fbpx
0

და მე დავრბოდი… თავსხმა წვიმისა და საშინელი ქარის მიუხედავად დავრბოდი და არ მაინტერესებდა რა ხდებოდა ირგვლივ. მე უნდა მერბინა, უნდა დავწეოდი. ვიცოდი, რომ სადღაც წინ იყო, თუმცა ძალიან შორს ჩემგან. არ ვფიქრობდი, არაფერი მაინტერესბდა. არ შეიძლებოდა გამეშვა ის ჩემი ცხოვრებიდან. არ უნდა დავნებებულიყავი…

  • ვანო! – ტირილისა და შეუჩერებელი სირბილისგან ხმა შემეცვალა. უნდა მიპასუხოს, უნდა მიპასუხოს. არ შეიძლება ასე უბრალოდ გაქრეს. – ვანო! – ვღრიალებ. საბოლოოდ ვჩერდები. ვბრუნავ. მარჯვნივ, მარცნივ, ამჯერად უკან. – ვანო! – ვერსად ვხედავ. წვიმას უკვე მოეხერხებინა მისი კვალის წაშლა, ქარსაც წაეღო მისი სული, თვალსაწიერს აღარ სწვდებოდა მისი სხეული, ნესტოებს კი მისი მძაფრი სურნელი. – ვანო! – არ შეიძლება იმედის დაკარგვა, არ შეიძლება! მე ხომ მასთან მოვედი?! მე ხომ მაინც მოვედი?! – ააა. – ბოლო ხმაზე ვყვირი, მაგრამ ჩემში ჩასახლებული ემოციები ბინას არ ტოვებენ. თმას ვიწიწკნი, სახეს ვიკაწრავ, მოვთქვამ, ბოლო ხმაზე მოვთქვამ, რადგან მე ის ყველაფრიდან გავუშვი, მე მივეცი უფლება მივეტოვებინე, მე ვაიძულე ასე მოქცეულიყო. – არა! ვანო! – მუხლებზე დაცემისთანავე მესვრება მთელი სამოსელი ტალახით. წვიმა არა და არ აპირებს შეჩერებას, ქარი კი მასთან პაექრობას არ თმობს. ამ ყველაფერს ეს უძირო სიბნელეც ემატება, ჩემი ცრემლიანი თვალები კი ისედაც გაურკვეველ მიდამოს მეტ ბურუსში ხვევენ.

ვგრძნობ, რომ ვიღაც მეხება. ძლიერი ხელებით მაფრინდება მხრებში და ფეხზე მაყენებს. ვგრძნობ, ვიცი, რომ ეს ვანოს ხელები არ არის, არც მისი სუნია, მისი სუნთქვის ტემბრიც არ არის, ვანო საერთოდ არ არის. ვუძალიანდები. არ მინდა, არა, არავინ შემეხოს, არავინ მომეკაროს, მომშორდეს ყველა, დამანებონ თავი.

  • ქეთი, თავი ხელში აიყვანე. – მკაცრად მეუბნება და ცდილობს თავის მკლავებში მომიქციოს. ეს ჩემი ძმაა, ჩემი პატარა ძმა, რომელიც სიცოცხლეს მიჯობს, მაგრამ ახლა მირჩევნია მარტო დამტოვს. – მორჩა!
  • არა, ლევან, ნუ ამბობ ამას. ნუ ამბობ, რომ მორჩა. გაჩუმდი გთხოვ, გთხოვ წადი. – ჩემი ცრემლები, როგორც ეს წვიმა, შეუჩერებლად ახეთქებენ წვეთებს კანის ზედაპირს, ჩემი გული კი, როგორც ეს ქარი ტემპს ივიწყებს და რიტმში არ დგება. მე ცუდად ვარ. მე უკიდურესად ცუდად ვარ.
  • წამოდი, ქეთი, სულ მთლად დასველდი, გაცივდები, გაცივდები, ქეთი. – ცდილობს დამიყოლიოს, ცდილობს ძალა არ გამოიყენოს. მშვიდად მხვევს იდაყვებზე ხელს და ცდილობს ნაბიჯები სახლისკენ გადამადგემივინოს, მაგრამ ვფიცავ, ვფიცავ არ შემიძლია. მე ხომ ასე ახლოს ვარ მასთან?
  • ლევან, ვანო… – ვსლუკუნებ და ძალაგამოცლილს მხდება ეს სიტყვები პირიდან. – ვანო, ლევან, ვანო.
  • დამშვიდდი, ჩემო ერთადერთო, ის აღარ მოვა. – თავზე მკოცნის და ძლიერად მიჭერს, რომ მოსალოდნელი დავარდნისგან დამიცვას. ცრემლების ახალი ნაკადი მისველებს ლოყას. არ შემიძლია ავიტანო მისი წასვლა, არ შემიძლია ავიტანო, რომ ის აღარ დაბრუნდება, არ შემიძლია არსებობა მის უხილავად.
  • მე ხომ მივედი?! მან მითხრა, რომ დამელოდებოდა. – ვერაფერზე ვფიქრობ. სიტყვები და მოგონებები ვერ პოულობენ ჩემს ტვინში ადგილს. ყველაფერი არეულია, მიმოფანტული, ზოგი რამ საერთოდ გაქრა, ზოგიც არც ვიცოდი თუ არსებობდა. ყველაფერი დაუბალანსებელია, არ შემიძლია გავიგო რა არის სწორი ან რა არასწორი, როგორ მივხვდე რა უნდა გავაკეთო მომავალში, საერთოდ სად ვარ, რატომ ვერ ვაზროვნებ?
  • მატარებელი გავიდა, ქეთი. – ჩემი ძმის სიტყვები ამ ქვეყნად მაბრუნებს.

ჰო, მატარებელი. მართალია, მატარებელი. ეს წყეული გაცნობის პირველივე დღიდან, რომ ჩვენ შორის იყო. ჰო, მე მას მატარებლის სადგურზე უნდა შევხვედროდი. ჰო, უნდა მეთქვა, რომ არ წასულიყო, უნდა მეთქვა რომ მიყვარდა, უნდა მეთქვა, რომ მამა იქნებოდა მალე…

თვალებს ვახელ, ეს ჩემი ოთახი არ არის. ეს არც ის ადგილია, სადაც გული წამივიდა. ირგვლივ ყველაფერი თეთრია, ოთახში მკრთალი სინათლეა, ჰაერი კი ზედმეტად ჩახუთულია. ვცდილობ წამოვდგე, თავი დავაღწიო ამ მოუხერხებელ საწოლს, მაგრამ მხოლოდ წელის მოძრაობას ვახერხებ. საწოლზე ტყავის სამაგრებით ვარ მიბმული, არ ვიცი, ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა. მეზიზღება, როცა ვანო სხვებს უბრძანებს ასე მომექცნენ. არ მინდა, მისი სურვილით მაბამდნენ ხოლმე.

ოთახის კარი იღება და როგორც ყოველთვის ლევანი მოღუშული სახით შემოდის. თვალებში არც კი მიყურებს ისე ჯდება საწოლის გვერდით და რაღაც ანკეტის შევსებას იწყებს.

  • ძმაო. – ვეძახი და ღიმილიანი სახით ველოდები, როდის შემომხედავს, თუმცა კვლავ მხოლოდ ანკეტაში ცქერას განაგრძობს. – ძამიკო…
  • ქეთი, მე შენი ძმა არ ვარ. დროა უკვე გაიგო ეს. – ნაღვლიანად მიყურებს და მძიმედ ოხრავს.
  • როგორ არა, შენ ჩემი ძმა ხარ. ნუ მატყუებ, ლევან. – საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ხომ ერთად გავიზარდეთ? როგორ შეიძლება ჩემს ძმას ვერ ვცნობდე?
  • არა, ქეთი, მე შენი ექთანი ვარ და მე რეზი მქვია. – ანკეტას გვერდით დებს და ამჯერად ნაღვლიან თვალებს თვალებში მიყრის.
  • ექთანი? ექთანი რა არის, ძმაო? – ვეკითხები, თუმცა დაღლილი ვარ ახალი სიტყვის დასამახსოვრებლად. მოდი, სხვა დროისთვის იყოს. – ვანო სად არის, ძმაო? – ამჯერად, მართლა იმას ვეკითხები, რაც მაინტერსებს.
  • ქეთი, ის არ არის ვანო, ის შენი ფსიქიატრია. – თავს აქნევს ლევანი.
  • კარგად ჟღერს – ჩემი ფსიქიატრი ვანო. – ვამბობ და უბედნიერესად ვიღიმი. როგორი სასაცილო ჟღერადობა აქვს არა?! – უკვე დაბრუნდა? უკან გამოჰყვა, ჰო, მატარებელს? – იმედიანი სახით შევცქერი ჩემს ძმას და პასუხს ველი, თუმცა ის მხოლოდ წითელ ღილაკს აჭერს საწოლის თავთან და სულ მალე რკინის მძიმე თეთრი კარიდან ოთახში ჩემი ფსიქიატრი ვანო შემოდის.
  • რა მდგომარეობაა? – შემოსვლისთანავე ლევანის ეკითხება და ჩემზე ანიშნებს.
  • ვანო, რა კარგია, რომ დაბრუნდი. – ლევანს პასუხის გაცემას არ ვაცდი და მაშინვე, ჩემს სიყვარულს შევყურებ ბედნიერებით აღვსილი.
  • კარგი, წამლების დოზა მაქსიმალურად გავზარდოთ. – დანანებით აქნევს თავს ვანო და ოთახს ტოვებს.
  • არა, არა, ვანო არ წახვიდე. არ წახვიდე, დამელოდე, ვანო. გთხოვ, მიატოვე მატარებელი და დაბრუნდი ვანო, დაბრუნდი! – ვევედრები, ვემუდარები, ყვირილით ვთხოვ დაბრუნდეს, მაგრამ მის ყურადღებას ვერ ვიქცევ. ისევ დამტოვა, ისევ გავუშვი. ყოველ დღე ერთი და იგივე ხდება. მე მას ვუშვებ და ვერცერთ ჯერზე ვასწრებ იმის თქმას, რომ მიყვარს და ჩვენ შვილი გვყავს. უნდა გავიქცე… უნდა გავეკიდო… ვიცი, თუ ამ კარიდან გავალ წვიმასა და ქარში ამოვყოფ თავს, მაგრამ მე ის მჭირდება, უნდა მივედევნო მას.
  • ქეთი, დამშვიდდი, ის ვანო არ არის, ის შენი ფსიქიატრია და კვლავ დაბრუნდება.
  • ძმაო, გთხოვ, გაეკიდე, მიდი მასთან და უთხარი, რომ მამობისთვის მოემზადოს, უთხარი, რომ როგორც იქნა ვაღიარე მისი სიყვარული. – სახე მალევე მისველდება. ეს ზუსტად იმ ცრემლებს გავს მატარებელმა რომ წაიღო ჩემი თვალებიდან. რატომ ვერასდროს ვახერხებ, რომ ცრემლების გარეშე, მისი წასვლის გარეშე, ყველაფერი იმის გარეშე, რაც უკვე მოხდა დავაბრუნო ვანო და ბედნიერად ვიცხოვროთ ჩვენს მომავალ გოგონასთან ერთად, ან იქნებ ბიჭთან.
  • ვიცი, ქეთი, ვიცი ძნელია ერთ დღეს დაკარგო სიყვარულიც და შვილიც, მაგრამ უნდა გაუმკლავდე, ჯერ ახალგაზრდა ხარ, ყველაფერი წინ გაქვს.
  • ჩვენი პატარა გოგოა თუ ბიჭი? – ძალიან მაინტერესებს. რა უცნაურია, რომ არ მახსოვს. საშინელი დედა ვარ?
  • ქეთი, შენ შვილი არ გყავს, არ არსებობს ვანო, მორჩა, წარსულს შეეშვი, ქეთი. თორმეტი წელი გავიდა უკვე. გთხოვ, წინააღმდეგ შემთხვევაში დანებება მოგვიწევს. – ლევანი ხმას უწევს. რატომ ყვირის? მე ხომ ახალგაზრდა ვარ, ხომ მესმის?
  • თორმეტი წელი? ჩვენი შვილი თორმეტი წლისაა უკვე? არ უნდა ჩემი ნახვა? მამიკოსთან ცხოვრობს? როგორია? ლამაზია? ვანოს თვალები აქვს? ჰო, ალბათ ყველაფერში მას დაემსგავსებოდა.
  • ქეთი, შენი დასვენების დროა. – ჩემი ძმა მაჯაზე მჩხვლეტს. ის ყოველთვის ასე იქცევა, როცა ძილის დრო მოდის. არ მიყვარს ძილი. არ მინდა დრო ასე გავფლანგო, მე ხომ სარბენი მაქვს ბევრი…
facebook კომენტარები
ტეგები: ,
Აირჩიე შენი რეაქცია!