0

შენთან ერთად წავიდოდი მთაში
ფრთებს გავშლიდი, გავუძლებდი ავდარს
შენს სუნთქვის ხმას მოვუსმენდი მხოლოდ
ამის მეტი, რაღა მინდა აბა?!

იმ ერთ ლუკმას გავიყოფდით ორად
წყენაც, დარდიც გაქრებოდა წამში.
დავიჯერო, ვითომ შენ არ გინდა?!
ჩემთან ერთად ფრთების გაშლა მთაში.

ფრთებგაშლილი ვიღიღინებ მხოლოდ
და -მიყვარხარს დავიყვირებ ქარში.
მე ვიცი, რომ შენც ძალიან გინდა,
ჩემთან ერთად ფრთების გაშლა მთაში.

მდინარეზე წავიდოდეთ ფეხით
მთის ყვავილებს ჩამაწნავდე თმაში,
მინდა, მხოლოდ შენთან ერთად მინდა,
ფრთებგაშლილი ვიღიღინო მთაში.

დეკის ჩაის სიცივეში დავლევთ
ცივ წყაროზე მივალთ მხოლოდ დარში.
კესანებით აჭრებულ მდელოს
ამაზე კარგს ჩვენ რას ვნახავთ მთაში?!

ჩვენი ბინა მუდამ მყუდრო  იქნება,
იცი? თოვლში, წვიმასა თუ ქარში
წამოდი და ავიხდინოთ ოცნება,
წამოდი და ფრთა გავშალოთ მთაში.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!