სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები საქართველოში

,,სამოქალაქო საზოგადოება მოქალაქეთა  ერთობაა,  რომლის საქმიანობა თავისუფალია  სახელმწიფოს მხრიდან  პირდაპირი ჩარევისგან.“  ეს სიტყვები ამერიკელ მკვლევარს,ლარი დაიმონდს ეკუთვნის. რაც,ჩემი აზრით ცხადად და მკაფიოდ აღწერს სამოქალაქო საზოგადოების არსს,დანიშნულებას,მნიშვნელობასა და მიზანს.

პირველ რიგში,აუცილებელია მოვძებნოთ განმასხვავებელი ნიშანი სამოქალაქო საზოგადოებასა და ჩვეულებრივ საზოგადოებას  შორის. ,,საზოგადოებისგან“ იგი განსხვავდება იმით, რომ მასში ინდივიდები მოქმედებენ კოლექტიურად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ინტერესებისა და იდეების გამოსახატავად, ინფორმაციის გასაცვლელად, საერთო მიზნების მისაღწევად, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად.

სამოქალაქო საზოგადოებას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. რაც არც თუ ისე მარტივია. ადამიანები კი,რომლებიც არიან სამოქალაქო საზოგადოების წევრები,ისინი ჩაბმულნი არიან ისეთ პროცესებში,რომლებიც არა მარტო მათთვის არის მნიშვნელოვანი,არამედ იმ საზოგადოების გაზრდისა და განვითარებისთვის,რომლის წევრებიც  თავად არიან.

ჩემი აზრით,სამოქალაქო საზოგადოება არ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც ცალკე მდგომი,განყენებული სტრუქტურული ორგანო,არამედ უნდა დავუნსხოთ ის,როგორც ღირებულებათა სისტემა. იმიტომ,რომ სამოქალაქო საზოგადოებას ქმნიან ისეთი ადამიანები,ისეთი მოქალაქეები,რომლებიც ლიბერალურ ღირებულებებს ატარებენ. ეს დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია. აქედან გამომდინარე,სამოქალაქო საზოგადოების წევრ მოქალაქეებს გააჩნიათ თანასწორობის,შემწყნარებლობის,კონკურენციის,თავისუფლების სიყვარულის,ინოვაციური მიდგომების,კანონის უზენაესობის,ცვლილებებისკენ სწრაფვის იდეა და ეს იდეები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელი მგონია,ვიდრე უბრალოდ ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა. ზოგჯერ მოქალაქეებს საკუთარი უფლებების დაცვა არ შეუძლიათ და სხვის უფლებებს იცავენ. თუ ეს ყველა იდეა ადამიანისათვის  არის მისაღები,მაშინ შემიძლია ვთქვა,რომ ის არის სამოქალაქო საზოგადოების სრულფასოვანი წევრი/მოქალაქე.

ძალიან მარტივ მაგალითს განვიხილავ…

ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია იქმნება იმიტომ,რომ დაიცვან უფლებები,დაიცვან საკუთარი მოსაზრებები და ა.შ. სწორედ ამიტომ,როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სამოქალაქო საზოგადოებაზე,მაშინვე გვახსენდება ე.წ NGO-ები. თუ ქმნი არასამთავრობო ორგანიზაციას და მთავარ დევიზად წერ : ,,არა ძალადობას“. ჩემი აზრით,ამას არ სჭირდება კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა. იმიტომ,რომ ამას ასობით ორგანიზაცია უკვე აკეთებს,თან საკმაოდ წარმატებულად და სახელმწიფოც აქტიურადაა ჩართული. გამოდის რომ,შენი პოზიცია უკვე არსებულს ემთხვევა და პირდაპირ კავშირშიც კია. თუ ესე ძალიან გტკივა გული იმაზე,რომ ძალადობა გაიზარდა და პრობლემის მასშტაბებიც იზრდება,გაწევრიანდი უკვე არსებულში. რა გიშლის ხელს ? მაგრამ,თუ შენ როგორც ცალკეული მოქალაქე ხარ იმდენად ძლიერი,მოტივირებული,მიზანდასახული,გაქვს გეგმები როგორ შეცვლი და გაქვს იმის ამბიცია,რომ სხვისაგან განსხვავებულად ებრძოლო პრობლემას,მაშინ თავად გააძლიერე ქვეყანაში არსებული სამოქალაქო საზოგადოება.

დღეს,საქართველოში ადამიანებს გვიჭირს რაღაცეების/ვიღაცეების კრიტიკულად შეფასება. კრიტიკული აზროვნების,ანალიზის უქონლობის,პრობლემების სათანადოდ შეფასებისა და სინთეზის სუსტი უნარები განაპირობებს ქვეყანაში სუსტ და ხშირ შემთხვევაში უძლურ სამოქალაქო საზოგადოებას. მაგალითად, იმ ადამიანებს,რომლებმაც ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა,მე ვერ აღვიქვამ კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებად. ილია იყო დიდი მოაზროვნე,კარგი კრიტიკოსი და უპირველესად მისაბაძი ლიბერალ-დემოკრატი და ამ ადამიანს შეუქმნეს ხატი,რომელიც ჩემი აზრით ცალკე არაფერსაც არ ნიშნავს. ადამინებს უკვე ვისაც უნდა რომ ილია გაიცნოს,იწყებს გაცნობას იმით,რომ ის წმინდანია. ამით დაიკარგა,ილიას,როგორც ჯანსაღი  სამოქალაქო საზოგადოების შემქმნელის არსი. მისი სიტყვები : ,,მამული,ენა,სარწმუნოება“ – სამოქალაქო ღირებულებებია. რომელიც გადაიქცა ანტისაზოგადოებრივ მოწოდებად. იმიტომ,რომ კორპუსის კედლებზე მიწერილი წარწერა უკვე ფსევდოპატრიოტულია.

ასეთმა მიდგომებმა,გააჩინა ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების გააზრების დეფიციტი. ჩვენ არ ვიცით ჯერ კიდევ,რას ნიშნავს იყო სამოქალაქო საზოგადოების წევრი.

,,არა პატრიოტიზმი,არამედ მოქალაქეობა, არა რელიგიური ფანატიზმი, არამედ მიახლოება ჭეშმარიტებასთან“. მერაბ მამარდაშვილის ეს სიტყვები ვერ გაიგო მაშინდელმა საზოგადოებამ და სახელმწიფომაც კი. იმაშიც დაადანაშაულეს,რომ მას სამშობლო არ უყვარდა და ურწმუნო იყო. ვერ გაიგეს,რატომ არის ჭეშმარიტება სამშობლოზე მეტი.

ყოველივე ამის გამო,მივიღეთ საკადრისი. რაც იმას ნიშნავს,რომ საქართველოში არ გვყავს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება,მხოლოდ რამდენიმე აქტიური მოქალაქე,არ გვყავს ძლიერი პოლიტიკური ძალები,გვყავს მხოლოდ პოლიტიკური პარტიები,რომლებიც ამტკიცებენ,რომ სამშობლოს სიყვარულით არ სძინავთ და თურმე ქვეყნის ბედი აწუხებთ. ეს ფსევდოპატრიოტული ლოზუნგები მარტივია. რადგან არ ითხოვს ფიქრს,აზროვნებას,კრიტიკულ აზროვნებას,ანალიზს,შეფასებას. ქართველებს ისე,ძალიან გვიყვარს მარტივი გზებით სიარული. რად გვინდა ზედმეტი თავის ტკივილი?

ამიტომ,უადვდებათ ჩვენი მართვა. რადგან ღირებულებების კლასიფიცირება არ გვაქვს.

თუმცა-ღა,როგორც ვთქვი არსებობენ ცალკეული მოქალაქეები,რომლებუც აუცილებლად გამონახავენ ხოლმე თანამოაზრეებს და გამოდიან უსამართლობის წინააღმდეგ. მახსენდება ე.წ ,,ანტიდისკრიმინაციული კანონი“, რომელსაც დაუპირისპირდა პოლიტიკური კლასი,ეკლესია,ადამინები,არასამთავრობო ორგანიზაციები,არადა ნამდვილად კარგი კანონპროექტი იყო. მაგრამ კანონპროექტის დაცვის მიზნით გამოვიდნენ ადამინები (მცირე ჯგუფი) რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ კანონპროექტს. ძალიან მომეწონა ეს ფაქტი. მაგრამ,ბრძოლა განსხვავებუდ მოაზროვნის წინააღმდეგ არც ილიათი და არც მამარდაშვილით დასრულებულა. კანონპროექტის მხარდამჭერების მიმართაც იგივე გაიმეორეს. ტაში მედიას,რადგან ნაცვლად იმისა,რომ არ მოეხდინა ამ ადამიანების მარგინალიზება,პირიქით,ხელი შეუწყო. საბოლოო ჯამში,ეს ადამინები მარგინალები და ,,არაპატრიოტები“ აღმოჩნდნენ. 

რატომ?

პასუხი ვერ მოვძებნე.

საერთოდ როგორ ესმით პატრიოტიზმი ჯერ კიდევ საკითხავია…

საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. პოლიტიკური ძალა,ნაცვლად იმისა,რომ სამოქალაქო ღირებულებებზე იყოს ორიენტირებული,ისინი  ცდილობენ ,,განსხვავებულად“ სინამდვილეში კი კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების მარგინალიზებას. ამას ხელს უწყობს მედიის დიდი ნაწილიც,რომელიც ნაცვლად იმისა,რომ იყოს თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი,ისიც ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენს მოაზროვნე ადამიანებს.

მიუხედავად ყველაფრისა,მაინც იმედი მაქვს,რომ სწორედ ცალკეული მოქალაქეები შეეცდებიან სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას. ძირითადად ახალგაზრდები,რომლებიც გაცილებით დამაჯერებლად,არგუმენტირებად,კრიტიკულად,მკაფიოდ საუბრობენ არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე და მათში,სამოქალაქო საზოგადოების არსისა და მნიშვნელობის გააზრების მაჩვენებელი საგრძნობლად დიდია.

facebook კომენტარები
Choose your Reaction!