იმ დღეს მეწისქვილეს თავზე წისქვილის ქვა დატრიალდა, როდესაც უთხრეს, რომ მისი ერთადერთი ქალიშვილი გარდაიცვალა. მთელმა ცხოვრებამ თვალწინ ჩაუარა. აღარასოდეს გაკარებია მამაპაპურ სახლს, სადაც მამა-შვილმა მძიმე სენთან ბრძოლა წააგეს.
ქალბატონებო და ბატონებო, ეს არის ისტორია კაცზე,მამაზე და ადამიანზე, ვისი სიცოცლეც ალმოდებული სახლივით ჩაიფერფლა, როცა მისი შვილის გული საათის წიკწიკივით გაჩერდა.
მეწისქვილეს თმა და წვერი ერთ დღეში გათეთრდა. მდინარის პირას მდგარი წყლის წისქვილი, თუ აქამდე მისი სამსახური და ლუკმა-პურის გამოსამუშავებელი ადგილი იყო, ახლა მისი სახლია. ამ წისქვილშია მეწისქვილეს წარსული, მისი აწმყო, მომავალი კი – არა.
ღამით აქ ესიზმრება ჭაღარა კაცს ქალიშვილი, დღისით კი აქ ელანდება. მარტო მოლანდება როდია საქმე?! აქ საუბრობენ მთელი რიგი რუდუნებით მამა-შვილი და ვაი, რომ ეს საუბარი ისეთი სათუთი, ისეი წმინდა და ნამდვილია რომ რეალურიც კი ვერ იქნებ ასეთი ცხადი.
– რატომ შორდებიან ადამიანები ერთმანეთს თუ ასე სჭირდებთ ერთად ყოფნა?
– განშორება ხანმოკლეა. გულის სიღრმეში ამის ყველას სჯერა, რომ არ სჯეროდეთ – ვერც იარსებებდნენ სულგამოცლილი ადამიანები. ვკარგადვთ ერთმანეთს, მაგრამ თმენის ვალდებულებას ვიღებთ. ყოველდღე ველოდებით შეხვედრის წუთს და არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, რომელსაც იმედი ჰქვია, ოდესმე შეხვედრის იმედი. არ გვაქვს უფლება დავიჯეროთ, რომ სამყაროში კარგი რამ მხოლოდ ერთხელ ხდება. ერთხელ გაშვებული შესაძლებლობა, მეორედ უნდა გამოვიყენოთ. ზოგჯერ ერთად ყოფნა შეუძლებელია, მაგრამ გარდაუვალი, ჩემო გოგონავ. – მიუგო მეწისქვლემ.
– უჩემოდ როგორ ხარ?
– უშენოდ არ ვარ. წისქვილის ქვა ჩემს დარდს პურის თითოეული მარცვალთან ერთად ფქვავს. სუფთა ჰაერის ნაცვლად ფქვილის მტვრით მევსება ფილტვები, ჩემი სევდა ამ ტომრებზე მძიმეა, მაგრამ ჩემს ვენებში სისხლი ამ მდინარეზე მძლავრად ჩქეფს. ვცოცხლობ სიკვდილამდე, გათენებამდე, დაღამებამდე, მანამ სამან შენ ჩემს გულსა და გონებაში არსებობ სიცოცხლე ჩემშიც იარსებებს.
თუ ვინმე ჩვენგან მიდის და ჩვენ მათ წასვლას ვამჩნევთ, ესე იგი, ისინი ძალიან მნიშვენლოვანი ადამიანები არიან ჩვენთვის. და მერე… და მერე მათ გარეშე აღარ ვართ და აღარც გვინდა ყოფნა. მათ დაბრუნებას ველით, მათთვის ვიბრძვით და ვნანობთ, რომ ადრე,ცოტა ატრე ვერ გავუფრთხილდით…
– თუ ოდესმე ბრძოლის ველზე უიარაღოდ დარჩებოდი, რას ამჯობინებდი: ტყვედ ჩავარდნას თუ სიკვდილს? – ეკითხება თეთრებშიჩაცმული პატარა გოგონა სრულებით გათეთრებულ კაცს, და საკითხავია ამ უკანასკნელის სითეთრის მიზეზი ჭაღარაა თუ წისქვილის ფქვილის მტვერი?! ან იქნებ ორივე ერთად?!
– ჩემო გოგონა, კარგია არჩევანის საშუალებას რომ მაძლევ. ეს ერთხელ უკვე გამოვიარე. მე მაშინ მოვკვდი, როდესაც მითხრეს, რომ შენ წახვედი, ტყვედ კი მაშინ ჩავვარდი საკუთარ თავთან, როცა მივხვდი, რომ ვერ გადაგარჩინე, ვერ გიშველე, ვერ მოგისწარი. . .ვერ გიშველე… ვერ მოგისწარი…
მეწისქვილე ტიროდა. ხმამაღლა ტიროდა. მისი ხმა უფრო მაღალი იყო, ვიდრე წისქვილის. უცხოებს შორიდან რომ დაენახათ – გაუკვირდებოდათ, რატომ ქონდა მოხუცხ ხელები წინ გაწვდილი და შენდობისა და პატიების შემთხოვი თვალებით ვის მიმართავდა, როცა მის წინ მხოლოდ ხის გამხარი ჯირკვი და სამი ფქვილის ტომარა იდო, ერთი თავღია, ორი – თავმოკრული.