ისევ გაისმა საშინელი მაღვიძარას ხმა, რომელიც ყოველ დღე შვიდ საათზე რეკავს. თითქოს რამეში მჭირდებიდეს ეს ნივთი ისედაც უძილობით დატანჯულს. დღეს თავს უცნაურად ვგრძნობ, მთელი ღამე ვფიქრობდი. ღამით, საბანში გახვეულმა ფიქრებით მთელი სამყარო შემოვიარე. გათენდა და მართლა მომინდა სადმე წასვლა. ეს აზრი იმდენად ამეკვიატა, რომ მისი რეალობად ქცევის სურვილმა მოსვენება აღარ მომცა. დიდი წვალების შემდეგ ვიპოვნე ჩემი საყვარელი მაისური, შემდეგ შორტი და ბოლოს კედები, რომლებიც უკვე სამი წელია მაქვს და ჯერ მხოლოდ ერთხელ მეცვა(ყიდვის დღეს რომ გავისინჯე მაშინ).
რამოდენიმე წუთში უკვე გარეთ ვიყავი. დილის გრილი ნიავი ნებისმიერ ყავაზე მეტად მაფხიზლებს, ენერგიით მავსებს და ნებისმიერ ყავაზე გემრიელიცაა. გული უჩვეულოდ ამიჩქარდა. მახსოვს ჩემს ქუჩაზე უამრავი მერცხლის ბუდეები იყო. ხშირად ვუყურებდი ხოლმე პატარა ბარტყები როგორ სწავლობდნენ ფრენას. მხოლოდ ახლა წარმოვიდგინე რას შეიძლება გრძნობდეს ფრინველი, პირველად გაფრენისას. მეც ზუსტად ისევე ვიყავი აღფრთოვანებული, როგორც პატარა ბარტყი, რომელიც პირველად გაფრინდა..
იმდენი ვიარე ქუჩებში სანამ საბოლოოდ არ დავიკარგე. არ ვიცოდი სად ვიყავი, რომელი გზით მოვედი ამ ადგილამდე და როგორ დავბრუნებულიყავი შინ. სიმართლე რომ გითხრათ, ჯერ არც მქონდა შინ დაბრუნების სურვილი. ვაგრძელებდი სიარულს და რაც მეტს დავდიოდი მით მეტად ვიკარგებოდი. მე თვითონ მინდოდა, რომ ნაცნობ ქუჩებს, ნაცნობ ადგილებს, ნაცნობ ხალხს მოვშორებოდი და სულაც არ ვნერვიულობდი იმაზე, რომ საბოლოოდ დავიკარგე.
უცნობი ადგილები იმიტომ მიყვარს, რომ მათ როგორადაც მინდა ისეთად წარმოვიდგენ ხოლმე. სანამ ჩემი თავი მყავს დაკარგულად არ ვითვლები. ამ ფიქრებში გართულმა ვიგრძენი, როგორ მოხვდა ჩემი ხელჯოხი რაღაცას. ალბათ სკამი უნდა ყოფილიყო. ხელით მოვსინჯე, ნამდვილად სკამი იყო. ბევრი არ მიფიქრია, კომფორტულად მოვკალათდი, ხელჯოხი გვერდით დავიდე და ფიქრი გავაგრძელე. ვუყურებდი ულამაზეს პეიზაჟს, რომელიც ჩემს წინ იშლებოდა. არსებობს ასეთი ხე, რომელსაც მტირალა ტირიფს ეძახიან. მე ის არასდროს მინახავს, მხოლოდ ლექსი მახსოვს ამ ხეზე. ახლა ჩემს წინ ზუსტად ასეთ ხეს ვხედავ. ალბათ ესაა მტირალა ტირიფი. მთელი ძალით ეჭიდება მიწას თავისი ფესვებით, რომ თავი შეიმაგროს და იმ ტბაში არ ჩავარდეს, რომლის ნაპირზეც ამოზრდილა. შორიდან მართლაც ისეთ ასოციაციას ტოვებს, თითქოს ტირისო. ეს ტბა კი მისი ცრემლების ტბაა. ნეტავ რა ატირებს ასეთ დიდებულ ხესთქო ვფიქრობდი, როცა შევამჩნიე, რომ გვერდით ვიღაც მომიჯდა და მომესალმა.
-რას უყურებ ასეთი ინტერესით?
-პეიზაჟს… ძალიან ლამაზია არა?
ვიგრძენი, როგორმა გაკვირვებულმა გამომხედა გოგონამ. მეც მალევე გავერკვიე სიტუაციაში და ჩემი პეიზაჟიც გაქრა. ისევ სიბნელე… ნუთუ მარტო ყოფნაა საჭირო, რომ როგორადაც მე მინდა ისეთად ვხედავდე სამყაროს?! გაკვირვებულ სახიანმა გოგომ ახლა ხმამაღლა გაიცინა. ვიგრძენი, რომ დაინტერესდა ჩემით. თან ალბათ შეამჩნია, რომ მე სულაც არ მეცინებოდა და ვერ გაიგო ჩემი სიტყვები მართლა ხუმრობა იყო, თუ არა.
-შენ გინდა მითხრა, რომ ამ დანგრეული შენობის ყურებით ტკბები?
სიბნელე გაქრა. ახლა ჩემს წინ სიძველით გაშავებული და დანგრეული კორპუსი აღიმართა. შიგადაშიგ ამოყრილი აგურებით. დაბზარული და უსიცოცხლო.
-სანამ შენ მოხვიდოდი აქ მშვენიერი პეიზაჟი მქონდა. ახლა კი მეც დანგრეულ შენობას ვუყურებ.
-უცნაური ვინმე ხარ. ვიფიქრე დახმარება გჭირდებოდა და ამიტომ მოგაქციე ყურადღება. თუ ასეა წავალ.
-არა, მე დახმარება არ მჭირდება. აი შენ კი… შენ აშკარად გაწუხებს რაღაც. რომ გკითხო სად მიდიოდი სანამ მე დამინახავდითქო რას მიპასუხებ?
-არ ვიცი, უბრალოდ ვსეირნობდი.
-იცი მე ფსიქოლოგი ვარ. უამრავ ადამიანთან მისაუბრია. უკვე ძალიან მარტივია ჩემთვის ადამიანების წაკითხვა. ხმის ტემბრი, საუბრის მანერა, სიტყვებს შორის პაუზები, სუნთქვა, ნერწყვის გადაყლაპვა, თვალის დახამხამებაც კი ისეთი დეტალებია, რომლებიც მე უზარმაზარ ინფორმაციას მაწვდის შენზე. შენი გულის ცემის ხმაც კი მესმის. ვერც წარმოიდგენ რამდენად ნათელია ჩემთვის ყველაფერი, რაც შენს ტვინში ხდება. შენც კი არ შეგიძლია ყველაფერს სახელი დაარქვა. აი მე კი შემიძლია. ასერომ მითხარი რაც გაწუხებს. მე კი მოგისმენ, როგორც ფსიქოლოგი. რადგან შენ ჩემი დახმარების სურვილი გაგიჩნდა, მადლობის ნიშნად მეც მინდა რომ დახმარება გაგიწიო.
-შენ მართლაც უცნაური ვინმე ხარ. მაპატიე, მაგრამ არც ფსიქოლოგს გავხარ.
-ანუ არ ვგავარ… თვალებს აძლევ უფლებას ის დაგაჯეროს, რასაც ისინი ხედავენ? რა თქმა უნდა, ყველა ასეა.
-ჰო ეგრეც უნდა იყოს მგონი არა?
– თუ შენ არაფერს ამბობ, მაშინ მე გეტყვი რაც გჭირს. მითხარი სასეირნოდ გამოვედიო არა? მე კი ვფიქრობ, რომ არ გაქვს ისეთი ადგილი, სადაც წასვლა გინდა. მარტოსული ხარ და ეს გტანჯავს. მეც მარტო ვარ, მაგრამ მე მსიამოვნებს ასე ყოფნა. შენ საკუთარ თავს აჯერებ, რომ არავინ გჭირდება, რადგან თვითონ შენ არ ჭირდები არავის. ჩემთანაც იმიტომ დაჯექი სასაუბროდ, რომ საკუთარ თავს საპირისპიროში არწმუნებ. გინდა დაიჯერო, რომ საჭირო ხარ, შეგიძლია ვიღაც გზაარეულს დაეხმარო, დაელაპარაკო. ჰო, მე დავიკარგე, მაგრამ ეს მხოლოდ ქუჩაში დაკარგვაა. აი შენ კი საკუთარ თავში ხარ დაკარგული და ეგ ბევრად დიდი პრობლემაა. ნაწყენი ხარ, გაბრაზებული და გაქცევა გინდა. რამე რომ გეთქვა შენს თავზე მაშინ უფრო კონკრეტულად გეტყოდი რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. შენ კი არაფრის თქმა გინდა. ალბათ ფიქრობ, რომ არავის შეუძლია შენი გაგება და ალბათ ასეცაა. თუმცა მე შემიძლია.
-შეიძლება ბევრი რამე დაემთხვა და თავიდან მართლა დავიჯერე, რომ ზებუნებრივი ნიჭი გაქვს ადამიანების წაკითხვის, მაგრამ შენ ძალიან ზოგადად ლაპარაკობ და ნებისმიერმა შეიძლება აღმოაჩინოს საკუთარი თავი შენ სიტყვებში.
-რაც მეტს ისაუბრებ, მით მეტს გამოამჟღავნებ საკუთარ თავზე. არ აქვს მნიშვნელობა რაზე ილაპარაკებ. შენი ხასიათი შენს თითოეულ სიტყვაშიც ჩანს. ეს ჩემთვის ნათელზე ნათელია. აი თუნდაც შენი ბოლო წინადადებიდან გამომდინარე შემიძლია გითხრა, რომ შენ გეშინია ტყუილის. იმდენად გეშინია ვინმემ არ მოგატყუოს, რომ ყველგან ტყუილს ხედავ. საფუძველი მაქვს ვივარაუდო, რომ საშინელი ტყუილის მსხვერპლი უკვე გახდი და სწორედ ამან განაპირობა, შენი შიშიც. ვგრძნობ იმ ტკივილსაც, რაც შენ ჯერ კიდევ არ გაგნელებია და რისი გამეორებისაც ასე ძალიან გეშინია.
-მე… მე უნდა წავიდე კარგი?
-რა თქმა უნდა. შენ “სასეირნოდ” იმიტომ გამოხვედი, რომ ამ ყველაფერს გაექცე. მე კი ნამდვილად არ გეხმარები ამაში. ასე იმიტომ ვიქცევი, რომ ვიცი, გაქცევით ვერ უშველი ამ პრობლემას. მოდი გასაგებად გეტყვი. რამდენიმე წლის წინ კბილი ამტკივდა, გაფუჭებული იყო და ნაწილი მომტყდა, ნაწილი კი ღრძილში დამრჩა. მტკიოდა, მაგრამ წამლის დალევის შემდეგ ცოტახნით მიყუჩდებოდა და მავიწყდებოდა. თუმცა მოულოდნელად ისევ მახსენებდა თავს. ვიცოდი, რომ ოპერაცია იყო საჭირო და ვცდილობდი თავი ამერიდებინა ამ საშინლად მტკივნეული პროცედურისთვის. ერთი წლის მანძილზე არცერთი ღამე მშვიდად არ მძინებია ამ კბილის ტკივილის გამო. მერჩივნა ეს ტკივილი მომეთბინა, ოღონდ ოპერაციისგან თავი ამერიდებინა. ყველანაირად ვცდილობდი გავქცეოდი ჩემ შიშს. თუმცა ყველას ცხოვრებაში არსებობენ ადამიანები, რომლებმაც იციან, რა არის უკეთესი შენთვის. ჩემ ცხოვრებაშიც აღმოჩნდა ასეთი ადამიანი, რომელმაც მაიძულა ჩემ შიშს მოვრეოდი. ასეც მოვიქეცი. 15 წუთში გამიკეთეს ოპერაცია, რომელიც მართლაც საშინელი და უსიამოვნო აღმოჩნდა, მაგრამ დღესაც ვფიქრობ, თუ 15წუთში ეშველებოდა ჩემ პრობლემას წელიწადზე მეტი რატომ ვიტანჯებოდი.
-არ ვიცი ეგ ისტორია ჩემთან რა კავშირშია და საერთოდ რატომ გინდა ასე ჩემი დახმარება?
-თუ ადამიანის დახმარება შეგიძლია, ეს სიამოვნება ხელიდან არასდროს უნდა გაუშვა.
ჯიბიდან ჩემი ოფისის მისამართი ამოვიღე და გავუწოდე.
-როცა მზად იქნები ფსიქოლოგიური უსიამოვნო ოპერაციისთვის, შეგიძლია მესტუმრო და აუცილებლად დაგეხმარები.
ჩემს სავიზიტო ბარათს დახედა, შემდეგ მე შემომხედა, შემდეგ ისევ ბარათს. ბოლოს მთელი გაოცებით და მორიდებით ჩუმად მკითხა.
-შენ ის უსინათლო ფსიქოლოგი ხარ მთელი ქალაქი რომ შენზე საუბრობს?
გამეღიმა.
