fbpx

შემოდგომის უკანასკნელი ფოთოლი

0

როცა იბადები, შენ არ წყვეტ , სად ან როდის მოევლინო დედამიწას.                         მე საქართველოში დავიბადე, შემოდგომას, როცა დედამიწა ოქროსფრად ბრდღვინავს, როცა მარჯნისფერი ქარვისფერს ერევა.                 ჩემი დაბადების თვე, სექტემბერი, რომ მიიწურა. ძველებურად სამხრეთისკენ იბრუნა მზემ პირი. შემოდგომამ კი , ცივი ცახცახით მოყვითალო ფოთლები მიწაზე დაყარა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ოქტომბერი იყო, წინა ოქტომბრისგან არაფრით განსხვავებული.  დღემ იკლო, ღამე კი უსაშველოდ დაგრძელდა. ფრინველები მიეშურებოდნენ თბილი ქვეყნებისკენ, გაურბოდნენ ფერმილეულ შემოდგომას. იყო უსასრულო წვიმები და უფრო ხშირად , ერთი ამინდი სცვლიდა მეორეს.  უამინდობისგან დაღლილს , ბაბუაჩემის მხიარული საუბარი მომენატრა. გამთენიისას, გავუდექი სოფლის გზას და რამდენიმე საათში მივადექი კიდეც მის სახლს. ირგვლის სიმშვიდე სუფევდა , ფერადი სამოსი ეცვათ ხეებს. ეზოში მდგარი ბებერი ჭადარი, ერთიანად ანთებულიყო, მის გამხმარ ფესვებზე ეტეოდა ჭრელჭრულა ფოთოლთა დასი. შემვდიოდი ეზოში და მინდორზე ნოხებად დაგებულ ფოთლებს ვადგამდი ფეხებს. ამოტივტივდნენ მოგინებები, ბებია გამახსენდა, დაღლილი, ცოცხითა და ფრაზით ” ნეტა როდის გახდის ქარი საბოლოოდ შემოდგომას ძონძებს?!” ამასობაში კარის ზღურბლს მივადექი, ფრთხილად დავაკაკუნე და აკანკალებული ხმით შევსძახე ბაბუ, ბაბუ. ცოტახანში ოთახიდან ფეხის ხმა შემომესმა. ღია კარში იდგა ბაბუაჩემი, თეთრი, გრძელი წვერითა და უკიდეგანოდ ღრმა თვალებით.მრავლისმეტყველი მზერა ჰქონდა მუდამ, ახლა კი გაოცება ამოვიკითხე, არ მელოდა. მისი დანახვისას მივხვდი, რომ ძალიან მომნატრებია. ელვის სისწრაფით მივეხუტე, საპასუხოდ ვიგრძენი როგორ მომხვია მკლავები. თმაზე მომეფერა და შუბლზე მეამბორა, ისე როგორც ბავშვობაში. ბაბუაჩემი, სიცოცხლის ყველაზე ტკბილი ნექტარი, ყოველ წელს უფრო ტკბებოდა და თბებოდა. სასაუბროდ რომ დავსხედით , შევამჩნიე , თითქოს იერსახე შეცვლოდა, თვალებში სევდა დასთამაშებდა. კიდევ უფრო გახშირვოდა თმაში ჭაღარა, თვალების უპეებზე ნაოჭებს დაითვლიდი.    მისი დაკოჟრილი ხელები ცახცახებდნენ და ვხვდებოდი  ბაბუაჩემი  ის აღარ იყო, ვინც უწინ. სახლიც სხვანაირი მეჩვენა, მხოლოდ შემოდგომა იყო ძველებურად ყვითელი. საუბრით გული რომ ვიჯერეთ, დასაძინებლად წავედით.ბაბუჩემის სახლი იყო, ერთადერთი ადგილი, სადაც ძილი მიყვარდა. რიჟრაჟზე , მისმა ფრთხილმა, მოზომილმა ფეხის ხმამ გამაღვიძა. როგორც კი გავახილე თვალები ზეზე წამოვდექი და ტანთ ჩავიცვი. მისაღებ ოთახში, რომ გავედი ხმელი შეშა იწვოდა ბუხარში და გათბობასთან ერთად, ნათელს ჰფენდა ოთახის ბნელ კუთხეებს. მაგიდაზე საშემოდგომო ხილი ელაგა, ბაბუაჩემი საჭმელს ამზადებდა ჩემთვის, ძალიან ლამაზი დილა იყო. ვხედავდი, როგორ დაეღალა ბაბუაჩემი მარტოობას და არ მსურდა მისგან წასვლა. მთელი შემოდგომა მასთან გავატარე. ოქტომბერმაც ჩაიარა და დადგა ცივი ნოემბერი. შეშის მოსატანად ტყეში წასულს, საოცარი სურათი დამხვდა, ტყე გაძარცვულიყო და ვინ იცის ნოემბრის ცელქი ქარი, საით მიაქანებდა ხმელ ფოთლებს. არადა ოქროსფერი დღეები ქმნიდნენ ილუზიას, რომ არასოდეს დადგებოდა ზამთარი, განა რას უნდა შეეცვალა შემოდგომის ყვითელი სახე? თუმცა დაითრთვილა მთები. ჟინჟლავდა და სუსხი ძველებურად ატანდა ძვლებში. მთის წვერიდან წვებოდა ნისლი. თუთის ფოთლებს კი, ძარღვებში სისხლი ეყინებოდათ. შინ დაბრუნებისას შევამჩნიე, როგორ ამოხეთქა იისფერმა კვამლმა საკვამურიდან და ჩამუქებულ ღრუბლებს შეუერთდა. ჰაერში ნესტისა და ფოთლების სუნი ტრიალებდა. დადგა დღე, რომლის დადგომასაც არ ვჩქარობდი. ქალაქს ვბრუნდებოდი. საოცარი იყო, ის ღამე სოფლად . შევამჩნიე, რომ ბებერ ჭადარს ფოთლები შეხმობია, გაუხდია ჭრელი სამოსი. შემოდგომის მშვიდ, მთვარიან ღამეს, ხმელი ფოთლის ხიდან მოწყვეტის, დაბლა დაცემის ხმაც ისმოდა. ისმოდა , როგორ ყეფდა ძილგატეხილი ძაღლი ჩახლეჩამდე და ნოემბრის ცივი, სუსხიანი ქარი არხევდა ხეზე გარჩენილ უკანასკნელ ფოთოლს. დილით დავტოვე ბაბუაჩემი. რამდენიმე დღეში , ნოემბრის მიწურულს ბაბუაჩემმა დამტოვა სამუდამოდ. ახლა ნოემბრის ოცდაათია. მთვარე, რომელიც ქვეყანას ხედავს, დედამიწაზე დაშიშვლებულ ხეთა ჩრდილებს სახავს. ხედავს, რომრომ სველ ბილიკზე ფოთლები პირქვე ყრია, რომ ყველა სკამი სველია ბაღში. თითქოს არავის ელის. ბალახი, რომელიც აღარ სუნთქავს ყვითელ ფოთლებში იმარხება.   მაინც გახდის ქარი შემოდგომას ძონძებს და ტოტზე გარჩენილი უკანასკნელი ფოთოლიც მოწყდება, მის აგილს კი სიცოცხლისფერი ფოთოლი დაიკავებს! 

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!