განშორებისას საკითხავი …

Comments

მტკვრის სანაპიროს მივუყვებით, მდინარე მდორედ მიიზლანზება, კანალიზაციის სუნი დაჰყვება მდინარის ცივ დინებას, ხელები ჩავჭიდე, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს წავიდოდა და აღარასდროს აღარ დაბრუნდებოდა.

– ხელებიც ისეთივე ცივი გაქვს, როგორიც გული … უხმოდ ვუთხარი, მიხვდებოდა უთუოდ, გაიგებდა, ის ხომ აფრიკული ანაკონდა იყო, რას გამოაპარებდი.

ემანუელ! შენი აზრით, ამ მდინარეში მთელი ცხოვრება რომ ვაფურთხო მაინც არ შეწყვეტს დინებას?

  • შეშლილი ხარ სალი, ინსულინის აბებს მოგცემდი მაგრამ ვერ გიშველის.
  • ისტერიკული სიცილი დავიწყე, თავად შეშლილი ფსიქიატრი მე მიწოდებდა შეშლილს … ბედის ირონიაა ..

გზა განვაგრძეთ, ვუყურებდი მტკვრის მოაჯირებზე გადაწოლილ დარდებდაბრალებულთა სპეკტაკლებს, მეთევზეებს, როგორ აუღელვებლად ელოდნენ ტივტივების ჩაძირვას, ლოთებს ვუყურებდი, რომელთაც სახლში მსხვერპლადშესაწირი ცოლები ელოდნენ, მეძავებს ვუყურებდი და ვფიქრობდი რა სასაცილო არსებაა ადამიანი, რომ ყველაფრისგან ფულის გამოძერწვას ცდილობს, ყველაფერს ყიდის და აქირავებს საკუთარი თავის ჩათვლით, რომ ისევ საკუთარ თავს მიანიჭოს ბედნიერება.

– ემანუელ! შენი აზრით ტრაკით ნაშოვნი ფულით ნაყიდი ნაყინი უფრო გემრიელია თუ პატიოსანი შრომით?

– სალი, იოტისოდენა იმედსაც ნუ მიკარგავ რომ გეშველება რამე!

ვჩუმდები, არა, ნუ იფიქრებთ რომ შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, უბრალოდ ვიცოდი რაც არ უნდა მეთქვა მაინც ვერაფერს გაიგებდა, უაზროდ იხორხოცებდა და დამეზარა, ფიქრი განვაგრძე …

ძალიან მიხდებოდა შავი კაბა, როგორც ყოველთვის ოდნავ გამომწვევი და ზედმეტად გულღია ჩემსავით … წითელი პომადაც მიხდებოდა, ფეხშიშველი მივედი მის სანახავად, რომ მეორედ აღარ გასჩენოდა ჩემი ნახვის სურვილი. თუმცა, იმდენად თავდაჯერებული მივაბიჯებდი, რომ მეგონა ქარებიც მე მაწყდებოდნენ … კიდევ კარგი იქვე არავინ იყო რომ სარკე მოერბენინებინა და ეთქვა ჩაიხედე უბადრუკო ვინ გგონია საკუთარი თავიო …

  • ემანუელ! შენი აზრით ლამაზი ვარ?
  • არა სალი, ლამაზი არ ხარ.
  • არ დავასრულებინე თუმცა ვიცოდი მეტყოდა, სამაგიეროდ ის რაღაც გაქვს, რითაც ყოველგვარ სილამაზეს ჩრდილავო, ჰო კარგი, მინდოდა რომ ასე ეთქვა …

რა ჯანდაბაა! ციგნის ბავშვებიც ჩემს წინააღმდეგ არიან შეთქმულნი, მოეყარნენ აურაცხელი სიმრავლით და ჩამივარდნენ ფეხებში, როგორ მეზიზღებიან! როცა ფული მქონდა დედამიწის ზურგზე ყველა მათხოვარი ქრებოდა, ხოლო როცა დაობებული ჯიბით, ფეხით მივაბიჯებდი სახლში, აი მაშინ მოეყრებოდნენ ცხრა თაობით … ემანუელს გაჰყავს ისინი, სხვა მამაკაცები ალბათ მორიდებით მოეფერებოდნენ, ქალის შერცხვებოდათ, რათა უქონელი არ ჰგონებოდა და  ფულთან ერთად ალერსსაც მიაგებებდა, თუმცა თქვენც არ მომიკვდეთ ემანუელმა წიხლით გაიტანა ისინი, შეშლილი ფსიქიატრი, ვფიქრობდი ჩემთვის.

 რატომ მქონდა გამძაფრებული ყველა შეგრძნება მის გვერდით, ყველა კენჭსა თუ ქვას ვგრძნობდი, რომელზეც მივაბიჯებდი, ყველა ფოთლის შრიალს ვკინძავდი და შემოდგომის მელოდიებს ვწერდი …

მიყვარდა? არამგონია …

მეტროში ჩავედი მარტო, ის შეგრძნება მიყვარს აწყვეტილ ბრბოში რომ მიაბიჯებ ყველაზე ნელი ნაბიჯით, პრინციპში არსად მეჩქარება, ან კიდევ არსად არაფერი მესაქმება სადაც მივდივარ. ქვეგრიალას ველოდები, მეცინება ამ სიტყვაზე. მეტროში რომ დროის მაჩვენებელია ხომ იცით? აი მაგას მივაშტერდი, ოდნავ მოვჭუტე თვალები და წითელი და მწვანე ფერები ავურიე ერთმანეთში, მე ხომ ასე ძალიან მიყვარს ქაოსი. საშინლად ყარს ყველაფერი, კიბეზე დაყრილი ყვავილებივით ვარ, თაიგულის შეკვრის დროს ყვავილების გამყიდველი კარგებს რომ გადაარჩევს და ცუდებს ყუნწებს ატეხს, ან მთლიანად რომ გაისვრის უსულგულოდ. მერე ყველა ფეხს აბიჯებს, ზოგი შეუმჩნევლად, ზოგი ამჩნევს კიდეც და ეუცხოვება, მაგრამ მისი რა მიდის, მაინც აბიჯებს, ათას ბინძურ ნაფეხურზე გავლილი, მისივე ბინძური ფეხებით. დღეს შევნიშნე ასე მეტროს კიბეებზე, ერთი უცნაური თეთრი ყვავილის ნაგლეჯი და საკუთარი თავი მომაგონდა. აბა თუ გამოიცნობთ რა ვქენი? მეც დავაბიჯე ფეხი, მართლა როგორ ყარს ყველაფერი ! რა მყრალი სუნი იცის სულის სიბინძურემ!  ხვალ დილას განყოფილებაში ვარ დაბარებული, ალბათ იპოვეს ემანუელის ცხედარი მდინარეში, როგორ მეზარება ყველაფრის მოყოლა, უამრავი უაზრო კითხვები, ღმერთო …

ერთ რამეზე ვფიქრობ, ნეტა ყელში წაჭერილი თითების სილურჯე ლამაზად ეტყობა? არა და ვცადე ჩემი ლამაზი თითები ზუსტად ამომებეჭდა რათა მიმხვდარიყვნენ ვისი ქმნილიც იყო.

დამავიწყდა დენის ფული გადამეხადა, არც მქონდა ალბათ, ცივია წყალი, ნელი მოძრაობით ვწვები აბაზანაში, ხვალ ემანუელთან მაქვს მორიგი პაემანი.

facebook კომენტარები
Choose your Reaction!