მუზეუმის დერეფანში ხარ, უგზო-უკვლოდ დადიხარ. ოთახებს უყურებ გაოცებული, თითქოს რაღაცას ეძებ, მაგრამ არ იცი რას.
თვალი ერთ ოთახს მოკარი. მას პირველი სიყვარული ერქვა. რაოდენ გასაოცარია არა ? პირველი სიყვარული. მერე, რას ფიქრობ როგორ უნდა გაიგო პირველი სიყვარულის არსი ?იქნებ არ გინდა აქ შესვლა,იქნებ გეშინია აქ შესვლის,იქნებ ისევ გული გეტკინება,იქნებ ისევ გაგიცრუვდება იმედი ? ამას იმეორებ, იმეორებ…
ანარქიაა შენს თავში. გეშინია იმ გრძნობების ხელახლა განცდის,რაც წარსულში დატოვე. არ გინდა რომ იფიქრო.თუ იფიქრებ, გეტკინება, მაგრამ თუ არ გეტკინა ვერ გაიგებ რეალურად სად იყო პრობლემა.სულის ტკივილი თუ განგიცდია ? სიკვდილს ჰგავს. მარადიულ სიკვდილს.არც კი იცი, როგორ უნდა შეაღო ოთახის კარი. ფიქრობ, ბევრი კითხვისნიშანია შენს თავში. ,,კი“ – ,,არა“-ს ჭიდილი, ბრძოლა… და მაინც ,,კი“ უნდა შეაღო. შენ საკუთარი თავი შთააგონე.
და მაინც პირველი სიყვარული. სად წაიყვანე ? სად გააქრე ? შენი დაუდევრობით აღარ არის ?
შეიძლება კი, შეიძლება არა. იქნებ ოქროს ზღვარი გაავლო ამ ორს შორის. ვერ გაავლებ, რადგან არ არსებობს.
ბოლოს ხვდები, რომ შენ არაფერი გაგიქრია. თვითონ გაქრა.ორი სამყარო თითქოს ახლოს იყავით, მაგრამ ამავე დროს, ძალიან შორს. გეგონა, ფიქრობდი, რომ შენთან იქნებოდა სულ, მაგრამ რა ხდებოდა რეალურად ?
იკარგებოდა.
იკარგებოდა დღეებთან,თვეებთან, წლებთან ერთად.
დრო გადიოდა.
გეუბნებოდა, დრო არ არსებობსო, რადგან დრო თვითონ შენ ხარო… თავიდან ვერ ხვდებოდი. ბევრს ფიქრობდი, თუ რატომ არ არსებობდა დრო… შეიძლება ახლაც ვერ ხვდები. რადგან დროის სისწრაფეს გაჰყვა და გადაიკარგა შენი პირველი სიყვარული.
ადამიანზე შეჩვევას ხომ არ ჰგავდა ?
შეიძლება ერთი დიდი ილუზია იყო.
შენ ისევ დგახარ ექსპონატების წინ. ხან გცივა, ხან აღელვებულ ზღვაში დგახარ. გეშინია იქ დაკარგვის, ამიტომაც გამოდიხარ, რთულად გამოდიხარ აღელვებული ზღვიდან. თქვენი პირველი ურთიერთობის დღიდან ხომ ორი უცხოელი ხართ. ორი უცხოელი, სხვადასხვა სამყარო, სხვადასხვა აზრები, სხვადასხვა მისწრაფებები… მაგრამ ამას რა მნიშნელობა ჰქონდა, მთავარი იყო, რომ ერთად იყავით, პირველი სიყვარული ერქვა და არა ბოლო ან უკანასკნელი.
ეს მუზეუმის ყველაზე ნათელი ოთახი იყო.
