მოთხრობა შექმნილია შემოდგომის ლეგენდისთვის.. თემაზე – სხვისი ავტობიოგრაფია!
ვუყურებ საათს, რომ ვიცოდე, მაინც რომელზე დამემხო თავზე ჩემი სახლი და მასთან ერთად ყველაფერი დანარჩენი, რაც ფაქტობრივად მთელს ჩემს ცხოვრებას მოიაზრებდა. დილის 8:40 იყო. ჰაერში ოდნავი სიგრილე და სისველე შეინიშნებოდა. სრულიად მარტო ვიდექი ჩამონგრეულ კედლებთან და ვფიქრობდი არაფერზე, სრულიად სიცარიელეზე, რომელმაც ჩემი ცხოვრება სწორედ ამ წამიდან მოიცვა.რა დამემართა? აი, ახლა ვინმეს ჩემთვის ამ ისტორიის მოყოლა რომ ეთხოვა, საიდან უნდა დამეწყო? ან რა უნდა დამეწყო? რა უნდა მეთქვა? სრული სიცარიელე როგორ უნდა გადმომეცა სიტყვებით? ან საერთოდ, ჰქონდა კი ამას მნიშვნელობა?!ჩემი ცხოვრება კინო რომ ყოფილიყო, ეს ყველაფერი უფრო ლამაზად გამოჩნდებოდა: დილის ბურუსი, მთავარი გმირი დგას ზურგით, უყურებს ნანგრევებს, საიდანაც ახალი მტვერი და კვამლი იფრქვევა, ისმის სევდიანი და ჩამაფიქრებელი მუსიკა. ვერ ხედავ ამ პერსონაჟს, არადა გაინტერესებს, როგორ გამოიყურება, რა დაემართა, ვინ არის.
ასეთი სიცარიელე მანამდე მხოლოდ ორჯერ თუ მქონდა განცდილი. ერთხელ გამოცდების მერე, მეორედ – შეყვარებულს რომ ვეჩხუბე.ამ გადმოსახედიდან პირველი შემთხვევა ყველაზე მარტივია – მთელი ღამის მეცადინეობა, ოთახში ენერგეტიკული სასმელების გორა, სიტყვები, სიტყვები, სიტყვები უამრავი და ბოლოს მზის ამოსვლა, შეგრძნება, თითქოს ამ ღამის და უკან დარჩენილი წლების მიუხედავად, მაინც არაფერი იცი. ბოლოს გამოცდა, წერ, წერ წერ, წერ რაღაცას, ისე რომ, იმ მომენტში რომ ეკითხათ, რას წერო, ვერ უპასუხებდი. წერ ავტომატურად, ბევრს და სულ. თავიდან ნერვიულობ, მერე – აღარ. ბოლოს კი მორჩა. ყველაფერი მორჩა! დროც გამოვიდა და შენი ერთწლიანი ნაღვაწიც სახეზეა. აზრი არ აქვს უკვე აღარაფერს – რა იცოდი, რა იცი, რა გეცოდინება.. მთავარია, რომ ამ წამს არ ხდება არაფერი შენს ირგვლივ, შენს შიგნით, არაფერი, არანაირი გრძნობა, არანაირი სურვილი, არაფერი!რანაირია ცხოვრება, იმდენად გინდა მიაღწიო მიზანს, რომ როცა აღწევ მას, ყველაფერი აზრს კარგავს, იმდენად გაბრმავებს ეს მიზანი, რომ მის მიღწევამდე გზად ვერ ამჩნევ ისეთ რამეებს, რაც შეიძლება მოგეწონოს, შეგიყვარდეს, რასაც ხელიდან არ გაუშვებ, რაც შენი გახდება, რითიც იცხოვრებ და მერე თვითონვე მიხვდები, რომ ის დიადი მიზანი სულაც არ ყოფილა ჭეშმარიტი მიზანი. მიზანი სინამდვილეში მიზნის მიღწევის თვითონ პროცესი იყო, იმიტომ რომ ამ მიზნამდე იმდენად იღლები, რომ მერე მიღწეულს რაღაცნაირი ქაღალდის გემო აქვს, არაფრის გემო აქვს, თითქოს გაციებისას ცხვირის წვეთებზე გახდი დამოკიდებული. არადა, სამწუხაროა, იმიტომ რომ ამ მიზნის იქით აღარაფერია, სითეთრეა. ძალიან დიდხანს მოგიწევს მერე გზის გაკვლევა ახალ მიზნამდე და ასე დაუსრულებლად. მეორე შემთხვევა უფრო ემოციური იყო. ყველა ჩემს სიცარიელეს გემო რომ ჰქონოდა, პირველს, როგორც უკვე აღვნიშნე, ქაღალდის გემო ექნებოდა, მეორეს კი – ცრემლის, მწარე ცრემლის. აი, რომ შეგაშრება, მაგრამ შინაგანად მაინც გრძნობ მის არსებობას. ორგანიზმში სამწუხარო რეალობის შეგრძნება ყოფილა, როდესაც ხვდები, რომ გატყუებენ და მერე იმასაც გატყუებენ, რატომაც გატყუებენ, მერე ერთ დიდ ტყუილს გაფარებენ თავზე და გეუბნებიან, რომ მშვენივრად გამოიყურები. ზუსტად იცი, რომ ძალიან სასაცილო ხარ ამ თავსაბურავში, ზუსტად იცი, რომ ყველა დაგცინებს, როდესაც დაგინახავენ ამ ტყუილში გამოწყობილს, ზუსტად იცი, რომ უნდა მოიძრო და ნაფლეთებად აქციო ის, რომ სხვა გზა არ დაუტოვო ამ გრძნობას, გარდა გაქრობისა, მაგრამ არა, არ შეგიძლია! რადგან სხვა გრძნობები მძვინვარებენ შიგნით, რევოლუციას აწყობენ იქ, არ გასვენებენ, საღ აზრს აძინებენ ყველანაირი ტრანკვილიზატორით, რომელთა მოქმედების შედეგადაც საღი აზრიც კი კარგავს თავის თავს და გიჟდება. შეშლილ საღ აზრს კი ეს გრძნობები აბუჩად იგდებენ და დასცინიან, “აბულინგებენ” ყველანაირი ხერხით, ელექტრო-ხერხითაც კი. მე კი ვხედავ ამ ყველაფერს და სამწუხაროდ, თუ სასიხარულოდ, ვხვდები, რომ ვერაფრით ვენდობი ამ შეშლილ შინაგან არსებას და სამწუხარო რეალობასთან შეგუება მიწევს. ვხუჭავ თვალს და ასე ბრმად ვენდობი ჩემში არსებულ სხვა აღვირახსნილ გრძნობებს, ვაძლევ უფლებას, იზეიმონ თავიანთი ერთი შეხედვით არასამართლიანი გამაჯვება. სხვანაირად არ ძალმიძს, იმიტომ რომ მათ უკვე მანამდე მივეცი ნება, ჩემში დამოუკიდებელი სახელმწიფო შეექმნათ, რომელსაც “სიყვარული” დაარქვეს. აი ასე, მარტივად და უდიერად. მივეცი ნება, მთავარი საკანონმდებლო ორგანოდან, რომელსაც “გული” უწოდეს, გადმოეკიდებინათ სახელმწიფო დროშა – აქშენზეარაფერიადამოკიდებული ფერის დროშა. მივეცი ასევე ნება, გაეჟღერებინათ სიყვარულის სახელმწიფოს ჰიმნი, რომელიც იმხელა დინამიკებზე ჰქონდათ მიერთებული, სხვა არაფერი მესმოდა და ყველაზე ცუდი ის იყო, იმდენად კარგი გამოუვიდათ, რომ სხვა არაფრის მოსმენა მე თვითონაც არ მინდოდა (ეჰ, მართლა კინო რომ ყოფილიყო ეს ჩემი ცხოვრება, ხომ გაიგებდით ამ გულისშემძვრელ მელოდიასაც, მაგრამ ახლა მხოლოდ თქვენი წარმოდენით მოგიწევთ დაკმაყოფილება). სწორედ ამიტომ შეშრა სხვაგზაარდარჩენილი ცრემლი, მხოლოდ გემო დატოვა, ოდნავ მლაშე სიმწარის და შეგუების. არა, შეგუების არა, უფრო იმედის, რომ მომავალში წარსული არასოდეს გახდება მომავალი, თუმცა რას გაუგებ დროს. ეტყობა ეს გარდამავალი პერიოდები სულ ასეთი ცარიელია, რას იზამ..