სანამ კითხვას (შენ) და წერას (მე) დავიწყებთ
გთხოვ არ წაშალო
არასდროს
მინდა რომ გვახსოვდეს
ახლა რომ ვწერ, ფილმი მახსენდება, “ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება”
არაფერია ცუდი იმაში რომ გახსოვდეს.
ცრემლები მადგება ახლა, იქნებ შენც მოგადგეს -ან იქნებ არც..იქნებ დრო და დრო უფრო ნაკლებად. არ ვიცი ; მაგრამ ვიცი რომ ახლა ეს ცრემლები ტკივილის არაა-მეღიმება და გულში სითბო მეღვენთება.
აღარაა მარტივი სიტყვების პოვნა ჩემს გონებაში, რადგან გრძნობები ქრება. მხოლოდ გრძნობებს და ემოციებს შეეძლოთ ჩემში წინადადებათა ჯაჭვის აწყობა,მიუხედავად იმისა რომ ზოგჯერ ეს ქაოსური ჩანდა, ბოლოს მაინც ამ სიტყვების წერისას გადმოვცემდი გრძნობებს ყველაზე კარგად. რომ გავიხსენო სიყვარულს ნაკლებად გამოვხატავდი, უფრო მეტად ტკივილს, ბრაზს, წყენას, იმედგაცრუებას… თუმცა ყველა ტექსტის,ჩანაწერის საწყისი და ბოლო მაინც სიყვარული იყო.
ბოლო დიდ ტექსტს გავიხსენებ. თუმცაღა ეს არ იყო ჩანაწერი, არამედ გაგზავნილი შეტყობინება,მიზანმიმართული, ბრაზიანი..თუმცა ბრაზიანზე უფრო ცუდი სიტყვა შეეფერება, ვერც კი ვფიქრობ. იქნებ ბოღმიანი. არ ვიცი ჩემს თავს არ ვგავდი. მაგრამ ჩემს სიტყვებს ჰგავდა ის, ჩემს ნაწერს ჰგავდა, თუმცა რაღაც კიდევ ჰქონდა განსხვავებული. ამდენი წელია ვწერ.. ვწერ და ვკითხულობ და ყოველთვის ვგრძნობ რომ კიდევ მაქვს სათქმელი, რომ რაღაც მაკლია, წაკითხვისას ხელახლა მებადებოდა აზრი, მაგრამ იმ წერილს ყოველ ჯერზე რომ ვკითხულობდი ვხვდებოდი რომ წერტილი მართლა ასრულებდა თავის დანიშნულებას, იმაზე უკეთაც კი ვიდრე წარმოვიდგენდი, იმ წერტილის მიღმა არათუ ტექსტის გაგრძელებას, უკეთეს ვარიანტს და სახეცვლილ მსჯელობას, არამედ ურთიერთობასაც ვეღარ ვხედავდი.
20 წლის გოგო ვიყავი.
კი პატარა ასაკია იმისთვის რომ ჩემმა დასმულმა წერტილმა დანიშნულება შეასრულოს,მაგრამ ჰოი საოცრებავ..გამოვიდა.
ყველას ვეუბნებოდი რომ მინდოდა ეს ასე ყოფილიყო,მაგრამ გულის სიღრმეში მინდოდა რომ წერტილის მიღმა სხვა სასვენი ნიშანი დამენახა, ფერმკრთალად რომ ყოფილიყო, ან “უხილავი” მელნით დაწერილი რომელსაც სპეციალურ ლაზერს მიანათებ და დაინახავ რომ ამ ამბავს გაგრძელება აქვს, მაგრამ არა.
სურვილებთან და სიტყვებთან ფრთხილად იყავიო..მსმენია..მეც ხშირად ვამბობდი მაგრამ პატარა ვიყავი, საკმარისად ვერ ვიაზრებდი რომ მართლა ასეა.
თუმცა ამას ახლა სევდიანად იმიტომ კიარ ვიხსენებ თითქოს თავს ვიდანაშაულებ.
არა…
საქმე გულწრფელობაშია
მე მატყუარა ვარ. (თურმე ვყოფილვარ)
ჩემი ყველა ტექსტისთვის გაგრძელებას იმიტომ ვფიქრობდი ხოლმე რომ საკმარისად გულწრფელი არასდროს ვიყავი, ყოველთვის ვფიქრობდი რომ ეს შეიძლება სხვასაც წაეკითხა და ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს ვპოულობდი ჩემი გრძნობების ზუსტად გამოსახატად. კი კარგიცაა ეს თავის მხრივ,მაგრამ ამით საკუთარ თავს ვატყუებდი ყოველ ჯერზე..ისევ და ისევ
აი ბოლოს კი ყველაზე გულწრფელი ვიყავი, გულწრფელად ვწუხდი რომ მე შემეძლო მსგავსი უარყოფითი ტექსტის წერა, ვწუხდი რომ ვისაც ვწერდი ის იმ წუთას ერთდროულად ყველაზე მეტად მიყვარდა და ყველაზე მეტად მეზიზღებოდა მაგრამ ზუსტად გადმოვეცი ეს.. ვწუხდი იმაზეც რომ წერის მომენტში ყველაზე მეტად მტკიოდა მომავლის ცოდნის გამო და ყველაზე ამაყიც ვიყავი საკუთარი თავით რადგან ურთიერთობის დამთავრების ძალაუფლებას საკუთარ ხელებში ვგრძნობდი. და ისიც დავწერე რომ ვწუხდი. და ეს იყო ყველაზე გულწრფელი ემოცია და ყველაზე ნამდვილი გამოხატვა საკუთარი თავის.
შემდეგ უკვე ვგრძნობდი ძველ ჩანაწერებში ჩემივე ჩამოუყალიბებლობის, სიყალბის, თვითმოტყუების, სისუსტის ნაზავს და ერთ დღესაც ჩამოვუარე და თავიდან მოვიშორე ისინი. თუმცა შემდეგ მანიაკალური ჩვევა გამიჩნდა-ვდგებოდი და თავიდან,ისევ და ისევ ვკითხულობდი იმ გულწრფელობით სავსე წერილს, თითქოს სარკეში ვიყურებოდი და თავიდან ვგრძნობდი იმ ემოციებს მაგრამ ისიც წავშალე. გამიჭირდა.
შემდეგ ყველა მოგონების წაშლა დავიწყე რაც მასთან მაკავშირებდა, რთული იყო მაგრამ გავაკეთე.
იმიტომ კი არა რომ ვფიქრობდი ეს დავიწყებაში დამეხმარებოდა.. არა.. უბრალოდ ყოველი მიმოწერის წაკითხვისას დროში ვბრუნდებოდი და თავიდან ვგრძნობდი, ეს კი გახსენებას ჰგავს ტექნიკურად, მაგრამ უფრო რთული რამაა. რადგან ერთია გახსოვდეს რომ გიყვარდა; ძალიან, ძალიან გიყვარდა მაგრამ მეორე მხარეა ხელახლა გრძნობდე ამ სიყვარულს.
ყველაფერი წავშალე და თავიდან მოვიშორე
მხოლოდ მისი ნაჩუქარი ბლოკნოტი დამრჩა და ეს ჩანაწერი დამრჩება. ამიტომაც გთხოვე დასაწყისშივე- არ წაშალოთქო.
ამის წაკითხვისას სიყვარულს ვერ იგრძნობ რადგან ჩემში ძალიან ცოტაა ეს დარჩენილი.
ვგრძნობ როგორ ცივდება ჩემი გული, ვგრძნობ როგორ იყინება.
ვხვდები რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვავდება და ამაზე არც კი ვდარდობ.
უბრალოდ სანამ ცივი გავხდები
მინდა უკანასკნელად გავიხსენო როგორ მიყვარდა
მინდა მახსოვდეს, სადმე ეწეროს რომ მეც მიყვარდა, ოდესღაც
ნამდვილად მიყვარდა და ჩემთვის იმ გრძნობაზე უკეტესი არაფერი ყოფილა ამ ქვეყნად
ჩემთვის საუკეთესო ემოციები მასთან ერთად გატარებულ დღეებს უკავშირდება
მისი ჩახუტების სურვილს-და მაინც არასდროს ჩავხუტებივარ ისე გულით როგორც მინდოდა. ალბათ წარსულში დაბრუნებისას მხოლოდ ამას გავაკეთებდი.. არაფერს შევცვლიდი უბრალოდ ერთ მოგონებას და ემოციას დავიმატებდი. ჩახუტებას რომელიც ასე მინდოდა.
კარგ ადამიანად დავიმახსოვრებ მასაც და ჩემს სულელ შეყვარებულ თავსაც.
კარგ მოგონებებს დავიტოვებ მხოლოდ, რადგან როცა მექნება დრო საკუთარ თავთან მარტო დასარჩენად გავიხსენო რომ მეც მქონდა დღეები როცა მიყვარდა.
აბა შენ იცი. მე ისევ მაცივარში შევდივარ.
შეიძლება აღარც არასდროს მომიწიოს დაწერა, ან იქნებ სასწაული მოხდეს და ვინმემ გამომიყვანოს კიდეც მაცივრიდან მაგრამ მეეჭვება
ცივ მაგრამ თბილი მოგონებებით სავსე ცხოვრებას ვიწყებ და მინდა გახსოვდეს რომ შენში უზომო სიყვარულია.
