ზღვასავით მოკამკამე ზეცა არემარეს გადაჰყურებდა და თავის შვილებს სიამაყით უთბობდა გულებს მზიდან მომავალი სხივებით. ისეთი ლამაზი სანახაობა იყო მხოლოდ ეს ეყოფოდა ბედნიერების საპოვნელად, სამოთხის დასამკვიდრებლად ღვთის შვილებს. არემარე თეთრი, ქათქათა საფარით დაფარულიყო და ისე ბზინავდა თვალს მოსჭრიდა კაცს. ოთხით შემოღობილ, ყვავილნარიან ეზოში პატარა გოგონა თავისთვის თამაშობდა. არავის უყურებდა და არც არავის აქცევდა ყურადღებას, თითქოს სადღაც შორს, ფიქრებში ჩაკარგულიყო და ვერ პოულობდა გზას უკან დასაბრუნებლად, მაგრამ უნდოდა მას უკან დაბრუნება? არა არ სურდა, არ სურდა უკან, ერთფეროვან, ოდესღაც ვარდისფერი ცხოვრებიდან შავ-თეთრ ცხოვრებაში დაბრუნება. ფიქრობდა… ბევრს ფიქრობდა და ხვდებოდა კიდეც რომ ეს ფიქრები საბოლოოდ გააგიჟებდა. განვლილი ცხოვრების თითოეულ დეტალს ზედმიწევნით, დაწვრილებით იხსენებდა, მაგრამ რა ან რამდენი უნდა ჰქონოდა გასახსენებელი ცხრა წლის გოგონას. განა ამდენი მოგონება და დეტალი ჰქონდა დაგროვებული? განა ყველაფერი ახსოვდა? ადამიანს მთელი ცხოვრება არ ჰყოფნის საკუთარი მოგონებების დაწვრილებით აღსადგენად და როგორ შეიძლებოდა ამ პატარა ბავშვს გაეხსენებინა ყველაფერი? დიდი ხანი ფიქრობდა პატარა ნენსი… წარსულის დამსხვრეულ ნაწილებს სათითაოდ ეძებდა და ერთმანეთზე აწეპებდა.
შებინდდა…
მომღიმარმა ცამ ფერი იცვალა, გაშავდა… მოზვირთული სატკივარი ერთიანად დაუბერა და ირგვლივ ყველაფერი გაყინა.
აცივდა…
ლამაზი, ნათელი დღე ზამთრის სუსხიანმა ღამემ ჩაანაცვლა. ისე სწრაფად იცვალა ბუნებამ ფერი, მაგრამ პატარა ნენსი ადგილიდან არ იძროდა, თითქოს იქვე მიიყინა, თითქოს ძარღვებში სისხლი გაეყინა. განა სუსხიანმა ღამემ გააშეშა პატარა ნენსი? განა ამ ღამის გამო გაიყინა ერთ ადგილზე?
არა! ის დიდი ხანის გაყინული იყო, დიდიხნის წინ გაიყინა მისი ცხოვრება…
ახლა?… ახლა დგას ერთ ადგილზე და გაშავებულ, პატარა მოციმციმე წერტილებით მოჭედილ ცას შესცქერის. შესცქერის და ერთიდაიგივე სიტყვებს იმეორებს ვარსკვლავი! დიდი! კაშკაშა! ვარსკვლავი! თვალები წმინდა წვეთებით ევსება… ათრთოლებულ ბაგეებზე ნელნელა, კამკამა წყაროსავით ჩამოდის, თითქოს გზას უკვალავს დანარჩენებს, გაყინულ ხელებს ძლიერად ისრესს და შეუსვენებლად იმეორებს მისთვის საყვარელ სიტყვებს ვარსკვლავი! კაშკაშა! დიდი! ვარსკვლავი! 20 დეკემბერი… ოხ ეს დეკემბერი!… ყველაზე ცივი, შემზარავი დღე. არემარე შავებში შემოსილიყო, როგორც მგლოვიარე დედაკაცი. ცხოველები თავიანთი ბუნაგებს არ ტოვებდნენ, არც ფრინველების ჭიკჭიკი ისმოდა ადამიანთა სამყოფელზე. განთიადიდან შავ ძაძებში გამოეხვია ზეცა. მხოლოდ თოვლმა, ქათქათა თოვლმა არ იცვალა ფერი. სიფრიფანა ფანტელები მიწაზე მოსავლენად ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, წამებში ფარავდნენ ყველაფერს რაც კი გზად შეხვდებოდათ. დაღონებული, პატარა ნენსი ფანჯარაში გასცქეროდა ბუნების ფერისცვალებას, საინტერესო სანახაობას უყურებდა, როდესაც ოთახში დედა შემოვიდა. პატარა ნენსი ხელში აიტაცა, თბილად მოეალერსა და ფუმფულა საწოლში ჩააწვინა. საყვარელი ზღაპრები წაუკითხა კოსმონავტებსა და უცხოფლანეტელებზე და ოთახიდან მაშინ გავიდა, როცა ერთადერთ ქალიშვილს ტკბილად ჩაეძინა. მდუმარე სიჩუმემ მოიცვა არემარე, კაცთა სამფლობელო… ნისლივით შემოეხვია გარსს დედამიწას, დროისა და სივრცის გარეშე, წამებში დაფარა ნაცრისფერი უსულო შენობები. პატარა ნენსის ნაცნობი ხმები ჩაესმოდა, თითქოს სიზმარში იყო, სიზმარში, რომელიც ნამდვილად ხდებოდა… სიზმარი, რომელიც ცხადი იყო… თვალები ნელნელა, შიშით გაახილა. როცა მოსიყვარულე დედა დაინახა ამოისუნთქა, გული დაუმშვიდდა პატარა გოგონას. მაგრამ დედა!… დედა არ იყო მშვიდი და ხალისიანი, შეშუპებულ სახეზე ძარღვებს გაედგათ ფესვები, ლურჯი ფერი მთლიანად მოსდებოდა ქალის სახეს, მოციმციმე თვალები ძველებურად აღარ ანათებდნენ, ახლა მათში მხოლოდ სიბნელე და სიცარიელე ჩანდა. გაოცებული ნენსი შესცქეროდა დედის ნაღვლიან, დაძარღვულ სახეს და ფიქრობდა… ნუთუ!… ნუთუ შეიძლება ყველაფერმა იცვალოს ფერი, თანაც ერთად! ნუთუ ცხოვრება… ეს უსასრულო ფერისცვალებაა?! ფიქრებში ჩაფლული გოგონა დედის სწრაფმა მოქმედებამ გამოაფხიზლა. კარადიდან ახალი სამოსი აიღო და გოგონას ჩააცვა, შემდეგ ფეხსაცმელები ჩააცვა, მოსასხამი მოახურა და ოთახიდან დერეფნის გავლით გაიყვანა. პატარა ნენსი რამდენიმე დღით დეიდასთან გააგზავნეს… უკვირდა პატარას. გაოგნებული იყო დედის საქციელით. ის ხომ არასდროს მოქცეულა ასე! მას ხომ არასდროს დაუტოვებია საყვარელი ქალიშვილი მარტო, თანაც რამდენიმე დღით. უხალისოდ იყო გოგონა. პირს არაფერს აკარებდა, არც დეიდას ელაპარაკებოდა. დუმილში გაატარეს მთელი კვირა. მზე თვალს მიეფარა… არემარე მდუმარე, შავმა საფარმა მოიცვა… გოგონა დასაძინებლად დაწვა, მაგრამ იგრძნო როგორი ცივი და უცხო იყო ლოგინი მისთვის. ფიქრობდა ნუთუ უკვე ისე გავიზარდე რომ დედამ ჩემი მარტო დატოვება გადაწყვიტაო. თვალცრემლიანს ამ ფიქრით ჩაეძინა. სიზმრად საყვარელი ბაბუა ნახა. თოვლივით თეთრ, ქათქათა სამოსში. ისეთი ლამაზი იყო!… ისეთი ახლო!… აღრფთოვანებული იყო პატარა ნენსი, გული სიხარულით ჰქონდა სავსე, მთელი დღის განმავლობაში ხომ მხოლოდ ის იყო ახლო და ნაცნობი, ისე უნდოდა მიახლოება და ჩახუტება.. მაგრამ არ შეეძლო… თითქოს ერთ ადგილზე გაიყინა. უნდოდა, მაგრამ ვერ მიდიოდა… ცდილობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა…
ბაბუა! ბაბუ!
ყველაზე საყვარელი და გამორჩეული, გაუნძრევლად იდგა და უღიმოდა, მის თვალებში ისეთი სიყვარული ჩანდა მთელს მსოფლიოს რომ ეყოფოდა გასათბობად. ნენსი! ომახიანი ხმა მოესმა პატარა ქალბატონს. სილუეტი ქრებოდა, მაგრამ ხმა ესმოდა გოგონას.
შვილო!.. თავს მიხედე!… მე ყოველთვის შენთან ვიქნები!
ამ სიტყვებით გამოეღვიძა ნენსის. ისეთი შეშინებული იყო ძილშიც ტიროდა თურმე. ცრემლები მოიწმინდა პატარა ხელებით, თითქოს გული გაუჩერდაო, კედელზე რაღაც წერტილს უყურებდა გაშეშებული. ოთახში დეიდა შემოვიდა, მის დანახვაზე კვლავ გაახსენდა სიზმარი ნენსის და ტირილი დაიწყო. დიდი ხანი ტიროდა, რა არ სცადეს მის დასამშვიდებლად მაგრამ ამაოდ. დედას დაურეკეს და დედაც მაშინვე იქ გაჩნდა თითქოს გრძნობდაო შვილის სატკივარს. მიმოიხედა ნენსიმ, უცხო ხალხში ნაცნობი დაინახა, ეს დედა იყო! სანატრელი დედა! ხელში აიყვანა აქვითინებული ბავშვი დედამ, ცრემლები მოწმინდა, მოსასხამი მოახვია და სახლში წაიყვანა. ბედნიერი იყო ბავშვი, უხაროდა ბაბუს ვნახავო! სიზმარი დედას მოუყვა. ისეთი ბედნიერი იყო ბაბუა დამესიზმრაო. თითქოს დაბერებულმა დედამ ცრემლები ვერ შეიკავა და ბავშვს მთელი ძალით მოეხვია. ნაცნობი ქუჩები, ნაცნობი ხეები, ნაცნობი ბალახი, ნაცნობი შენობები, ისე აბედნიერებდა ნენსის მათი დანახვა. სახლი! მიუწვდომელ ციხე-სიმაგრედ გადაქცეული სახლი! ისე ლამაზად მოეჩვენა ნაცრისფერი, გაცრეცილი შენობა ნენსის. სახლში შევიდნენ დედა-შვილი, სირბილით გაიარა დერეფანი ბავშვმა და ბაბუს ნახვის იმედით შევიდა ოთახში.
სიცარიელე!… ისევ სიცარიელე იგრძნო ბავშვმა, გული შეეკუმშა და მოწყვეტით დავარდა. გრძნობდა… მისი სიზმარი თავს არ ავიწყებდა, ტრიალებდა და ყველა ნაწილს ედებოდა, ერთიდაიგივეს გაიძახდა გოგონა „ ყოველთვის შენთან ვიქნები“. ვეღარ გაუძლო დედამ… მოუყვა! მოუყვა ყველაფერი, რატომ გაუშვა იმ ღამეს დეიდასთან. ისევ აქვითინდა ბავშვი..! გალურჯებულ თვალებსა და ტუჩებს დასცქეროდა დედა, ფიქრობდა „გაიზარდა, უკვე დიდი გოგოა, მასაც მოაკითხა წუთისოფლის სისასტიკემ“ თბილი საბანი დააფარა და ოთახიდან გავიდა. ის ღამე ყველაზე გრძელი აღმოჩნდა, ყველაზე ბნელი და სასტიკი. თითქოს უკან დაბრუნდა ნენსი და ცივი კედლების მაგივრად ბაბუს უყურებდა. უყურებდა მაგრამ ისეთი მტკივნეული იყო ბაბუს ხილვა მისთვის, ოდესღაც ყველაზე საყვარელი ადამიანის ხილვა ახლა ტკივილსა და ტანჯვას აყენებდა საბრალოს. ხედავდა ოდესღაც ძლიერ ბაბუს როგორ იმორჩილებდა სიკვდილი, ხედავდა ღონემიხდილ ბაბუს და მის ირგვლივ შემოკრებილ სანათესაოს. მაგრამ სად იყო ის ერთადერთი, ყველაზე ძვირფასი მაშინ როცა მას სჭირდებოდა? წაიყვანეს! შორს წაიყვანეს მისგან. ღრმა ძილში ტიროდა გოგონა.
მიდიოდა ბაბუა… სიკვდილს მიჰყავდა… თავისთვის უნდოდა… ძლიერად უჭერდა კლანჭებს.
ვერ სუნთქავდა ბაბუ ვერ სუნთქავდა ნენსი, იტანჯებოდა ბაბუ იტანჯებოდა ნენსიც, ტიროდა ბაბუ და ტიროდა ნენსიც.
ვერ შველოდა, ვერაფრით ეხმარებოდა იდგა და უყურებდა როგორ აცლიდა სიკვდილი ხელიდან საყვარელ ადამიანს, ვერ ებრძოდა. ვერ დაიბრუნა, ვერ გადაარჩინა ბაბუ! მან გაიღვიძა ბაბუმ კი არა, ის ცოცხლაი იყო ბაბუ კი არა. ტკიოდა ნენსის… მისი გული გაქვავდა, გაიყინა და დაიშალა. დაკარგა! ადამიანი, ვისთვისაც ცხოვრობდა… ადამიანი, რომლითაც არსებობდა… მისი ნაწილი დაკარგა. საკუთარი თავი მიაჩნდა დამნაშავედ. ის ხომ იდგა და უყურებდა, მან ხომ არაფერი გააკეთა გადასარჩენად, უბრალოდ იდგა და უყურებდა… მეორე ღამით ისევ ნახა სიზმარი. ისევ ბაბუა..! ისევ თეთრ, ქათქათა სამოსში გამოწყობილი ბაბუა..! ისევ უღიმოდა..! მისი ტკბილი ხმა იავნანასავით იყო ნენსისთვის.
„ბაბუ! მე აქ ვარ! მე შენთან ვარ! ყოველთვის შენთან ვიქნები! არასდროს მიგატოვებ! ყოველთვის დაგეხმარები! ეს ბედნისწერაა, მას ვერ შევცვლით, ასე იყო საჭირო, შენ ვერაფერს იზამდი ჩემო საყვარელო! თავს მიხედე! მე შენით ვცოცხლობ, მე შენში ვცოცხლობ, ესეც საკმარისია! ნუ მოიწყენ შვილო! ნუ მიეცემი საუკუნო სიბნელეს, ნუ გადავარდები ჭაობში. შენს თავს შეაძლებინე. იცოცხლე შვილო!
ყოველ ღამით, ცაზე დაინახავ ვარსკვლავს, ყველაზე დიდ, მოკაშკაშე ვარსკვლავს, ის მე ვიქნები!
დაინახავ ყოველ დილას, სარკმევლიდან შემოსულ ნათელ სხივს, ის მე ვიქნები!
ბუნებაში საამურად მოჭიკჭიკე ჩიტებიც მე ვიქნები! ყოველ დილით ამომავალი მზეც მე ვიქნები! წვიმა! წვიმაც მე ვიქნები! ყოველი წვეთი მალამოდ დაეცემა შენს სხეულს. როცა გაგიჭირდება მე შენთან ვიქნები! როცა დახმარება დაგჭირდება მაშინაც შენთან ვიქნები. როცა მარტოობას იგრძნობ შეხედე ყველაზე დიდ, კაშკაშა ვარსკვლავს..!“
ყოველ ღამე უყურებდა პატარა ნენსი ყველაზე დიდ, კაშკაშა ვარსკვლავს! მან უკვე ნახა წუთისოფლის ძალა, შეიგრძნო კიდეც.
და რა იქნება შემდეგ…! ვინიცის!
გაუცხოებული, ცოცხალმკვდარი 9 წლის გოგონა… როგორ იცხოვრებს ახლა! რა მალე დამთავრდა მისთვის ბედნიერება, რა მოკლე ყოფილა თურმე! ის ხომ 9 წლისაა, ისევ ბავშვია, შეძლებს დავიწყებას? ბედნიერებას? გაიზრდება და არც ემახსოვრება როგორ სასტიკად დასცინა ბედისწერამ. მაგრამ არა! განა ასეთი ადვილია დედამ საკუთარი შვილი დაივიწყოს და ხელი ჰკრას, განა ასეთი ადვილია საკუთარი ნაწილის მოშორება და მერე ბედნიერი ცხოვრება. არა! ეს მისთვის ნამდვილად არ ყოფილა ადვილი. მისი ყოველი სუნთქვა მომაკვდავი ბაბუისას ჰგავს, მისი თვალებიც მომაკვდავი ბაბუისას ჰგავს. მისი გული… მისი გული აღარ არის, გაქრა! ნეტა რითი ცოცხლობს ახლა? იმედით. რწმენით, რომ ოდესმე ისევ შეხვდება, ისევ ნახავს და გულში ჩაიკრავს საყვარელ ბაბუს. საოცარია! ბავშვები სუფთა დაფებს ჰგვანანო, რასაც დაწერ იმას მიიღებენო მაგრამ არა! ისინი ყველაზე კარგად ხედავენ, ყველაზე კარგად გრძნობენ. და რითი იყო პატარა ნენსი სხვა ბავშვებისგან გამორჩეული, მანაც ხომ ისე იცხოვრა როგორც სხვა ბავშვებმა? მას ყველაფერი ახსოვს, მას არ დავიწყებია, 9 წლიდან ატარებს ყველაზე მძიმე ტვირთს ზურგით. დრო შეიცვალა, თითქოს ყველაფერი დალაგდა, თავის ადგილზე დადგა. არავის ახსოვს, არავინ კითხულობს. ყველა ბედნიერია, ყველა ცხოვრების დინებას მიჰყვება. ცუნამმა გაირა, ღრუბლები გადავიდა და მზემ გამოანათა. პატარა ნენსიც გაიზარდა. უკვე დიდია! თავისი ოჯახი ყავს. მოსიყვარულე და ჰარმონიული. საუკეთესო ქმარი და შვილები. ბედნიერია! მაგრამ…! გულმა, როგორც სხეულმა ჭრილობიდან შრამი მაინც დაიტყო! უკვე 11 წელია ნენსი ყოველ ღამე ამოწმებს ბაბუის კვალს ცაზე. ყოველ ღამით ფანჯარასთან ჩამოჯდება და საათობით უყურებს ყველაზე დიდ, კაშკაშა ვარსკვლავს..!