fbpx

კვალის გარეშე

0

სულ ოდნავ ფიფქავს… მყუდრო ქუჩაში ბერიკაცი მოაბიჯებს უხმაუროდ… გარშემო ნისლია და სიწყნარე… მოხუცი ჩერდება. ერთ ხანს თავის დამჭკნარ ხელებს აკვირდება, მერე გათოშილთ ისევ ქურთუკის ჯიბეში იწყობს და მოაბიჯებს, ოღონდ უფრო ნელა, უხმაუროდ. ცდილობს, იფიქროს, მაგრამ ვერ ფიქრობს. უკვირს. თითქოს რაღაც შეუძვრა სულში და ჩასძახის: წარსული გაიხსენეო. ვერ იხსენებს. იხსენებს ერთ უსაქმურ ახალგაზრდას, ლოგინში მონებივრეს რომ ეხვეწებოდა დედა, რამეს მოკიდე ხელიო. მოხუცია… მაგრამ წლების გამო არ ხდება ის, რომ ვერაფერს იხსენებს. უბრალოდ, იქ, წარსულში არაფერია… რამდენად საკვირველიც არ უნდა იყოს, ბაბუა ახსოვს: ერთხელ, ცეცხლის პირას მჯდომმა მოხუცმა უთხრა: შვილო, ეცადე, იცხოვროო. ბიჭს გაუკვირდა, ცხოვრების მეტს რას ვაკეთებო,- აგდებით უთხრა ბაბუას. მაშინ ვერ გაიგო რას აკეთებდა მოხუცი ჩაბნელებულ ოთახში, ბუხრის წინ. რატომ აკვირდებოდა ცეცხლს პატარა, სიბერით დავიწროებული თვალებით და რატომ უკანკალებდა მუხლს დაბჯენილი, დამჭკნარი ხელები… ახლა თვითონ მოდის მოხუცებული და ფიქრობს… ყოველთვის, დღემდე ეგონა, რომ ცხოვრება ის იყო, რასაც იგი ყოველ დღე აკეთებდა. მშობლების საყვედურს კი ერთნაირად პასუხობდა: გავიზრდები და მეც გავაკეთებ იმას, რასაც ყოველ დღე მაყვედრითო. მთელი ცხოვრება ელოდა გაზრდას… უსაქმო, უნაყოფო, არაფრისმომტანი დღეები ერთმანეთს მისდევდა და ისიც აღარ ახსოვს, როგორ აღმოჩნდა ამ ნისლიან ამინდში მარტო. როდის დაბერდა? რა მოხდა მერე? იმ დღის შემდეგ, ბაბუას რომ ესაუბრა? რატომ არ ახსენდება რამე, თუნდაც ერთი დღე, რომელიც ნამდვილი ცხოვრებით გაატარა?!

უკან მოიხედა. გზა უჩვეულოდ გრძელი ეჩვენა, მაგრამ ცარიელი…

როდის იცხოვრა? -არასოდეს.

რისთვის იცხოვრა? – არაფრისთვის.

ყრუ ტკივილი იგრძნო მკერდში და პასუხს მაშინვე მიაგნო: დღეს იცხოვრა. იმიტომ, რომ დღეს მიხვდა იმას, რასაც მთელი ცხოვრება მოანდომა.

………………….ქუჩაში ფიფქავდა წვრილად, გაბმით, საგულდაგულოდ შლიდა თოვლის თეთრი საფარი მოხუცის ნაბიჯების ნაკვალევს.

ნინო გვარამაძე

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!