ღამის 5 საათი იწყებოდა,თითებმა ჩემგან გაუაზრებლად რომ დაიწყეს უცნობი შტრიხებით უცნობივე თვალების ხატვა.ტრანსში ვიყავი თითქოს,თითებს მითბობდა ხის ფანქარი,რომელიც ფურცელზე ჩემს ცხოვრებაში უდიდეს კვალს ტოვებდა თურმე.თვალები უბრალო იყო,რეალური,იმაზე რეალური ვიდრე სინამდვილეშია.თითქოს ვიცოდი,რომ ოდესმე ამ თვალებში გამოვჩნდებოდი,წამიერად ამირეკლავდა გუგებზე მოთამაშე ვარსკვლავები.
ღრმად ჩავიხვნეშე,თმა ყურს უკან გადავიწიე და გამეცინა საათს რომ შევხედე,კიდევ ერთი დღე გათენდა ძილის გარეშე და იგივე,განმეორებადი თვალების დახატვით.თბილ ყავას ვსვამდი,ქაოსურ ოჯახის წევრებს ყურადღებას არ ვაქცევდი და კვლავ შევცქეროდი ნამუშევარს,რომელიც რატომღაც მამშვიდებდა.
საბოლოოდ გადავდე ფურცელი,კრემისფერი ქურთუკი მოვიცვი და გარეთ გასვლისთანავე მეცა სუსხიანი,სუფთა ჰაერი,რომელმაც თვალები დამახუჭინა,რადგან პირბადე თითქმის ნახევარ სახეს მიფარავდა.
ავტობუსის გაჩერებასთან ფეხზე მძინარე ველოდი ჩემს რიგს,ხალხი წამის სიჩქარით მოძრაობდა,მე კი სივრცეში გავიყინე თითქოს. კიდევ ერთხელ შევიგრძენი ერთფეროვნება,რომელსაც გარესამყარო მოეცვა.
ჩემს ფეხებთან ტენისის ბურთი მოგორდა,ფიქრებიდან გამომაფხიზლა და ალბათ,ცხოვრებაც თავიდან შემაყვარა,რადგან ზემოთ ახედვისას ზუსტად იმ თვალებს შევეჩეხე,რომელიც უკვე ერთი კვირაა ძილს მიფრთხობს. შავი პირბადე მასაც უფარავდა სახეს,მხოლოდ ორი ნუშის ფორმის,მუქი თვალები მოჩანდა,რომლებშიც ოჰ,როგორ ნაცნობად თამაშობდნენ ვარსკვლავები.
ბურთი ნელა ავწიე,ჯიბეში ჩადებული კალამი ამოვიღე და თვალები გაგიფართოვდა,როცა ჩემი ნომერი წავაწერე.
გრძელი ავტობუსი ჩემს წინ შეჩერდა,ბურთი სწრაფად მოგეცი და ჩვენი თითებიც წამით,მაგრამ თითქოს საუკუნით დაკავშირდა ერთმანეთთან.
ავტობუსის ბორბლების ხმამ ჩაყლაპა ჩემი სიტყვები:
“კიდევ შევხვდებით,თვალებხატულა ბიჭო”