fbpx

შემოდგომის ამბავი

0

I. ყვითელი

-ხვალისთვის გვირგვინს არ ვიყიდით.

-რატომ?

-ჩვენით ავაწყობთ.

ფანჯრიდან გავიხედე, გარეთ მოკუნტული, გაყვითლებული ფოთლები ცვიოდა, ბაგა-ბაღისკენ არავინ მიემართებოდა და, არც არავინ მოემართებოდა იქიდან. ჩემი შავი, ოდნავ უხეში მატერიის ბერეტი დავიხურე და დედას წინ დავდექი, ყვითელი კაშნე ორმაგად მომხვია ყელზე და სულშეკრულმა, იმის იმედით, რომ დედაჩემი კმაყოფილი იყო, გარეთ გავაბიჯე.

ღმერთო ჩემო, ამ კაშნეში ვერ ვსუნთქავ…

მანტოს ჯიბეებში ხელები ჩავიწყვე, თუმცა მივხვდი, რომ სუსხს უმოძრაოდ ვერ გავუმკლავდებოდი. ირგვლივ უამრავი შეყვითლებული ხე იდგა, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგით და ერთ-ერთ მათგანთან მივედით. ჯერ კიდევ ფერადი ფოთლების გროვას ვუყურებდი, როცა დედამ ხელისგულზე მოხდენილი, ბევრი ყვითლითა და სულ ცოტა ნარინჯისფრით შეფერილი ფოთოლი დამიდო.  ხელი ღეროში მოვკიდე და დავაბზრიალე… როგორც ხდება ხოლმე, თითის წვერებით დავიჭირე და დავაბზრიალე. კარგად შევხედე, დავაკვირდი და მეც ფოთლების ძებნა დავიწყე. დროდადრო დედას შევავლებდი ხოლმე თვალს, პატარა ღიმილი ეტყობოდა, ოდნავ შეჭმუხნილ წარბებზე მიზანდასახულობა იკითხებოდა. ახლაც, აიღო ფოთოლი და თვალები მოჭუტა, ნახევრამდე თითქმის სავსე პარკში ბოლო ფოთოლი ნაზად ჩადო და მომიბრუნდა. მე კი, რადგან ყველაზე ხასხასა ფოთლები უკვე შემეგროვებინა, კმაყოფილებით შევხედე. სახლში დავბრუნდით. ბებოს როგორც ჩანს, სავარძელში ჩასძინებოდა, სათვალის მოხსნა დავიწყებია, როცა იღვიძებს, აღარ ახსოვს რომ უკეთია და ძებნას იწყებს. ფეხაკრეფით მივედი მაგიდასთან და ფოთლების პარკი დავდე. ჩემი ყვითელი კაშნე, რომელიც უკვე მოშვებულიყო, მოვიხსენი და მოვემზადე.

რიგრიგობით ვიღებდი თითოეულს, გონებაში კი მათ ერთად, გვერდიგვერდ, ლამაზად მიწყობილს წარმოვიდგენდი. დედა კუბის ფორმის ყუთით გამოჩნდა. ეს ყუთი ხშირად მინახავს, ბებო ხშირად დაიდებდა ხოლმე მუხლებზე,სათვალეს გაისწორებდა და ყურადღებით ეძებდა მასში რაღაცებს. ახლა უკვე მეც მომინდა მისი შიგთავსის ნახვა; კარადის ყველაზე ზედა თაროს ადგილს არასოდებს ტოვებდა ეს ყუთი. მე ისევ ფოთლებს მივუბრუნდი. მაგიდაზე ახალი საგანიც შევამჩნიე, სადა და ჩვეულებრივი, შავი ნაჭრის, უღიმღამო აბადოკი. დედამ ყუთი გახსნა, ფერადი ძაფების გორგლები გამოჩნდა, ხელში ნემსი აპრიალდა და პირველი ფოთოლი აიღო, აბადოკს ნემსით უჩხვლიტა და დაამაგრა.  ამასობაში  ფოთლების მიმწოდებლის მოვალეობა ავიღე ჩემს თავზე, დროდადრო დედა თავზე მარგებდა ჯერ კიდევ დაუსრულებელ ნამუშევარს. მე კი ასეთიც უკვე მომწონდა, წარმოვიდგინე როგორ ვიშრიალებდი როცა გავიკეთებდი.

ბოლოს, როცა ბაღში თავზე რაღაც მეკეთა, მაშინაც განსაკუთრებული დღე იყო, თუმცა, ისე მოხდა, რომ წინა დღეს, სათამაშოების ოთახში, ჩემმა ტოლმა გოგონამ ლოყასთან  ფრჩხილები ჩამასო და მოგრძო იარა დამიტოვა.  იმ დღის სურათები მამამ გადამიღო, ფარფატა თეთრ კაბაში გამოწყობილს ვერცხლისფერი გვირგვინი მადგას წაბლისფერ, საგულდაგულოდ დახვეულ გრძელ კულულებზე.  ვცეკვავთ, ხელები მაღლა მაქვს აწვდილი და ლოყასთან კი ჯერ კიდევ ახალთახალი იარა ყვირის.

დედამ ყუთს თავსაფარი დაახურა, კარადის ყველაზე მაღალ თაროზე შემოდო.

-ხვალ რა გინდა რომ გეცვას?

როგორც ყოველთვის, ყველაფერი გამიხარდებოდა, მაგრამ კონკრეტული ვერაფერი მოვიფიქრე.

-შენ ამირჩიე რა, ოღონდ ისეთი იყოს, რომ გვირგვინს მოუხდეს.

 II. კომში კომში კომარა

მშვიდად მეძინა. დედას ჩემი საყვარელი პლედი დაეფარებინა, თვითონ კი რამდენიმე საათის წინ გასულიყო სახლიდან. რომ გავიღვიძე, ზურგთან მხოლოდ საბნის საგულდაგულოდ მოკეცილი ნაპირები დამხვდა. საწოლზე წამოვჯექი, მზად ვიყავი, კორიდორი როგორც ყოველთვის, ხმაურით და როგორც ბებო იტყოდა, „ბაქი-ბუქით“ გამერბინა.  ამჯერად, კორიდორში მხოლოდ ჩემი ფეხის ხმა ისმოდა, დედას და მამას დამრიგებლური ხმები არ გამიგია.  ბებო ჩემს გაღვიძებას ელოდა და ხელში გოგლიმოგლის ჭიქით დამხვდა.

სანამ გოგლიმოგლის გემოს გავიგებდი, მამას ისტორიებს გემრიელ გოგლიმოგლზე აღტაცებით ვისმენდი ხოლმე. ერთ დღესაც, ბებოს ვუთხარი, რომ ყოველ დილით გოგლიმოგლს შევჭამდი… წარმოდგენაც არ მქონდა, როგორ მზადდებოდა და რითი.  ახლა კი, უკვე მესამე წრეს ვარტყავთ მე და ბებო ზალის ოვალური ფორმის მაგიდას.

-გული, ბებო, მაინც შენი შესაჭმელია…

„მაინც ჩემი შესაჭმელი“ ადრე მხოლოდ მაწონი იყო, სულ ცოტა ხანია რაც მას გოგლიმოგლიც დაემატა. როგორც ყოველთვის, ამ ფრაზის შემდეგ, მაწვნისაც და გოგლიმოგლის ჭიქასაც ვაცარიელებდი. ბებომ ეს თეთრი ჭიქა მე მაჩუქა, გაფურჩქნული წითელი და თეთრი ყვავილები ახატია. თავისთვისაც იმავენაირი იყიდა…

და ჰო, ჩემს ბებოსაც გული ჰქვია. ის ერთადერთი მეორე გულია, რომელსაც ვიცნობ.  მასაც უყვარს კომში, ბეწვის ქუდები და ტყეში სეირნობა. ზოგჯერ მის ოთახში ვიძინებ. გულზე ზურგით მიმიხუტებს ხოლმე და ახალგაზრდობის ისტორიებს მიყვება.

ბებომ თავისი საყვარელი შავი, ბეწვის ქუდი დაიხურა, მონაცრისფრო მანტო ჩაიცვა და კარი დაკეტა. კიბეები ჩავიარეთ. დანამულ ყვითელ-ნარინჯისფერ ფოთლებს ტრასაზე სწრაფად მიმავალი მანქანები ჰაერში აგდებენ, რამდენიმე წამის შემდეგ ხმაურით ეცემიან და  ასახმაურებლად ახალ  მანქანას ელიან.ბაღში მოვედი.  წვიმის წვეთები შალის ნაქსოვ ნასკვებზე ბზინავდნენ.  კარში გასვლამდე თავისი ხელებით შუბლიდან თმა გადამიწია და ჩვენი სიმღერა წაიღიღინა,

– „კომში, კომში, კომარა! – მომეც დიდი ტომარა!“,

მეც გავუცინე და გავაგრძელე: „-ბებოს მივურბენინებ, ბებო არ მაწყენინებს. გამომიტანს ჩურჩხელას, ამოდენას, ამხელას!“.  თავისი ქუდი წვიმის წვეთებისგან დაბერტყა და გარეთ გავიდა.

სათამაშოების ოთახში, კუთხეში მიყუდებული მუყაოს სავსე ყუთიდან თოჯინა თავქვე გადმოკიდებულიყო, გრძელი, ყვითელი ნაწნავები იატაკამდე წვდებოდა.  ფერადი ბოულინგის კეგლები წყნარად მიყუდებულიყვნენ კუთხის პირს, ზოგიერთ მათგანს ონავარი პატარებისგან გვერდზე ჩაზნექილი ადგილი ეტყობოდა. სულ მინდოდა ხოლმე საგნებში გავლა შემძლებოდა, კეგლებში შემეღწია და შიგნიდან ის შეჭყლეტილი ადგილი ისევ უკან გამომეწია, ჩვეულ ფორმას დამებრუნებინა… მაგრამ არა უშავს, ასეც კარგად ვთამაშობთ ხოლმე.

გვერდით პატარა ბიჭუნამ სათამაშო ავტო მანქანას ბორბალი მოაძრო და  გააგორა. სწორ ხაზზე გაგორდა და მანაც სიხარულისგან პატარა ხელები შემოკრა.  მე ბზრიალა მიყვარს. ყავისფერია და პრიალა. რაც უფრო ძლიერად დაატრიალებ, მით მეტ ხანს ბზრიალებს. ბევრჯერ ვაბზრიალებ ხოლმე, სულ მინდა უფრო ძლიერად დავატრიალო და დიდ ხანს ვუყურო.

დღეს ზეიმი გვაქვს.

III. ჩვენ

ყავისფერი, ოდნავ მტვრიანი პიანინო  სცენის კუთხიდან ცენტრისკენ გადადგეს. ჩვენი დამლაგებელი, მუდამ თბილი ქალბატონი, უმალვე ნოტიო ტილოთი მიუახლოვდა მას. კლავიშები გადაწმინდა და არეული ნოტები ჰაერში გაიბნა.

სართულებიანი საწოლიდან ჩამოვხტი, კარიდან სწრაფი ნაბიჯით შემოსული დედა დავინახე. ჩამიხუტა. თბილი თვალებით კარგად მაკვირდება, ასე იცის, რომ ვკითხე, ასე იმიტომ იქცევა, უნებური წუხილი ან უსიამოვნება რომ არ  გამოეპაროს ხოლმე. ჩანთიდან კოხტად დაკეცილი კოსტიუმი ამოიღო და მაჩვენა. ჯერ ზედა, მერე ქვედა. ფერადია, სახელოები და შარვლის ტოტები ყვითლით მთავრდება, დანარჩენი კი, წითელშია.  ციცქნა ყვავილის ღეროს დეტალები მიუყვება მხრებთან და საყელოსთან… ზუსტად ისეთია, შემოდგომისნაირი, მე რომ მიყვარს.

მამა თავისი კამერით გამოჩნდა. ყველა სურათს მამა მიღებს და ამ სურათების ალბომებსაც თვითონ აკეთებს. ობიექტივს მიღმა ახალ-ახალ სახალისო მეტსახელებს მეძახის და ამიტომ, ყველა სურათში ვიცინი. მამას კამერა ხელში უჭირავს, ბებო კი გვერდით უდგას, დანამული ხელთათმანების გახდა დავიწყებია. დედამ თმა გადამიწია და ფოთლების გვირგვინი გამიკეთა. მამა უკვე ობიექტივში იჭყიტებოდა.

დარბაზში ოდნავ გრილოდა. ყველა ფერადები ვიყავით, ფერადი კომბინეზონებითა და კაბებით, ქუდებით, წითელი ჩოხებითა, ზოგიც მოხდენილად შემობლანდული ყაბალახებით. თვალებით ჩემს სამ ადამიანს ვეძებდი, გულდამშვიდებულმა ლექსი მოვყევი და ნაბიჯი უკან გადავდგი. ფარდა დაეშვა.

ახლა ოცი წლის ვარ, ლოყასთან იარა აღარც მეტყობა. იმ დღეს შემოდგომის დედოფალი ვიყავი.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!