fbpx

“ეს დასასრულია”

900865D1-6109-40AF-AA68-97C2F8E8618C
0

ვფიქრობ…

ძალიან ბევრს ვფიქრობ… იმდენს, რომ ამ ფიქრებს ტკივილამდე მივყავარ.ყოველთვის როცა მინდა, რომ არაფერზე ვიფიქრო, ზუსტად მაშინ ვეშვები ფსკერისკენ. 
შუაღამეა…

ვგრძნობ, როგორ მეყინება თითები. 

ვგრძნობ, რომ რაღაც მორევში მითრევს. 

უცებ დაბნელდა. რაღაც ხმები მესმის. ცოტა ხანში კი, ნელ-ნელა, ყველა კადრმა დაიწყო გაფერადება. 

ვხედავ ჩემს წარსულს. ტკბილ და ფერად ბავშვობას. მეგობრებთან ერთად მინდორში ვთამაშობ. ყვავილებს ვაგროვებთ და ამ ყვავილებისგან გვირგვინებს ვაკეთებთ. პეპლებს ვიჭერთ. ძალიან კარგი ამინდია. სითბოა, მაგრამ მე მთელი სხეული ცივი მაქვს. მესმის როგორ მეძახის დედაჩემი, რომ მასთან დავბრუნდე. წასვლა მინდა, მაგრამ ნაბიჯს ვეღარ ვდგავ. 

ვერ ვმოძრაობ…

ისევ დაბნელდა.

უკვე ვხვდები, რომ ოთახში ვარ. სრული სიბნელეა. მხოლოდ ერთი სანთლის შუქი მოსჩანს. ჩემსავით უსარგებლოა, არც ათბობს და არც ოთახს ანათებს.

ნაბიჯი გადავდგი და მივხვდი, რომ ფეხქვეშ ვერაფერს ვგრძნობდი, თუმცა წინ ვიწევდი.

სანთელს მივუახლოვდი. მინდოდა ამეღო და ოთახიდან გავსულიყავი. 

ამ დროს, დავინახე როგორ იდო ჩემი სხეული უგონოდ. დედაჩემი კი მთხოვდა, რომ მასთან დავბრუნებულიყავი. 

დედას მივუახლოვდი, ჩასისხლიანებულ, ცრემლმორეულ თვალებში ჩავხედე, კისერზე მოვეხვიე და ვუთხარი, რომ მასთან ვიყავი. მაგრამ ვერ შემამჩნია.

პასუხი არ გამცა. 

შემეშინდა.

საბოლოოდ, გავაანალიზე რაც მოხდა.

მეგონა სიზმარი იყო. ვოცნებობდი, რომ ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო. ვიტანჯებოდი, გაღვიძებას ვცდილობდი. 

მაგრამ, თვალი ვერ გავახილე.

ეს დასასრულია…

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!