მე და ჩემი მეგობარი ვიხსენებდით ჩვენი ბავშვობის ერთ-ერთ მოგონებას-სინათლეს. მახსოვს ღრმა ბავშვობაში ძალიან ხშირად ვისხედით სანთლის შუქზე, როცა, უცებ, მოვიდოდა სინათლე დავიწყებდით ჟრიამულს, ტაშის კვრას. თან ჩემს სახლში მუდამ ბევრი ვიყავით(9), ზუსტად კი-მე, დედა, მამა, ბებია, და, ძმა, 2 მამიდა და ბიძია. გარდა ამისა გვყავდა ბევრი სტუმარიც, ახლა კი წარმოიდგინეთ ჩვენი ჟრიამული სინათლის მოსვლისას. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სინათლის არ ქონის მიუხედავად გართობის საშუალებები მაინც არსებობდა. მაგალითად, ოჯახის წევრები უკრავდნენ როიალზე, ცეკვავდნენ, კარტს თამაშობდნენ, მღეროდნენ, კინოში დადიოდნენ, ბულვარში სეირნობდნენ, ზღვაზე ბანაობდნენ და სხვა კიდე მრავალი. მუდამ ჟრიამული თუ ხალხმრავლობა სუფევდა (დღემდე ასე გრძელდება) ჩვენს ოჯახში. გაინტერესებთ რა ხდებოდა სინათლის მოსვლისას? შავ-თეთრ ტელევიზორს ჩავრთავდით, მახსოვს ორი ტელევიზორი გვქონდა, ორივეს ჩართვა გვიწევდა, რადგან ერთ მათგანში მხოლოდ გამოსახულება ჩანდა, მეორეში კი-ხმა ისმოდა. ასევე მახსოვს მე და ჩემს დას “კასეტები” გვქონდა და მულტფილმებს ვუყურებდით. განსაკუთრებით კი მახსენდება მე და ჩემს დას მამამ “ჯეოსტიკები” რომ გვიყიდა, რომელიც ტელევიზორს უკავშირდებოდა,თუმცა ისიც მახსოვს ამ “ჯეოსტიკებით” ძირითადად ისევ მამა და ბიძია თამაშობდნენ.
ასე იყო თუ ისე ჩემს ქალაქში თითქმის ყველას ტელევიზორი ჰქონდა, რასაც ვერ ვიტყვი ტელეფონზე. პირველი ტელეფონი რომელიც მე მქონდა საერთო იყო ჩემი, ჩემი დისა და ბებიას, აღვნიშნავ იმ ფაქტსაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა ერთი ტელეფონი სამი მფლობელისათვის, პირიქით იდეალურადაც კი ვინაწილებდით, მე და ბებია არ ვითხოვდით ამიტომ ძირითადად ჩემს დას ჰქონდა. რაც შეეხება ყოველდღიურობას, ყოველი მათგანი განსხვავებული იყო. ჩემი დილა იწყებოდა დილით ადრე. განსაკუთრებით მიყვარდა თამაში და ეს სიყვარული საკმაოდ დიდხანსაც გაგრძელდა. ვთამაშობდი და-ძმასთან, მამიდაშვილებთან, დეიდაშვილებთან, ბიძაშვილებთან და მეზობლის ბავშვებთან ერთად. განსაკუთრებით გვიყვარდა წრეში ბურთი. მარტო დარჩენის შემთხვევაში ჩემთვის ესეც არ წარმოადგენდა სირთულეს, რადგან ძალიან ბევრი სათამაშო მქონდა(დღემდე მაქვს, სურათზეც ჩემი კიკია) ვკერავდი ათასნაირ ფერად-ფერად კაბებს ბარბებისათვის. მე და ჩემს ძმას ვერც კი წარმოიდგენთ იმდენი ფული გვქონდა წყავის ფოთლების სახით, ალბათ ეს იყო მიზეზი არასდროს რომ არ ისხამდა ჩვენს ეზოში წყავის ნაყოფი. (არც არის გასაკვირი იმდენ ფოთოლს მოვუკრეფდით ხეს). არ შემიძლია არ აღვნიშნო კიდევ ერთი ჩემი საყვარელი თამაში, რომელსაც ხშირად მახსენებენ, ეს არის “მასწავლებლობანა”, ჩემს წინ დასხდებოდნენ ჩემი ძმა და მამიდაშვილი,(უფრო სწორად იძულებულები იყვნენ, ვპირდებოდი თუ ახლა მეთამაშებოდნენ მასწავლებლობანას, შემდეგ მათ სურვილს შევუსრულებდი) მე მათ გაუჩერებლად ვუხსნიდი სხვადასხვა საკითხს. წარმოიდგინეთ იმდენად სასიამოვნო პროცესს წარმოადგენდა როცა სხვას ვასწავლიდი, რომ ნაწილობრივ რეალობადაც კი ვაქციე.
სითბოთი და სიხარულით მახსენდება ჩვენს ეზოს ჭიშკართან როგორ ველოდებოდით მე და ჩემი და კაცს, რომელიც ველოსიპედით დაატარებდა და ყიდდა ნაყინებს, აუცილებლად ჩვენს სახლთან მოახლოებისას დაიძახებდა “მაროჟნი, მაროჟნი”. იმ ნაყინის გემო თითქოს ყველასგან განსხვავებული იყო. ( ჩვენი ქალაქი ხომ პატარაა იქნებ თქვენთანაც დადიოდა).საბოლოოდ, მინდა აღვნიშნო რომ ბედნიერებაა, როცა ტკბილი მოგონებები გაკავშირებს შენს ბავშვობასთან, სწორედ ის წარსული გვიჩვენებს მომავლის გზას, რომ არა ისეთი ბავშვობა როგორიც მქონდა, ალბათ, დღეს არ ვიქნებოდი ასეთი როგორიც ვარ…
ახლა კი ყველაზე მეტად მაინტერესებს თქვენი ბავშვობიდან განსაკუთრებით რომელი მომენტი გახსენდებათ ბედნიერად.
