დედამიწაზე უკვე რამდენიმე მილიარდი წელია სულიერი ცოცხლობს. “ჯერ იყო სიტყვა და სიტყვა იქცა საქმედ”. მეშვიდე დღეს გაჩნდა ადამი და მისი ნეკნისგან – ევა. მერე იყო ევოლუცია კაცთა მოდგმისა, იყო წარღვნა და ბნელი მთელი ორმოცი დღე. ბევრი რამ იყო დასაბამიდან დღემდე და ამ მთავარ ხაზში ერთი მნიშვნელოვანი ფენომენია მხოლოდ უცვლელი – ადამიანი. ადამიანი, რომელიც დაბადებიდან დღემდე არ შეცვლილა, მიუხედავად თაობების ცვლისა და ცვლისა. უფრო სწორად, ადამიანების გენეტიკაში ჩაშენებული ერთი გენი დარჩა იგივე, რომელიც ადამიანებს აიძულებს იყოს მკვლელი, ყაჩაღი, ცოდვებით სავსე… დიახ! ეს გენეტიკის ბრალია! იმ პირველი ცოდვის ბრალია, თავის დროზე ადამსა და ევას რომ სირცხვილის გრძნობა გაუჩინა და ლეღვის ფოთლებს “ადგილი მიუჩინა”. დიახ! სწორედ რომ იმ თავდაპირველ “ორმოში” უნდა ვეძიოთ ადამიანების საერთო გენეტიკის სისუსტე. სოკრატეს უთქვამს ოდესღაც ასეთი ფრაზა: ყველა ადამიანში მზეა, ოღონდ აცალეთ, რომ ანათოს. აქ მიჩნდება ერთი ფრიად მნიშვნელოვანი კითხვა – ვინ უნდა აცალოს ადამიანს ნათება?! და იქვე პასუხი: რა თქმა უნდა, ისევ ადამიანებმა. და რატომ არ უნდა უნდოდეს ადამიანს სხვა ადამიანის ნათება? ეგოიზმი, შური, ბოროტება – აი ის სამი მონაცემი, რაც ამ კითხვის პასუხად თავში პირველივე აზრად მომდის. არ გვიხარია სხვისი წარმატება, არ ვეხმარებით ნაბიჯის გადადგმაში, არ გვინდა მას ჩვენს წინ ვხედავდეთ… მიზეზებს რა გამოლევს. მაშინ, როცა ადამიანები მტრობაში სხვას ვადანაშაულებთ (ესეც ადამიანების საერთო სენია – საკუთარი დანაშაულის დაფარვა სხვისი გაკიცხვის ხარჯზე), დავფიქრდეთ – ჩვენ ხომ არ ვართ ერთმანეთის მტრები?! ამის რამდენი ცოცხალი მაგალითი არსებობდა, ოდესღაც საკუთარი ხელითვე რომ მოგვიღია ბოლო და მოგვისპია. ილია ჭავჭავაძე მოვსპეთ წიწამურთან და წლების შემდეგ ჩვენვე შევრაცხეთ წმინდანად. რატომ? ამ გენიოსზე მხოლოდ იმიტომ ვთქვით უარი, რომ შემდეგ ჩვენვე მიგვენიჭებინა წმინდა ილია მართლის სტატუსი? შესაძლოა ვხვდებით, რომ ეს არასწორია, მაგრამ რატომღაც არც ქმედით ნაბიჯებს ვდგამთ ამ აბსურდული სიტუაციის გამოსასწორებლად. 1930-იანი წლების ქართული ინტელიგენცია, მწერლები, რეჟისორები, პოეტები, მსახიობები… მხოლოდ იმიტომ დახვრიტეს, რომ რეჟიმისთვის შეუფერებელი ნაწარმოებები შექმნეს. კლავდნენ და უხაროდათ. …და ეს არამხოლოდ საქართველოში. სხვადასხვა ქვეყნის ღირსეული ადამიანები ეწირებოდნენ ბრბოს ფსიქოლოგიას. გალილეი, ჯორდანო ბრუნო, ჟანა დარკი, მარტინ ლუთერი და კიდევ ბევრი სხვა. რთულია ჩამოთვლა. ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტების ქადაგებას და სხვებისგან განსხვავებული აზრის დამტკიცებას ცდილობდნენ, სიკვდილით სჯიდნენ (ეს კიდევ სხვა საკითხია, რატომ აქვს ადამიანს სიკვდილით დასჯის უფლება). ეს ყველაფერი ერთ ასეთ გამონათქვამს მაგონებს: კუზიანთა სამეფოში უკუზობა ნაკლად ითვლებოდაო. …და ეს ყველაფერი რა მოსატანია იესოს სიკვდილთან. გენია დაკარგა კაცობრიობამ მილიონობით წლის წინ და დღემდე ამ დანაკლისის განცდით ვარსებობთ. მსგავს საკითხებზე ფიქრისას ყოველთვის ასეთი დასკვნა გამომაქვს: არ შეიძლება სიმართლე იყოს უმრავლესობის აზრი. ზოგჯერ შესაძლოა ყველამ ერთად შევცდეთ (ამის ნათელი მაგალითია ფილმი “12 განრისხებული მამაკაცი”, სადაც 11 ნაფიცი მსაჯული მოზარდ ბავშვს მამის მკვლელობაში ადანაშაულებს, ერთი კი საპირისპიროს ამტკიცებს და ძალების ამოწურვის შემდეგ ხედავს, რომ სიმართლე დაუმტკიცებია). დიახ! ყველა ადამიანშია მზე, ოღონდ ვაცალოთ ამ მზეს ნათება – თქვა ოდესღაც სოკრატემ და თვითონაც სხვა ადამიანების, უმრავლესობის მიერ გამოტანილმა დასკვნამ იმსხვერპლა – საწამლავი დალია. შეეძლო არც დაელია, მაგრამ მან უპასუხა: მთელი ცხოვრება დემოკრატიას ვქადაგებ და ახლა ეს რომ არ გავაკეთო, გამოდის, სულ ტყუილად მიქადაგია. ეს ჩემი პრინციპების ღალატი იქნება. …და მაინც!რა მოხდება თუ ერთხელ მაინც ვცდით და ადამიანები ერთმანეთის გვერდით დავიწყებთ ცხოვრებას, გაგვიხარდება ერთმანეთის წარმატება და ბოღმისთვის არ დავიტოვებთ გულებში ადგილებს?! თუმცა, ალბათ, უპრაინი იქნება ისევ თემის დასაწყისში ნათქვამ აზრს თუ დავუბრუნდები. იმ პირველი ცოდვის გამო ისჯება კაცობრიობა. იმ პირველმა ცდუნებამ ჩაგვინერგა სისხლში ის გენი, მილიარდობით წლებია რომ ვერ ამოვიგლიჯეთ. ალბათ, ჩვენ გვეპატიება ტერაქტებით ერთმანეთის ხოცვა, ჟლეტა და სიძულვილი. ბოლოს და ბოლოს, არც კაენს დაუნდია აბელი თავის დროზე.
facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!