fbpx

რას გაიგებ … !

0

როცა ეშმაკი როიალზე უკრავდა თავის დაწერილ არეულ ნოტებს, სწორედ მაშინ ვიშვი მე და წამით დავადუმე იგი ! პირველმა მე დავინახე თუ მან მე ვერ გეტყვით, მახსოვს როგორი უცნაური სიჩუმე ჩამოვარდა, ყველაფერი დუმდა, მეც კი არ მიტირია ახლადშობილს … ვუყურებდი და ვხედავდი მის თვალებში ჩემს მომავალს, ვხედავდი და მეცინებოდა. ჩემს სიცილზე მისი რეაქცია უცნაური იყო, როიალს მიუბრუნდა, თავი ჩამოდო, ერთი რომელიღაც შავი კლავიში ამოიჩემა და მთელი ემოციით ახმაურებდა … რამხელა ემოციები ჰქონია მაგ უღმერთოს … მივუახლოვდი … მინდოდა რომ მომეკლა, მაგრამ არა ! მე ეს შემეძლო, მაგრამ არ გავაკეთე ! ვიჯექი თეთრ კლავიშზე, ის ისევ უკრავდა, უკრავდა, ხმაურობდა, ბოლოს შემომხედა და ორივეს გაგვეცინა, ერთმანეთს დავცინოდით, ერთმანეთის საცოდაობაზე გვეცინებოდა! 

– უღმერთოვ ! არ გეშინია რომ ერთხელაც ჩემი ღმერთი გაგანადგურებს? 

გაეცინა  და დაიწყო საუბარი …

– ღმერთი … შენი ღმერთი ერთხელ ჩემიც იყო, შენზე მეტად ვაღმერთებდი მას … ღმერთი საოცარი ქმნილებაა, მართლაც იმსახურებს თაყვსნისცემას! ჰო, მე თაყვანს აღარ, თუმცა პატივს ვცემ. ღმერთის ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ გაგვათავისუფლა, მეც ავდექი და “თ”- ავისუფლების შესანიღბად გამოვიყენე, მე პირველი ვიყავი, რომელიც მას განუდგა … შეიძლებოდა ეამაყა კიდეც ჩემით, ეს გამბედაობა სასიკეთოდ რომ გამომეყენებინა, მაგრამ არა. სიკეთე სულელების თვისებაა, ბედნიერება მოსაწყენია, სიყვარული? სიყვარული გასუსტებს, ამიტომაც მე იგი გავაძლიერე და ჩემს გარდაქმნილს სიძულვილი დაარქვეს. სიძულვილი საინტერესო გრძნობაა, საკუთარ თავს სცდები ამ დროს და ბევრ ისეთ რამეს აკეთებ, რასაც სიყვარული ვერ გაგაკეთებინებს. დაუკვირდი როცა შანსი მოგეცემა, რომელი უფრო სულის შემძვრელი შეგრძნებაა? სიძულვილი თუ სიყვარული? განსხვავება იცი რაშია? სიძულვილს ნაკლები ტკივილი და მეტი სიამოვნება მოაქვს, ვიდრე სიყვარულს … სიძულვილი გაკეთებინებს მხოლოდ იმას, რაც ბოროტებასთან ასოცირდება, სიყვარულით შეპყრობილმა კი არც იცის რა აკეთოს, ქარიშხალში მოყოლილი ცელოფნის პარკივითაა, რომელსაც გონია რომ დაფრინავს, და ვერ მიმხვდარა რომ მისი ბოლო შეიძლება რომელიღაც გამხმარი ხის ტოტზე გაკვეხებით დასრულდეს. იცინე ჰო, შენც იცი რომ მართალი ვარ. ადამიანს ვერასდროს ვერ დასჯი იმაზე მეტად, ვიდრე შეაყვარო ვიღაც ან რაღაც, ამიტომაც სიყვარული ღმერთი არ არის. საცოდავო ადამიანო დაიხსომე ახლა რასაც გეტყვი, ღმერთი სხვა არაფერია თუ არა სინდისი. როცა ხვდები, რომ რაღაც ისე ვერ არის და ამას რაღაც განიშნებს საკუთარ თავში, ის არის სწორედ ღმერთი, და არა სიყვარული რომლითაც ფუთავთ ათას სისულელეს, არა ვაღიარებ ბევრს დაგცინით ხოლმე. სწორედ მაშინ, როდესაც სინდისი აღარ გამომეხმაურა, მივხვდი რომ ღმერთმა დამტოვა, ახლა ის თქვენი ღმერთია მხოლოდ  … რომ მკითხე არ გეშინიაო? არ მეშინია! იცი რატომ? იმიტომ რომ მე ვიცი ჩემი ბოლო, ვიცი და ჩემი აღსასრულის ჟამი არ არის იმაზე მტკივნეული, რასაც თქვენ უკეთებთ დღემდე ღმერთს და ვინ მოთვლის სადამდე განაგრძობთ მის ტანჯვას … მე თქვენ გტანჯავთ, თქვენ ჩემს ბოღმას ღმერთს ანთხევთ … ღმერთზე მეტად შენ მაშინებ, ნუ იცინი ! მართლა ! რატომ არ იტირე, რა გაცინებს განგებისგან განწირულო? გამცილდი, ახლა თვალებს გაახელ და სინათლეს დაინახავ, ნუ გეშინია, დაიწყო შენი შობა, იმის იმედს ნუ დაიტოვებ რომ ვინმე აღნიშნავს, როცა ღმერთის ძიებას დააპირებ, ჯერ ჩემთან მოდი, მასთან უჩემოდ ვერ მიხვალ. უსუსური, საცოდავი, კიდევ იცინის ! 

ხელში ამიყვანა, ცალი ხელით მარწევდა, ცალით უკრავდა და მიმღეროდა, მიმღეროდა ყველაფერზე თუმცა არაფერი მესმოდა. ისეთი ხმა ჰქონდა ვერც შეატყობდი რომ ჩემზე უარესი იყო, უსულო, უხორცო …

– თანდათან გაიგებ!

 გაიღვიძე! 

– მღვიძავს! მღვიძავს! ეს ბოთლიც დაცლილა, ჯანდაბაა!! არც დაიჯერებთ რომ მოვყვე…

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!