20/07/2018
21:13 წუთი
წესით,წელიწადის ამ დროს,ქარელში უნდა ვიყო. საკუთარ ოთახში ტკბილად მოკალათებული ვიჯდე მაგიდასთან და წიგნის წერას ვაგრძელებდე,მაგრამ დღეს ასე არ ხდება. ახლა ზაფხულის სამი დღე ჯვარში უნდა გავატარო. მოლოდინი უკვე მოუსვენრობად მექცა. ჯერ არც ბარგი ჩამილაგებია,ბილეთიც კი არ ამიღია,თუმცა მონიკა ამბობს,რომ ეს პრობლემა არ არის.
მონიკა ჩემი მეგობარია და ჯვარში,სწორედ მასთან მივდივარ.
21/07/2018
დილიდან თბილისში ვარ. განსაკუთრებული არაფერი ხდება,თუ არ ჩავთვლით რომ გამგზავრების წინა დღეა. საბოლოოდ ჩავალაგე ბარგი და 5 საათზე დავწექი,თვალის მოტყუების მიზნით.
22/07/2018
,,გათენდა,ცეცხლის მზე აენთო,აცურდა,დროშები ჩქარა!“ ფანტასტიურ განწყობაზე ვარ. მონიკაც უკვე ,,დავთაგე“ facebook-ზე. ჩავიცვი სადად. უმაკიაჟობა ვარჩიე. (ძალიან მიყვარს გაპრანჭულად სიარული) ვცდილობდი,არაფრით ვყოფილიყავი გამორჩეული. უცნაური შეგრძნება მქონდა. ზურგზაკში, ჩემთვის ძვირფასი რამდენიმე ნივთი ჩავდე. ორი ფოტოსურათი და ,,ბლოკნოტი.“ ,,სადგურის მოედანთან“ მონიკას შევხვდი. წვენები და ,,სგუშჩონიანი“ კაკლები ვიყიდეთ დავსხედით. მატარებელი თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით 8 საათზე პირველი ბაქნიდან დაიძრა. მონიკამ დაიძინა,მე კი დროის გაყვანის მიზნით მუსიკის მოსმენა გადავწყვიტე.
ზუგდიდში ჩასულებს მონიკას მამა დაგვხვდა. გულთბილი სალამი და ,,მამაშვილური“ ჩახუტების შემდეგ მანქანაში ჩავსხედით და სახლისკენ მიმავალ გზას დავადექით.
სულ სხვანაირი ბუნება,სულსხვანაირი გარემო,სულ სხვანაირი ადამიანები,სხვანაირი ბავშვები,სხვანაირი ქუჩები და მაღაზიებიმ მზეც კი სხვანაირად ანათებს,სხვანაირია ღრუბლის ლაქები,ჩიტები სხვანაირად ჭიკჭიკებენ. (ასე მეგონა მე,21 წლის ,,დიდ ქალაქიდან“ ჩასულ ჟურნალისტ გოგონას)
მე უკვე ჯვარში ვიყავი. მთელი ტანით ვგრძნობდი ბედნიერებას,დავრწმუნდი რომ ბედი და იღბალი შინაარსობრივად ნამდვილად განსხვავდება ერთმანეთისგან. მე იღბლიანი ვარ. მე პირველად ვსტუმრობდი აფხაზურ ოჯახს. პირველად უნდა დამედგა ფეხი ,,აღთქმულ მიწაზე.“
ეზოში შევდივართ. მამა ეზოს პატარა ხის კარს აღებს და ომახიანად იძახის: ,,ჯილდა მოვედით.“ სახლი ეზოს კარიდან ოდნავ მოშორებით დგას. პირველად ვეხები ახალ მწვანე ბალახს, აი ისეთს მხოლოდ სურათებში რომ მინახავს. ეზო მოვლილია. მწვანე ბალახი ბიბინებს,გეგონება სავარცხლით დავარცხნესო. მონიკას დედა გვეგებება ხელებგაშლილი და გულში გვიხუტებს. ხელკავს გვიყრის და შევდივართ სახლში.
მე პირველად შევდგი ფეხი ,,გაღმა ნაპირზე“ მცხოვრებთა სახლში. ავღელდი,თან მიხაროდა,სახეზე ალო მომედო. მიხაროდა, რომ მე გავიმარჯვე გაბატონებულ შეხედულებებზე. მე დავამსხვრიე სტერეოტიპები. მე ბავშობის ოცნება ამიხდა,ახლა ისე,როგორც არასდროს ვგრძნობდი ოცნების ძალას.
გასაოცარი ბუნება,განსხვავებული მცენარეული საფარი,წამით გაფიქრებინებს,რომ შეეხე წარსულს და ,,მოგონილი ისტორიის სახელმძღვანელოს ფურცლებზე“ (ეს არ არის ისტორია,რასაც დღეს სკოლებში ასწავლიან) კი აღარ დაბოდიალობ,შენ თვითონ გაქვს შესაძლებლობა ამ არაჩვეულებრივი გარემოს ნაწილად,ცოცხალ ელემენტად იგრძნო თავი.
მონიკას მთელი ჯახი დიდი სიყვარულით,გაშლილი ხელებით,თბილი გულით და სავსე მაგიდით შემხვდა. ბებია მეკითხება:
– თბილისში რა ხდება?
– მშვიდობაა.
ერთხანს მიყურებდა,მერე ფიქრს მიეცა წამით და მითხრა:
,,განა შეიძლება ამას მშვიდობა დავარქვათ? პოლიტიკოსები ერთმანეთს ჭამენ,ბავშვებს შიათ,გამუდმებით რაღაცას აფეთქებენ,წვავენ. ოჰ. თანამოძმეებს არ შეუძლიათ ერთმანეთის გვერდით მშვიდად ცხოვრება.”
შემრცხვა და ვინანე დაუფიქრებელი პასუხის გამო. (თბილისში ნამდვილად არ არის მშვიდობა). შემატყო უხერხულობა და საუბრის თემა შეცვალა.
დავისვენე. ,,დავბინავდი“ და ქალაქში გავედი. გზაში ბევრ ადამიანს შევხვდი. ყველას აინტერესებდა ,,სტუმარი“. მიღიმოდნენ.
გამორჩეულად გოგიტა დამამხსოვრდა.
,,ძალიან მენატრება კახეთი. კახელები და ნეტა კიდევ ერთხელ მაქეიფა ყალაბეგაშვილების ოჯახში. აუფ… (თვალზე ცრემლი ადგება) ერთი გოგო მიყვარდა. ჰო,რა ერქვა? (ფიქრობს) ნანა,ნანული…“
23/07/2018
ვცდილობდი დამემახსოვრებინა და მენახა რაც შეიძლებოდა მეტი. ვაღიარებ,არ ველოდი ასეთ შეხვედრას (ოხ,ეს სტერეოტიპები). საოცრად ტკბილი და გულღია ხალხი ცხოვრობს. ყველა საკუთარ თავში ,,მოქცეული” გაჰყურებს ენგურს,წინ ჰორიზონტს და ცოცხლობენ ფრაზით – ,,ჩვენ დავბრუნდებით!..“
ძალიან შემიყვარდა მონიკას ბებიასთან საუბარი. ახალგაზრდობის,ომის,უახლესი ისტორიები იშლებოდა . მისი შავი თვალებიდან ხან სევდა და ხან სიხარული და ხანაც უიმედობა იმზირებოდა. დამშვიდობებისას მთხოვა: ,,რომ დაბრუნდები ჩვენზე დაწერე (იცოდა რომ ჟურნალისტი ვარ),მოყევი ის რაც განიცადე. ოღონდ რამე დაწერე.“
ბებია მიიჩნევს,რომ ჩატეხილი ხიდის გამთელებაში ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენ უნდა გავიცნოთ და გავაცნოთ,ვნახოთ და ვანახოთ. ჩვენ უნდა დავიწყოთ დიალოგი.
მე დავპირდი,რომ დავწერდი,მოვყვებოდი მათ ოცნებებსა და მიზნებზე.
18/09/2018
ამბავს ახლა ვაგრძელებ. სამმა დღემ ჩემი სამყარო ამოაბრუნა.
ჯვარში ყოფნისას რამდენიმე აფხაზს შევხვდი. ყველა მახსოვს ძალიან კარგად და სახეები – კიდევ უფრო ცხადად.
,,ნეტავ როდის დავივიწყებთ ყველაფერს. დავბრუნდებით განა? შევძლებთ ერთმანეთის გვერდით ძველებურად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას? ნეტა თუ ოდესმე გავაცნობიერებთ,რომ ,,ჩვენ“ და ,,,თქვენ“ არ არსებულა,არ ახსოვს ისტორიას (სახეზე ცრემლი ადგება) მტრები არასდროს (იღიმის) ვყოფილვართ. ეს არის ლაქა,რომელიც დარჩა და სვრის ისტორიის ფურცლებს. ეს ლაქა უნდა ამოირეცხოს” (სახეზე ალი ედება,ცხარობს,ღელავს). ჭიქას სწევს 79 წლის მანუჩარ ბაბუა და მიჭახუნების ხმით ვხვდები,რომ ჭიქა მეც ამიწევია… გაგვიმარჯოსო! ქართულად თქვა და დალია.
იმის წარმოდგენა,რომ თურმე აფხაზურ ოჯახში ქართულ-აფხაზური მეგობრობის სადღეგრძელოს ყოველ საღამოს სვამენ,მიჩენდა ეჭვს,რომ ქარელში,ჩემს ოთახში ტკბილად მოკალათებულს მეძინა და ვხედავდი ტკბილ სიზმარს. თუმცა,ეს რეალობა იყო,რომელიც ყურძნის კომპოტის არომატით ვიგრძენი (ცხარე არაყი იყო).
19/09/2018
კარგად მახსოვს ბებია სემა. წელში ოდნავ მოხრილი,ბნელ ოთახში მაგიდასთან მჯდარი კარტით ხელში. როცა ვკითხე საკუთარ ცხოვრებაზე,შინდისფერი მოძველებული ტყავის ჩემოდანი გამომიტანა. აი ეს არის ჩემი მთელი ცხოვრება. ჩემი წარსული და მომავალი. აქ ჩემი სიყვარული სუნთქავს,ჩემი მიზნები და ოცნებები აქ არის. სულ ყველაფერი აქ არის. (თვალზე ცრემლი ჩამოუგორდა) ,,ზმეიკას“ უჭირს გახსნა. (თავშლის ბოლოთი იწმენდს,ცდილობს არ შევამჩნიო) ,,დაძველდა შვილო“ (ამოილუღლუღა)
ჩემს თვალწინ იშლება 27 სექტემბრამდე არსებული სოხუმი და სოხუმელები. (მიჭირს შევეხო თითოეულ ფოტოს)
– დრო… ფოტო...
– ვერ მიგიხვდით? (ვცდილობ ყველა ემოცია დავიჭირო,სიტყვა არ გამომრჩეს)
– დრო ფოტოსაბეჭდი მანქანაა,რომელიც ყველაზე მკვეთრ კადრებს ბეჭდავს. ფოტო გადარჩენილი კადრების საცავია.
აიშატი და საიდი მახსენდება,როცა აფხაზეთზე ვფიქრობ. მე-9 კლასში არიან და უკვე ღიად საუბრობენ ტოლერანტობაზე,მშვიდობასა და თავისუფლებაზე. აი,სწორედ ,,ეს ბავშვები უნდა ვაჩვენოთ ჩვენ მსოფლიოს…“
მიჭირს თავი მოვუყარო ყველაფერს,რაც სამი დღის განმავლობაში ვნახე და განვიცადე. ქუჩები,ადამიანები,მზის სხივები,სიმყუდროვე,სისადავე და რაღაც კიდევ ამ ყველაფერზე მეტი. ადამიანები,რომლებსაც აი ზღვის სურნელიც კი ენატრებათ,საკუთარი მიწა,მეგობრები,ნათესავები,თეთრი თოლიები,ევკალიპტები,პალმები, თითოეული ხე და ბალახი ენატრებათ.
მახსენდება ასტანი (ცისფერთვალება) მეყვავილე,პროფესიით ისტორიკოსი.
– საშინელ ტკივილს ვგრძნობ. ყველა დავკარგე,მხოლოდ ერთი მეგობარი დამრჩა ამ დედამიწაზე,ისიც კილომეტრების მოშორებითაა. ომში დედა დავკარგე,მამა,4 წლის ძმა და ჯერ არ დაბადებული მზიკო...
19/09/2018
13:11
რა შეიძლება ითქვას ამ ყველაფრის შემდეგ?
ალბათ,მხოლოდ ის,რომ ვიმოგზაურე და მოვყევი 😊
მე იქ ინფორმაცია გრძნობად დონეზე მივიღე.
სასწაულია,როცა შენი თვალით ხედავ, შენვე როგორ ამსხვრევ გაბატონებულ სტერეოტიპებს გამოგონილ მტრობაზე.
დღეს, ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ. მიუხედავად ამისა, ვიღაც მაინც აგროვებს ნიჟარებს, ფოტოებს, ვიღაც ხალხის ხმას, ვიღაც ფულს…
მე? მე განცდები შევაგროვე. თვალებიდან წამოსული და სახეზე აღბეჭდილი განცდები, რომლებიც პირად ბედნიერებად ვაქციე.
ბებია თვლიდა, რომ არსებულ სტერეოტიპებზე და იმ ლაქაზე, თითქოს ქართველები და აფხაზები ერთმანეთის მტრები არიან, რომ მათ არ უნდათ მეგობრობა, რომ ,,ჩვენ” და ,,ისინი” ისტორიულმა წარსულმა ,,შექმნა” – ამაზე უნდა დამეწერა.
13:16
ბებია, მე აუცილებლად დავწერ ლაქაზე, რომელიც დარჩა ისტორიას!
ავტორი:
ეთო ბიქოშვილი, ჟურნალისტი