რაჭის მისტიკის დღიურებიდან

           ჰორორისტის იარლიყი თინეიჯერობიდანვე მივიკარი,რადგან სწორედ მაგ პერიოდიდან აღმოვაჩინე ჩემი დაინტერესება,მისტიკით,მითებით და მსგავსი ლეგენდებით.დავდიოდი სოფლებში,ვკითხულობდი ლიტერატურას და ვცდილობდი რეალობის მსგავს ამბებს ჩავბღაუჭებოდი.

           წლების განმავლობაში ბევრი ამბავი მომისმენია და ამ ამბების საუკეთესო მცოდნეები ვინ იქნებოდნენ თუ არა ბებია, ბაბუები, რომლებსაც ვფიქრობ გონების ბნელ კუთხეებში მრავალი ასეთი ისტორია ჰქონდათ შენახული და მე მაქსიმალურად ვცდილობდი ამ ისტორიებისთვის სიცოცხლე დამებრუნებინა.ერთმა ბაბუამ, რომელსაც რაჭაში ვესტუმრე  ამბავი მიამბო,მაშინ როცა თავის მყუდრო სახლში მიმასპინძლდებოდა.მის მიერ მოყოლილი ამბები თითქოს ზებუნებრივსა და რეალობას შორის იდგა და ამიტომაც ჩემი დიდი ინტერესი გამოიწვია.მოხუცმა კაცმა ასეთი ისტორია მიამბო.

         –  სასაცილოდ არ მყოფნიდა ხოლმე, შვილო ასეთი ამბები მაგრამ ,სულ კი მესმოდა,ნაირ ნაირი ისტორიები ეშმაკეულებზე.მაშინ ჩემს ახალგაზრდობაში სოფელში სამსახური ჭირდა და აქვე ქალაქში დავდიოდი ხოლმე სამუშაოდ.კიდეც არ მომწონდა მაგრამ,ღამით როცა იქ დარჩენა, უცხო სახლში და ოჯახში მერიდებოდა,ფეხით ჩემს სიმყუდროვეში მოსვლა მერჩივნა,ტყისპირა გზას გამოვივლიდი და სახლში მოვდიოდი ხოლმე.იმის მეშინოდა გზად მგელი ან რამე ნადირი არ შემხვედროდა,თორე სიარულს ვინ ჩიოდა.ერთ ასეთ ღამეს თანამშრომლის ბევრი ხვეწნა მუდარის შემდეგ,ავიჩემე გინდა თუ არა სახლში უნდა მივიდე თქო,აჩემებულ კაცს კიდევ ვინ რას გადაათქმევინებს.წამოვედი და გამოვუდექი ჩაბნელებულ გზას.ქალაქს კარგად გამოვცდი და სოფლამდე ალბათ,ნახევარი საათი მაინც მჭირდებოდა გზასთან ახლოს ხევისკენ ბავშვის ტირილი,რომ გავიგონე.ცოტა კი მეუცნაურა მაგრამ,უგულო ხომ არ ვიყავი მივედი და შორიდან დავუწყე ცქერა მაგრამ,არც ტირილი გამიგია და არც რამე დამინახავს.გზა გავაგრძელე,თან იმ ამბავზე მეფიქრებოდა და ზუსტად ისეთივე ტირილი გავიგონე ამჯერად ტყიდან,ნელა წავედი ტყისკენ მაგრამ,რაც უფრო წინ მივდიოდი ტირილი უფრო შორიდან მოდიოდა,ირგვლივ სიბნელის მეტი არაფერი იყო.ტირილი კი მესმოდა მაგრამ,შიშმაც ამიტანა მივდიოდი ტყეში და იმ ხმას ვერაფრით ვუახლოვდებოდი,პირჯვარი გადავიწერე და ისე გამოვიქეცი უკან არც მიმიხედავს.ვისაც კი მოვუყევი ყველამ ჭინკები იქნებოდნენო,ასე იციან თურმე ადამიანის მიტყუება და მერე აგიჟებენ.იმის მერე მე არ გადამხდენია ეგეთი არაფერი მაგრამ,მესმოდა ბევრი. ნაცნობმა მიამბო,მეზობლის სახლიდან ჟრიამულის ხმა მესმოდაო,შევედი და ყველა ჩემი ნაცნობი იქ იყოო ცეკვავდნენ და მხიარულობდნენო,მეც გამეხარდა მაგათი დანახვა და აყოლა ვცადეო მერე,მოგვიანებით შემთხვევით დავინახე რომ ყველას ფეხები უკუღმა ჰქონდაო,პირჯვარი გადავიწერე ღმერთს შეწყალება ვთხოვე და იქიდან გამოვიქეციო,თან გზაში სულ მამაო ჩვენოს ვამბობდიო.ასეთ ამბებს რა დალევს შვილო,კითხვები ყველას გვაქ,პასუხები სადაა შენ ეგა თქვი.წლებია გასული და ეგეთ რამეებს ახსნას ვერ უძებნიანო.

       მეც გაფაციცებული ვუსმენდი და ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობდი,როცა ვაანალიზებდი,რომ იმ სოფელში ვიყავი სწორედ სადაც ეს ყველაფერი ხდებოდა ერთ დროს.

        

facebook კომენტარები
Choose your Reaction!