fbpx

დაბრუნება.. (ნაწილი მეორე)

578348_352967501474610_1202933735_n
0

მოთხრობა შექმნილია შემოდგომის ლეგენდისთვის.. თემაზე – სხვისი ავტობიოგრაფია!

 

მესამე შერძნება ყველაზე რთულად ასახსნელია, ან რთულად გასაგები. პრინციპში, რა მნიშვნელობა აქვს. საბოლოო ჯამში, მაინც გაუგებარი რჩება. საღამო იყო. სახლიდან გამოწკეპილი გამოვედი. შეხვედრაზე მაგვიანდებოდა. მომავალზე უნდა მეზრუნა, ის ხომ ჯერ პატარა იყო და უჩემოდ ამხელა სამყაროში დაიკარგებოდა. მნიშვნელოვან შეხვედრაზე მას ვერ წავიყვანდი და პატარა მომავალი სახლში, ცხოვრებისეულ ძიძას დავუტოვე შეხვედრამდე. წავედი. გზა იყო მნიშვნელოვანი, ორჯერ წამოვდე ფეხი, კინაღამ წავიქეცი, კინაღამ. მივხვდი, რომ ფეხით სიარული არ გამოვიდოდა და შინაგან ხმას გავყევი, იმას მივეცი მართვის მოწმობა, შენ მატარეთქო, ვუთხარი. მითხრა, ნუ ნერვიულობ, კინაღამ არ ითვლება და გზა აუცილებლად უნდა განვაგრძოთო. განვაგრძეთ, მაგრამ ცოტა ხნით – ამ დაგვიანებულზე უშველებელ საცობში გავიჭედეთ. ამჯერად შინაგან ხმას ხმა არ ამოუღია, უბრალოდ გადმომხედა ოდნავ მორიდებით და წინ მდგომ თავისი საწვავადწოდებული საწამლავის შავ ბუღში გახვეულ სატვირთო მანქანას მიუსიგნალა. მძღოლმა ფანჯრიდან თავი გამოყო, რაღაც ჩაიბურტყუნა (ალბათ, ერთი მადლიანი “ლოცვა-კურთხევა” გამოგვიგზავნა. ავცდით!) და კვლავ განაგრძო “მრავალფუნქციურად” დგომა. სიტყვა “უიმედობა” ადამიანი რომ ყოფილიყო, დიდი ღიპიანი კაცი იქნებოდა, შავი, სქელი ულვაში და ძალიან ბოროტი სახე ექნებოდა და აუცილებლად მხრჩოლავი სატვირთოს ტარებაში გაატარებდა ცხოვრებას. რაც მთავარია, საცობში სულ შენს წინ აღმოჩნდებოდა. 

შინაგანი ხმა გამოცოცხლდა ამასობაში. უაზროდ აცანცარდა და დაიწყო ათასი სისულელის როშვა. მითხრა, მე საჭესტან ვზივარ, ამიტომ გიკარნახებ, რომ არ დამავიწყდეს და შენ ჩაიწერეო. მეც სხვა რა საქმე მქონდა, ჯიბიდან გულისყური ამოვიღე და მოვუსმინე. მაწერინებდა: – კი, გითხარი მანამდე, რომ “კინაღამ” არ ითვლება და მაინც უნდა განაგრძო გზა, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ შევცდი და ცდა ამ შემთხვევაში ბედის მონახევრე არ არის და თვითონ ბედი ყველანაირი მინიშნებით გეუბნება, რომ აქ(გ)-ცდა არ ღირს, რომ უნდა მიბრუნდე უკან და იქიდან მიხედო შენს მომავალს, რომელიც ამ წუთებში ზის სახლში და მოუთმენლად გელოდება. შეიძლება, მოიწყინა კიდეც უშენოდ. შენ კი, რაღაც ვითომ “მნიშვნელოვან” შეხვედრაზე მიგიჩქარია.. დაბრუნდი უკან! – თქვა მან. 

სანამ ჩემი შინაგანი ხმის ხმაურის გარჩევით ვიყავი დაკავებული, გზაც გაიხსნა და ჰორიზონტზე მხოლოდ წინ-სვლის მანიშნებელი ისარი გამოჩნდა. მაინც მივედით შეხვედრამდე. იქ შინაგანი ხმა აღარ ამომყოლია. “მნიშვნელოვანმა შეხვედრამ” უაზროდ ჩაიარა. აი, სრულიად უაზროდ! წამოვედი. დაღამებულიყო. ვფიქრობდი, რისთვის ვკარგავდი ამდენ ძვირფას დროს, თითქოს დაკარგვა ჩემი ნება ყოფილიყო. თუ რაიმე იკარგება, ე.ი. თავისით და მე არაფერ შუაში ვარ, იმის გარდა, რომ სათანადო ყურადღება არ მივაქციე, რომ არ დავაფასე და რომ არ მოვუარე. ვყოფილვარ თურმე შუაში, მაგრამ მაინც სიტყვა “დაკარგვა” ჩემზე უფრო არ არის დამოკიდებული, ვიდრე – პირიქით. 

– უნდა დავბრუნდე, უნდა მივიდე უკან, უნდა მივაღწიო! – გავიფიქრე. – ცხელ გულს ცივი ალკოჰოლი უხდება, – საიდანღაც წამოიყვირა ძველმა ნაცნობმა. – მართლაც, რომ.. – დავეთანხმე მე და მივადექი იმ წამს მიღებული გადაწყვეტილების დანიშნულების ადგილს. ორი სულიერის გარდა არავინ იყო. დავლიე. კიდევ დავლიე. მერე – კიდევ. მერე – კიდევ და მერე უკვე აღარ მახსოვს. იყო სიბნელე, შეგრძნებების დონემდე ჩავბარბაცდი. უკიდეგანო კიბე შევნიშნე და ამ მდგომარეობაში კიდევ უფრო შეუძლებელი ხდებოდა ქვემოთ არათუ ჩასვლა, ჩახედვაც კი. იქ მივხვდი, რომ სიმაღლის შიში მქონდა, არადა, რომ მკითხო, პარაშუტით გადმოხტომაზე ვოცნებობ. მაგის არ მეშინია. თურმე, როგორც აღმოჩნდა, უნდა! – ახლა რა ვქნა, – პასუხის მოლოდინში ვეკითხებოდი ვიღაცას. “არსაიდან ხმა, არსით ძახილი..” მეც ჩემთვის ჩუმად დავიწყე ფიქრი, რომ არავინ შემეწუხებინა. ფიქრების მატარებელში ჩავჯექი და ჩავუარე სადგურს, სახელწოდებით, “ჩემს არეულს ჩემს გარდა ვერავინ დაალაგებს,” იმიტომ რომ არ იცის არავინ, სად რა უნდა დაალაგოს. არავინ იცის, სად და რომელ თაროზე შემოდოს აუცილებელი, მნიშვნელოვანი, საჭირო, უაზრო, გადასაგდები და ა.შ. ამ პირველი კლასის ფიქრების კუპეში მოკალათებული, გარეთ ხედით დავინტერესდი. კონტრაჟურისფერი იგრძნობოდა. ფოტოს გადაღება მომინდა, მაგრამ იქვე მივხვდი, რომ ამ კონტრაჟურის გარდა ვერაფერს ვხედავდი და ვგრძნობდი.. თუმცა ერთი რამ ვიცოდი რატომღაც დარწმუნებით – რომ უშველებელ სივრცეში მიექანებოდა ჩემი მატარებელი. რომ უამრავი გზა იყო ირგვლივ მოქმედებისთვის. მე კი ვიჯექი პირველი კლასის კუპეში და სრულიად ვიყავი მემანქანეს მინდობილი. მემანქანე! საიდან უნდა სცოდნოდა მას, სად მივემათებოდი, ამიტომ დავისახე მიზანი – მემანქანე დამერწმუნებინა, რომ ჩემი გზებით ევლო. ეს გავიფიქრე თუ არა, მატარებელმა ძალიან უხეშად დაატორმუზა და მოულოდნელად გაჩერდა. კვლავ ის გაუთავებელი კიბე. ზემოთ ახედვა უფრო თავბრუსდამხვევი აღმოჩნდა. დაღლილი მეორე კიბეზე ჩამოვჯექი და წინ გავიხედე. მატარებელი სადღაც გამქრალიყო. მხოლოდ კონტრაჟურისფერი უკიდეგანო სივრცეღა იყო შემორჩენილი. კიბე კი ჩემს ქვედა საფეხურის იქით, ქვემოთ ჰაერში იყო გამოკიდებული და რას ეყრდნობოდა, წარმოდგენაც კი დამეზარა, იმიტომ რომ ვიცოდი, ისევ შორს წამიყვანდა. გონებამ ისევ ის უიმედობისსახიანი მძღოლი ამომიტივტივა და გამახსენდა, რომ მელოდებოდნენ. მელოდებოდნენ ძალიან და მოუთმენლად. წამოვდექი, დავიწყე აღმასვლა. ერთი ნაბიჯი, მეორე, მერე კიდევ ერთი.. კიბე არ მთავრდება. მოაჯირი მაინც ჰქონოდა, რამეს დავეყრდობოდი. მაინც ავედი! 

უკვე გათენებულიყო. საათს დავხედე. ცხრა იყო დაწყებული. ვიფიქრე, რით ვერ გამოვფხიზლდი, როდემდე უნდა ვიბარბაცოთქო და მოულოდნელად გავჩერდი. მტვრის და სისველის სუნი ტრიალებდა ირგვლივ. ნაცნობი ყვავილები დავინახე, გამიხარდა, უკვე მალე მივალ სახლშითქო, გავიფიქრე, მაგრამ ზემოთ ავიხედე და.. ის აღარ იყო. არაფერი აღარ იყო, ნანგრევების გარდა. იმ წამს განცდილი შეგრძნება მეცნო. სიცარიელე! (რეჟისორო, გთხოვ, კვლავ ის დასაწყისში გაჟღერებული მუსიკა დაადე ამ კადრს. მადლობა!) 

– ყველაფერი კარგად იქნება! მიწისძვრის შედეგად უბრალოდ ოდნავ დაშავდით. თავი გაქვთ მირტყმული. – საიდანღაც ისმოდა ხმა, რომელიც თითქოს ჩემი შინაგანი არ არის, ან შეიძლება სქესი შეეცვალა, არ ვიცი. ვერაფერი გავიგე, მაგრამ რაღაცნაირად დავიჯერე, რომ ყველაფერი მართლაც კარგად იქნება. აი სადღაც, უბრალო შეგრძნებების დონეზე. 

* * *

1952 წლის 4 ნოემბერს საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მდებარე კამჩატკის ნახევარკუნძულზე 9.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. საბედნიეროდ, სტიქიურ მოვლენას მსხვერპლი არ მოჰყვა, დაიკარგა მხოლოდ 6 ძროხა.

28.10.2017

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!