მოთხრობაში უნდა ყოფილიყო გამოყენებული შემდეგი სიტყვები:
2 წუთი, ინტერვიუ, სიზარმაცე, ფორმულა, ცვლილება, იდენტობა, უხერხულობა, წარმატება, დასასრული..
მოსაცდელში იჯდა და ნერვიულად ათვალიერებდა ირგვლივ ყველაფერს. ბევრი ერთმანეთთან დაუკავშირებელი ნივთი იყო აქა-იქ მიმოფანტული. ალბათ რეკვიზიტებიაო, გაიფიქრა. ისე ეყარა ყველაფერი, თითქოს ვიღაც უნდა მისულიყო და მიელაგებინა – ყველაფრისთვის თავისი ადგილი მიეჩინა.
2 წუთიც არ იყო გასული, რომ მისი ყურადღება გაღებული კარიდან შემოსულმა გრილმა ნიავმა მიიპყრო. ნერვიულობის ფონზე თითქოს მალამოდ მოეფინაო ეს სიგრილე.
გოგო შემოვიდა, რომელიც სწორედ მის წინ მოათავსა რეჟისორის ასისტენტმა. ამ ადამიანის შემხედვარე კი, თვით სიზარმაცეც კი თავის იდენტობაზე უარს იტყოდა და სხვა რამედ გადაიქცეოდა. ალბათ წინა ღამეს კარგად „იგულავა“ და ახლა ყველაზე ნაკლებად ამ დაბნეული ტიპების წინ და უკან მწყემსვა ენდომებოდა.
გოგო ლამაზი იყო. არაფორმალურად, თუმცა სადად ეცვა. სხვა ვითარებაში ალბათ ასე ახლოს მისვლას ვერც კი გაუბედავდა. ახლა კი მასთან ერთად სრულიად შიშველს მოუწევდა სცენაზე დგომა. თან ვის წინაშე?! ო, ღმერთო!
ისევ ნერვიულმა კანკალმა აიტანა.
წარმატების შემთხვევაში, მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მზადდებოდა.
კვლავ ხელში შერჩენილ განცხადებას დახედა:
„ფორმულა კრეატივი“ ადამი და ევას როლზე აცხადებს ინტერვიუ-კასტინგს ღმერთის ახალი სპექტაკლისთვის – „დასასრული – დღე მეექვსე!“