– გასაგებია. და… მართა? მასზე რას იტყვით? – ცოტა ხნით კვლავ სიჩუმე გამეფდა. ღიმილი წაიშალა. სახეზე ვერც მწუხარებას იხილავდით, ვერც ბრაზს. ემოციათა ნარევი გაგების საშუალებას არ იძლეოდა. შიში, ცინიკური ღიმილი, ნერვიულობა, დარდი, შფოთვა… ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა. მიმიკების მუდმივი ცვალებადობა აღიბეჭდებოდა. მუხლზე ათამაშებული თითები. თავისუფალი ფეხი აუკანკალდა. თავს ერთდროულად მსუბუქი,მაგრამ მკაფიო, სწრაფი მოძრაობით სხვადასხვა მხარეს ამოძრავებდა. მარცხნივ. შუაში. კვლავ მარცხნივ. დაბლა. მარჯვნივ. გახშირებული, ღრმა სუნთქვა თან ერთვოდა ყველაფერს. ტუჩებს წამდაუწუმ ხან აღებდა, ხანაც კუმავდა. შიგადაშიგ კბილების ერთმანეთზე დარტყმის ხმასაც გაიგებდით.- მე მისი… მეშინია. – ფართოდ გახელილი თვალებით სწრაფად დასძინა. – ძალიან მეშინია, ექიმო. ძალიან. ჯერ მისგან სიტყვა არ გამიგია. აწ უკვე დიდი ხანია. დუმს. მაგრამ ვიცი…ვიცი… და მეშინია. – ხმა დაუწყნარდა. დაბალი, აუკანკალებელი, მშვიდი და ღრმა ხმის ტემბრით განაგრძობდა საუბარს პაციენტი ნომერი ცხრა. ყველა მოძრაობა შეწყვეტილიყო. შეერთებული ფეხები. ორივე ხელის გული მუხლებზე მოკალათებული. წელი – მოხრილი. კისერი – გამაგრებული, დაძარღვული. ფართოდ გახელილი თვალები. თავი ოდნავ წინ წამოწეული. პირი – ღია. წარბები მაღლა. ექიმს შესცქეროდა. მზერამოუშორებლად. – ის საშიშია. ძალიან საშიში. – საუბარი თითქოს არა ადამიანზე, არამედ დემონზე ჰქონოდა. ურჩხულზე. მოწიწებით ლაპარაკობდა. ნელა. – მუდამ მდუმარე. მუდამ. სიბნელეში დგას. მკვდარ, მკვდარ სიჩუმეში. უძრავად. თავჩაქინდრული. მის თვალებში ჩახედვის მეშინია. ვიცი მისი ფიქრები. მის აზრებს ვკითხულობ. ვგრძნობ. ვხვდები, რასაც ხედავს.- და, რას ხედავს?- მიცვალებულებს, ექიმო. – მკვდარი სიჩუმე ჩამოწვა მოკლე ხანს. კვლავ დაარღვია – მიცვალებულებს. წარმოგიდგენიათ? – ძველებურად ანერვიულებული სიცილით დასძინა – სიბნელეში იდგე. მუდამ. ხედავდე. მკაფიოდ ხედავდე. მკვდრებს. სულგამოცლილ, პირდაღებულ, დაბერებულ, დამჭკნარ სახეებს ხედავდე. უყურებდე, ისინიც გიყურებდნენ. უხმოდ გიყურებდნენ. შენ კიდე იდგე. მოძრაობის სურვილიც რომ არ გაქვს, ისე. თავჩაქინდრული. და ხედავდე. ხედავდე, როგორ კვდება ხალხი. ხედავდე ათასგვარ ტკივილს. განგმირული ტყვიით გარდაცვლილებს. დანით დაჩეხილებს. გაუპატიურებულებს. ყოველ დილით იღვიძებდე გარდაუვალ სიბნელეში. ვერ გრძნობდე გარშემო სამყაროს სიცოცხლეს. ვერ აღწევდეს შენს ტანში მზის სითბო და შუქი – თვალებში. სამყარო, რომ მუდამ ნაცრისფერი იყოს. ხანდახან – სერი. ყოველთვის გყინავდეს. მაშინაც, როცა გაგანია მზეში დგახარ. ტანსაცმელი არ გყოფნიდეს თავის გასათბობად. ვერ წყნარდებოდე ვერასდროს. შეკუმშულს, მოკუნტულს გეძინოს, რადგან ფეხებ და ხელებ გაშლილი წოლა არ გეკომფორტულება. უფროსწორად კი, გეშინია. გეშინია, მაგრამ რატომ? რისი? თავადაც არ იცი. გათენების გეშინოდეს… იდუმალი,ჩუმი ღამე კი გაწყნარებდეს. არ იძინებდე, მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ მზის ამოსვლა, ახალი დღის დადგომა გაძრწუნებს. აუხსნელ შიშს გიჩენს. წარმოგიდგენიათ? – დაჟინებით მიაცქერდა ექიმს, სახე უფრო ახლოს მისწია, გადაიხარა. – არა მითხარით, წარმოგიდგენიათ? მკრთალ ფერებში ხედავდე სამყაროს. თბილი არც ფერი არსებობდეს შენთვის და არც რიცხვი, როცა ყველაფერი ცივია. წელში გასწორება და ხელების გაშლა, უმიზეზო კანკალის გრძნობას გიჩენდეს, ოღონდ შიგნიდან. სხეულის შიგნიდან, შეიძლება სულიდანაც. სისუსტეს გრძნობდე კიდურებთაგან ყველაში. თითქოს ძალა არ გაქვს, რომ იმოძრავო. თითქოს, ძალა არ გყოფნის იმისთვის, რომ გამართულად იარო. მუდამ ტირილი გინდოდეს და ვერ ტიროდე. კონცენტრირებას ვერ ახდენდე ვერაფერზე. რადგან… რადგან ფიქრები არ გასვენებენ, ექიმო. ფიქრები არ გასვენებენ. საკუთარი აზრები, ნახატები, რომლებიც თავში გიტრიალებს. არ გასვენებდნენ. სისხლი. ტკივილი. შიშველი, გამხმარი ხეები. მომტირალი ქალი, ბავშვი, მოხუცი, კაცი, ყველა. შენ. თოკი. მარტოობა. მყარად შეკრული ყულფი. ბნელ ხაზთა გროვა, ადამიანის სახეს რომ შეადგენენ და კივის. უხმოდ კივის. პირღია, თვალის გუგების გარეშე. კივის. მუნჯი, უხმო კივილით კივის. ხმა არ ისმის, მაგრამ მკაფიოდ გრძნობ. წარმოგიდგენიათ? ხედავდე საკუთარ თავს მაღლა. ძალიან მაღლა. შორიდან ცარიელ, ბნელ ქუჩას გადმოჰყურებდე. შემდგომ კი ახლოდან. უფრო ახლოდან. სხეულში ქარის ფერებას გრძნობ. შემზარავი სიცივე სასიამოვნო ხდება. უფრო ახლოდან. ჩუმად იღიმი. უახლოვდები. უფრო. პირდაპირ ქვაფენილს უყურებ. და სიბნელე. უკუნითი სიბნელე. წყნარდები. – ხელები მხრების სიგრძეზე გაშალა. თვალები ნაზად დახუჭა, თავი უკან გადასწია. თითებით თითქოს დირიჟორის ჯოხები ეკავოს, მაგრამ ანსამბლს აშკარად არ მართავდა.ყოლით კი ჰყავდა. უძრავად გაეჩერებინა ჰაერში. – უბრალოდ წყნარდები. ვეღარ გრძნობ ყოველდღიურ მწუხარებას, დისკომფორტს, აუხსნელ და უმიზეზო შინაგან შიშს. კვლავ სიბნელეა, მაგრამ სიბნელეში შენ აღარ დგახარ. მისი ნაწილი ხდები მხოლოდ. ვეღარ განიცდი ყველაფერ იმას, რაც დიდი ხნის წინ დასახლებულა შენს შიგნით, სადღაც ღრმად და ახლა ბედნიერად გრძნობს თავს. მე მეშინია, ექიმო, ძალიან მეშინია. მეშინია, რომ ნიკოლოზი სუიციდს ჩაიდენს. ჰომ გაგიგიათ, ექიმო? ყველა თვითმკვლელის გონებაში, დგება წამი, წამი, როცა აუცილებლად ნანობ შენს საქციელს. ძალიან ნანობ. გწადია ყველაფრის გამოსწორება, უკან დაბრუნება. გრძნობ მოზღვავებულ წყურვილს, სიცოცხლის წყურვილს. ნანობ. ვაიმე, როგორ ნანობ. ხვდები შეცდომას. მკაფიოდ ხვდები. მაგრამ, ეს წამი იმდენად გვიან დგება, როცა უკვე, აზრი არ აქვს და უფრო მეტი სინანულითა და ტანჯვით ემშვიდობები ნანატრ სიცოცხლეს.
ინსომნია. (02)
Date
Comments
facebook კომენტარები
Choose your Reaction!
