკუთარი პროგრამა როგორღა შევცვალო, იდეები ამომეწურა. ახლა ავდგები, ავირჩევ რამეს, რაც ყველაზე მეტად მომწონს, რითაც ყველაზე მეტად ვიკარგები საკუთარ თავსა და სამყაროში, შემდეგ ყველას დავივიწყებ, დავიძინებ და გაღვიძების შემდეგ ჩემს მიერ შექმნილ ზღაპრულ სამყაროში აღმოვჩნდები, რომელიც დიახ, მე თვითონ შევქმენი. თუ კი მომბეზრდება ახალს ავირჩევ, სხვა შემთხვევაში ჩემს ქვეცნობიერს მობეზრდება და ეს ილუზიური სამყარო მაიძულებს იძულებით მივაგდო უცნაურად და გამიზნულად არჩეული ზღაპრული ცხოვრების ნაწილი და რამე უფრო მეტად გასართობი ან დრამატული ავირჩიო, ან იქნებ გავძლო, შევიყვარო სულით ხორცამდე და ერთ როლში ვისწავლო რაც სასწავლი მაქვს ამ ცხოვრებაში; სამყაროში, ამ გალაქტიკაში. უდიდესი მოწიწებით ვექცევით კოსმოსს, უზენაესს და ყოვლისშემძლეს, როგორც თქვენ, ასევე მეც. ასეთი კითხვები კი მებადება ხოლმე გამუდმებით: რამდენი და რამდენნაირი ღმერთი ყავს თითოეულ გალაქტიკას? ჩვენ რომ დიად მისიას ვასრულებთ , ჩვენი დაბადებით, განვლილი ცხოვრებით და სიკვდილით, რომელი უგონო ენერგიათა გროვა, რომელ კოსმოსში რა შედეგებს და აღმოჩენებს იღებს? მაინც რამხელა წვლილი გვაკისრია თითოეულ ჩვენთაგანს? ვინც არ ემხრობა მოსაზრებას, რომ ვინმეს რამე წვლილის შეტანა შეუძლია სამყაროში და რომ ღმერთი ყოვლისშემძლია და ყველაფერი მის ხელშია, მათთვისაც? არ გავს ჩვენი ცხოვრება საექსპერიმენტო ვირთხების ან აყროლებული კანალიზაციების ვირთხების ცხოვრებას?