რა მსურს, არ მესმის, გრძნობას ვთესავ, მოვიმკი ტკივილს,
ხელში მადნება თვითმკვლელობის ცივი დამბაჩა,
კლდის პირას ვდგავარ და სამყაროს წინაშე ვყვირი:
„ჯერ რა ვიყავი, ახლა კიდევ ჩემგან რა დარჩა!!!“
გონდაკარგული უკან მოვდევ მოხავსულ ბილიკს,
გზად უცხო ვინმე თმავერცხლილი მოხუცი მხვდება,
„გამარჯობაო“ მეუბნება, თან ოხვრით ჩივის:
„წყურვილი მახრჩობს და შენ შეგხვდი, ჯეელო, ბედად.
შენს ყვირილს ვუგდე, უნებურად, ბებრული სმენა,
მითხარი ერთი, რა გადარდებს, შვილო, ასეთი… “
მე დავიბენი, ცოტა შემრცხვა, ამოვთქვი ძნელად:
„რაც სითბო ვთესე, არ მიბრუნდა უკან არც ერთი.“
დაფიქრდა, ჩემი გამოწვდილი მოსვა სასმისი,
ხელში დამბაჩა დამინახა, აენთო უცებ:
„შენ რა გგონია, თუკი ამას თავში დაიხლი,
გეშველება და სულ ერთ წამში გახდები უკეთ?!“
მომწვდა და ერთი მოძრაობით ამართვა სწრაფად,
კლდეს დაუმიზნა, გაისროლა, გაისმა ჯახი,
„ახლა შეხედე, დააკვირდი ნატყვიარს კარგად“,
მივედი ახლოს, ერთ მტკაველზე სხვა ტყვია ვნახე.
„წლების წინ, შვილო, მეც ამ გზაზე დამბაჩით ვიდექ,
მოწყურებული მეც მოხუცი შემომხვდა გზაზე,
მითხრა: წლებია გულსჩახვეულ მეც ტკივილს ვითმენ –
ამართვა თოფი, დააჭექა იგივე ხმაზე,
თან დააყოლა – შენ გაქვს მხოლოდ სიცოცხლე ერთი,
ეს ტკივილებიც გაივლიან, წლები ჩაივლის
და სანამ სასხლეტს გამოკრავდე, გახსოვდეს ღმერთი
და ჩემი სიტყვა, როცა ამ კლდეს ახლოს ჩაუვლი.
ხომ ხედავ, შვილო, მოვიყარე ამდენი წლისა
და დღემდე ისევ სიჩუმეში ამ ბილიკს ვბლანდავ,
ასეა ახლაც, ჩემს სიცოცხლეს სიცოცხლით ვიცავ,
ტყის ნაპირებზე შემორჩენილ ტკივილებს ვფანტავ.“
ეს იყო მხოლოდ და გამშორდა მოხუცი უცხო.
რა მსურს, მე მესმის, გრძნობას ვთესავ, არაფერს ველი,
კლდის პირას მომდგარ დამბაჩიან ყმაწვილებს ვუცდი,
ვგრძნობ, მეც უჩუმრად მევერცხლება თმა-წვერი ნელა.
~ ბ.ბ. ~