მე ინვალიდი ვარ. ინვალიდი, ხეიბარი, მახინჯი, გლახაკი – ჩემს დასახასიათებლად ყველა ეს სიტყვა გამოდგება. არცერთი არ არის სხვაზე უკეთესი ან უარესი. ინვალიდი კარგი სიტყვაა, იგი ლექსიკონში ყველა ხეიბრის, უმწეოს, უსმენოსა და უსინათლოს, უფეხოსა და უხელოს, პარალიზებულის აღსანიშნადაა შესული. კარგი სიტყვაა, მე მომწონს.
ყოველთვის მახსოვდა, რომ ინვალიდი ვარ, სხვებისგან განსხვავებული, როდესაც აშკარა დამცირებასა და დაცინვას საკუთარ ტყავზე ვგრძნობდი. ყოველ წუთას მახსენებდნენ და ახლაც მახსენებენ, რომ ჩვენი პატარა, მწვანე პლანეტა ჩემნაირებისათვის არ არის შექმნილი, მე ზედმეტი ვარ, უცხო. ვიცოდი, რომ ნამდვილი უბედური და უიღბლო ვარ და მთელი ძალით ვცდილობდი გავმხდარიყავი ისეთი, როგორიც ყველაა, შევერთებოდი ჯანმრთელთა და ბედნიერთა მეგობრულ ოჯახს.
ერთ მშვენიერ დღეს მივხვვდი, რომ ეს ყოველივე სისულელეა. მთელი ჩემი არსებით შევიგრძენი, რომ ჩემი ინვალიდობა არც ისეთი დიდი პრობლემაა. ადრეც ვხვდებოდი, რომ ჯანმრთელთა და ბედნიერთა მოდგმა ისეთივე უტოპიაა, როგორც უბედურთა და ინვალიდთა. ვიცოდი, რომ ჩემი მეზობელი, დეიდა მაშა ჩემზე უკეთესად ან უარესად არ ცხოვრობდა. ვიცოდი, რომ ტკივილს საკუთარ თავს ჩვენვე ვაყენებთ, რომ ცხოვრება თავისთავად მშვენიერია.
არსებობენ სულელი და ჭკვიანი ადამიანები, არსებობენ ბედნიერები და არცთუ ძალიან ბედნიერები. ადამიანები განსხვავებულნი არიან. ზოგიერთ მათგანს ხელ-ფეხი არა აქვს, ზოგი ვერ ხედავს, ან არ ესმის, ზოგს ინვალიდის ეტლი სჭირდება, ზოგს კი სანიტრები არჯულებენ ხოლმე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. არსებობენ ჯანმრთელი ინვალიდებიც, მაგრამ ზღვარი ამ ადამიანებს შორის ძალიან ძნელი დასანახია. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ჩვენი ოცნებები, მისწრაფებები, სურვილები ერთმანეთის მსგავსია, და რთულია ჩვენი მკაცრად დაყოფა-დანაწილება სახეობებად და ქვესახეობებად.
მე ინვალიდი ვარ. მაგრამ დანარჩენი ადამიანებისაგან ყველაზე მეტად ინვალიდობა არ განმასხვავებს. მე ინვალიდი ვარ. ინვალიდობა ჩემი ნაწილია. ჩემი განსხვავებულობის უარყოფა სისულელეა. კიდევ უფრო დიდი სისულელეა უარყო სიტყვები. სიტყვები იბადებიან და იხოცებიან, ისევე როგორც ადამიანები. სიტყვები იცვლიან მნიშვნელობას, ბერდებიან, ხუნდებიან. სიტყვების უარყოფა სისულელეა, ისევე როგორც ადამიანების უარყოფაა სისულელე. ადამიანები არსებობენ და მორჩა. ეს მოცემულობაა, ცხოვრების რეალობაა. სიტყვა „ინვალიდი“ არაფრით არ არის სხვა აღმნიშვნელზე უკეთესი ან უარესი.
შესაძლებელია იეშმაკო, ქვეშიდან გამოძვრე, საგნებს სხვა სახელები დაუძახო, მაგრამ ეს არაფერს შველის. სხვაგვარად არ გამოდის, ან უარესი გამოდის – „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი“.
შევეცადოთ მოვძებნოთ ანტონიმი. სკოლაში გვასწავლიდნენ საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვების მოძიებას. თუ სტივ უანდერი ბრმაა, მე ვხედავ. თუ სტივ ჰოკინგი გენიალური ფიზიკოსია, მე საშუალო მონაცემების მქონე ფიზიკოსი ვარ. უფრო პატიოსნად რომ ვთქვა, საერთოდაც არანაირი ფიზიკოსი არ ვარ, და არც მუსიკოსი. ყველაფერი მარტივია, ცხადი და გასაგები. ყრუ ბეთხოვენმა დაწერა მუსიკა, რომლის მსგავსსაც ვერავინ ვერასდროს ვერ დაწერს. ბეთხოვენის შესაძლებლობები უსაზღვრო იყო. ბეთხოვენის მუსიკის შემოსაზღვრა სიკვდილმაც კი ვერ შეძლო.
პრეზიდენტი რუზველტი ინვალიდი იყო. ეს ფაქტია. მაგრამ ვინ დადგება მის საპირწონედ ისტორიის სასწორზე? აბა სცადე, თანამედროვე პრეზიდენტთაგან მას ბადალი მოუძებნე!
სტივ ჰოკინგი ინვალიდი იყო. ეს ფაქტია. მაგრამ ვინ გაეჯიბრება მას? მხოლოდ ნიუტონი. ნიუტონი არ იყო ინვალიდი. ჰოკინგი ინვალიდია. მერე რა? ვინ უწოდებს ჰოკინგს ადამინს „შეზღუდული შესაძლებობებით“. მაინტერესებს, თუ ჰოკინგის და ნიუტონის შესაძლებლობები შეზღუდულია, ვიღასია უსაზღვრო?
იყო თუ არა ჰომეროსი ინვალიდი? არ ვიცი. არავინ არ იცის. ფილოლოგები თავს იკლავენ ამის გამოსაცნობად. პირადად ჩემთვის არ არის საინტერესო, ხედავდა თუ არა ჰომეროსი. საუკუნეებისა და ძველბერძნული ენის გავლით ჩემამდე მისმა პოემებმა მოაღწია. საუკუნეებისა და ძველი ბერძნული ენის შემდეგ, ისეთი წვრილმანი, როგორც მხედველობაა, აზრს კარგავს. იყო ჰომეროსის შესაძლებლობები შეზღუდული? რა თქმა უნდა, იყო. მაგრამ არც მეტად და არც ნაკლებად, ვიდრე მისი სხვა თანამედროვეებისა.
მე ინვალიდი ვარ. არ შემიძლია და ვერც ვერასოდეს შევძლებ დამოუკიდებლად დავლიო ჭიქა წყალი. და ამ წვრილმანის გამო ვინმეს უფლებას მივცემ შეზღუდული შესაძლებლობების პირი მიწოდოს? არასდროს.
მე ინვალიდი ვარ. ჩემი შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, შეზღუდულია. ამ ქვეყანად ყველა არსების შესაძლებლობები შეზღუდულია. ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. მაგრამ არაზუსტი ფორმულირების გამო, დანარჩენი სამყაროსგან გამოყოფას არ ვაპირებ. არ მსურს რაიმე სხვა, უკეთეს სახელს მარქმევდნენ. მინდა მიღებდნენ არ უარმყოფდნენ სწორედ როგორც ინვალიდს. მინდა ვიყო ის, ვინც ვარ და მიწოდებდნენ იმას, რაც ვარ.
მე ინვალიდი ვარ, სამწუხაროდ. რა თქმა უნდა, მირჩევნია არ ვიყო ინვალიდი, შევიცვალო, გავხდე ისეთი, როგორიც სხვები არიან, მაგრამ ეს შეუძლებელია. ისეთი ვარ, როგორიც ვარ. სიტყვა „ინვალიდი“ ნორმალური სიტყვაა. არაფრის შეცვლა არ არის საჭირო. მოდი, სიტყვას ნუ შევცვლით.
მე ძალიან მინდა, რომ სიტყვა „ინვალიდი“ არ აშინებდეს და აფრთხობდეს ადამიანებს. მჯერა, ეს შესაძლებელია. ძნელია, მაგრამ სრულიად შესაძლებლი ადამიანთა საზოგადოებისათვის.
გარდა ამისა, მინდა, რომ სიტყვა „ინვალიდს“ სულ უფრო ხშირად და ხშირად ამატებდნენ ისეთი სიტყვებს, როგორიცაა: „პანდუსი“, „ლიფტი“, „ტროტუარი“, „ავტობუსი“, „ტაქსი“, „მეტრო“, „თეატრი“ – მარტივ და გასაგებ სიტყვებს.
facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!